ლელა ცომაია
რუსეთის იმპერიის თავკაცი მიხეილ გორბაჩოვი და მის შემდგომ, პრეზიდენტი ბორის ელცინი ცდილობდნენ რაიმე სახით მაინც შეენარჩუნებინათ თავიანთი ჰეგემონია ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე. ამ მიზნით, პირველმა, მიხეილ გორბაჩოვმა 1991 წლის 14 ნოემბერს სცადა ნოვოოგარიოვოში შეექმნა ე.წ.ახალი სუვერენული სახელმწიფოთა კავშირი, რაც, სინამდვილეში ისეთივე უნიტარული სახელმწიფოთა კავშირი უნდა ყოფილიყო, როგორიც სსრკ. გორბაჩოვის მცდელობამ სრული ფიასკო განიცადა, რადგან (მიწვევის მიუხედავად) ნოვოოგარიოვოში არ ჩავიდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა რესპუბლიკების პრეზიდენტები, რამეთუ ისინი მიხვდნენ, რომ მათ ახალ იმპერიაში ეპატიჟებოდნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთს ხელი არ აუღია თავის იმპერიულ განზრახვაზე; უკვე პრეზიდენტად არჩეულმა ბორის ელცინმა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს სამოკავშირეო ხელშეკრულების ახალი ნაირსახეობა – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირი (СНГ) შესთავაზა და 21 დეკემბერს ალმა-ათაში მოაწყო შეკრება ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების პირველი პირების მონაწილეობით, სადაც იურიდიულად გაფორმდა სსრკ-ს დაშლა. ამ აქტის თანადროულად შეიქმნა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირი – СНГ. ხსენებულ შეკრებაზე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამკვირვებლად წარგზავნა ვიცე-პრემიერი გურამ აბსანძე და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. გაზეთ „ახალი ერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბ-ნ აბსანძე ამბობს, რომ იმ ისტორიულ შეკრებაზე ელცინმა აგრძნობინა მათ, რომ თუ საქართველო СНГ-ში არ გაწევრიანდება, თქვენი ხელისუფლების დღეები დათვლილიაო. ანალოგიური მუქარის ზარები კრემლიდან ირეკებოდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთანაც. პუტჩი დაიწყო 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევარზე და არა – 10,15 ან 20 დეკემბერს, ვინაიდან, ისინი 21 დეკემბრამდე ელოდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ხელს მოაწერდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რისთვისაც ბ-ნ აბსანძეს, რუსეთის მთავრობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გადასცა ელცინის ტელეფონის ნომერი, რათა ელცინისთვის თანხმობის შესახებ დაერეკა ზვიადს 21 დეკემბრის დილის 7 საათამდე. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ელცინს არ დაურეკა და აგენტურულ ოპოზიციას (სიგუას, იოსელიანს, კიტოვანს, ყარყარაშვილს, ადამიას...) მიეცა განკარგულება შეიარაღებული გადატრიალების დაწყების თაობაზე. ნახევარ საათში დაიწყო პუტჩი. ხუნტის ორგანიზატორი თენგიზ სიგუა, 22 დეკემბერსვე მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას. გაბოროტებული პრემიერი სიგუა, სასტუმრო „თბილისიდან“ სატელეფონო კავშირით პრეზიდენტთან, იმპერატიული ტონით და აგრესიული მუქარით მოითხოვს მისგან: „...თქვენი შეცოდება მეტი აღარ იქნება! თქვენ დიდი ხანია უნდა გადამდგარიყავით! თქვენ ეხლა გამობრძანდებით თეთრი დროშით, თუ გინდათ სიცოცხლე შეინარჩუნოთ, თუ არადა ამოგბუგავენ ყველას!“ თენგიზ სიგუას მუქარას, სასტუმრო „თბილისში“ შეკრებილი სიგუას თანამზრახველები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. მისი ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო, სიგუა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ქუთათელაძეს აძლევს ბრძანებას პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ. ქუთათელაძე, პრეზიდენტისთვის სატელევიზიო კავშირის გაწყვეტის მიზნით, იკავებს სატელევიზიო ანძას და თავად განაგებს. „მოვუწოდებთ პრეზიდენტს, უფლებამოსილება გადასცეს პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, შემდეგ ხალხი გამოუტანს განაჩენს ყველას, ვისაც ამ ომის დაწყებაში მიუძღვის ბრალი“, ამჯერადაც დაწერილ ულტიმატუმს ძლივს კითხულობს ბ. ქუთათელაძე, რომელიც სიგუას მარიონეტადაა გადაქცეული. მათთან სამხედრო კავშირშია ნოდარ გიორგაძეც (ავღანელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე) და გივი კვანტალიანიც. ბესიკ ქუთათელაძე, რომელსაც ნდობა გამოუცხადა ზვიად გამსახურდიამ, სჩადის უსინდისო ღალატს და არ ინდობს პრეზიდენტს. ხოლო შემდგომ კი, ყარყარაშვილთან ერთად, იგი ვეტმფრენით ეშვება ზუგდიდში, რათა პრეზიდენტის ერთგულებისათვის სამაგალითოდ დასაჯონ ზუგდიდელები. საქართველოს უშიშროების გენერალ-მაიორი ოთარ ხატიაშვილი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ, უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხატიაშვილმა, ზვიადის კეთილგანწყობა და ნდობა მით მოიპოვა, რომ ხატიაშვილმა უშუამდგომლა გივი გუმბარიძესთან, რათა საიდუმლო დოკუმენტაცია (ორიგინალები) სრულად გადაეცა მისთვის. მართალია, ოთარ ხატიაშვილი, დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დროს აღარ იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების ხელმძღვანელი, მაგრამ იგი ხუნტის ძალებს ეხმარებოდა; 1991 წლის 31 იანვარს, ხატიაშვილის მიერ რეკომენდირებული სპეციალისტის მეშვეობით, ლევან შარაშენიძემ (შემდგომში, სიგუას დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრი), პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ჯორჯიაშვილის ქუჩის ჭიდან, გადაუჭრა საკომუნიკაციო კაბელი(„ვეჩე“), რომლითაც პრეზიდენტი საკუთარ გვარდიასთან ამყარებდა კონტაქტს.ზვიადის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი თამაზ ნინუაც (რომელიც ცოლთან ერთად საკუთარ სახლში მოკლეს 2009 წლის ნოემბერში) 22 დეკემბერს კიტოვანისა და იოსელიანის მხარეზე გადავიდა. კავშირგაბმულობის მინისტრი ფელიქს ტყებუჩავა კი პრეზიდენტს სატელეფონო კავშირებს უსპობს, სადღაც აქრობს კავშირგაბმულობის დანადგარებით აღჭურვილ მანქანას. ეროვნული ხელისუფლების კავშირგაბმულობის ეს მინისტრი ფ. ტყებუჩავა, იგივე აპრობირებული მეთოდით მოქმედებს 1993 წლის შემოდგომაზეც სამეგრელოში, კავშირგაბმულობის გარეშე ტოვებს რა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და უკვე მეორედ უწყობს შეთქმულებას. ყოფილი პარლამენტარის, აჭარის საარჩევნო ბლოკ „აღორძინებიდან“ (1999-2003 წ.წ.), სანდრო ბრეგაძის მტკიცებით მთავრობის სასახლეზე პირველი გასროლა მოახდინა თენგიზ სიგუას დაცვის უფროსმა მურთაზ შალუაშვილმა. „1991 წლის 21 დეკემბრის ღამეს, 22 დეკემბრის გამთენიამდე, თენგიზ სიგუა თავისი დაცვის 14 წევრთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდროვის ბაღში (მთავრობის სასახლის წინამდებარე იგივე 9 აპრილის ბაღი – ლ.ც). სიგუას დაცვის 14-ივე წევრი, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, იყო რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და მათ ჰქონდათ დავალებული თბილისში ომის პროვოცირება... სხვათაშორის, „ვარდების 96 რევოლუციის“ დროს, სწორედ ამ შალუაშვილმა ჩამოუხსნა სხდომათა დარბაზის კარი პარლამენტში შევარდნილ სააკაშვილს და, ეტყობა ამ დამსახურებისათვის უზით“ იგი პარლამენტში მანდატურთუხუცესადო.
ნიშანდობლივი და საგულისხმოა, რომ მურთაზ შალუაშვილი დღემდე უცვლელი მანდატურთუხუცესია და მე-9 მოწვევის 2016-20 წლების პარლამენტშიც ინარჩუნებს ამ თანამდებობას. ოპოზიციური გაზეთის `სახალხო განათლების~ ყოფილი რედაქტორისა და დეპუტატის აპოლონ სილაგაძის დოკუმენტურ წიგნში „რა ხდებოდა თბილისში 22/X11. 1991 – 6.1. 92“ – ოპოზიციონერი ელგუჯა ბერიშვილი ასე აღწერს პუტჩის დაწყებას: „20 დეკემბერს... რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგის მონაწილეებმა მთავრობის სასახლისკენ გადაინაცვლეს... 21 დეკემბერს, ღამით ოპოზიციამ დაიწყო რუსთაველზე ჩახერგილი ავტობუსებისა და მძიმე სატვირთო მანქანების გაყვანა“. შეიარაღებული ოპოზიციის მიერ რუსთაველის პროსპექტის ბარიკადებისაგან გაწმენდის სამზადისმა, რომელიც „შერიგების“ მოწოდებით ინიღბებოდა, ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის გარეშე ჩაიარა და შერიგების მოწოდებით მოსულებთან მოსალაპარაკებლად ქალაქის მერი თამაზ ვაშაძე და დეპუტატი ავთანდილ რცხილაძე წარგზავნა. ოპოზიციამ მთავრობის წარგზავნილი ორივე პირი გაიტაცა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე (მათ შორის, ქაშუეთის ეკლესიაშიც) დაიწყეს მძიმე საბრძოლო ტექნიკის მობილიზება. საბრძოლო ტექნიკა შეზიდეს ვერის წმ.პანტელეიმონის ეკლესიაშიც, საიდანაც ცეცხლს უშენდნენ „კოლხურ კოშკს“. ეკლესიების საბრძოლო პლაცდარმად გამოყენების უფლება კი ხუნტას პატრიარქისგან ჰქონდათ მიღებული. უზენაეს საბჭოს შენობაზე შტურმის დაწყებასთან დაკავშირებით ჯაბა იოსელიანი წერს: „ვაცხადებ ისევ ჩემს ფორმულას: „ყველას, მინუს ერთი!“ ზვიად გამსახურდია უნდა წავიდეს... ვირჩევთ აკადემიას ზემელზე. შეგვიძლია ზემოდან შემოვუაროთ სასახლეს, შპილზე ნაღმსატყორცნსა და ტყვიამფრქვევს დავდგამთ... ოთარ ლითანიშვილმა თბილისის დეტალური რუკა და მთავრობის სასახლის შენობის გეგმა მოიტანა... ყარყარაშვილს ვაჩვენებ თბილისის რუკას, საიდან დავიწყოთ დილით იერიში... გიგა არველაძეს ვავალებ მთავრობის სასახლის შემოგარენის შესამოწმებლად დაზვერვაზე გაგზავნოს ერთი ათეული, ისინი ხომ არაფერს აპირებენ... შემოდის კიტოვანი... გვერდზე გავყავარ: „კაცი გამოჩნდა, რომელმაც იცის ისეთი შესასვლელი ბუნკერში, პირდაპირ ზვიადის ოთახს მიადგება“... თვალს მიპაჭუნებს, იღიმის...“. ზემომოყვანილი ციტატებიდან აშკარად და ცხადად ჩანს, რომ პირველი გასროლა და შტურმიც უზენაესი საბჭოს შენობაზე შეიარაღებულმა ოპოზიციამ განახორციელა და ამის დასტურად ჩვენ მხოლოდ ოპოზიციონერთა წერილობითი წყაროები მოვიყვანეთ და არც ერთი, კანონიერი ხელისუფლების მომხრეებისა. იგივეს ადასტურებს გელა ლანჩავაც, რომ 22-ში, დაახლოებით დილის 1 საათზე გია ყარყარაშვილს შევხვდიო, მისი ფორმირება ამ დროს ცხინვალში იყოო. ვუთხარი იმის შესახებ, რაც ხდებოდა. მაშინვე დავსხედით მანქანაში და წავედით ქსნისკენ, გზაში შევხვდით ცხინვალიდან მომავალ ყარყარაშვილის ფორმირებებს. დაახლოებით 80 კაცამდე იქნებოდნენო. გამოვბრუნდით თბილისისაკენ. იქნებოდა თორმეტი ან პირველი საათი. მაშინ განვახორციელეთ ნამდვილი კარგი გასროლა ნაღმტყორცნებიდან. 4 ნაღმი ჩავარდა უზენაესი საბჭოს შენობაში და მერე დაიწყო ნამდვილი ომიო.
1992 წლის 6 იანვარს, კრემლის საოკუპაციო რეჟიმიდან შეიარაღებულ-დაფინანსებულმა ხუნტამ, ორკვირიანი ბრძოლების შედეგად, დაამხო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული მთავრობა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით მიიღო იძულებითი გადაწყვეტილება უზენაესი საბჭოს შენობისა და ქვეყნის დატოვების შესახებ.
ამ სისხლიან გადატრიალებასთან დაკავშირებით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1992 წლის 6 იანვრის სპეციალური გამოშვებით, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი იუწყებოდნენ: რომ ზვიად გამსახურდიას დიქტატორული რეჟიმი დამხობილია!
ეროვნული მთავრობის სატრანსპორტო კოლონას, მეტეხის ხიდთან, გოგა ხაინდრავას შეიარაღებულმა რაზმმა „დევიატკამ“ ცეცხლი გაუხსნა და ავტობუსებში ჩახოცეს და დაჭრეს რამდენიმე მათგანი (გურამ აბსანძე და სხვ.). დევნილ პრეზიდენტსა და მის მთავრობას, დაჭერის მიზნით „წითელ ხიდამდე“ ავტომატების კაკანით სდიეს: გიორგი შენგელაიამ, ვახტანგ კიკაბიძემ და გიორგი (გოგა) ხაინდრავამ. ვინაიდან, შეიარაღებულ მდევრებს გამსახურდიამ სომხეთში გადაასწრო, სამხედრო საბჭომ (სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი, ვახტანგ რაზმაძე – ხუნტის პროკურორი) 7 იანვარს, სომხეთში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადმოცემის მოთხოვნით წარგზავნა: ალექსანდრე კავსაძე, გიორგი შენგელაია, რევაზ ყიფიანი - გენპროკურორის მოადგილე, გივი კვანტალიანი - შს მინისტრის მოადგილე. პრეზიდენტმა გამსახურდიამ, ხუნტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. საქართველოს სამხედრო საბჭომ, სომხეთის პრეზიდენტთან, 1992 წლის 13 იანვარს მეორე დელეგაცია წარგზავნა ზვიად გამსახურდიას გადმოცემის მოთხოვნით. ხუნტის ნდობით აღჭურვილ დელეგაციას წარმოადგენდნენ: ელდარ შენგელაია (დელეგაციის მეთაური), ჭაბუა ამირეჯიბი, გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიორგი (გოგა) ხაინდრავა, ვახტანგ კიკაბიძე, რევაზ ყიფიანი. სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბაბკენ არარკციანმა, ქართველთა დელგაციას გამსახურდიას გადაცემის ულტიმატუმზე, მართალია უარით უპასუხეს, მაგრამ იმავე დღეს, გამსახურდიას, სომხეთის დატოვების წინადადება მისცეს. დევნილი პრეზიდენტი და მისი მთავრობა იჩქერიის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა შეიფარა. ვახტანგ რაზმაძემ, დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სამხედრო საბჭოს დავალებით, წითელმა ნომენკლატურულმა ინტელიგენციამ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის აღწერით საგანგებო წერილით მიმართა სომხეთის ინტელიგენციას:
ქართველი ინტელიგენციის მიმართვა სომეხი ინტელიგენციისადმი
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო! 1991 და 1992 წლების მიჯნაზე ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღეები გადაიტანა ქართველმა ხალხმა ღია და შეურიგებელ ბრძოლაში, საქართველოს რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რეჟიმთან და მის მომხრეებთან, დიქტატურასთან დემოკრატიისათვის ბრძოლაში, რომელმაც მიგვიყვანა სამხედრო შეტაკებამდე, დაღვრილ იქნა ადამიანთა სისხლი, დაიწვა და დაინგრა რუსთაველის პროსპექტის მნიშვნელოვანი ნაწილი – თბილისის სიამაყე და სილამაზე, დაიწვა აგრეთვე მთელი რიგი მიმდებარე საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები. მოწინავე, პროგრესულმა ქართველმა ინტელიგენციამ, მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა: მწერლებმა, პოეტებმა, კომპოზიტორებმა, მხატვრებმა, მოქანდაკეებმა, არქიტექტორებმა, მეცნიერ-მუშაკებმა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან აღიმაღლეს პროტესტის ხმა მის მიერ დამყარებული ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული და ეთნიკური პრობლემების სისხლისღვრის გზით გადაჭრის წინააღმდეგ. სამოქალაქო ომის ინსპირირების წინააღმდეგ. ქართული ინტელიგენცია საკითხისადმი ასეთ მიდგომას ყოველთვის ვანდალიზმად თვლიდა, თავაზობდა მის გადაწყვეტას ცივილური გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენო სომეხი ძმებო და კოლეგებო! ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენი მხარდაჭერა, გულწრფელი გამოძახილი, იმის ცოდნა, რომ თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თქვენი დახმარების შემოთავაზება კრიზისული მოვლენების გადაჭრაში. ჩვენი ხალხები, ქართული და სომხური მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა და მთლიანად კულტურის ისტორია ეს არის ერთობლივი ბრძოლა სამართლიანობისა და სიბრძნისა ბოროტებასთან, უმეცრებასთან, ტირანიასთან და ნაციონალიზმთან. ჩვენ გვიხარია, რომ ყველა დროში ქართული და სომხური ინტელიგენცია გამოდიოდა გამარჯვებული ამ მძიმე, მაგრამ სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ ახლაც მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში უფრო მყარი იქნება, რომ მალე მოგვიშუშდება იარები და დამყარდება მშვიდობა და კეთილდღეობა კავკასიაში და მთელს მსოფლიოში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
ქართული ინტელიგენციის სახელით: ოთარ ლითანიშვილი – ქ. თბილისის მთავარი მხატვარი, საქ. სახ. მხატვარი. ბუბა კიკაბიძე – საქ. სახ. არტისტი, სოფიკო ჭიაურელი – საქ. და სომხეთის სახ. არტისტი, ლანა ღოღობერიძე – საქ. სახ. არტისტი, კინორეჟისორი, ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი, ბიძინა კვერნაძე – კომპოზიტორი, გიორგი ციციშვილი – საქ. მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, სახ. ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ვახუშტი კოტეტიშვილი – პროფესორი, გიორგი შენგელაია – კინორეჟისორი,საქ. სახ. არტისტი, ფელიქს ღლონტი – კომპოზიტორი, საქ. სახ. არტისტი გიგა ლორთქიფანიძე – რეჟისორი, საქ. შემოქმ. კავშირის თავმჯდომარე გურამ მირიანაშვილი – არქიტექტორი, საქ. რესპუბლიკის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა მინისტრი. ხუტა ბერულავა – პოეტი, ელგუჯა ამაშუკელი – მოქანდაკე, საქ, სახ. მხატვარი, გია ბადრიძე – კინოდრამატურგი, გურამ გვერდწითელი – ლიტერატურათმცოდნე, გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი.
ეროვნული ხელისუფლების დამხობისა და საქართველოდან განდევნის გამო, ჩემი ტრაგიზმითა და სისხლნარევი ცრემლებით სავსე „მილოცვა“ მივიტანე არჩილ გოგელიას გაზეთში „დრონი“. ა. გოგელიამ, რამდენჯერმე წაიკითხა „მილოცვის“ ტექსტი, უამურად ატრიალა ხელში და მის უკან დაბრუნებას შეეცადა. მივუხვდი რა, გადაწყვეტილებას, „უფალი“ რედაქტორი დავანამუსე: „ბატონო არჩილ, თქვენ, პრესისა და ტელევიზიის მონოპოლიზებაში ადანაშაულებდით ზვიადს და დიქტატორობას სწამებდით მას. და, აი, მოვედი მე ამ პატარა რეპლიკით, „დემოკრატ“ რედაქტორთან და დამიბეჭდეთ!“ გოგელიამ იძულებით დაიტოვა ჩემი რეპლიკა და მრავალჯერადი სატელეფონო შეხსენების შემდგომ, როგორც იქნა, დამიბეჭდა. ოღონდ, დაბეჭდა, ჩემდამი შეურაცხმყოფელი და სისხლის სამართლის მუქარის შემცველი მინაწერით.
მორფზე დამოკიდებულ და მუდამ ფულზე დახარბებულ ხაინდრავას, არასოდეს გააჩნდა იდეური ფასეულობები და მის უმთავრეს ღირებულებას მუდამ ფული წარმოადგენდა, რის გამოც იგი სამშობლოსა და ერსაც უდრტვირვნელად გაყიდდა. ეს სისხლაღრეული ქართველი ხაინდრავა დღემდე დარჩა ფულის წუწკად და „პერსონა ნონ-გრატად“!
რაკი, ზვიად გამსახურდიამ, მდევრებს გაასწრო სომხეთში, ხუნტის ხელისუფლება შეეცადა, ზვარტნოცის აეროპორტიდან მაინც, ზაურ ბედიას მიერ აფრენილი თვითმფრინავი ვაზიანში დაესვა, რაც რუსეთის მოთხოვნაც იყო. მაღალი კლასის პროფესიონალმა მფრინავმა ზაურ ბედიამ თვითმფრინავი კატაპულტირებით ატყორცნა ჰაერში და გეზი გროზნოსკენ აიღო. შარაშენიძემ ჰაერში ორი ავიაგამანადგურებელი მაინც გაისროლა. სამხედრო ავიაციის გენერალი ლევან შარაშენიძე იმპერიალისტური რუსეთის ინტერესების დამცველი გახლდათ: – მე, როგორც საბჭოთა არმიის გენერალი, ზომებს ვიღებდი იმისათვის, რომ გამსახურდიასთან დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები მაქსიმალურად მომემარაგებინა იარაღით. ამისთვის რუსი გენერლები ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, ვითხოვდი და მაძლევდნენ. ამას მე არ ვმალავ. ბეპაევი და გენერალი გრეკოვი უშუალოდ ამით იყვნენ დაკავებული. ამ ყველაფერს კი სოხუმიდან პატრიკეევი აკონტროლებდა. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როცა რუსეთი ჩვენზე იყო ორიენტირებული და არა გამსახურდიაზე. რუსეთი იარაღსაც გვაძლევდა და ტექნიკასაც. რუსების მიერ მოცემული ორი "ჰაუბიცა" მთავრობის სახლის წინ მუშაობდა. 1992 წლის 14 თებერვლის სამიტამდე ბატონ ედუარდს მოსკოვში ვესტუმრე. ვისაუბრეთ მისი საქართველოში დაბრუნებაზე. იგი ამისათვის მზად იყო. მინსკის სამიტის დღეს ჟურნალისტების წინაშე ეს ტექსტი წავიკითხე: „ამხანაგებო, პატივცემულო ლეონიდ მაკარევიჩ (კრავჩუკი, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა), ნება მომეცით საქართველოს დროებითი მთავრობის დავალებით შემდეგი განცხადება გავაკეთო, საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რევოლუცია. დაემხო ზვიად გამსახურდიას დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი მისი ყველაზე უარესი ოჯახური დიქტატის მოვლენით. ჩვენ ვებრძოდით არა პრეზიდენტის ინსტიტუტს, არა პარლამენტს, ჩვენ ვებრძოდით ადამიანს, რომელიც დამღუპველ პოლიტიკას ატარებდა საქართველოში. მან ზარალი არა მარტო ქართველ, არამედ სხვა ხალხებსაც მიაყენა. .. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი ამაში არ შემცდარან. ამას დრო დაგვიმტკიცებს. საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს ახლად არჩეული პარლამენტი. მზად ვართ, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ამიერკავკასიის სამხედრო ჯარებთან, რომლებსაც საოკუპაციო სტატუსი მოვუხსენით“. ლევან შარაშენიძის სიტყვას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ბელორუსიის პრეზიდენტის შუშკევიჩის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ მიახალა საქართველოს დროებითი მთავრობის წარმომადგენელს, რომ საქართველოში არავითარი დემოკრატიული რევოლუცია არ მომხდარა და რომ იგი ქართული ხუნტის წარმომადგენელია, რომ საქართველოში თქვენ დაამხეთ კანონიერი ხელისუფლებაო. ლევან შარაშენიძეს, მოსკოვში ზურგს უმაგრებდა საქართველოს დროებითი მთავრობის ელჩი ვალერიან ადვაძე. და რას იქმოდა გადატრიალების პერიოდში ეროვნული ხელისუფლების მეორე უმაღლესი პირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი? იგი მერყეობდა, ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა პუტჩისტი დეპუტატების დაგმობისათვის და ბოლოს საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს ავადმყოფობის საბაბით. შემდეგ იგი უეცრად გამოჩნდა ზუგდიდში, სადაც ხალხს მოუწოდებდა არ წასულიყვნენ ხელისუფლების დასახმარებლად და არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლებში. ასეთივე აგიტაციას ეწეოდა იგი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ა. ასათიანი, რომელმაც თავისი თავი გადამდგარად გამოაცხადა, ხოლო კანონიერი პარლამენტი დაშლილად, შემდგომში ყოველნაირად ცდილობდა ხელი შეეწყო მაფიოზური ხუნტის ცრუ პარლამენტის შეკოწიწებაში არალეგიტიმური არჩევნების გზით... მისი ამგვარი მოღალატური პოზიცია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ნიშანდობლივია გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ ინფორმაცია აკაკი ასათიანის „მკურნალობის“ ვადებთან დაკავშირებით, ვნახოთ იგიც: „უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი აკაკი ასათიანი ქობულეთის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სანატორიუმ „საქართველოში“ აგრძელებს მკურნალობას. მკურნალობის კურსი დაახლოებით სამ კვირას გასტანს“. ანუ, გაზეთის უწყებით, წინასწარგაცხადებული „მკურნალობის სამკვირიანი“ ვადა, სრულად და ზუსტად მოიცავს გადატრიალების მზადების, დაწყებისა და დასრულების პერიოდს 6 იანვრის ჩათვლით. გადატრიალების შემდგომ, აკ. ასათიანი, („კგბ“- ს ფსევდონიმით „მალიში“) ბრუნდება თბილისში და საიდუმლო შეხვედრებს აწყობს თენგიზ სიგუასთან. თენგიზ სიგუასგან დაინსტრუქტაჟებული აკ. ასათიანი, 1991 წლის 17 იანვარს მიდის ფილარმონიის ქვემოთ მდებარე კინოთეატრ „ამირანის“ დარბაზში, სადაც წინასწარ შეკრებილები არიან უზენაესი საბჭოს დეპუტატების ნაწილი. შეკრებას თავმჯდომარედ ევლინება აკ. ასათიანი, რომელიც იხილავს საკითხს უზენაესი საბჭოს ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რათა მოხდეს ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს უზენაესი საბჭოს სესია ქვორუმის უზრუნველყოფით. ქვორუმის პირობად მიჩნეულ იქნა გარიცხული კომუნისტი დეპუტატების დაბრუნება უზენაეს საბჭოში. ალტერნატივად წამოყენებულ იქნა ეროვნული კრების მოწვევა (პაატა კოღუაშვილი და სხვ.). მოღალატე აკაკი ასათიანისადმი უარყოფითი დამოკიდებულება არ განელებულა ერში, მაგრამ რამდენადაც საკვირველი უნდა იყოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილებში პატივდებული აღმოჩნდა იგი. ასე, მაგალითად; 2014 წლის 10 მარტს, კონსტანტინე გამსახურდიამ (უმცროსი) მოაწყო ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული წიგნის პრეზენტაცია – "ზვიად გამსახურდიას საქმე". პრეზენტაციაზე კონსტანტინეს მიწვეული ჰყავდა აკაკი ასათიანიც და მას სიტყვით გამოსვლაც შესთავაზა, რასაც დარბაზიდან ჩემი რეპლიკა მოჰყვა: "სამწუხაროა, რომ იუდებზე მოთხოვნილება დღესაც არსებობს და ამ შეკრეაზეც!...“-მეთქი! რეპლიკას განმარტებაც მივაყოლე: „გარდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასი, ამ დარბაზში სხედან ადამიანებიც, რომლებმაც, აკაკი ასათიანის ღალატისა და შეთქმულების შედეგად სასტიკი რეპრესიები გამოიარეს და პროტესტს გიცხადებთ ამ მოღალატის პატივით მოწვევის გამო“. ხოლო აკ. ასათიანს კი მივმართე, რომ საკუთარი ღალატის გარემოებებზე ესაუბრა. ჩემმა რეპლიკამ და შენიშვნამ სამივე გამსახურდიას (კოკოს, გიორგის და მოგვიანებით, ცოტნეს) გულისწყრომა გამოიწვია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დოკუმენტური წიგნის პრეზენტაციაზე აკაკი ასათიანის მოწვევა და სიტყვის მიცემის პატივიც კონსტანტინესაგან, პირადად ჩემთვის დიდი მოულოდნელობა გახლდათ, ხოლო თავად აკაკი ასათიანის მხრიდან კი, ჭეშმარიტად დიდი გაბედულება. მას დამსწრეთა უმრავლესობის უკმაყოფილო შეძახილებით მოუწია დარბაზის დატოვება. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა, პატივი მიაგეს, აგრეთვე გარდაცვლილ ჯანსუღ ჩარკვიანს სამძიმარზე წუხილით მისვლით. გიორგი კი საქართველოში არ იმყოფებოდა, იგი შევარდნაძის ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა და „კეთილ ბაბუს“ ეძახდა შევარდნაძეს. ხალხში კი იყო მოლოდინი, რომ გიორგი შევარდნაძის ნდობის მოპოვებას ცდილობს და ერთხელაც ტყვიას დაახლის მამამისის მკვლელსო. ოპოზიცია, იარაღითა და ფულით მოსკოვიდან მარაგდებოდა, რაც ოფიციალურად განაცხადა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა იური აფანასიევმა, რომ გორბაჩოვმა და შევარდნაძემ 65 მილიონი რუბლი გაიღეს საქართველოში პუტჩის მომზადებისა და გახორციელებისათვის. გარდა ამისა, რუსეთი, სამხედრო ძალითაც მონაწილეობდა პუტჩში სპეცჯგუფ „ალფა“ და ძერჟინსკის სახელობის დივიზიით, აგრეთვე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილებით გენერალ-ლეიტენანტ სუფიან ბეპაევის სარდლობით, რასაც ადასტურებს ხუნტის ჟურნალისტი მამუკა არეშიძეც, რომ დასამალი უკვე აღარ არის, რუსეთის ჯართან კონტაქტები იყო თბილისის ომის დროსაც და მანამდეცო (მამუკა არეშიძემ, ძალიან დიდი დაგვიანებით, 2017 წელს ტელევიზიით აღიარა თავისი წილი დანაშაული ეროვნული ხელისუფლების დამხობაში). ხოლო გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტი ევგენი კრუტიკოვი გვამცნობს, რომ საქართველოს პუტჩში მონაწილეობდა როსტოვის სპეცნაზი.
2002 წ. 6 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ით ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში „ჩაკეტილი წრე“, ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პუტჩს მოსკოვიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი ბურბულისიცო. რუსეთის დუმის დეპუტატ კოვალიოვის განცხადებითაც, რუსეთს, საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალება, 65 მილიონი რუბლი დაუჯდა. აკაკი ასათიანის მსგავსად, თენგიზ სიგუასა და კრემლთან დაახლოვებულ ზურაბ წერეთელთან, მოღალატურ ალიანსში იმყოფებოდა ეროვნული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი გოგი ხოშტარიაც; ხოშტარია, ნაცვლად იმისა რომ თანამდებობის შესატყვისი ცოდნა გაეღრმავებინა, საგარეო ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში პროფესიონალურად გარკვეულიყო, მთელ თავის მოღვაწეობას ტყუილებსა და ინტრიგების ხლართვას ანდომებდა. იგი, პრეზიდენტისაგან შეუთანხმებლად მიემგზავრებოდა უცხოეთში თავის მეუღლესთან ერთად და ძირითადად მაღაზიებში დაეხეტებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მას არ მოუმზადებია არცერთი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტისათვის და მისთვის არასოდეს წარუდგენია ანგარიში საკუთარი საზღვარგარეთული ვიზიტებისა. იგი საიდუმლო შეხვედრებს აწყობდა შევარდნაძესთან მოსკოვში, რასაც ზურაბ წერეთელი უზრუნველყოფდა. ხოშტარია-შევარდნაძის გეგმას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიახლება გორბაჩოვთან ერთგულების ფიცით. „სანამ გორბაჩოვს არ შეხვდებით, ბუში არ მიგიღებს“, ჩასჩიჩინებდნენ ზვიადს გოგი ხოშტარია და ზურაბ წერეთელი. ოპოზიციასთან საიდუმლო კავშირ-ურთიერთობაში იმყოფებოდა უზენაესი საბჭოს უშიშროების საბჭოს წევრი ზვიად ბოკუჩავაც. შევარდნაძის ნეოკომუნისტურ ხუნტასთან საიდუმლოდ თანამშრობლობდნენ მირიან მირიანაშვილი, გოგი ხოშტარია, აკ.ასათიანი და ზ. ბოკუჩავა ტელევიზიასთან, შავნაბადაზე და თბილისის ზღვაზეც. ხოლო, როდესაც მათი ღალატით დაემხო და განიდევნა ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე შეეცადა ხოშტარია-ასათიანის პოლიტიკური ტანდემით შეექმნა „ოპოზიცია“, რომელიც მისგანვე იქნებოდა მართული. შევარდნაძის მიზანს წარმოადგენდა, ამ ფსევდო-ოპოზიციონერი ლიდერების გარშემო შემოემტკიცებინა სრულიად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მიეღოთ მონაწილეობა ხუნტის არჩევნებში, როგორც შევარდნაძის რადიკალურ ოპოზიციას და ლეგიტიმური გაეხადა მისი ხელისუფლება. ამ მიზნით, ხოშტარია-ასათიანმა, სატელევიზიო გამოსვლებით იწყეს შევარდნაძის ხმამაღალი კრიტიკა და ქვეყანაში სტაბილიზაციის აღდგენის რეკომენდაციების მიცემა ხელისუფლებისთვის. მათი გამოსვლების შინაარსი პრო-ზვიადისტური ორიენტაციისა იყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არ ენდო ხოშტარია-ასათიანის ნეოკომუნისტურ ტანდემს, მოღალატედ შერაცხა ისინი და გააგრძელა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა შევარდნაძის ხუნტისტური ხელისუფლებისადმი. რომელიც 2003 წლამდე, ანუ შევარდნაძის გადაყენებამდე გაგრძელდა. გოგი ხოშტარია აღშფოთებასა და უკმაყოფილებას ვერ მალავდა უკვე დამხობილი ზვიად გამსახურდიას საქართველოდან ცოცხლად გასვლის გამო. ამასთან დაკავშირებით დოდონა კიზირია იხსენებს: „ვარ ტელევიზიის შენობის მესამე სართულის კიბეებზე და ვხედავ გოგი ხოშტარიას და მისკენ დავიძარი. ამ დროს პირველი სართულიდან ზემოთ ამოდის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია... „რა ქენი, ბიჭო! ცოცხალი როგორ გაუშვი!“ – უყვირის გოგი ხოშტარია ზემოდან გიორგი შენგელაიას...“ ერთადერთი დეპუტატი, ვინც შევარდნაძესთან ღიად შევიდა პოლიტიკურ ალიანსში (მირიან მირიანაშვილის შემდგომ), ნუგზარ მოლოდინაშვილი იყო. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში, მოლოდინაშვილმა, შევარდნაძის პოლიტიკურ ბლოკ „ახალი საქართველოს“ სიით იყარა კენჭი. უზენაესი საბჭოს დეპუტატის ამგვარი თვითლუსტრირება საცნაურ მოულოდნელობად იქცა, რამეთუ იგი შევარდნაძის პოლიტპატიმარს წარმოადგენდა და მისმა პოლიტპატიმრობამ და შიმშილმა შეიწირა მოლოდინაშვილის მშობლები. მანამდე, მოლოდინაშვილი, არ ყოფილა შემჩნეული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასადმი ღალატში და ზოგადად იგი გონიერ კაცად მიიჩნეოდა. თუმცა, 1994 წელს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა ხმა, რომ 1993 წლის ნოემბერში, ფოთში მოხდა საიდუმლო შეკრება პრეზიდენტის გარემოცვის რამდენიმე პირის (რომლის ორგანიზატორად ნუგზრ მოლოდინაშვილი სახელდებოდა) და ამ შეკრებაზე ზვიადის მკვლელობას უყარეს კენჭიო. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით ქრისტესმიერი გამცემლობის ამ „საიდუმლო სერობის“ შესახებ, მაგრამ ისტორიული ფაქტი კი ნამდვილად შედგა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში; უზენაესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მოლოდინაშვილი შევარდნაძის ამოყირავებულ ნავში ჩახტა მისი პოლიტიკური რეანიმაციის მიზნით. ამ ხისტმა რეალობამ გააღვივა ეჭვი, მოლოდინაშვილის ადრეული საიდუმლო კავშირების შესახებ შევარდნაძესთან, რასაც იგი მალავდა(?!).
2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“, ანუ შევარდნაძის პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდგომ, 28 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი – მერიოტში“ შეკრებილ შევარდნაძის მომხრეებს შორის (მამა-შვილი ჩარკვიანები, ადა მარშანია, ირინა სარიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და „აღორძინების“ წევრები) ნუგზარ მოლოდინაშვილიც იყო, რომლებიც შევარდნაძის პოლიტიკური რეანიმაციის მიზნით მოქმედების შემდგომი გეგმის დასახვას შეეცადნენ. ამ შეკრებაზე გააჟღერა ირინა სარიშვილმა, რომ იგი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. სარიშვილი ახალი გადაყენებული იყო „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერობიდან.
ნანახია: (1874)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას