logo.png

ლელა ცომაია

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა (ნაწილი მერვე)

ასლანი

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებაში მოსულ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ დღის წესრიგში ბუნებრივად დადგა ავტონომიებში (აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში-შუა ქართლი) საბჭოური ხელისუფლების ცვლილების საკითხი და მათ შორის აჭარაშიც. ეროვნული მთავრობის შემდგომი მიზანი იყო, ეტაპობრივად, კონსტიტუციის ხავერდოვანი ცვლილების გზით შეეცვალა ავტონომიების საბჭოურ-იმპერიალისტური სტატუს-ქვოც, რისთვისაც მას, ავტონომიის თავკაცებად სჭირდებოდა პრო-ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსები. ავტონომიის ლიდერების წარდგენა კი უნდა მომხდარიყო ავტონომიებში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატებიდან. სანამ ავტონომიების ახალი ლიდერების საკითხს განვიხილავდეთ, მცირე ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომიების წარმოქმნის შესახებ; 1921 წლიდან ლენინ-სტალინმა დაიწყო საქართველოს ტერიტორიების გაჩუქება, ხოლო დარჩენილი ნაწილის, ავტონომიებად ჩეხვა; 1921 წლის 16 მარტს (რუსეთ-თურქეთის ყარსის ხელშეკრულებით) ლენინ-სტალინმა თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი), აგრეთვე ართვინისა და არდაგანის ოლქები. 1921 წელს, სტალინმა და ორჯონიკიძემ სომხეთს გადასცეს ლორე-ალავერდის მხარე. 1922 წელს აზერბაიჯანს გადასცეს ზაქათალის ოლქი (ისტორიული საინგილო), გარეჯის ველი და ყარაიაზის სექტორი, ელდარის ველი. რუსეთს გადაეცა სოჭის მხარე და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი – პილენკოვო. 1921 წლის 21 მაისის დადგენილებით ლენინმა, სტალინმა და ორჯონიკიძემ, აფხაზეთი სავსებით ჩამოაცილეს საქართველოს და დამოუკიდებელ სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. თუმცა, ამავე წლის 16 დეკემბრის ხელახალი განკარგულებით, აფხაზეთი, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, კვლავ შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში. ასევე, აჭარასაც მიენიჭა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი რელიგიური ნიშნით მოსკოვ-ანკარას გარიგებით. ზემო ქართლისა და ისტორიული დვალეთის მიწა-წყალზე, 1921 წლის 6-8 სექტემბერს შექმნეს „სამხრეთ ოსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ საქართველოსთან ფედერაციული ურთიერთობით. მაშინ, როცა იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახიღა იყო დარჩენილი; 1920 წლის ოსების აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რომლებიც მოითხოვდნენ ამ მხარის საქართველოდან ჩამოცილებასა და რუსეთთან შეერთებას, მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ ოსეთში იყო გადახვეწილი. 1924 წელს შეიქმნა „ჩრდილო ოსეთის“ ავტონომიური ოლქიც. 1925 წლის იანვარში, ჩრდ. ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე დაისვა საკითხი ორი ოსეთის გაერთიანების შესახებ, მაგრამ ვინაიდან ეს გაერთიანება საქართველოს ფარგლებში უნდა მომხდარიყო, რუსეთი კარგავდა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიას. მოსკოვმა, ამგვარ რეალობაში მხარი არ დაუჭირა ორი ოსეთის გაერთიანებას და მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შექმნით დაკმაყოფილდა. საქართველოს ისედაც მცირე მიწა-წყალზე ავტონომიური ერთეულების შექმნა იყო იმპერიალისტური რუსეთის სამსახურში მყოფი სტალინ-ორჯონიკიძის შორსგამიზნული აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსალოდნელი აღდგენის საპირისპიროდ და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მას ხანგრძლივმოქმედი ნაღმის დანიშნულება ჰქონდა“ (აკაკი სურგულაძე). 1991 წლის იანვარში კი, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კომუნისტი ლიდერი თენგიზ ხახვა. ზვიად გამსახურდიამ, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობა, თავდაპირველად ყოფილ დისიდენტს, „მრგვალი მაგიდის“ რეგიონალური ორგანიზაციის სპიკერსა და ეროვნული გვარდიის შემქმნელს აჭარაში, ნოდარ იმნაძეს შესთავაზა, მაგრამ იმნაძემ, იმხანად, რატომღაც არ მოისურვა პირველკაცობა. იმნაძემ და გამსახურდიამ განიხილეს როსტომ დოლიძის კანდიდატურა, რომელიც ბათუმის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე და ავტონომიის უზენაესი საბჭოს დეპუტატიც იყო. თითქოს წინ არაფერი ედგა პრეზიდიუმის სხდომაზე რ. დოლიძის კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ სხდომის დაწყებამდე, ზვიად გამსახურდიას თემურ ქორიძემ შეაცვლევინა გადაწყვეტილება და ასლან აბაშიძის კანდიდატურა დააყენებინა. თემურ ქორიძეს მანამდედაც ჰქონდა საუბარი ზვიადთან ასლან აბაშიძის შესახებ და იგი მემედ აბაშიძის შვილიშვილობით დააინტერესა. ქორიძემ კიდევ რამდენჯერმე შეახვედრა ასლანი ზვიადს. ასლან აბაშიძის რეკომენდატორები, ზვიადთან, მურმან ომანიძე და აკაკი ასათიანიც იყვნენ. მემედ აბაშიძე ზვიადისთვის დიდ ისტორიულ ფიგურას წარმოადგენდა და ამ გენეტიკური ნიშნით ზვიადმა არჩევანი, საბოლოოდ, ასლანზე გააკეთა. ასლან აბაშიძის უზენასი საბჭოს თავმჯდომარეობის მომხრე ნოდარ იმნაძეც იყო, იგი იმხანად დადებით განწყობას ავლენდა ასლანის მიმართ. ასლანსა და ნოდარ იმნაძეს შორის ურთიერთობა მხოლოდ შემდეგ, 22-23 აპრილს დაიძაბა, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ასლან აბაშიძესთან წინასწარ გასაუბრებაში, ზვიადმა თითქოს მისგან მიიღო თანხმობა აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ზვიადის არჩევანში. ზვიადი პერსპექტიულ ჭრილში განიხილავდა აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხს და იმედოვნებდა, რომ ეს ბიძგის მიმცემი იქნებოდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ხელმძღვანელებისათვის ან, საწყის ეტაპზე შეასუსტებდა მაინც მათ მმართველობას. აჭარის ავტონომიის გაუქმების აქტიური მხარდამჭერ-ინიციატორი გახლდათ ბათუმის პრეფექტი ტარიელ ფუტკარაძეც, რომელმაც, ასლან აბაშიძის გვერდის ავლით, თბილისში ჩაიტანა 256 ხელმოწერა ავტონომიის გაუქმების მოთხოვნის შესახებ. მოთხოვნას ხელს აწერდნენ ადგილობრივი საბჭოების (საკრებულოების) დეპუტატები, პრეფექტები, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და ადგილობრივი პოლიტიკური ორგანიზაციების ცნობილი წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოთხოვნით მიტინგებს მართავდნენ ქობულეთსა და ბათუმში.

1991 წლის 14 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ასლან აბაშიძე, ხოლო მის მოადგილედ კი, ნოდარ იმნაძე. ასლან აბაშიძემ, აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, 31 მარტიდან 28 აპრილს გადაიტანა. 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ, ნოდარ იმნაძესთან მწვავე კონფლიქტში იარაღი გამოიყენა, საკუთარ კაბინეტში ესროლა, კაბინეტის გარეთაც (მცველთან ერთად) დაედევნა და რამდენიმე ტყვიით დაცხრილა დაჭრილი იმნაძე. ასლანმა იმნაძის ხილული სიკვდილი არ იკმარა და ველური გავეშებით, მიცვალებულს, ფეხებითაც შესდგა. კაბინეტში, მაშინ ასლანთან ერთად, მურმან ომანიძეც იმყოფებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ნოდარ იმნაძე ასლანს კაბინეტში შეუვარდა სიტყვებით: „სამშობლოს ღალატს არავის ვაპატიობ“-ო. და, რაში მდგომარეობდა ასლანის ღალატი? ასლან აბაშიძემ, 22-23 აპრილს, ბათუმში, ორგანიზება გაუკეთა უხუცესი, ფუნდამენტალისტი მუსლიმების ჩამოყვანას ზემო აჭარის სოფლებიდან, რითაც იგი შეეცადა მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირებას. მის მიერ ორგანიზებულ ამ მრავალრიცხოვან პროვოკაციულ მიტინგზე ასლანმა მათ მიმართა: „აჭარლებს „თათრებს“ გეძახიან... აჭარის ავტონომიის საკითხს გადაწყვეტს აჭარის მოსახლეობა... აჭარაში არავითარი რეფერენდუმი არ ჩატარდება აჭარის ავტონომიის გაუქმების შესახებ“. ხოლო მუსლიმ აჭარლებს შეჰპირდა, რომ თქვენ გექნებათ საკუთარი დროშა, საკუთარი გერბი და მეტი მეჩეთებიო. ამ დაძაბულ მიტინგს თავი გაარიდა აჭარის ავტონომიის გაუქმების ერთერთმა ინიციატორმა ტარიელ ფუტკარაძემ და იგი დროებით გაეცალა ბათუმს. 1991 წლის 26 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, აჭარაში (ზვიადთან, ასლანის მიერ დადებული წინასწარი პირობის(-ფიცის თანახმად) კი პარალელურად, უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი აჭარის ავტონომიის გაუქმების შესახებ. აჭარის, აწუკვე, უზენაესი საბჭოს დროებითმა თავმჯდომარემ კი დაარღვია პირობა და 22 აპრილს მოაწყო ზემოხსენებული დიდი მიტინგი. ასლანმა უმალ გამოიყენა საკუთარი თანამდებობრივი სტატუსი და პოზიციურად დაუპირისპირდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ჩვენს მიერ ხსენებულ მიტინგზე ნოდარ იმნაძეც იმყოფებოდა (იხ. ფოტოზე მარჯვნივ კუთხეში). ამ მიტინგზე, თავად მოისმინა ნოდარ იმნაძემ ასლანის ზემოციტირებული მოღალატური სიტყვები; ასლანი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფებზე აკეთებდა აქცენტებს (მიზანმიმართულად აჟიტირებდა) და მით იყოლიებდა ჩამოყვანილ მუსლიმებს. მთელი კვირის განმავლობაში ბათუმში მდგომარეობა კრიტიკულად დაიძაბა. იმნაძე მიხვდა, რომ ასლანის სახით საქართველოს ვერაგი მოშუღარი მტერი მოევლინა და მას მხოლოდ იარაღის ძალით თუ ააცილებდა საქართველოს. იმნაძის ემოციური რეაქცია აღვსილი იყო პატრიოტიზმის გმირული სულისკვეთებით და მისი დისიდენტური წარსულის გამოძახილს წარმოადგენდა. თუმცა ცხადია, აცდენილი იყო მის ახალ რეალურ, პოლიტიკური თანადებობრივი სტატუსით განსაზღვრულ ჩარჩოს...

ნოდარ იმნაძესთან დაძაბულობის, კონფლიქტისა და მკვლელობის გამო არჩევნების თარიღი კვლავ გადაიწია და საბოლოოდ იგი ივლისში ჩატარდა. ღია კენჭისყრით, როსტომ დოლიძესა და ასლან აბაშიძეს შორის, უზენაესმა საბჭომ, მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით, ასლან აბაშიძე აირჩია. ის ერთი გადამწყვეტი – „უპირატესი ხმა“ – კი კომუნისტ თენგიზ ხახვასი იყო. შეეძლო თუ არა ზვიადს ასლანის კანდიდატურის შეცვლა 22 აპრილის პროვოკაციული აქციის შემდეგ? არ შეეძლო! ასლანი უკვე დანიშნული იყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად და 22-23 აპრილის კრიტიკულად დაძაბული ვითარების ფონზე, მისი შეცვლა, მუსლიმი მოსახლეობის კიდევ მეტ ეგზალტაციას გამოიწვევდა, რაშიც წააქეზებდნენ თურქეთი და რუსეთი. ზვიადმა, საომარი ვითარების პროვოცირების ნაცვლად, ასლანის დატოვება და აჭარაზე კონტროლის გამკაცრება არჩია. უნიტარული მმართველობით კი შეინარჩუნა სიმშვიდე აჭარაში. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, განსაკუთრებული სიფრთხილე, ულმობლად მოკლული თანამებრძოლი დისიდენტის ნოდარ იმნაძის მიმართაც გამოიჩინა; მაქსიმალურად შეეცადა ჩაექრო მღელვარება და ხმაური მკვლელობის დრამატულ ფაქტზე, რამაც გარდაცვლილის ოჯახის უკმაყოფილობა გამოიწვია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ნოდარ იმნაძე პატივით იქნა დაკრძალული თბილისის საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე. დაკრძალვისა და სასაფლაოს თეთრი მარმარილოთი მოწყობის ხარჯები ზვიადმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღო.

ასლან აბაშიძე, არც შემდგომ ერთგულებდა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას; იგი მოღალატურ თავშეკავებასა და დუმილს იჩენდა სამხედრო გადატრიალების პროცესებისადმი. მან, ცენტრალური ხელისუფლებისადმი მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, ჩაურევლობის პოლიტიკა არჩია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, ასლან აბაშიძის შეთქმულებასა და სამხედრო გადატრიალებაში წვლილს მოწმობს ჯაბა იოსელიანიც თავის წიგნში „სამი განზომილება“, რომ ასლანი იარაღით ამარაგებდა მას და რომ ასლანი გახარებულია შევარდნაძის ჩამოყვანით, რის ჯილდოდაც ასლანი ავტომატს ჩუქნის ჯაბას და მეფურ პურ-მარილსაც უშლის. ჯაბაც, თავის მხრივ მადლობას უხდის ასლანს 400 ავტომატისა და ყუმბარმტყორცნების მიწოდებაში: „პირდაპირ სულზე მოგვისწროო“. ეს, ზვიადის წინააღმდეგ, მაგრამ ასლანი ასეთი საიმედო პარტნიორი როდია აფსუა სეპარატისტების წინააღმდეგ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ომში; ასლანი კი ჰპირდება ჯაბას 100 ავტომატს, მაგრამ იმ მცირე რაოდენობის შეიარაღებასაც აღარ აძლევს მას. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოპოზიციონერი ჟურნალისტი, აწ გარდაცვლილი (რამდენიმე წლის წინ უპატრონოთა თავშესაფარში გარდაიცვალა) კლარა აბრამია თავის გაზეთში „თუთარჩელა“, გვაუწყებს, რომ „მაქვს ინფორმაცია ბათუმიდან, რომ სწორედ ძმები ასანიძეები (ერთი ბათუმის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა – ლ.ც.) არიან საქმის კურსში დეტალურად, რამდენჯერ ჩავიდა ასლან აბაშიძე გუდაუთასა და სოხუმში არძინბასთან ომის დროს, თუ ომის დამთავრებისთანავე. რა ტვირთი იგზავნებოდა ბათუმიდან ზღვით სეპარატისტების დასახმარებლად. თენგიზ ასანიძემ ზუსტად იცის ჟიული შარტავას დაღუპვის დეტალები – ვის, როგორ და რანაირად შესთავაზა ასლან აბაშიძემ შარტავას გაქრობის გეგმა. აბაშიძეს ამიტომაც ავადმყოფურად ეშინია ასანიძეების, არ გათქვან საიდუმლო და ამიტომაც ჰყავს გამომწყვდეული ჯურღმულში“.

აფხაზეთიდან დევნილმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა გენო კალანდიამ, დიმა ჯაიანმა, ჯანო ჯანელიძემ (აფხაზეთის განათლების მინისტრი) და სხვებმა, ასლან აბაშიძე არაერთხელ ამხილეს და დაადანაშაულეს აფხაზ სეპარატისტებთან კავშირში და მათთვის სამხედრო საბრძოლო ტექნიკის გაგზავნაში აფხაზეთის ომის დროს. დამხობილი და საქართველოდან განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 17 მარტს, გროზნოდან სპეციალურ მიმართვას აკეთებს აჭარის მოსახლეობისადმი, რომელშიც ასლან აბაშიძეზე ამბობს, რომ „თუ იგი არ უერთგულებს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და გადავა უკანონო თვითმარქვია ხელისუფლების მხარეზე, მოღალატე შევარდნაძის მხარეზე, იგი დაკარგავს სრულიად საქართველოს მხარდაჭერას, ჩემს მხარდაჭერას და ნდობას. დღეს ასლან აბაშიძე დილემის წინაშე დგას. მე მოგიწოდებთ დაეხმაროთ მას, რათა გააკეთოს სწორი არჩევანი, ამოუდგეს მხარში საქართველოს კანონიერ პარლამენტს და პრეზიდენტს, რათა მოღალატის სახელი არ დაიმკვიდროს ისტორიაში“. ამ მიმართვამდე 4 დღით ადრე გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება გადატრიალების შეფასების შესახებ. ამ დადგენილების მე-3 პუნქტი კი არის ის სამართლებრივი, ფუნდამენტური ბაზისი, რომელიც მომავალში შესაძლებელს ხდის (ლეგიტიმაციის ხანგრძლივი წყვეტის მიუხედავად) აღდგეს და დაფუძნდეს, კანონიერი ეროვნული ხელისუფლება.

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გროზნოდან მოუწოდებდა ასლან აბაშიძეს არ მიეღო მონაწილეობა, ხუნტის არც საპარალენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებში, არ დაეყენებინა თავისი კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, არ დათანხმებულიყო შევარდნაძეს არც პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, რის წინაშეც მაცდურად აყენებდა მას შევარდნაძე. შევარდნაძემ, მოგვიანებით (1996 წელს), თავად გაამჟღავნა ასლანიც და პუტჩში მონაწილე სხვა კონდოტიერებიც მასთან ალიანსში: „მოსკოვში, სადაც მაშინ მე მშვიდად და უჭირველად ვცხოვრობდი, თვით გადატრიალების ორგანიზატორებიც ჩამოდიოდნენ. მათ შორის: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, შემდეგ კი აჭარის დღევანდელი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე. ისინი უბრალოდ კი არ მეხვეწებოდნენ, არამედ მოითხოვდნენ საქართველოში ჩემს ჩამოსვლას“. ასლან აბაშიძის მოსკოვში, შევარდნაძესთან ჩასვლა, სატელევიზიო გამოსვლაში დაადასტურა პუტჩისტმა პროფესორმა, ყოფილმა დისიდენტმა გურამ მამულიამაც, ვალერი კვარაცხელიამ და ირაკლი მელაშვილმაც, რომელთა ნათქვამი იუთუბზე ლინკით იდო. ვიდეო ამჟამად წაშლილია, რაზეც უთუოდ მოსკოვის კგბ იზრუნა, ასლანის თხოვნით, შევარდნაძის გარდაცვალების შემდგომ. ნიშანდობლივია, რომ 1995 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა, ასლან აბაშიძე მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო დაჯილდოვების ბრძანებულებაში ა. აბაშიძე მოხსენიებულია სამხედრო ტიტულით – გენერალ-ლეიტენანტი (უთუოდ, რუსეთის).

ჯაბა იოსელიანმა, ასლანთან გარიგების შედეგად, არ შეიყვანა ხუნტის შეიარაღებული ძალები აჭარაში. სანაცვლოდ, ასლანმა, ისინი ავტომატებითა და ბეტეერებით მოამარაგა. არსებობს ასლანის მიერ „მხედრიონის“ იარაღით მომარაგების ოფიციალური ვიდეოც, რომელიც გადაიცემოდა ტელევიზიით. 1993 წლის სექტემბერ-დეკემბერში, საქართველოში დაბრუნებულ ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ მებრძოლებს, სწორედ ასლანის ბეტეერებითა და ავტომატებით ცხრილავდნენ დაფნარსა და სამეგრელოშიც. შეიარაღებას, ასლანი, აჭარაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან იღებდა. დაბრუნებულ პრეზიდენტ გამსახურდიასთან კი ასლანი, არანაირ კონტაქტზე არ გადიოდა. 1996 წლის 6 მაისს, საქართველოს ტელევიზიის I არხით (21 სთ. 30 წთ.-ზე), ასლან აბაშიძემ, სააგენტო „იბერიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თუ უახლოეს ხანში არ იქნება განსაზღვრული აჭარის სტატუსი, როგორც სუვერენული საპრეზიდენტო რესპუბლიკისა საქართველოს შემადგენლობაში, იგი არ შეუწყობს ხელს კასპიის ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების გეგმას“ – ბრძანა, რომ ეგ ჩემი მიზანი არ გახლავთ, არამედ „ეს საკითხი, 1994 წელს ჩემთან შეხვედრისას, მაშინდელმა სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ დასვა განხილვის წესით: „ხომ არ აჯობებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლა აჭარის რესპუბლიკად“, რაზეც მე კატეგორიული უარით ვუპასუხეო. საინფორმაციო სააგენტო „იბერიამ“ დამაჯერებელი პასუხი გასცა ასლან აბაშიძის უარყოფას აჭარის სტატუსის შეცვლის ულტიმატუმის თაობაზე და მისი გამოვლენა დროს მიანდო. დრომ კი ნამდვილად გამოავლინა ასლანის ამგვარი სეპარატისტული მცდელობები. 1994 წლიდან, ასლან აბაშიძე, საკუთარი საპარლამენტო ბლოკით „აღორძინება“, საქართველოს პარლამენტის წინაშე პერმანენტულად აყენებდა მოთხოვნას „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შესახებ (თეზი). 2000 წლის თებერვალში ასლანის საკრებულომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონში“ ძირეული ცვლილებები შეიტანა, ხოლო ცვლილებით ვარიანტს დიდხანს უმალავდნენ ცენტრალურ ხელისუფლებასა და მასმედიას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეცვლილი კონსტიტუციის რუსული თარგმანი, თავდაპირველად გაიგზავნა კრემლში და ასლანი მათი რეაქციის მოლოდინში ახანებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის კონსტიტუციის ახალი ვარიანტის წარდგენას; ვინძლო, შენიშვნებითა და შესწორებებით დაბრუნებულიყო „კონსტიტუცია“ კრემლიდან. რაღაც მაქმანებით გაზეთმა „ალიამ“ მოიპოვა კონსტიტუციის რუსული ვარიანტი და მისმა კორესპონდენტმა ქეთი ხატიაშვილმა გაზეთში გაასაჯაროვა იგი. კონსტიტუციის იურიდიული შეფასება კი ზურაბ ადეიშვილის კომენტარებით მოახდინა. ასლანის მიერ კონსტიტუციის ახალი ვარიანტის გასაიდუმლოებამ პოლიტიკურ წრეებში და ერის გონიერ ნაწილშიც წარმოშვა მითქმა-მოთქმა აჭარის სტატუსისა და საპრეზიდენტო მმართველობის შესაძლო ჩანაწერის შესახებ. აკი, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ შევარდნაძის საიდუმლო წერილში, აჭარაშიც საპრეზიდენტო არჩევნებზეა ლაპარაკი. საბედნიეროდ, ეს ეჭვები ამ ეტაპზე არ გამართლდა, მაგრამ ზურაბ ადეიშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ძირეული ცვლილებები ამგვარი პერსპექტივისკენ იყო მიმართული. „კონსტიტუციაში“ ჩადებული იყო ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობაც, რაც ასლანის შვილზე – გიორგიზე იყო გათვლილი. აკი, ბათუმის მერის პოლიტიკურ თანამდებობაზე აღაზევა ასლანმა თავისი ძე. საბოლოოდ კი „აჭარის კონსტიტუციის“ ცვლილებითი ვარიანტი მხოლოდ მას შემდეგ გამოუგზავნა ასლანმა ცენტრალურ ხელისუფლებას, როცა დოკუმენტი რეგიონალურ გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნდა. ამგვარი დამოკიდებულების (არაღიარების) ნაწილი გახლდათ ასლანის მხრიდან რუსეთსა და თურქეთში მისი გახშირებული ვიზიტები, მაშინ როცა იგი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხდომებს არასოდეს ესწრებოდა. თბილისში ჩამოუსვლელობას, იგი „ტერაქტის მოწყობის“ შიშით ხსნიდა. თითქოს, ამგვარი გეგმა-სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შესაბამისი სამსახურები, საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ შეძლებდნენ მის ლიკვიდაციას.

2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 23 თებერვალს, შევარდნაძე საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა აჭარაში და 5-საათიანი საიდუმლო მოლაპარაკება აწარმოა ასლანთან ერთი-ერთზე. თუ რაზე გაურიგდა, შევარდნაძე ასლანს, საპრეზიდენტო არჩევნებში სრული მხარდაჭერის სანაცვლოდ, მალე გამოვლინდა... 2000 წლის 9 აპრილის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან აბაშიძემ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა შევარდნაძის სასარგებლოდ და მის მომხრეებს მოუწოდა ხმა შევარდნაძეს მისცენ. 2000 წლის 13 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტისას რუსმა გენერალმა ტროშევმა, აჭარის ლიდერთან პირისპირ განაცხადა: „მე სომხეთიდან, საქართველოს გავლით ჩამოვედი აჭარაში“. ტროშევის ამ თავხედურ განაცხადს, არც ასლანისა და არც ცენტრალური ხელისუფლების არცერთი უწყების, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან რეაქცია-პასუხი არ მოჰყოლია. არამედ, მხოლოდ, პრესის ჟურნალისტების მხრიდან მოჰყვა. 2001 წლის 19 მარტს, შევარდნაძის პარლამენტის სპიკერი ზურაბ ჟვანია ჩავიდა ბათუმში და ასლანს შეპირდა „აჭარის თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შესახებ კანონის პარლამენტში მიღებას. სანაცვლოდ, ასლანი ცენტრალურ ხელისუფლებას პირდებოდა, რომ არ ითანამშრომლებდა ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან და კომუნისტებთან. 2001 წლის ივნისში, რუსეთის ელჩმა სტანკევიჩმა და აჭარის წარმომადგენელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა საქართველოს ხელისუფლების წინაშე დასვეს საკითხი აჭარაში რუსეთის საკონსულოს გახსნის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა სრულიად კანონიერად მიიჩნია საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ. შევარდნაძის პოლიტიკური ნებით, თბილისში წლების განმავლობაში მოქმედებდა აჭარის წარმომადგენლობა თბილისის მაშინდელი მერიის მიმდებარედ (გალაკტიონის ქუჩაზე) ჰამლეტ ჭიპაშვილის „კონსულობით“.

2001 წლის 8 ივნისს, ხობში შედგა ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეკრება „აღორძინების კავშირის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერის რომან მელიასა და ალექსანდრე ჭაჭიას ორგანიზატორობით. შეკრებას ესწრებოდნენ პარლამენტარები ფრიდონ ინჯია და „აღორძინების“ ერთერთი ლიდერი ჯემალ გოგიტიძე. შეკრებაზე გაიჟღერა „სამეგრელოს ავტონომიის“ შექმნის იდეამ, რასაც თანაუგრძნო ჯ. გოგიტიძემ (2001 წ. 8 ივნისის ტელეკომპანია „კავკასიის“ ინფორმაცია), ოღონდ ამ საკითხის წამოწევა ჯერ ნაადრევად მიიჩნია. კერძოდ თქვა, რომ „მათ სრული უფლება აქვთ იფიქრონ კეთილდღეობისთვის“. 2001 წლის 6 ივლისს, ასლან აბაშიძის ბლოკმა „აღორძინებამ~ საქართველოს პარლამენტში გააჟღერა აზრი, აჭარაში თვითმმართველობის არჩევნების, ცენტრისაგან დამოუკიდებლად ჩატარების შესახებ. ხოლო 7 ივლისს ძირეული ცვლილებები შეიტანეს აჭარის კონსტიტუციაში, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად ამცნო ხალხს „აღორძინების“ ახალგაზრდა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და თან დასძინა, რომ აჭარის კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთანო. აჭარის კონსტიტუციური ცვლილებით აჭარის უზენაესი საბჭო გარდაიქმნა ორ პალატიან პარლამენტად, ხოლო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ნაცვლად შემოიღეს ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა. იმავე დღეს გადააყენეს აჭარის გენერალური პროკურორიც. 9 ივლისს, ორშაბათობების ბრიფინგზე ე. შევარდნაძემ ლოიალური შეფასება მისცა აჭარის ეზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს და თავი იმართლა, რომ არცერთი საკითხი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილაო. 2001 წლის 3 ივლისს, აჭარაში გაიხსნა ხაზინის ფილიალი, რაც ავტონომიის ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ. 2001 წლის 28 აგვისტოს, აჭარაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილები, მთელი სამხედრო ტექნიკით, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის მეთაურობით, ბათუმიდან ქობულეთში გადაადგილდნენ და რუსეთის სამხედრო დროშა აღმართეს. დისლოკაციის შეცვლის ადგილი არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თუმცა შევარდნაძის მთავრობას, არც ამ გამოწვევაზე ჰქონია რაიმე რეაქცია. 2001 წლის 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია „აჭარის“ ღამის საინფორმაციო გამოშვებაში, ა. აბაშიძემ განაცხადა, რომ „1993 წელს, მე წერილი მივწერე ჯოხარ დუდაევს, იქნებ დაითანხმოთ გამსახურდია, რომ არ დაბრუნდეს საქართველოში. ჩემი ამგვარი თხოვნა განპირობებული იყო ახალი სამოქალაქო (?! – ლ. ც.) ომის შიშით“. ამ გამოსვლაში მან, საქართველოს იმდროინდელ მდგომარეობაში არ დაადანაშაულა შევარდნაძე და რუსეთი, არამედ განაცხადა, რომ „ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე“-ო.

2001 წლის 8-11 ოქტომბერს, რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. კოდორის ხეობასთან ჩამოგდებულ გაეროს მისიის თვითმფრინავში დაიღუპა მისიის 8 წევრი და ერთი ქართველი თარჯიმანი ლალი ხვიჩია. ამ დაბომბვების დროს რუსეთში მყოფ ასლან აბაშიძეს, არც ვიზიტი შეუწყვეტია და არც საყვედური დაცდენია რუსეთის აგრესიის მიმართ. 2001 წლის 11 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე ბლოკ „აღორძინების“ დეპუტატებმა და მოქკავშირული უმრავლესობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსი „სამშვიდობო“ შენაერთების გაყვანასა და საქართველოს „სნგ“-დან გამოსვლის საკითხს. 2001 წლის 3 ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში, ვაკის რაიონში, ასლან აბაშიძემ და ე. შევარდნაძემ მხარი ირინა სარიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს. 2001 წლის 13 ნოემბერს, აჭარაში ჩამოსულმა რუსეთის მრავალრიცხოვანმა სამთავრობო დელეგაციამ, ასლან აბაშიძე პრეზიდენტად მოიხსენია და ხელშეკრულებები დადო, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტთან. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს ამ ანტისახელმწიფოებრივ ფაქტზე. ასლანი მუდამ მჭიდრო კავშირ-ურთიერთობაში იყო აჭარაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზის გენერლებთან.1999 წლის არჩევნებში, რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბორისოვმა, ასლან აბაშიძესა და მის პარტიას – „აღორძინებას“ ღიად დაუჭირა მხარი, რამაც შევარდნაძის გუნდის ახალგაზრდული ფრთის (სააკაშვილი, ბოკერია, ბარამიძე...) უკმაყოფილება გამოიწვია და რუსი გენერლის საქართველოდან გაწვევა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, ხელისუფლების სათავეში მოსულმა სააკაშვილმა, გენერალი ბორისოვი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

ასლანმა, რუსეთის პოლიტ-ელიტიდან და სამხედრო ბაზებიდან გამაგრებული ზურგით, ჩოლოქზე ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდა და გამშვები პუნქტი დააყენა, რითაც მან ფაქტობრივად, აჭარა გამოყო საქართველოს ცენტრალური მმართველობიდან. ამ მრავალწლიანმა, დეფაქტო სადემარკაციო პუნქტმა, თავისუფალი გადაადგილებები შეუზღუდა დანარჩენ საქართველოს მოსახლეობას, ჩოლოქი-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთზეც კონტროლდებოდნენ მატარებლის მგზავრები, ყოველივეზე კი თვალს ხუჭავდა ე. შევარდნაძე. 2002 წლის 10 სექტემბერს, ასლან აბაშიძემ, მოსკოვში თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველოში მყოფი რუსეთის სამხედრო ძალები, უცხო ქვეყნის ძალები არ არის“. 2003 წლის 25 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა, ოპოზიციის ინიციატივით მიიღო დადგენილება, საქართველოს „სნგ“-დან გამოსვლის, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ე.წ. „სამშვიდობოების“ გაყვანის თაობაზე. დადგენილებას მხარი არ დაუჭირეს „აღორძინებისა“ (ჯემალ გოგიტიძე) და „სოციალისტების“ (ვახტანგ რჩეულიშვილი) წარმომადგენლებმა. 2003 წლის 6 ნოემბერს, ასლან აბაშიძემ, თბილისსა და დანარჩენ რაიონებში, სააკაშვილის ლიდერობით დაწყებული საპროტესტო გამოსვლების (2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო) ვითარებაში მოიწვია სენატი და ცვლილებები შეიტანა აჭარის კონსტიტუციაში. ფორსირებული ცვლილებებით აჭარის მეთაურს გაუფართოვდა უფლებები და სტატუსი; იგი იქცა სახელმწიფოს უმაღლეს სახელისუფლო, სამხედრო და პოლიტიკურ პირად, გახდა მთავარსარდალი. ასლანს მიეცა საკუთარი სამხედრო შენაერთების, ჯარის შექმნისა და სამხედრო წოდებების მინიჭების უფლებამოსილება. 8 ნოემბერს 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე სააკაშვილმა უფრო გრანდიოზული საპროტესტო მიტინგი ჩაატარა. 9 ნოემბერს, შევარდნაძე გაემგზავრა აჭარაში და ერთი-ერთზე, დახურულ კარს მიღმა ელაპარაკა ასლანს. 10 ნოემბერს ასლანი მოულოდნელად გაემგზავრა სომხეთში და საიდუმლო მოლაპარაკება აწარმოა პრეზიდენტ კოჩარიანთან. სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, რომ „სომხეთში ჩამოვიდა სუვერენული აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე“. სომხეთში იმავე დღეს მოსკოვიდან ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი იგორ ივანოვიც. 11 ნოემბერს ღამით ასლან აბაშიძე ჩავიდა აზერბაიჯანში და შეხვდა პრეზიდენტ ილხამ ალიევს დახურულ კარს მიღმა. 13 ნოემბერს ასლანი აზერბაიჯანიდან გაემგზავრა მოსკოვში. თბილისში, საპროტესტო მიტინგები, შევარდნაძის გადადგომით არ წყდებოდა და უფრო მასობრივი ხდებოდა. მიტინგების ტალღამ საქართველოს რაიონებიც მოიცვა. პარალელურად, შევარდნაძის მხარდამჭერ მიტინგებს პარლამენტთან აწყობდა ასლანის ბლოკი „აღორძინება“ჯემალ გოგიტიძის ლიდერობით, რომლებსაც მხარს უჭერდა მანანა არჩვაძის „მრგვალი მაგიდა“, ირინა სარიშვილი და გურამ შარაძე. სააკაშვილის მხარდამჭერებმა პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან გარეკეს აჭარიდან ჩამოყვანილი ასლანის მომხრეები. შევარდნაძის მთავრობის წევრთა უმრავლესობამ გადადგომა გამოაცხადა. 22 ნოემბერს გვიან ღამით თბილისში ჩამოფრინდა იგორ ივანოვი, შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და პარლამენტთანაც გამოვიდა სიტყვით. 23 ნოემბერს სააკაშვილი და თავისი მრავალრიცხოვანი მომხრეები, ვარდებით ხელში შეიჭრნენ პარლამენტის დარბაზში; შეშფოთებული შევარდნაძე, საკუთარმა დაცვამ სირბილით გაიყვანა დარბაზიდან. შევარდნაძემ 23 ნოემბერს გადადგომა გამოაცხადა. 2003 წლის 23 ნოემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით. 23 ნოემბერს ღამით იგორ ივანოვი აჭარაში გაემგზავრა. ასლან აბაშიძემ 24 ნოემბერს დახურა სარკინიგზო მიმოსვლა თბილისთან, წინა დღით კი აჭარაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა და დაკეტა საზღვრები. 24-25 ნოემბერს, აბაშიძემ განაცხადა, რომ არ სცნობს ოპოზიციის (სააკაშვილ- ჟვანია-ბურჯანაძის) ხელისუფლებას და ბოიკოტს უცხადებს მათ მიერ დანიშნულ არჩევნებს. იმ ღამესვე ასლანი კვლავ მოსკოვში გადაფრინდა და ელაპარაკა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითმარქვია პრეზიდენტებს, ხოლო რუსეთის პრემიერისაგან მოითხოვა აჭარასთან რუსეთის სავიზო რეჟიმის შერბილება (რუსეთმა, საქართველოსთან, სავიზო რეჟიმი დააწესა 2000 წლის დეკემბერში). 26 ნოემბერს, ოპოზიციამ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. რუსეთმა გაითვალისწინა რა ასლან აბაშიძის თხოვნა, 9 დეკემბერს გაამარტივა სავიზო რეჟიმი აჭარასთან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ აჭარის მაცხოვრებლები, პირდაპირ რუსეთის აეროპორტში მიიღებდნენ ვიზებს. 28 დეკემბერს, ასლან აბაშიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ აჭარა მონაწილეობას მიიღებს 2004 წლის 4 იანვრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. მის ამგვარ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა. 2003 წლის დეკემბრის მოვლენებმა და ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებებმა, აჭარასაც შეუქმნა საფრთხე; ასლანი ყველა რესურსით ცდილობდა წლობით მიღწეული მდგომარეობის შენარჩუნებას; იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებები ოდნავადაც არ შეხებოდა აჭარას, ასლანმა 2004 წლის გაზაფხულზე, მდინარე ჩოლოქსა და ქაქუთზე არსებული ხიდები ააფეთქა და დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროც დანაღმა, რაშიც მას რუსეთის სამხედრო ბაზის მეომრებიც ეხმარებოდნენ. 2004 წლის 4 იანვრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ხმა ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესმა უმრავლესობამაც მისცა, როგორც შევარდნაძის ხუნტისტური ხელისუფლების დამამხობელს. 2004 წლის 24 იანვარს, ჩოლოქზე აღებულ იქნა ბლოკ-პოსტები (ბეტონის ხერგილები). 25 იანვარს, საპრეზიდენტო ინაგურაციის დღეს, დილის 9 საათზე, სააკაშვილმა სამხედრო აღლუმი, ჯერ მიიღო ბათუმში, შემდეგ ფოთში და ბოლოს – 3 საათზე, თბილისში. 2004 წლის 14 მარტს, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩოლოქზე აღარ გაატარეს ასლან აბაშიძის შეიარაღებულმა ძალებმა. ჩოლოქის გამშვები პუნქტი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კვლავ აღადგინა რა, აბაშიძემ. სააკაშვილი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ფოთში, სადაც მოიწვია მთავრობის სხდომა და გამოაცხადა „ანტიკრიზისული ცენტრის“ შექმნა. ცენტრის ხელმძღვანელად კი დანიშნა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. „ანტიკრიზისულმა ცენტრმა“ უმალ მიიღო ბათუმის საყოველთაო ბლოკადის გადაწყვეტილება. ჩაიკეტა სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრები. საყოველთაო ბლოკადას, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ გაუძლო აჭარამ და ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, სააკაშვილმა ბლოკადა მოხსნა 18 მარტს. ასლანმა უკან დაიხია და განაცხადა, რომ 28 მარტს ადგილობრივი არჩევნები აჭარაშიც ჩატარდება.

2004 წლის 6 აპრილს, სააკაშვილმა, აჭარის უზენაესი საბჭოს კოორდინატორად დანიშნა რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი ლევან ვარშალომიძე, ხოლო ბათუმის მერად, ყოფილი პოლიტპატიმარი თენგიზ ასანიძე. 2004 წლის 6 მაისს, სააკაშვილმა თავისი სახელისუფლო ძალებით მაინც შეაღწია აჭარაში და აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი. ასლანი აჭარიდან მოსკოვში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან გაიქცა. მოსკოვის მაშინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა ასლანს შოკოლადის საწარმო მისცა და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს რუსეთში; დაქვრივებულმა ასლანმა მოსკოველი ახალგაზრდა გოგო შეირთო ცოლად, ვისგანაც მოხუცებულობის ასაკში (78 წლის) ვაჟიშვილიც კი ეყოლა. ასე დასრულდა „ასლან-ფაშას“ 13-წლიანი ფეოდალური მმართველობა აჭარაში.

May be an image of 1 ადამიანი May be an image of 2 ადამიანი და people standing

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ნანახია: (1237)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას