ლელა ცომაია
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დემოკრატიული მმართველობის პირობებში ოპოზიციას ეძლეოდა მიტინგების ჩატარების სრული თავისუფლება შეუზღუდავ ადგილებში. ხელისუფლების დამხობის მოწოდებების მიუხედავად, არ ირბეოდა არც ერთი მიტინგი. ერთადერთ გამონაკლისს, მხოლოდ 1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის პროვოკაციული დარბევა წარმოადგენდა, რის გამოც პრეზიდენტმა აღშფოთება ვერ დამალა. 15 სექტემბრის უზენაესი საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა მღელვარედ განაცხადა: “როდესაც ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩამოდის თბილისში. დრო, როდესაც მე მას ვხვდები... ამდროს გაისმის სროლა რუსთაველის პროსპექტზე. რა ჰქონდა მიზნად დასახული ყოველივე ამის ჩამდენს და მომწყობს, გეკითხებით მე! მე მგონი დღესავით ნათელია, მეგობრებო, მზადდებოდა ცნობა ჩვენი ქვეყნისა მრავალი უცხო ქვეყნების მიერ, დელეგაციის ჩამოსვლა მისადაგებული იყო, სწორედ ამასთან და ეს უნდა ჩაშლილიყო. ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია, მეგობრებო?!... მე მწარე სიმართლე უნდა ვთქვა: მილიციაში არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალები... ეს იყო შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ ორივე მხრიდან, რომლებიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ და ერთი ავტორი ჰყავს ყოველივე ამას... ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ზომები, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, ეს არის ჩვენი მოვალეობა... დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან მაგონებს 1918-21 წლების სიტუაციას... მაშინაც, მოსკოვს გადახვეწილი მოღალატე ქართველები მართავდნენ ყველაფერს, ისინი ქმნიდნენ აქ დასაყრდენ ჯგუფებს... მეორე ანექსიას ამზადებენ, მეგობრებო, მოსკოვში გადახვეწილი ჩვენი მოღალატე თანამემამულეები...” პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც კუპიურებით მოვიტანეთ აქ, ბოლომდე მღელვარე იყო. “მოსკოვში გადახვეწილ მტრებში” პრეზიდენტი მოიაზრებდა: ე. შევარდნაძეს, ვალერიან ადვაძეს, გურამ მგელაძეს, ნუგზარ ფოფხაძეს, ზურაბ წერეთელს (ფინანსურ ოლიგარქს). ერთ-ერთი ამათთაგანის, გურამ მგელაძის(აბაშის ყოფილი რაიკომის მდივანი) საიდუმლო კავშირს კრემლთან ადასტურებს 1991 წლის 20 თებერვლის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული დოკუმენტი. გურამ მგელაძე გახლდათ “მხედრიონის” დამაარსებელი და დამფინანსებელიც, იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა ჯაბა იოსელიანთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მოსკოვში მას.
მილიციის სტრუქტურებში შეპარული შეთქმულები კი, რომლებმაც2 სექტემბრის სისხლიანი ავანტიურა მოაწყვეს(არავინ დაღუპულა) გამოვლენილ იქნენ, თუმცა პრეზიდენტმა მათი მოხსნა ვერ შეძლო. ესენი გახლდნენ: შსს მინისტრი დილარ ხაბულიანი, გელა ლანჩავა, რომან გვენცაძე, დავით ზეიკიძე, მიხეილ სალაძე, თვით რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე და სხვები, რომლებსაც თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი მფარველობდნენ. ვახტანგ რაზმაძე პრეზიდენტმა გამსახურდიამ, შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობისათვის1992 წლის4 იანვარს გაათავისუფლა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დანიშნა ვაჟა აბაკელია. რაზმაძე არ ტოვებდა თანამდებობას და კაბინეტს, რის გამოც ეროვნული ხელისუფლების გვარდიელები იძულებით შევიდნენ მასთან და მოსთხოვეს გაეთავისუფლებინა კაბინეტი ახალი გენპროკურორისათვის. აღნიშნული ფაქტი, პროვოკატორმა რაზმაძემ, ხელისუფლების მხრიდან შეიარაღებულ თავდასხმად შეაფასა და საერთაშორისო ხმაური ატეხა. ვახტანგ რაზმაძე გახლდათ რა საბჭოთა პერიოდის გენერალური პროკურორი, მისი ულმობელი განაჩენით იქნენ დახვრეტილნი“თვითმფრინავის ბიჭები”, რომლებმაც, 1983 წლის18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით, თბილისის აეროპორტში განახორციელეს თვითმფრინავის“გატაცება”. ედუარდ შევარდნაძის, ალექსი ინაურისა და ვახტანგ რაზმაძის სანქციით თვითმფრინავში მოკლეს3, ხოლო დანარჩენი დახვრიტეს სასამართლოს განაჩენით. ესენი იყვნენ: 1. სოსო წერეთელი– 25 წლის, მხატვარი2. კახა ივერიელი– 29 წლის, ექიმი3. პაატა ივერიელი– 23 წლის, ექიმი4. გეგა კობახიძე– 23 წლის, მსახიობი5. დათო მიქაბერიძე– 25 წლის, სტუდენტი6. გრიგოლ ტაბიძე– 32 წლის, მხატვარი7. თეოდორე ჩიხლაძე– 33 წლის, ბერი, რომელიც არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ ბრალი დასდეს ოგრანიზატორობაში. დააპატიმრეს, გეგა კობახიძის ახალშერთული ფეხმძიმე მეუღლე თინათინ ფეტვიაშვილი, რომელიც საკანში დააძინეს და გაუკეთეს აბორტი: საბჭოთა ხელისუფლების მტრების შვილი არ უნდა დაიბადოსო.
დახვრეტილი დისიდენტი ახალგაზრდების მშობლებს, შევარდნაძე-რაზმაძე-ინაურის საბჭოთა ხელისუფლებამ, ტყვიის საფასური3-3 მანეთი გადაახდევინეს. ხოლო ერთ-ერთის მშობელს– 6 მანეთი, ერთი ასცდა შენ შვილს და მისთვის მეორე ტყვია დაგვჭირდაო. და, რაოდენ საკვირველია, რომ შევარდნაძის მიერ დახვრეტილი ამ ახალგაზრდების მშობლები: სოსო წერეთლის მამა– კოტე წერეთელი(მან ვიქტორ დომუხოვსკის მიერ გამოძიებული დოკუმენტები სადღაც გააქრო და უარყოფდა დომუხოვსკისგან მის ჩაბარებას), ძმებ კახა და პაატა ივერიელების მამა– ვაჟა ივერიელი(ლეკიშვილი), 1992 წელს, სამთავრობო გაზეთით მიესალმა ზვიადის ეროვნული ხელისუფლების დამხობას, გეგა კობახიძის დედა– ნათელა მაჭავარიანი და მამაც– მიხეილ კობახიძე, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფიაში ანტისაბჭოურ(დისიდენტ) რეჟისორად იყო მიჩნეული და ფილმების დამოუკიდებლად გადაღებასაც კი უკრძალავდნენ(“რვანახევარის”, “მუსიკოსების” გამო...), შევარდნაძეს ემხრობოდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის (უცხოეთის სახელმწიფოების მსგავასად)პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოს(კუკავასა და გაბუნიას უადრეს), არასამთავრობო ორგანიზაცია“განათლების ეროვნულმა კავშირმა” მიმართა(ლალი გილიგაშვილი, დავით არაბიძე), რაზეც საკრებულოს“სახელდებისა და სიმბოლიკის საკითხთა კომისიის” თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანმა მათ, წერილობით აცნობა, რომ თითქოს საკითხი გადაწყვეტილია და“ზვიად გამსახურდიას სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების დადგენილების დოკუმენტის აღებას შეძლებთ სექტემბრის თვის ბოლოს ქ. თბილისის საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილებაში” (დოკუმენტი№07/6715; 04/6706). თუმცა, საკითხის გადაწყვეტა 2013 წლის ნოემბრის საკრებულოს სხდომაზეც ჩავარდა და 27 დეკემბრისთვის გადაიდო, მაგრამ არც დეკემბრის სხდომაზე იქნა დადებითად გადაწყვეტილი. 2015 წლის30 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა, რაც ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის მიერ იყო მხარდაჭერილი და მოტივირებული– ზვიად გამსახურდიასადმი მტრობით. დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კი საერთაშორისო მასშტაბის ხმაური ატეხა თვითმფრინავის ბიჭების დახვრეტის გამო, საპროტესტო მიტინგებიც მოაწყო და დახვრეტამდე, მათი შეწყალების პეტიციის ინიციატორიც, სწორედ ზვიად გამსახურდია გახლდათ. ხოლო, როცა ეროვნული ხელისუფლების სათავეში მოვიდა, 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტში შექმნა თვითმფრინავის გატაცების ცდის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარე ვიქტორ დომუხოვსკი გახლდათ. სწორედ ვიქტორ დომუხოვსკის მიერ მოსკოვში სპეციალური მივლინებით დაკითხულ იქნა შევარდნაძე. დაკითხვის და გამოძიების ოქმები კი ხელისუფლების გადატრიალების დროს, რომ არ დამწვარიყო, ბატონმა ვიქტორმა, სამსახურეობრივი სეიფიდან გამოიღო და ჩააბარა კოტე წერეთელს, ვისგანაც გაქრა.
სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ, რომან გვენცაძეს, შევარდნაძემ შსს მინისტრობა უბოძა. რიგითი ომონელი გელა ლანჩავა(პრეზიდენტის მიერ დაპატიმრებული ჯაბა იოსელიანი, კგბ-ს ციხიდან, ლანჩავამ გაათავისუფლა. ლანჩავა, გადატრიალების შემდეგ კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგებსაც ხვრეტდა), ჯერ ჯაბა იოსელიანმა დანიშნა ქალაქის კომენდატად, ხოლო შევარდნაძემ, შინაგანი ჯარის სარდლად დააწინაურა. მოგვიანებით კი(24 ივნისს ტელევიზიის წარმატებული პროვოკაციისათვის) მას გენერლის წოდებაც მიანიჭეს; 1992 წლის24 ივნისს, ლანჩავას გეგმის მიხედვით მოხდა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შეტყუება სახელმწიფო ტელევიზიის შენობასა და ტელეანძაზე, რისთვისაც გამოყენებულ იყვნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვალტერ შურღაია, აქტივისტი სტუდენტი ეკა ხერხეულიძე, ხატია ღუდუშაური და სხვ. როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი დაარწმუნა ლანჩავამ, რომ გარედან მის მიერ იქნებოდნენ დაცულნი. ოღონდ, საზოგადოებისათვის ბოლომდე გაურკვეველი და ბუნდოვანი დარჩა შურღაიასა, ღუდუშაურისა და ხერხეულიძის კავშირები ლანჩავასთან და სახელმწიფო ტელევიზიაში მათი შესვლის სერიოზული მიზანი. ტელევიზიაში და ანძაზე შეტყუებულ“ზვიადისტებს” გარედან ტანკებით და თვითმფრინავიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ დღეს ტელევიზიის მიმდებარედ, მთაწმინდის პარკში და გერგეთის ქუჩაზე მოკლეს: დავით ნადირაძე, ნუგზარ დვალიშვილი, ნუკრი არჩვაძე, რეზო ბროძელი, მერაბ სულაძე, ლიმა გიორგაძე. დაიჭირეს უზენაესი საბჭოს დეპუტატები(ბიძინა ჩოლოყაშვილი, ვალტერ შურღაია, ბიძინა დანგაძე, აგრეთვე გივი კალმახელიძე და სხვ.). ვალტერ შურღაია, ფურთხითა და ბილწი გინებით, “სირცხვილის დერეფანში” გაატარეს.
24 ივნისის პროვოკაცია მთლიანად ხუნტის მიერ იყო დაგეგმილი; იგი მიზნად ისახავდა 24 ივნისს, დაგომისში შევარდნაძე-ელცინის შეხვედრის გადაფარვას, რომელზედაც მიღებული იქნა მოღალატური გადაწყვეტილება (კონფლიქტური მხარეების ურთიერთგამიჯვნის მიზნით), “სამშვიდობო დერეფნის” გორის საზღვართან შექმნის შესახებ. საზღვარზე კი ჩაყენებული იქნებოდნენ რუსი და ოსი სამხედროები. დაგომისის ამ24 ივნისის კაპიტულანტური ხელშეკრულებით, შევარდნაძემ შიდა ქართლი რუსებსა და ოსებს გადასცა. დევნილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ იჩქერიიდან გააკეთა მიმართვა24 ივნისის ტელევიზიის აქტთან დაკავშირებით და მას, შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა. ოფიციალურ მიმართვებში პრეზიდენტი გამსახურდია, თუმცა შეეცადა დაეცვა თავისი დეპუტატი ვალტერ შურღაია, მაგრამ პირად საუბრებში იგი არ ამართლებდა მის ქმედებას, რის გამოც შურღაიას უზენაესმა საბჭომ უფლებამოსილება შეუჩერა. მოგვიანებით პრესაში(“ალია”) გამოჩნდა ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ მოპოვებული პრეზიდენტის პირადი წერილი ლოთი ქობალიასადმი, რომლის ნაწილში ზვიადი ვალტერ შურღაიას ქმედებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ შურღაიას ეს გეგმა მასთან არ იყო შეთანხმებული და მან, ჩადენილი ავანტიურით, ზიანი მიაყენა ეროვნულ მოძრაობას და პრეზიდენტის პრესტიჟსაც. ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელი იყო, მოგვიანებით, უზენაესი საბჭოს დეპუტატის(ყოფილი დისიდენტის) ვალტერ შურღაიას გამოსვლა მიტინგზე შევარდნაძის გვერდით ტელევიზიის სისხლიანი პროვოკაციის შემდგომ. შურღაიამ, საქართველოს გაეროში შეყვანა, სრულად შევარდნაძის დამსახურებად აღიარა, ხოლო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია “სისხლიანი ხელების” მქონედ შერაცხა და მას გადადგომისაკენ მოუწოდა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, სამთავრობო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა, ხუნტის პროკურორ ვახტანგ რაზმაძისადმი, საპატიმროდან გამოგზავნილი ვალტერ შურღაიას წერილი სათაურით: `ღმერთმა იცის, მე არასდროს მიღალატია პრეზიდენტისთვის. ეხლა ნათლად ვხედავ: ერთადერთი სწორი გზა მისი გადადგომაა”.
1992 წლის 31 ივლისს, საქართველოს გაეროში გაწევრიანება კი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 31 მარტის რეფერენდუმისა და9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე მოხდა. საკუთარი ხალხის სისხლში მოთხვრილი ხელები კი, სწორედ შევარდნაძეს ჰქონდა და შევარდნაძე უნდა გადამდგარიყო. შევარდნაძეს არასოდეს დაუმალავს, რომ „გამსახურდიას ოპოზიციონერები ხშირად ჩამოდიოდნენ მოსკოვში ჩემთან კონსულტაციებისთვის“ო. ერთ-ერთი ამგვარი მიზნობრივი ვიზიტის დროს, გია ჭანტურიას, შევარდნაძისაგან, უთუოდ ეცნობა, რომ2 სექტემბერს მოსკოვში ტარდებოდა დეპუტატთა ყრილობა, რომელზეც განიხილებოდა ბალტიისპირეთისა და საქართველოს სსრკ-დან გამოყოფის საკითხი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჭანტურიამ, ამ ცნობასთან ერთად, შევარდნაძისაგან სათანადო ინსტრუქტაჟიც მიიღო. საიდუმლო ინსტრუქციები მიეცა, აგრეთვე შევარდნაძესთან ფარულ ალიანსში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსაც, რომლებმაც გია ჭანტურიას მიერ წინასწარ დაანონსებულ 2 სექტემბრის მიტინგზე შეიარაღებული ომონი წარგზავნეს და ცნობილი პროვოკაციული გასროლებიც განახორციელეს, რომლის ექო(როგორც გათვალისწინებული იყო) მოსკოვში მიმდინარე ყრილობასაც მისწვდა და რომელმაც თბილისის 2 სექტემბრის მიტინგის დარბევა, საქართველოში დიქტატორული რეჟიმის არსებობად შერაცხა და გაურკვეველი ვადით გადადო სსრკ-დან საქართველოს გასვლის ცნობა-აღიარება, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები კი გასულად გამოაცხადა.
ეროვნულ-დემოკრატები, მართალია თავს იმართლებდნენ, რომ ჩვენ კინოს სახლთან ორშაბათობების მიტინგი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი და2 სექტემბრის მიტინგიც ამ გეგმის მიხედვით ჩატარდაო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გაცხადდა მათი მოსკოვური ვოიაჟები შევარდნაძესთან, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ „ორშაბათობების“ ერთთვიანი ციკლის დაგეგმვა კალენდრით ხელში მოსკოვში მოხდა. ნოდარ ნათაძის თქმით: „პატრიოტმა და გამოკვეთილმა დისიდენტმა... მითხრა გაკვრით: „სექტემბერში ზვიადის წასვლის პროცესები დაიწყებაო“. ჩემი ვარაუდით იგი, სწორედ გია ჭანტურია უნდა ყოფილიყო.
გია ჭანტურია, 1991 წლის აგვისტოში, რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ თენგიზ გუდავასთან ინტერვიუში დაბეჯითებით აცხადებდა: „ზვიადის პრობლემას ჩვენ ძალიან მალე გადავწყვეტთ, დაგვრჩა მხოლოდ ბოლო დარტყმის მიყენება!“. 2 სექტემბრის ყბადაღებულ დარბევასთან დაკავშირებით საგულისხმოა, აგრეთვე მწერალ მერაბ ელიოზიშვილის გამოსვლა მწერალთა კავშირის 1991 წლის12 სექტემბრის ცნობილ სხდომაზე (ამ სხდომაზე რუსეთუმე ქართველი მწერლები: რეზო ამაშუკელი, კობა იმედაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, მურმან ლებანიძე, რეზო ჯაფარიძე, გურამ ფანჯიკიძე, იზა ორჯონიკიძე, გურამ გვერდწითელი, გურამ გეგეშიძე, ნაირა გელაშვილი, მანანა გიგინეიშვილი, ნოდარ გრიგალაშვილი, დავით მაღრაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ წივწივაძე, კობა იმედაშვილი, ჯუმბერ თითმერია, ერეკლე საღლიანი და სხვები კატეგორიული აღშფოთებით გმობდნენ 2 სექტემბრის დარბევას): „...ორი თვის წინ ტელევიზორის ძებნაში... ერთმა კაცმა მითხრა ვერ იშოვიო და ლაპარაკში დაამატა: 2 სექტემბერს არ გადასცდება, ზვიად გამსახურდიას ყოფნა-არყოფნის ამბავი დადგებაო. ახლა მაინტერესებს, საიდან იცოდა ვაჭარმა, რომ2 სექტემბერს უნდა მომხდარიყო ეს ინცინდენტი“. სახელმწიფო გადატრიალების 10 წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, 2002 წლის 6 იანვარს ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში „ჩაკეტილი წრე“, ედპ-ს ყოფილმა წევრმა იური ტალახაძემ, რომელიც ზვიადს დაპატიმრებულიც ჰყავდა, განაცხადა: მოსკოვიდან მორიგი ვიზიტიდან დაბრუნებულმა ირინა სარიშვილმა აგვისტოში გვითხრა, მოგვცეს მითითება, რომ განვაახლოთ და გავააქტიუროთ გამსახურდიას საწინააღმდეგო გამოსვლები და მე2 სექტემბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი საპროტესტო აქციები მოსკოვიდან იმართებოდაო.
„კგბ“-სა და „გრუ“-ს საიდუმლო აგენტის თემურ მასხულიას ე. შევარდნაძისადმი წერილის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 1996 წლის ივლისით: „1990 წლიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს ოპერატიული მუშაობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში... დამთავრებული კრიმინალურ სამაყაროში, რისი ერთი მაგალითია „მხედრიონი“... მახსენდება 1991 წლის 2 სექტემბრის ორგანიზება და უშუალო შემსრულებლები: გურამ მგელაძე, იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, თემურ ხაჩიშვილი და გრუ-ს გენერალი ივანენკოვი. მიტინგის ორგანიზება ხდებოდა „გრუ“-ს მეშვეობით, ბატონო ედუარდ!...“ (იხ. „მართალი გაზეთი“, №18(103), 30.05,2002. გვ.17). ნიშანდობლივია, რომ ბატონი თემურ მასხულია, იმავდროულად იყო ედპ-წევრიც. მისივე მტკიცებით, ჯაბა იოსელიანი იყო რუსეთის უშიშროების მე-3 სამმართველოს აგენტი, მეტსახელად „პრინცი”.
ასე ღრმად იყვნენ ალიანსში ქართველი ოპოზიციონერები კრემლის პოლიტიკურ ძალებთან, მეტროპოლიასთან. გადავხედოთ ჯაბა იოსელიანის კრიმინალურ ბიოგრაფიასაც: ჯ. იოსელიანმა, ლენინგრადში, ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 17 წელი ციხეში გაატარა. 1965 წელს სასჯელმოხდილმა, მცირე ხანში, ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის. 1991 წლის თებერვალში მისი ორგანიზაცია პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო თავად იოსელიანი მხედრიონის წევრებთან ერთად დააპატიმრეს. დეკემბერში იოსელიანი ციხიდან გააპარეს და იგი საქართველოს ეროვნული გვარდიის განდგომილ წევრებს შეუერთდა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მიზნით. 1995 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში შევარდნაძეზე მომხდარი ტერაქტის გამო ჯაბა იოსელიანიც დააპატიმრეს. ამ ტერაქტზე, ჯაბამდე, „მხედრიონის“ ერთერთი ლიდერი გიგა გელაშვილი, უშიშროების მინისტრის მოადგილე თემურ ხაჩიშვილი, გოჩა თედიაშვილი და გოჩა გელაშვილი დააპატიმრეს. იგორ გიორგაძემ კი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოახერხა გაქცევა რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით. 1996 წელს ჯ. იოსელიანმა, ციხიდან მოითხოვა მოეხსნათ მისთვის ტერორიზმის ბრალდება რამეთუ იგი, მხოლოდ, ნარკოტიკების და იარაღის დიდი ოდენობით შენახვის ფაქტს აღიარებდა. 29 აგვისტოს ტერაქტის გარდა, ჯაბა იოსელიანი და მისი „მხედრიონელები“ (გიგა გელაშვილი, თემურ ხაჩიშვილი, გოჩა თედიაშვილი (ქილერი), გოჩა გელაშვილი, დავით სანიკიძე), აგრეთვე დადანაშაულებულები იყვნენ გია გულუას, გია ჭანტურიასა და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობებშიც. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გულითადმა მცდელობამ – „არც ერთი ქართველი კრემლის სატანას!“ და შეიარაღებული ოპოზიციონერებისათვის „ტყვიის ნაცვლად, ყვავილების სროლამ“ ნაყოფი ვერ გამოიღო. უშიშროების გენერალ-მაიორის ანზორ მაისურაძის თქმით ცნობილი ინტელიგენცია, ოპოზიცია და თვით უზენაესი საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობაც კი, მათი თანამშრომლები იყვნენ. ამიტომაც მივიღეთ განხეთქილება უზენაეს საბჭოში, რასაც გარეოპოზიციის დარაზმვა მოჰყვა; ტყვიები კი, შევარდნაძემ და მისმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ დაახალა გია გულუასა და გია ჭანტურიასაც. ჭანტურია, 1994 წლის 3 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, მანქანაში ჩაცხრილა. ჭანტურიას მკვლელობისთვის მოსკოვში, 1996 წელს დააკავეს, აგრეთვე კრიმინალური ავტორიტეტი და „კულინარების“ საძმოს გავლენიანი მფარველი თემო ქურდიანი. გია ჭანტურიას მკვლელობისთვის დაპატიმრებული მხედრიონელები, 2002 წელს, ედუარდ შევარდნაძემ შეწყალების აქტით გაათავისუფლა. ცნობილია, რომ, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, გია ჭანტურია, შევარდნაძისაგან მოითხოვდა დაეშალა და გაეუქმებინა შეიარაღებული ორგანიზაცია „მხედრიონი“. თუმცა, ირინა სარიშვილი, 25 წლის შემდგომაც, გია ჭანტურიას მკვლელობის შემკვეთად შოთა კვირაიასა და თემურ ხაჩიშვილს ასახელებს, ხოლო ე. შევარდნაძესა და იგორ გიორგაძეს დიდსულოვნად ინდობს. ე. შევარდნაძის მიმართ მან მხოლოდ მსუბუქი შენიშნვა გამოთქვა, გია ჭანტურიას მკვლელობის უმალ, იგორ გიორგაძის გენერლის წოდებით დაჯილდოვების გამო.
ახალდანიშნულმა უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ (1993 წლის ოქტომბერი), კაბინეტში შესვლისთანავე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო დროშა კედლიდან ჩამოგლიჯა, ფეხქვეშ გაიგდო და დაფხრიწა. ხოლო, როდესაც ყვარლის ტყეში „ზვიადისტებს“ (ვიქტორ დომუხოვსკი და სხვ.) სპეცრაზმით დასდევდა, გველს გადააწყდა, თავით დაიჭირა, ბათინკებით გაჭყლიტა და თან მძულვარე სისინით მიაყოლა: „ზვიადის თავი მოვჭერიო“ (არსებობდა ამ ფაქტის ვიდეო-კარდი სახელმწიფო ტელევიზიაში). იგორ გიორგაძე ზვიადს ადანაშაულებდა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროდან ოსი ეროვნების კადრების დათხოვნაში და ქართველებით ჩანაცვლებაში. არადა, სახელმწიფო უასაფრთხოებისათვის ამგვარი პრევენციული „წმენდა“ აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენდა ოსების გამოააშკარავებული სეპარატიზმისა და აგრესიის ფონზე. მოგვიანებით იგორ გიორგაძე აღიარებს, რომ საქართველოს შსს და სუს-იდან გათავისუფლებული ოსი ეროვნების კადრები მან დაასაქმა მოსკოვის, ჩრდილო ოსეთის, ყაზახეთისა და სხვადასხვა რესპუბლიკების ძალოვან სტრუქტურებში, ხოლო ზვიადის ეროვნული ხელისუფლების მისამართით კი დაიფიცა, რომ რუსეთის მიერ გამოზრდილი, სპეციალისტ-კადრების, ასე უბრალოდ გაყრას, ზვიადს არ აპატიებდა. 1995 წლის 29 აგვისტოს, „იმელის“ შენობის ეზოში შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის შემდეგ, საქართველოდან გაპარული და მალვაში მყოფი იგორ გიორგაძე, რამდენიმე წლის შემდგომ შეეცადა დაბრუნებულიყო საქართველოს ხელისუფლებაში; თავისი სატელიტი პარტიების „კომუნისტები“ და „სამართლიანობის პარტიის“ მეშვეობით (თავმჯდომარეები: პანტელეიმონ გიოგრაძე, ირინა სარიშვილი). იგორ გიორგაძემ მოსკოვიდან დაიწყო მანიპულირება ზვიადის მკვლელობის თემით; იგი მოსკოვის სამალავიდან იძლეოდა ვრცელ ინტერვიუებს გაზეთებსა და ტელევიზიებში, შევარდნაძის მხილებისა და ზვიადის მკვლელის დასახელების პირობით, თუკი იგი დაბრუნდებოდა საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი დისიდენტები: ირინა სარიშვილი, მამუკა გიორგაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ვანო ხუხუნაიშვილი, გიორგი კობახიძე, ირაკლი წერეთელი, თამარ ჩხეიძე, ლუიზა შაკიაშვილი, თეიმურაზ სუმბათაშვილი, ირაკლი შენგელაია, ნოდარ ნათაძე, ავთანდილ იმნაძე, ვახტანგ ძაბირაძე, რეზო შავიშვილი, ვაჟა ადამია და სხვები, ე. შევარდნაძემ, 1992 წლის 11 ოქტომბრის ე.წ. „იმედის“ არჩევნებით პარლამენტში შეიყვანა, რითაც დააკმაყოფილა მათი პოლიტიკური ამბიციები. თუმცა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის პატიმრობაგამოვლილ ამ დისიდენტთა უმრავლესობას, შევარდნაძისაგან, წინ დიდი გაწბილება და სულში ჩაფურთხება ელოდა; 1992 წლის 24 ივნისის დაგომისის, 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ე.წ. სამშვიდობო და 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულებების დადებითა (ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გასხვისება) და საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს СНГ-ში შესვლით, რუსეთის სატრაპმა შევარდნაძემ უმოწყალოდ გადაუსვა ხაზი მათ დისიდენტურ ბრძოლას. შევარდნაძის სივერაგისადმი ყოფილი დისიდენტების რეაქცია პარლამენტში უმძაფრესი იყო; ირაკლი წერეთელმა სტვენა და გინება დაიწყო, გამწარებულმა ლუიზა შაკიაშვილმა – «Широка страна моя родная“ იმღერა. ნოდარ ნათაძემ, პირიდან და თვალებიდან ცეცხლის ყრით, შევარდნაძეს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ სიგუას სულ მოღალატე და საქართველოს მტრები ეძახა. ხალხი მოელოდა, რომ ისინი, პროტესტის ნიშნად, დახევდნენ ან დაყრიდნენ მანდატებს, მაგრამ, საბოლოოდ, ისინი ვერ შეელიენ კოოპტაციით მოპოვებულ პარლამენტარობას (პრივილეგიებს).
მომავალმა თაობებმა აუცილებელად უნდა იცოდნენ, თუ ვინ დააბრუნა ისტორიის ჩარხი და ვინ იყვნენ საქართველოს СНГ-ში შეყვანის ინიციატორები; ამ მიზნით ვაქვეყნებთ პარლამენტის სპიკერის მოადგილის რუსუდან ბერიძის მიერ წაკითხულ ხმის მიმცემთა სტენოგრამას; რუსუდან ბერიძე: „ვკითხულობ დსთ-ში შესვლის მომხრეთა სიას: აბალაკი გივი, აბაშიძე ასლან, აბესაძე ინგუშა, აბულაძე თენგიზ, ადამია ჯემალ, ადამია რევაზ, ალექსანიანი ფერდინანდ, ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭაბუა), ანდრიაძე ირაკლი, არველაძე ტახირ, ახმეტელი გიორგი, აჯიაშვილი სიმონ (ჯემალ), ბალაშვილი ვლადიმერ, ბარამიძე გიორგი, ბარამიძე მალხაზ, ბაშალეიშვილი დავით, ბახტაძე დემურ, ბერიანიძე შალვა, ბერიძე ალექსანდრე, ბერიძე ჯემალ, ბრეგაძე აკაკი, ბუაჩიძე თენგიზ, გაზდელიანი თენგიზ, გამყრელიძე თამაზ, გაჩეჩილაძე გიორგი, გელაძე ავთანდილ, გელაძე ვაჟა, გეწაძე გურამ, გვერდწითელი მიხეილ, გიგინეიშვილი მანანა, გოგუაძე ვახტანგ, გოდერძიშვილი გელა, გორგოძე ჯემალ, გულუა ბაკურ, დოლიძე როსტომ, დოლმაზაშვილი ავთანდილ, ელოშვილი ომარ, ენუქიძე ზაზა, ვარდოსანიძე ლევან, ველიჯანაშვილი გოდერძი, ზუხბაია ოთარ, თავართქილაძე ანზორ, თირქია ლედი, თუმანიშვილი გრიგოლ, იაკობიძე ვაჟა, იორამაშვილი გივი, იოსელიანი ჯაბა, კალანდაძე თენგიზ, კალაძე რობიზონ, კალანდია გენო, კეკელია შალვა, კვარაცხელია ვალერი, კიკნაძე გიორგი, კირთაძე ნესტან, კიტოვანი თენგიზ, კობაიძე ალექსი, კობერიძე ნუგზარ, კოპალეიშვილი თეიმურაზ, კოხია ოთარ, კოხრეიძე ნოდარ, კურტანიძე ჯუმბერ, ლეკიშვილი ნიკოლოზ, ლითანიშვილი ოთარ, ლიპარტელიანი როინ, ლობჟანიძე გივი, ლომინაძე გივი, ლომსაძე ბორის, ლორთქიფანიძე გრიგოლ (გიგა), ლორთქიფანიძე ვიქტორ, ლორთქიფანიძე როზა, მამალაძე ლევან, მამრაძე პეტრე, მამულია გურამ, მანძულაშვილი მიხეილ, მარშანია ადა, მახალდიანი სოსო, მგელიაშვილი თეიმურაზ, მეგუთნიშვილი სოსო, მიმინოშვილი რომან, მუჩაიძე გურამ, მჭედლიძე მიხეილ, ნადარეიშვილი თამაზ, ნათელაშვილი შალვა, ნაკაშიძე ბადრი, ნოღაიდელი ზურაბ, ოთარაშვილი ვაჟა, ორჯონიკიძე იზა, პატიაშვილი ჯუმბერ, ჟვანია ზურაბ, ჟორჟოლიანი გია, რივკინი მარკი, რჩეულიშვილი ვახტანგ, რუხაძე სერგო, სნხჩიანი ჟორა, უსტიაშვილი გურამ, ფენდერავა არნოლდ, ქარცივაძე ნოდარ, ქაშაკაშვილი ამირან, ქაჯაია მერაბ, ქველაძე ზურაბ, ქვლივიძე გელა, ღარიბაშვილი ქართლოს, ღოღობერიძე ლანა, ყოლბაია ვახტანგ, შაიშმელაშვილი გიორგი, შენგელაია ელდარ, ჩარკვიანი ჯანსუღ, ჩარქსელიანი ანზორ, ჩიტლოვი დიმიტრი, ჩხენკელი მიხეილ, ცივაძე დავით, ცინცაძე თამაზ, ციციშვილი ჯიმშერ, ციხელაშვილი ტარიელ, ციხისთავი გია, წერეთელი ზურაბ, წითლანაძე გიორგი, წიკლაური მევლუდ, წოწონავა ანზორ, ჭეიშვილი რევაზ, ჭელიძე ივერი, ხარატიშვილი იოსებ, ხაჭაპურიძე ვაჟა, ხვედელიძე გივი, ხიზანიშვილი რამაზ, ხუციშვილი ომარ, ჯაფარიძე რევაზ, ჯეირანაშვილი ნიაზ, ჯიბლაძე ალექსანდრე პოეტი და პარლამენტარი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს: „დსთ-ში შესვლას კენჭი რომ ვუყარეთ, მეორე დღეს პარლამენტის ფოიეში ჩემს მეგობარ ელდარ შენგელაიას ვიღაც ელაპარაკებოდა. ელდარს გადავეხვიე, მივესალმე. მეორე კაცი არ მომესალმა და ხელგაწვდილი დამტოვა. მე ვუთხარი, რა არის, ლენინივით ხელგაწვდილი რომ დამტოვე-მეთქი და მე იმ კაცს ხელს არ ჩამოვართმევ, ვინც შევარდნაძის დაძახილზე დსთ-ში შესვლაზე ხელი მოაწერაო. მე შაირი მეხერხება და იმ კაცს ლექსად მივუგე: „ასე გვითხრა შევარდნაძემ, ტრიბუნაზე შემდგარმა: „შეხვალთ? დედა „მოგეკ(აქ ორი უხამსი ასო-ნიშნის ნაცვლად კ ჩავსვით)ვლებათ, თუ არ შეხვალთ, დედ-მამა“ (ჯანსუღის ამ უხამსური „ექსპრომტის“ ვიდეოც არსებობს – ლ. ც.). რასაკვირველია, ეს ლექსი ედუარდ შევარდნაძემდე მივიდა. მოგვიანებით ერთმანეთს შევხვდით და შევარდნაძემ მითხრა: ბიჭო, რა ტიპი ხარ, მამა შემეცოდა, მამაო“.
ამ წითელი ინტელიგენციის შვილები, ცდილობენ რა პატრიოტად წარმოაჩინონ თავიანთი მშობლები, დღეს უკვე ამბობენ-წერენ, რომ მათ მშობლებს ხელი არ მოუწერიათ СНГ-ში შესვლაზე (მაგალითად, თაკო ჩარკვიანი).
СНГ-ში შესვლის საპარლამენტო გადაწყვეტილება გახდა მიზეზი გია ჭანტურიას მიერ ხონის დატოვებისა და ამით ზვიადისტების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლების გაგრძელებაზე უარის თქმის. „იმისთვის ვიბრძოდი, რომ ისევ იმპერიაში შევყო თავი?!“ აღშფოთებით ეუბნება იგი ჯაბას და პროტესტის ნიშნად ბრუნდება თბილისში. „საგანგებო კომიტეტიდან“ პროტესტის ნიშნად გამოდის, აგრეთვე ირაკლი ბათიაშვილიც. ბათიაშვილი, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარეობიდანაც გადადგა. გია ჭანტურიას მოთხოვნით, ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, აგრეთვე ირინა სარიშვილიც.
შევარდნაძის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური კურსის გამო, 1992 წლის 11 ოქტომბრის ხუნტის პარლამენტში, პარლამენტარობაზე უარი პროტესტით მაინც თქვეს: თემურ მდინარაძემ, თორნიკე ფიფიამ, მალხაზ კვანჭილაშვილმა. თემურ მდინარაძის პროტესტი ეხებოდა მიწის კანონსა და სხვა ანტისახელმწოფოებრივ საკანონმდებლო აქტებს. თორნიკე ფიფიამ გაილაშქრა ჯაბა იოსელიანის „მხედრიონის“ ეგზეკუციებისა და კრიმინალური თარეშის წინააღმდეგ სამეგრელოში. ბატონი კვანჭილაშვილის პროტესტის მიზეზი გახდა სოჭის ხელშეკრულება, რომელიც განიხილებოდა 1993 წლის 24 ივლისის პარლამენტის სხდომაზე (მიღებულ იქნა 27 ივლისს).
ზემოხსენებულ კონდოტიერებთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ბუმბერაზი პოეტისა და მამულიშვილის აკაკი წერეთლის მწარე ამოძახილი: „სწორედ გამოცანაა ქართველების ცხოვრება! ვუკვირდები ჩვენი ქვეყნის თავგადასავალს და მიკვირს... ჩვენი ისტორია ვერ წარმოგვიდგენს მისთანა შემთხვევას, რომ ქართველები დამარცხებულიყვნენ და მიზეზი ღალატი არ ყოფილიყოს! ვინ იყვნენ ეს მოღალატეები? ქართველისავე შვილები და მერე რა შვილები?! რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღოდათ ქვეყნის წინაშე და ადრე სამშობლოსათვის თავდადებულნი ყოფილან“.
1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებით დეპუტატობაზე პირადად თავი შეიკავა ედპ-ს ლიდერმა გია ჭანტურიამ და იქ მხოლოდ თავისი ემისრების საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა შეგზავნა, ხოლო თავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერიოზულ მზადებას შეუდგა; ჭანტურიამ დაიწყო აქტიური ვიზიტები საზღვარგარეთ, შეეცადა ურთიერთობების დამყარებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აწყობდა ინტენსიურ შეხვედრებს უცხოელ დიპლომატებთან და ა.შ. ამგვარი აქტივობით დასავლეთისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებში იგი იკვეთებოდა, როგორც მზარდი და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა პოლიტიკური ფიგურა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია შევარდნაძეს; ჭანტურია, მის თვალწინ, დასავლეთზე ორიენტირებულ პროგრესულ პოლიტიკოსად ყალიბდებოდა. გია ჭანტურიას მოცილება, რუსეთისა და მისი ემისრის ე. შევარდნაძისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა; და აი, 1994 წლის 3 დეკემბერს, შეიარაღებული სპეცნაზი, საკუთარ სახლთან მანქანაში ცხრილავს ჭანტურიას. შევარდნაძე, ამგვარი წარმატებული ოპერაციისათვის, მალე გენერლის წოდებით აჯილდოვებს საკუთარ უშიშროების მინისტრს იგორ გიორგაძეს, რომლის კისერზეა, აგრეთვე გია გულუასა და შევარდნაძის ფონდის თავმჯდომარის სოლიკო ხაბეიშვილის სისხლიც, რომლებიც, გიორგაძემ, შევარდნაძისავე დაკვეთით მოკლა. 1992 წლის 23 ივნისს გორის რუსეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმაც, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის მეთაურობით, შევარდნაძის ვერაგული ჩანაფიქრი იყო; შევარდნაძეს აღარ სჭირდებოდა ქუთათელაძე და ამ სასაკლაოზე წარგზავნით მოიცილა იგი. საქართველოს უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის სისხლიანი ხელები იკვეთება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნაში, შეპყრობასა და მკვლელობის ორგანიზებაშიც კრემლის პოლიტელიტის დაკვეთით.
ჯალათი და ტერორისტი იგორ გიორგაძე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შევარდნაძეზე წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ (1995 წლის 29 აგვისტო), სექტემბერში, მოსკოვში გაიქცა.
ნანახია: (2699)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას