აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკურად დარეგულირების მიზნით, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ, იმთავითვე შეიმუშავა კომპრომისული საარჩევნო კანონი აფხაზეთში. თუმცა მიღებულ კანონს მაშინვე “აპარტეიდული კანონი” უწოდეს პრეზიდენტის რადიკალურმა ოპოზიციამ და ასეთად მოიხსენია იგი 2013 წელსაც დევნილთა კავშირის თავმჯდომარემ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე) ლონდერ ცაავამ. იგი უფრო შორს წავიდა და აფხაზეთის ომი, სულაც ამ კანონის მიღებას გადააბრალა. კომუნისტი ფუნქციონერის ლონდერ ცაავას ამ უსამართლო ბრალდებას დეტალური პასუხი გასცა დისიდენტმა, საქართველოს უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დღემდე მოქმედმა დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა; საქმე იმაში გახლდათ, რომ კანონის მიღების პერიოდისათვის, აფხაზეთში სეპარატიზმი, იდეოლოგიურად და ორგანიზაციულად უკვე ჩამოყალიბებული იყო ბლოკ “სოიუზის” სახით, რაც 1988 წელს “ლიხნის წერილის” შექმნასა და 1989 წლის 15 ივლისს სისხლიანი კონფლიქტის პროვოცირებაში გამოიხატა. უნდა ითქვას, რომ ე.წ. ლიხნის წერილს, აფხაზეთის ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელი არ უჭერდა მხარს. გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა აფხაზი მწერლის, ფაზილ ისკანდერის განცხადება “ლიხნის წერილთან” დაკავშირებით:
კონფლიქტის ესკალაცია კი მაშინ, მერაბ კოსტავას ძალისხმევით იქნა აცილებული. კონფედერანტთა ყრილობები და მათი თარეში, რუს რეაქციონერებთან ერთად, უკიდურესად ძაბავდა ვითარებას. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო “აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია” და დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“. ერთ მუშტად შეკრული „აიდგილარა“, „სლოვიანსკი დომ“, „კრუნკი“, „აფხაზეთის დემოკრატიული პარტია“ და „ლდპრ“ (ჟირინოვსკის პარტია) ერთიან საარჩევნო ბლოკად – „სოიუზად“ ჩამოყალიბდა და მოიცვა აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ქართველები კი უმცირესობაში აღმოჩნდნენ (45% – 75%). აფხაზების უპირატეს პროცენტულ მაჩვენებელს, ფაქტიურად ამყარებდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების აფხაზეთის ფილიალებში გაწევრიანებულ ოპოზიციონერ ქართველთა (კომუნისტები და სხვ.) ადგილობრივი რაოდენობაც. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ეთნოკონფლიქტის გასაღვივებლად და რაც მოგვიანებით ეფექტურად იქნა კიდეც გამოყენებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ასეთი აგრესიული ურთიერთდაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების ბრძნულმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, შუამავლის გარეშე, ემუშავათ აფხაზურ მხარესთან საარჩევნო კანონზე(ლევან ალექსიძე) და აფხაზეთის მკვიდრ ნუგზარ მგალობლიშვილის ნდობით. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ამომრჩეველთა სრული რაოდენობა იმ დროისათვის გახლდათ 315054, რომელთაგან ქართველი მხოლოდ 143921 იყო და ამ რაოდენობის ქართველთა 2/3 გალისა და გულირიფშის რაიონებში იყვნენ განსახლებულნი. ანუ, ოკუპანტი საბჭოთა რუსეთის სტრატეგიული მრავალწლიანი პოლიტიკით, დემოგრაფიული სურათი იმ პერიოდისათვის, აფხაზეთში, უკვე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი; ქართველები, უმრავლესობას (43%), მხოლოდ აფხაზებთან წარმოადგენდნენ (18%) და უმცირესობას – მთელ რუსულენოვან მოსახლეობასთან (რუსები, სომხები, ბერძნები...), რომლებმაც საბჭოთა რუსეთის მიერ დანიშნულ რეფერენდუმში ხმა მისცეს სსრკ-ს შენარჩუნებას. აფხაზეთში არახელსაყრელი დემოგრაფიული მდგომარეობის გამო საქართველოს უზენაესი საბჭოს ორი დეპუტატის არჩევა ვერ მოხერხდა და აფხაზეთის ორი სადეპუტატო მანდატის გაუქმების იძულებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამგვარ კრიტიკულ და უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებაში, მაინც მიღწეულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ცვლილებასთან ერთად! 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლს დაემატა: „კანონები და სხვა აქტები აფხაზეთის ასსრ სამართლებრივი სტატუსის საკითხებზე მიიღება უმაღლესი საბჭოს რაოდენობის 2/3 ხმებით“. 2. „აფხაზეთის ასსრ საყოველთაო სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ“ კანონის მ-5 მუხლის მე-3 ნაწილად დაემატა: გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია აფხაზეთის კონსტიტუციის ცვლილებასთან, შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთო რაოდენობის 2/3 ხმებით“. ეს „კომპრომისული“ კანონი, თავისი ქვოტური წარმომადგენლობით 28- 26-11 (28 მანდატი აფხაზებს, 26 – ქართველებს და 11 – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს), რაც მთავარია, არ ქმნიდა რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის თაობაზე (11-ივე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომც მიმხრობოდნენ აფხაზებს, ან თუნდაც ქართველებს, ხმათა საჭირო რაოდენობის 2/3-ს მაინც ვერცერთი მხარე ვერ აგროვებდა). ამდენად, ეს ყბადაღებული „კომპრომისი“, არ წარმოადგენდა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ ფაქტორს. აფხაზეთის მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება მოსამართლე-პროკურორიანად ქართველების ხელში რჩებოდა. დიპლომატიური კომპრომისი, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტთან ერთად, დღემდე ხელს უწყობს აფხაზებთან კავშირურთიერთობისა და ნდობის ფაქტორის აღდგენას. ზვიად გამსახურდიამ, როგორც შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსმა, მის მიერ მიღებული „კომპრომისული“ (რეალურად კი, დიპლომატიური) კანონით სამერმისო იურიდიული და სამართლებრივი პირობა შექმნა, კერძოდ: სწორედ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებისა და ამ კანონის ძალით შეიქმნა სრული გარანტია აფხაზეთის შენარჩუნების! ეს კანონი, მომავალშიც აჩენს პერსპექტივას აფხაზეთის საკითხის პოლიტიკურად გადაწყვეტის.
რუსეთის სტრატეგიული გეგმით საქართველოში გახორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას, როგორც გათვალისწინებული იყო, მოჰყვა საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცება. „ნუთუ, ვერ ხედავთ, როგორ ჰყიდის ხუნტა ყოველ ნაბიჯზე საქართველოს ინტერესებს?... ნუთუ არ გებადებათ კითხვა, რატომ ვერ გაბედეს ჩემს დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე? ვინ და რატომ გაათავისუფლა ციხიდან ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი კულუმბეგოვი? ვისი გამგებლობის დროს შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა? რომელსაც მოლაპარაკებას ეხვეწება შევარდნაძე“ და ა.შ. წერდა ქართველი გვარდიელებისადმი მიმართვაში დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გროზნოდან არძინბასადმი გაგზავნილ დეპეშაში კატეგორიულად მოითხოვა უზენაესი საბჭოს სესიის ხელახალი მოწვევა, 1925 წლის კონსტიტუციის გაუქმება და 1978 წ. კონსტიტუციის აღდგენა. მიმართვაში „ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი“ პრეზიდენტი წერდა: „მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს (იგულისხმება რეგულარული ბრძანებები უკან დახევის შესახებ – ლ.ც.), არ დათმოთ აფხაზეთის, – ძირძველი ქართული მიწის – არცერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები, აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!“ მაგრამ, ელცინ-შევარდნაძის მზაკვრულ გეგმაში ქართველების მიერ აფხაზეთის ომის მოგება არ შედიოდა, ავანტიურისტულად წამოწყებული ომი, სწორედ აფხაზეთის მოწყვეტით უნდა დასრულებულიყო.
1993 წლის აგვისტოს ბოლოს, შევარდნაძემ, სოხუმში მოტყუებით დააბრუნა დევნილი ქართული მოსახლეობა, სტუდენტები – იმედიანი პირობით: „სოხუმი ისეა გამაგრებული, ბუზიც ვერ შეფრინდება“ო და სწავლა დაიწყო 1 სექტემბერს. მაშინ, როცა დანარჩენ საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღად 14 სექტემბერი იყო დადგენილი. 1993 წლის 27 ივლისს, სოჭში, ე. შევარდნაძის თანხმობით, ვახტანგ გოგუაძემ და სოკრატ ჯინჯოლიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან. ამ ხელშეკრულებით სახელმწიფო საბჭოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ აიღო ვალდებულება აფხაზეთიდან არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გამოსაყვანად, მოხდა ქართველი მოსახლეობის განიარაღება და ქართველების მიერ დანაღმული ტერიტორიების განნაღმვაც. 27 ივლისის ამ ე.წ. „სამშვიდობო ხელშეკრულების“ შემდეგ აფხაზეთში, თითქოს მართლაც დამყარდა მშვიდობა, მაგრამ ეს დროებითი, ილუზიური, მყიფე მშვიდობა გახლდათ. 27 ივლისის ხელშეკრულების გარანტი არ იყო რუსეთი, არამედ – მხოლოდ ხელმომწერი მხარეები (გოგუაძე-ჯინჯოლია), ხოლო რუსეთი კი კვლავაც ჩვეულ ამპლუაში რჩებოდა – შუამავალს წარმოადგენდა. ანუ, აფხაზეთში, რუსეთმა, ამ „სამმხრივ ხელშეკრულებაზე“ შევარდნაძის დათანხმებით, საქართველოში ცხინვალის ვარიანტი გაიმეორა.
1993 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, ელცინ-შევარდნაძეს შორის საიდუმლოდ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა გაგრის ზონიდან ქართველთა სამხედრო ტექნიკისა და მეომრების გამოყვანა, რასაც მოჰყვა გაგრა-ლესელიძის ჩაბარება და ქართველთა გენოციდი. შევარდნაძესთან, აფხაზეთის ომში, გია ყარყარაშვილის საიდუმლო კავშირებზე საკმაოდ ვრცლად წერს ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში „სამი განზომილება“. ყარყარაშვილი, ფაქტიურად, ინდიფერენტულია აფხაზეთის ომში, საეჭვოდ პასიურობს და მხოლოდ შევარდნაძესთან კონტაქტობს. ეშერის ლაბორატორიაზე შეტევაც ჩაიფუშა. შევარდნაძე ამბობს, რომ ელცინმა დაურეკა და ლაბორატორიასთან მიახლოება და წინსვლა აუკრძალა. ყარყარაშვილი გაგრაშიც მაშინ ჩადის, როდესაც გაგრა უკვე დაკარგულია. ძველ გაგრაში გზა უნდა აეფეთქებინათ და შესასვლელები ჩაეხერგათ, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიფუშა, არ შესრულდა. ყარყარაშვილი, აფხაზეთის ომისგან თითქმის მოღალატურად განდგომილია. მას რაციით ეძებენ, მისგან დახმარების მომლოდინენი, მაგრამ იმალება. გაგრის ჩაბარების შემდგომ, ყარყარაშვილი, ერთთვიან შვებულებას იღებს და წყალტუბოს კომფორტულ სამხედრო სანატორიუმში ისვენებს. კიტოვანი და ყარყარაშვილი შევარდნაძის დავალებით მოქმედებენ და მთელი ომის განმავლობაში პასიურობენ. ოჩამჩირის ფრონტზე, ყარყარაშვილის მომლოდინე მებრძოლები დაღალატებულნი აღმოჩნდნენ; ყარყარაშვილმა, თავისი მებრძოლები, ოჩამჩირის ნაცვლად, საწინააღმდეგო მხარეს – არმიანსკაიასკენ ატარა. იერიში ვერ გახორციელდა. აფხაზეთის ომში მოწამეობრივად იღუპება გია ყარყარაშვილის ძმა. თბილისის ტრასებზე და ქალაქშიც კი, თუ სადმე მოტაცებული მანქანაა, ყველა გია ყარყარაშვილის მამის ავტოფარეხში იყრის თავს. ზუგდიდში, ხუნტის ჯარების პირველად შესვლის დღეს, მათ წინააღმდეგ შეკრებილ მოსახლეობას, ყარყარაშვილი არწმუნებდა: „ხალხო, ამბობენ, რომ ჩვენ ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანას ვაპირებთ. არ დაიჯეროთ, რომ ეს სიმართლეა. თუ საქართველოში შევარდნაძეს ჩამოიყვანენ, მას პირველი მე ვესვრი ტყვიას“. ამ სიტყვების ავტორი, ედუარდ შევარდნაძემ, ჩამოსვლისთანავე თავდაცვის მინისტრად დანიშნა. შევარდნაძის რჩეული ე.წ. თავდაცვის მინისტრი კი აფხაზეთისა და სამეგრელოს ომში, შევარდნაძის მოკავშირე იყო. აფხაზეთის ომში ყარყარაშვილი, თავისი 200-კაციანი შეიარაღებული რაზმით ჩაბმის პირობას დებს, მაგრამ პირობა-პირობად რჩება, ყარყარაშვილი, დროულად, არსად ჩნდება. 16 სექტემბერს აფსუა სეპარატისტებმა ომი განაახლეს, რასაც მოჰყვა დაბრუნებული ქართველების (ბავშვების) ხოცვა-ჟლეტა. შევარდნაძემ დაბრუნებულ მოსახლეობას არ მოუწოდა კვლავ დაეტოვებინათ სოხუმი. განახლებული ომი კი 27 სექტემბერს სოხუმის ჩაბარებით დასრულდა. სოხუმის დაცემის შემდეგ კი დევნილებს ჭუბერის გოლგოთურ უღელტეხილისაკენ მიუთითა, რომლის გზა, ერთი თვით ადრე, შევარდნაძის ვერაგული გეგმით საგანგებოდ იქნა გაჭრილი მისივე სამსახურების მიერ. ჭუბერის თოვლიან გზაზე ულმობლად ეწამა და დაიღუპა მრავალი დევნილი.
1994 წლის 3 თებერვალს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომელმაც შევარდნაძესთან ხელი მოაწერა სამშვიდობო დოკუმენტს. 6 თებერვალს კი აფხაზებმა დაარბიეს გალში დაბრუნებული ქართველები, დახვრიტეს მრავალი და გამოდევნეს 4 000 ქართველი. ესეც მორიგი „სამშვიდობო ხელშეკრულების“ შედეგი! 1998 წლის მაისში, შევარდნაძემ კვლავ მოტყუებით დააბრუნა ქართული მოსახლეობა გალში. აფხაზებმა 20 მაისს დაიწყეს შეიარაღებული თავდასხმები დაბრუნებულ ქართველებზე. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ, 26 მაისს გალში, უპასუხისმგებლოდ დაქადნებული „მარულა“ მაინც მოაწყო. 27 მაისს აფხაზებმა დახოცეს და გადაწვეს ქართველთა სახლები. გადარჩენილი ქართველები კი სრულად გამოდევნეს. აფხაზეთის ომი შევარდნაძის, კიტოვანისა და ყარყარაშვილის ავანტიურა იყო. კიტოვანი და ყარყარაშვილი იკვეხნიდნენ, რომ ისინი „დალევდნენ წყალს მდინარე ფსოუზე“. შევარდნაძის თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებამდე, სატელევიზიო გამოსვლებით იმუქრებოდა აფხაზების მისამართით: „მე შევარდნაძემ დამავალა, რომ ნებისმიერ ფასად აღვადგინო წესრიგი და ამისათვის თუ დაიხოცება 100000 ქართველი, სამაგიეროდ თქვენის მხრიდან განადგურებული იქნება ყველა – 97000 აფხაზი“ . აფხაზეთის ომში, ძირითადად ადგილი ჰქონდა თბილისიდან ჩასული ე.წ. მეომრების მხრიდან მოროდიორობას, რაზედაც აღშფოთებას გამოთქვამდა სამეგრელოს ბატალიონი. ჯანსუღ ჩარკვიანმა პარლამენტის სესიის ერთ-ერთი სხდომაზე ასე აგდებით უპასუხა სამეგრელოს ბატალიონს: „ვინ ჰკითხავს მეგრელებს, ჩვენ სოხუმში საომრად მივდივართ, თუ საქურდალად“! თენგიზ სიგუა აფხაზეთის ომის წაგებაში შევარდნაძეს ადანაშაულებდა: „ჩვენი გენერალიტეტი და სამხედროები პირდაპირ თხოვდნენ შევარდნაძეს, მოგვეცით უფლება, პირდაპირ წავალთ წინ და ერთ დღეში გავალთ ფსოუზეო. შევარდნაძემ ამის უფლება არ მისცა“, არამედ, „შევარდნაძემ... უფლება მისცა რუსეთის თავდაცვის მინისტრ გენერალ გრაჩოვს, რომ განჯიდან, აზერბაიჯანიდან შემოეყვანა ის ავადსახსენებელი 345-ე პოლკი... გუდაუთაში... ეს ის პოლკია, რომელიც შემდგომში, მთელი აფხაზეთის ომის დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა. სწორედ ეს პოლკია თბილისში ნამყოფი 1989 წლის აპრილში... მეორე დანაშაული, ვინ მისცა შევარდნაძეს უფლება, რომ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად შეეცვალა და უბრძანა ყარყარაშვილს ჯარები შეეჩერებინა სოხუმში?“ მკვახედ კითხულობდა სიგუა. ასევე უბრძანა შევარდნაძემ, გვარდიის სარდლის მოადგილე გია ყარყარაშვილს, სამაჩაბლოში მოპოვებული პოზიციებიდან უკან დახევა და საბოლოოდ, ტერიტორიის დატოვება. ყარყარაშვილს შევარდნაძისადმი მონური ერთგულება არ დაუფასდა; შევარდნაძემ, მოგვიანებით მისი ფიზიკურად მოცილებაც განიზრახა და ყარყარაშვილს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი. ყარყარაშვილი ორჯერვე გადარჩა, მაგრამ მეორე ტერაქტის შედეგად იგი ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიეჯაჭვა.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ავანტიურისტულ ომებში შევარდნაძის დანაშაულობათა ნუსხა გრძელზე-გრძელია და მის გამოძიებას, ჯერ სამსახურეობრივად, ხოლო შემდგომ ფიზიკურადაც შეეწირა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ალექსანდრე შუშანაშვილი. ხოლო, გაგრის ტრაგედიის საყოველთაო ღალატით ახსნას, გაგრის სამხედრო შენაერთის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ მიხეილ მარინაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოჰყვა. ელცინ-შევარდნაძის საიდუმლო გარიგება აფხაზეთის ჩაბარების შესახებ, ომის ბოლო ფაზაში საჩინო გახდა. გაზეთ „ახალი ვერსიის“ ცნობით „სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, გაგრა-ლესელიძის დაცემის შემდეგ, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავამ... ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან საუბრისას აღნიშნა: „შევარდნაძე, მგონი აფხაზეთის ჩაბარებას აპირებსო“. ჟიული შარტავას, სოხუმის დაცემის დღესაც კი (27 სექტემბერი) არ დაუტოვებია მინისტრთა საბჭოს შენობა, რომელსაც გამარჯვებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა ალყა შემოარტყეს, შარტავა ეზოში ჩაიყვანეს და დახვრიტეს. დახვრიტეს შარტავას შეიარაღებული მცველებიც. აფხაზეთის ომში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით, მთელი თავისი ძალებით ჩართული იყო კანონიერი ხელისუფლების ეროვნული გვარდია, მაგრამ ე. შევარდნაძის მტრული გეგმით ამ ომში უნდა მომხდარიყო მათი განადგურება. ვახტანგ (ლოთი) ქობალიას თქმით „ჩვენი განადგურების გეგმის შესახებ, ჟიულიმ, ჯერ კიდევ აფხაზეთში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე მაცნობა. გვარებსაც ასახელებდა. უშიშროებაში იყო ვიღაც პოლკოვნიკი ნოზაძე, რომლის ხელმძღვანელობით ჩვენი განადგურება იგეგმებოდა“. შარტავა უშუალო მოწმე და თვითმხილველი გახლდათ აფხაზეთის ომის შეთქმულების. ყოველივეს გამო იგი, შევარდნაძისთვის, მიუღებელ ფიგურად იქცა. 1993 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნებულმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ გამოაცხადა სრული და საყოველთაო მობილიზაცია, რაც არ გამოუცხადებია შევარდნაძეს. არამედ, ომის ერთწლიან პერიოდში, დანარჩენ საქართველოსა და თბილისში, სამოქალაქო ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა. აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ჯემალ გამახარიას ცნობით, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1993 წ. 26 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ერთიანი სარდლობის შექმნისა და მძლავრი შეტევითი ოპერაციების გახორციელების შესახებ, რომელიც მოიწონეს უკანონო ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედროებმაც. 1993 წ. 27 სექტემბერს ე. შევარდნაძე აბარებს სოხუმს და ერთდროულად აკეთებს მოღალატურ განცხადებას: საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში... ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. როდესაც შევარდნაძე ამ სამარცხვინო განცხადებას აკეთებდა, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალები, ჯერ კიდევ სოხუმის შემოგარენში იმყოფებოდნენ. ქართველებს ეკავათ გულირიფში, ოჩამჩირე, გალი. ისტორიკოს თეიმურაზ მიბჩუანის შეფასებით, აფხაზეთის ომის სისასტიკე აღემატებოდა ფაშისტურ დანაშაულს. აფხაზებმა დაიწყეს ქართველთა ხოცვა-ჟლეტა, წამება, ნამუსის ახდა, ეთნოწმენდა და გენოციდი. თავდაპირველად მათი სადიზმისა და ფაშისტური აგრესიის მსხვერპლად იქცნენ გაგრისა და გუდაუთის ქართველები. სოფელ ეშერაში აფხაზებმა წისქვილკომბინატის მუშას, საკუთარი ხელით მისი სიმაღლის ორმო გაათხრევინეს, კბილები და ფრჩხილები დააძვრეს, ცოცხლად ჩამარხეს, ცალი ხელი კი მიწის ზემოთ აღმართული დაუტოვეს, აფხაზური დროშის სიმბოლოს დარად. მეორე ქართველს ვენები გადაუჭრეს, მისი სისხლი ჭიქებით მიირთვეს, შემდეგ კი სოხუმში გაუშვეს, რათა ყველასთვის ეთქვა, თუ როგორ სვამენ აფხაზები ქართველების სისხლს... ეშერის სამხედრო შტაბში ტყვე ქართველებს ცხვირ-პირს ან ხელ-ფეხს აჭრიდნენ და ისე უშვებდნენ. ერთი მცირეწლოვანი გოგონა მხეცურად გააუპატიურეს, ჭკუიდან შეშლილი დედა კი ცოცხალი დატოვეს. ათასამდე ქართველი, აფხაზებმა, გაგრის სტადიონზე შერეკეს და ამოხოცეს. შემდეგ თავები წააჭრეს და მით ფეხბურთს თამაშობდნენ (1992 წლის 2 ოქტომბერი)... რომ არა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლა, დიდი ალბათობით, აფხაზეთის ომი უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა და მეტ ქართველს შეიწირავდა, როგორც მებრძოლების ასევე მოსახლეობის მხრიდან. რუსეთის „კგბ“-სა და „გრუ“-ს წლების განმავლობაში ზედმიწევნით ზუსტად ჰქონდა შესწავლილი დისიდენტ ზვიად გამსახურდიას ფსიქო-ტიპი, აფხაზეთის ომის გაჩაღებისას მათ ექნებოდათ ადექვატური მოლოდინი, რომ თავისი ქვეყნის გულმხურვალე პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია შორიდან მაყურებელი ვერ იქნებოდა თავისი ქვეყნის ტერიტორიული რღვევისა და იგი აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში, რაც მოხდა კიდეც! ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლამ შეამოკლა ომის ხანგრძლივობა და შესაბამისად, შეამცირა მსხვერპლიც. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა, შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის სანაცვლოდ, ფიზიკური ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება, რაზეც ზვიადმა კატეგორიული უარით უპასუხა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, საკუთარი თვითშეწირვით, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ისტორიული უწყვეტობა, სამერმისოდ, ლეგიტიმურად უზრუნველყო.
ზვიად გამსახურდიას, კავკასიური ერთიანობა, სომხეთის აუცილებელი ჩართულობით ესახებოდა. 1991 წლის 27 ივნისს, სომეხი ეროვნების ჟურნალისტ გ. კარაპეტიანთან ინტერვიუში, ზვიადმა განაცხადა: „თუ კავკასია მთლიანად არ გამოეყო იმპერიას, მეზობელ რესპუბლიკებს შორის არანაირი პოზიტიური პროცესი არ დაიწყება“. ეს გახლდათ ზვიადის პოლიტიკური გზავნილი სომეხი მთავრობისა და სომეხი ერისადმი. აფხაზეთში ომის ავანტიურისტული გაჩაღება მიზნად ისახავდა კავკასიური ერთიანობის იდეის დასამარებასა და საქართველო-ჩეჩნეთს შორის დაპირისპირების წარმოქმნას. რუსეთის მიერ ჩეჩენ კონფედერანტების შემოგზავნა ქართველთა წინააღმდეგ ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რაც ბრალდებოდა გროზნოში იძულებით დევნილობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. ეს გახლდათ რუსეთის იმპერიის მიერ ერთდროულად და უნისონში წარმოებული იდეოლოგიური და საინფორმაციო ომი ერთიანი კავკასიური სახლის იდეის მამამთავრის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდია კი ირწმუნებოდა: „მე არავითარი ურთიერთობა არა მაქვს ამ კონფედერაციასთან და მათი დამოკიდებულება ჩემდამი გამოხატულია კონფედერაციის პრეზიდენტის შანიბოვის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფედერაცია არ ენდობა გამსახურდიასო, იგი უფრო მეტად ენდობაო სიგუას, კიტოვანს და სხვებს, რაც გამოქვეყნდა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ და „იბერია სპექტრში“. ხოლო ჩეჩნების აფხაზეთში შემოგზავნასთან დაკავშირებით 1993 წლის 7 ივნისის მიმართვაში პრეზიდენტი გამსახურდია აცხადებდა: „... ჩემი დისკრედიტაციის მიზნით, შევარდნაძე და მისი მაფიოზურ-კომუნისტური ხუნტა ავრცელებდა ჭორებს, თითქოს აფხაზეთში მე შემოვიყვანე ჩეჩენი მეომრები... ომის დაწყებისთანავე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის არმიის, არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძოლებს აფხაზეთში, მაგრამ იმპერიის აგენტურამ ე.წ. კონფედერაციამ გაგზავნა აფხაზეთში თავისი მოხალისეები, რომლებიც დუდაევს არ ემორჩილებოდნენ (დღეს, როდესაც კონფედერაციის ავტორიტეტი დაეცა, დუდაევმა მიაღწია მათ გამოყვანას აფხაზეთიდან), ხუნტამ კი შეთითხნა ყალბი მიმართვები, ვითომდაც ჩემი სახელით დაამონტაჟა ყალბი „სატელეფონო საუბრები“... ჩემი ხმის მიბაძვით, რათა ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს მე ვხელმძღვანელობდი ჩეჩნებს“. მაშინდელმა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად გამსახურდიასთან რადიკალურად დაპირისპირებულმა ოპოზიციონერმა ირაკლი ბათიაშვილმა, პოსტიდან გადადგომის შემდგომ აღიარა, რომ ზვიად გამსახურდიას ხმის წაბაძვით ტელევიზიებით გავრცელებული ზემოხსენებული „მიმართვა“ ყალბი იყო და იგი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ვრცელდებოდაო. ცნობისათვის: 2004 წლის 19 აგვისტოს, ჩეჩნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა, სატელევიზიო მიმართვით, საჯარო ბოდიში მოუხადა ქართველ ერს, აფხაზეთის ომში ჩეჩენი კონფედერანტების მონაწილეობის გამო.
დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალებით, რუსეთმა, ისევე როგორც 1921 წელს, მოახდინა საქართველოს ხელახალი ანექსია. ოპოზიციას, რომელთა შორის უმრავლესობა წიგნიერი და განათლებული იყო, ისტორიის მაგალითზე არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა და არ გაეთვალისწინებინა, რომ შინააშლილობითა და დესტაბილიზაციით კვლავ გარეშე მტერი ისარგებლებდა, როგორც თუნდაც მე-17 საუკუნეში, როდესაც ანალოგიურ ვითარებაში, ოსმალებმა მოგვწყვიტეს სამხრეთ საქართველო, ხოლო მის განაპირა კუთხეებში საკუთარი რელიგია გააბატონეს. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა შიდა ქართლისა და აფხაზეთ-კოდორის (შევარდნაძე-სააკაშვილი) ტერიტორიების ჩაბარებით, არის პირდაპირი შედეგი დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების, რასაც უმალ მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გლობალური კატასტროფა, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული. მიზანმიმართული ანტიეროვნულ-ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით დაიწყო ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლის კატასტროფული ვარდნა, რაც სახელმწიფო დივერსიად და გენოციდად უნდა შეფასდეს. მთელ საქართველოს მეტასტაზებივით მოედო სხადასხვა რელიგიური სექტები, რითაც ღია და პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს სახელმწიფოს მართლმადიდებლურ რელიგიას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ შეთქმულებაზე საქართველოს შინაური მტრების მხრიდან ნათლად მეტყველებს დოკუმენტიც, რომელიც შევარდნაძის მიერაა შექმნილი და ხელმოწერილი 1996 წელს (დოკუმენტის პირველი გამოქვეყნების წყარო – გაზეთი „ახალი ერა“). ამ საიდუმლო წერილის ადრესატი გახლავთ შევარდნაძის ელჩი რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძე. 1998-2000 წლებში ვაჟა ლორთქიფანიძე გახლდათ შევარდნაძის სახელმწიფო მინისტრი. მანამდე კი, კომუნისტი და სახელმწიფო უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, ხოლო აწგარდაცვლილი ბერეზოვსკი 1996 წელს გახლდათ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და კურირებდა აფხაზეთის საკითხს. ამ დოკუმენტიდან ნათლად ჩანს შევარდნაძის რეალური პოლიტიკა აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, რაშიც შევარდნაძის მიერ დაკისრებული ფუნქციები ჰქონდათ „შევარდნაძის ოპოზიციონერად“ გარდაქმნილ ირ.სარიშვილს, ირ. ბათიაშვილს, შალვა ნათელაშვილს... ნათელაშვილი 1995-96 წლებში ბათუმში ასლან აბაშიძის ფრთას წარმოადგენდა და როგორც ამ დოკუმენტიდან ირკვევა „ჩანერგილი“ იყო „ბათუმის საკითხის“ შემდგომი გააქტიურებისათვის. წერილის ბოლოში ნახსენებ სერგეი (ბაღაბში) და ლუდვიგთან (ჩიბიროვი) შეხვედრები მოსკოვში ხდებოდა ზურაბ წერეთლის სახლში, რომლის სრულ ინფორმირებას, დოკუმენტის მიხედვით, საჭიროდ არ მიიჩნევს შევარდნაძე.
რუსეთის ემისარი და საქართველოს მოსისხლე მტერი ე. შევარდნაძე, პოსტიდან გადაყენებისა და ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდგომაც, უკვე კრწანისის რეზიდენციის სავანიდან გაკეთებული განცხადებებით ცდილობდა, ქართველი ერი შეეგუებინა საქართველოს ტერიტორიების მისივე ღალატით მოწყვეტას; იგი თავისი პროპაგანდისტული მედეა-საშუალებებით ამგვარ კაპიტულანტურ მოწოდებებს აკეთებდა: „აფხაზეთი ვერასდროს გახდება საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი და ვერ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ორი რესპუბლიკის ხალხებს კი შანსი აქვთ, რომ მშვიდობიანობას მაინც მიაღწიონ!“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კაპიტულანტური პოლიტიკის ღიად გამტარებელმა შევარდნაძემ, 1997 წლის 14 აგვისტოს ვლადისლავ არძინბა თბილისში ჩამოიყვანა. სეპარატისტი ლიდერის, არძინბას საქართველოს დედაქალაქში ჩამოყვანას ჩვენი უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა:
ჩვენი ქადილის გასახორციელებლად, იძულებული გავხვდით დავლოდებოდით სექტემბერს და 24 სექტემბრისთვის დავგეგმეთ საპროტესტო მიტინგი სახელმწიფო უნივერსიტეტთან შევარდნაძის კაპიტულანტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მიტინგზე გამოვიტანეთ ლოზუნგები: „ძირს შევარდნაძის ანტისახელმწიფოებრივი მმართველობა!“ „სტუდენტებო, მოითხოვეთ საქართველოს სამარცხვინო, კაპიტულანტური ხელისუფლების გადადგომა!“ მიტინგს ემატებოდნენ სტუდენტები, რის გამოც შევარდნაძის რეჟიმის მიერ ჩვენი მიტინგი დარბეულ იქნა, ხოლო პარტიის ლიდერები დაგვაპატიმრეს და 1-1,5 წლით პატიმრობა მოგვისაჯეს. საპატიმროში კი ჩვენს მიმართ ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობები.
შევარდნაძის ხუნტისტური სასამართლოს მიმართ, სრული უპატივცემულობის ნიშნად, ჩვენ – პოლიტპატიმარი ქალები – თამილა ნიკოლაძე და მე, ზურგით დავდექით სასამართლო კოლეგიისაგან. პროტესტის ნიშნად ჩვენ, არც სასამართლო პროცესებზე გავდიოდით ნებით და ბადრაგებს ძალის გამოყენებით გავყავდით საკნიდან. შევარდნაძემ ერთ ნიშანდობლივ ცინიკურ ხერხსაც მიმართა – მოსამართლედ, სწორედ აფხაზეთიდან დევნილი მოსამართლე, ანზორ მებონია დაგვინიშნა. განაჩენის გამოცხადების პროცესზე დასწრებაზე კი ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ და მოგვიანებით, მოსამართლე მებონიამ ციხეში წაგვიკითხა განაჩენი. განაჩენის მოსმენისას, „ზვიად განმათავისუბლებლის პარტიის“ პოლიტმდივანმა თამილა ნიკოლაძემ, მოსამართლეს, ნიშნისგებით მიმართა: „აი, ახლა კი ნამდვილად დაბრუნდებით აფხაზეთში!“, რაზეც მოსამართლე უხერხულად შეიშმუშნა. ჩვენი მკვეთრი პროტესტებით შეწუხებულმა მოსამართლე ზაურ მებონიამ, განაჩენის წაკითხვის შემდგომ, ხვნეშით აღმოთქვა: „პროცესები კი არა, მიტინგები იყო“-ვო. შევარდნაძის უზურპატორულ ხელისუფლებას კანონიერი ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერი 500-მდე პოლიტპატიმარი და სამხედრო ტყვე ჰყავდა გამომწყვდეული ციხეებში. სასამართლოების მიმართ პროტესტს, აგრეთვე ამ პატიმართა ნაწილიც გამოხატავდა სხვადასხვა ფორმით: ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობით, შიმშილობის გამოცხადებით, პირის ამოკერვით, საწოლის რკინის მჭიდებზე ჯაჭვებით მიბმით და სასამართლო პროცესებზე ჩოხებით წარდგომით. 2000 წლის 12 ივლისს, შევარდნაძის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი არსენიშვილმა, სოხუმში ვიზიტისას, ვლადისლავ არძინბასთან ხელი მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას „ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებები, შოკისმომგვრელ ულმობელ პოლიტიკას ატარებდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით დევნილთა (ე.წ. ლტოლვილების) მიმართ; შევარდნაძე-სააკაშვილი, მათ მიერ შექმნილი „ლტოლვილთა და განსახლების“ სამინისტროს მეშვეობით, სისტემატურად ასახლებდნენ დევნილებს ერთი ადგილიდან სხვადასხვა ადგილებში პოლიციის ძალებით. ხოლო, ვინც არ ემორჩილებოდა, მათ ფანჯრებიდან უყრიდნენ ავეჯს და ხელკეტებით სასტიკად სცემდნენ. მათ ტირანულ რეჟიმს ფიზიკურად შეეწირა (გულის შეტევითა და ინსულტით) მრავალი დევნილი, ბავშვებს ფსიქიკა შეერყათ. საკუთარმა ხელისუფლებებმაც კი ნამდვილი დაუნდობელი ომი გამოუცხადეს აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადარჩენილ ქართველებს. 1996 წლის 20 აპრილს, შევარდნაძის ხელისუფლებამ, დივერსიული აქტი განახორციელა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო „აფხაზეთში“ ჩასახლებულ, ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა მიმართ. მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 7 დევნილი, დაშავდა და დასახიჩრდა 50. 23 აპრილს, ხელისუფლების დივერსანტებმა ხანძარი, ვაგზლის მოედანზე მდებარე სასტუმრო „კოლხეთშიც~ გააჩინეს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 დევნილი, დაშავდა და დასახიჩრდა 30. ხელისუფლებას სასტუმროების გაყიდვა სურდა და ზოგადად მძიმე ტვირთად აწვა დევნილები, ვისზედაც მიზერულ დახმარებას გასცემდნენ.
შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია იძულებით დევნილთა ნორმალურ სოციალურ უზრუნველყოფაზე და მათ მხოლოდ მიზერულ დახმარებას აძლევდნენ. ხელისუფლებიდან მიყენებული სისტემური მორალური და ფიზიკური სტრესებით, შიმშილითა და ავადმყოფობით დევნილთა დიდი ნაწილი გარდაიცვალა, ოდნავ შეძლებულმა ნაწილმა კი საქართველოდან წასვლით უშველა თავს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კი სრულიად უუფლებ-უუნარო აღმოჩნდა დევნილების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში; თვით დევნილი აფხაზეთის უმაღლესის საბჭოც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და თავადაც მძიმე ტვირთად აწვნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ამგვარ დისკრიმინირებულ პოლიტიკურ რეალობაში, შეზღუდული იყო მათი ქმედითუანრიანობაც და მხოლოდ მორალურ თანადგომას თუ გამოხატავდნენ დევნილების რეპრესიული პოლიტიკის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, მართალია თავად დევნილების მიმართ დამოკიდებულება, შედარებით ლიბერალური და მზრუნველობითი გახდა (მათთვის არსებული საცხოვრისების დაკანონება და ახალი ბინების გადაცემის საჩვენებელი პრეცენდენტების შექმნა), მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიალურ საკითხზე პოლიტიკურ მიდგომებში, მათი მხრიდანაც თავი იჩინა კაპიტულანტურმა პოზიციამ; ივანიშვილის ხელისუფლება იზიარებს ექსპერტ მამუკა არეშიძისა და „რესპუბლიკელების“ (ბერძენიშვილები, ვ. ხმალაძე, უსუფაშვილ-ხიდაშელი...) მოსაზრებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საქართველოს მხრიდან; ივანიშვილის მთავრობა, ამ მიმართულებით აქტიურად ალაპარაკდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე, საერთაშორისო დოკუმენტებიდან სტატუს-ქვო „ოკუპაციის“ ამოღებასა და „კანონის ოკუპაციის შესახებ“ გაუქმებაზე. ჰქონდა მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი რუსეთის ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების... ივანიშვილის მთავრობამ უარი განაცხადა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მოლაპარაკებებში უცხოელი დამკვირვებლების ჩართვაზე და ეს დიალოგი მხოლოდ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოაქცია. ივანიშვილის მთავრობა, აგრეთვე იოლად დათანხმა რუსეთს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებასა და მასში მონაწილეობაზეც. ივანიშვილის მთავრობამ რუსეთთან დაიწყო დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალთან კონფედერაციულ ხელშეკრულებაზეც აფხაზეთის მთავრობისა (ვახტანგ ყოლბაია) და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენელი დეპუტატების ასაკი, დღეს უკვე კრიტიკულ ზღვარსაა მიღწეული. ყველა ამ პრობლემის გამო აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკური ოპოზიციისაგან შექმნილი ორგანიზაცია „დაბრუნება“, საპროტესტო მიტინგებით მოითხოვს აფხაზეთის პრო-კომუნისტური მთავრობის გადადგომასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარებას. ეს მოთხოვნა პოლიტიკურად სრულიად გამართლებულია, რომ არა მისი ლეგიტიმაციის უმთავრესი საკითხი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და არა ამ ტერიტორიის გარეშე – თბილისსა და დანარჩენ საქართველოში. ამ ხისტი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, დღესდღეობით კი, უბრალოდ არ იკვეთება! არსებული, აფხაზეთის 1990 წლის უმაღლესი საბჭო, ლეგიტიმაციის ამოწურვის ვადებს(გადარჩევას) აღარ ექვემდებარება და მას განლევა, მხოლოდ ბუნებრივი სასიცოცხლო რესურსის ამოწურვის შემთხევაში თუ ემუქრება... (იხილეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ასაკის შკალა 2018 წლის მონაცემებით).
ნანახია: (1378)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას