logo.png

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

„კანონიერი“ ქურდობისა და „კაიბიჭობის“ შესახებ

ადამიანი, როგორც ქმნილება და ხატება კოსმოსის მეუფედაა შექმნილი. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში მეუფებრიობას ატარებს, მმართველად, განმგებლად განიცდის თავს. ჩვენში ყოველთვისაა სწრაფვა მართვის, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განხორციელებისკენ. როცა ამ უნარს ღვთისა და მოყვასის სიყვარული ავსებს, მაშინ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ნათლად ჩანს ქრისტიანული ოჯახის მაგალითზე. თუ მის სათავეში ღირსეული, პასუხისმგებლობით სავსე, კეთილად გამნაგე მამაკაცი დგას, მაშინ ოჯახში წესრიგი და სიმყუდროვეა, რადგან აქ სიყვარულით გვარდება ყველაფერი. ნებისმიერი პასუხისმგებლობის მტვირთველისათვის პირველწყარო სიყვარული უნდა იყოს. ადამიანის ამგვარ ფორმირებას უცილობლად სჭირდება სულიერი მასაზრდოებელი და ქართულ სინამდვილეში ამ მისიას ოდითგან ეკლესია ასრულებდა. ეკლესიის წიაღში აღზრდილი თაობებისათვის მისაბაძი მაგალითი ყოველთვის იყო, არის და იქნება კაცობრიობის გამომხსნელად ჯვარცმული მაცხოვარი.

შემდგომ უკვე ამგვარად აღზრდილი ადამიანები ხდებოდნენ მისაბაძი სხვათათვის. სამწუხაროდ, ათეიზმის ეპოქაში ქვეყანა და საზოგადოება დაიცალა ჭეშმარიტი ღირებულებებისგან. ამ პერიოდში გაბატონებულმა იდეოლოგიამ უარი თქვა ღმერთზე და, შესაბამისად, მისგან მომდინარე წყარო გადაიკეტა. იგი ჩანაცვლდა საბჭოთა სოციალიზმით, რომლისთვისაც მთავარი იყო არა ადამიანის სულიერი აღზრდა, სიყვარული, კეთილდღეობა, არამედ ზრუნვა თავსმოხვეული იდეოლოგიის შესანარჩუნებლად. პიროვნება ამ დროს ბოლომდე იყო იგნორირებული. მოხდა მისი ღირებულებების გადაფასება, რასაც ადამიანის მანკიერად ჩამოყალიბება მოჰყვა. სწორედ ამ მანკიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ე. წ. ქუჩური სამყარო.

როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს პოლიციაში იჭერდნენ, მათი მხრიდან ვაჟკაცობის გამოვლინებად ის ითვლებოდა, რომ არ გათქვამდა, არ დააბეზღებდა მეგობარს, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩაიდინა. სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მაშინ ვაჟკაცობად აღიქმებოდა და ეს ხდებოდა მისაბაძი მაშინდელი თაობისთვის.

რაც შეეხება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას, თუ ამის მტვირთველს ნამდვილი, ჭეშმარიტი დახმარების სურვილი ამოძრავებს, მაშინ იგი გამართლებულია. ამ ქმედებას უცილობლად უნდა მოჰყვეს ისეთი მხილება, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი“ (მათე, 18, 15-17). ასე რომ, დიდი ვაჟკაცობა ისაა, დანაშაულის ჩამდენისთვის სიმართლის თქმა შეგეძლოს. პირველ რიგში, ამას დიდი სიყვარული სჭირდება საიმისოდ, რომ მეგობრის სასიკეთოდ იმოქმედო. მითითება, მხილება, განსჯა, შეგონება სიყვარულით უნდა მოხდეს და არა შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით. შენიშვნა კონკრეტული მანკიერების აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად უნდა ითქვას.

ზემოაღნიშნულის გაუთვალისწინებლად დანაშაულის დაფარვა იგივეა, რაც თანამონაწილეობა, ადამიანის კრიმინალად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. ხშირ შემთხვევაში ის, ვინც ავტორიტეტად აყალიბებს თავის თავს, საკუთარი, ბნელი მიზნებისთვის იყენებს ადამიანებს, რომელთაც შიშის ფონზე ატვირთვინებს პასუხისმგებლობას ისეთ დანაშაულზე, რაც მას არ ჩაუდენია. იქ, სადაც შიში და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი. განა შეიძლება მსგავსი მოქმედება მისაბაძი იყოს?! განა ცოტაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუნდაც უახლოეს წარსულში გმირობისა და მოყვასისთვის თავდადების მაგალითები?!

დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ „კანონიერი“ ქურდების ინსტიტუტი საბჭოური ფენომენია. იგი საბჭოთა ხელისუფლების ფარული ხელშეწყობითა და ნებართვით შეიქმნა კრიმინალური სამყაროს გასაკონტროლებლად. საფუძველმოკლებულია ვიფიქროთ, რომ ეს იყო უსამართლობისადმი შეურიგებლობა და კომუნისტური მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატულება. პირიქით, ეს არის ბნელ ძალებთან თანამშრომლობა. ეს ინსტიტუტი აბსოლუტურად დემონური ძალების მიერაა მართული!

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ მეუფებრიობაზე. როდესაც ამ უნარს ადამიანი სიკეთის ქმნისთვის კი არ იყენებს, არამედ საკუთარი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად, ის უცილობლად მრავალნაირი ძალადობის სახით ყალიბდება. მოძალადე ადამიანის ცნობიერება კი იმისკენაა მიმართული, რომ თავად იყოს ეპიცენტრი, აკონტროლებდეს ყველაფერს, მხოლოდ ის იღებდეს გადაწყვეტილებებს, რაც თავიდან ბოლომდე ეგოცენტრულია. თუ ქრისტიანისთვის უმთავრესი საყრდენი ღვთისა და ადამიანის სიყვარულია, ავტორიტეტი კი – იესო ქრისტე, ე. წ. შავ სამყაროს ლიდერთათვის საკუთარ თავზე ზემდგომი არვინაა, მათთვის ავტორიტეტი საკუთარი „მეა“. აქედან გამომდინარე, ამგვარი ცნობიერებისათვის უცხოა სხვაზე ზრუნვა, სიკეთე, პატიება, შეცდომის აღიარება. ის ყველაფერს თავისი შეხედულებებიდან, შეგნებიდან წყვეტს და უმეტესწილად, ეს გადაწყვეტილება ძალადობრივი და შიშზე აგებულია. ვაჟკაცობა, მათი გაგებით, გულისხმობს სხვის დაჩაგვრას, შეურაცხყოფას, საწინაარმდეგო აზრის შეუწყნარებლობას. „კაი ბიჭებს“ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და საკუთარი აზრის პატივისცემის დანერგვას ძალადობით ცდილობენ. ერთი შეხედვით, იმ წრეში მათ მიმართ არსებული პატივისცემა თავიდან ბოლომდე შიშითაა გამოწვეული და არა ამ ადამიანების პიროვნული ღირსებებით. მათი „ავტორიტეტი“ თავის დროზე კარგად გამოიყენა საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ, რომელიც თავადაც შიშზე იყო დაფუძნებული. ეს დიქტატორული რეჟიმი ხალხის სამართავად იყენებდა მათ როგორც ციხეში, ასევე გარეთ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამ სამყაროს წარმომადგენლები საკუთარ თავს „მართალს“ უწოდებენ. ისინი ყოველთვის „მართალ“ სიტყვას ამბობენ, მათი მოქმედება ყოველთვის „მართალია“. ეს უკიდურესი ამპარტავნება, ზეობაა საკუთარი თავისა. ნამდვილი ვაჟკაცობის პირველწყარო ყოველთვის სიყვარულია, მართალი ადამიანი კი თავმდაბალი და მოკრძალებულია. თითქმის საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ერის მოამაგე მამისთვის, დიდი ილიასთვის საქართველოს ეკლესიას წმინდა ილია მართალი ეწოდებინა. ის, რომ მართალი კაცი, მართალი ადამიანი ხარ, შენი ცხოვრების წესით უნდა დაამტკიცო. ძალადობაზე დაფუძნებული ყველა მოქმედება თავდაყირა აყენებს ჭეშმარიტ ადამიანურ ფასეულობებს. კაცი, რომელიც საკუთარ თავს „კაი ბიჭს“ უწოდებს, ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითად ვერანაირად ჩაითვლება! ის მოტყუებულ მდგომარეობაშია. ამ იდეოლოგიამ ბევრ თაობას მიაყენა ზიანი, მრავალი ადამიანი დაღუპა, დაიკარგა ის პოტენციალი, რომელსაც ბევრი სიკეთი მოტანა და გაღება შეეძლო. ქრისტიანული თვალთახედვით, ადამიანის ყოველი მოქმედება, რომლის მიზანი სხვისი შეურაცხყოფაა, ამავდროულად უფალსაც შეურაცხყოფს. რა საერთო აქვს ყოველივე ამას გმირობასთან?! რა მნიშვნელობა აქვს, ათეისტთა მსგავსად სიტყვით აცხადებ შენს ურწმუნოებას თუ ამას მოქმედებით ამტკიცებ?! პირიქით, მით უარესი, თუკი ამბობ, აღიარებ, რომ მორწმუნე ხარ და რწმენას ამოფარებული ათასგვარ უბედურებას სჩადიხარ.

ნანახია: (939)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას