logo.png

ლელა ცომაია

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა

(ნაწილი მეორე)

 ვაჟა ადამია, ერთი ტანკითა და შეიარაღებული რაზმელებით გამაგრდა მერაბ კოსტავას ეზოში, რომელიც, აგრეთვე მის საცხოვრებელ ეზოსაც წარმოადგენდა. ეს რენეგატი, სამწუხაროდ, ძალიან მალე სასტიკად დასაჯა ღმერთმა; მას, იმავე ეზოში, ერთადერთი ვაჟი იმ ჭურვზე აუფეთქდა, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლების დროს შემორჩა. მოგვიანებით კი (2005 წლის 3 ნოემბერს), თავად ვაჟა ადამია, თელასის ორი თანამშრომლის პისტოლეტით დაჭრის გამო დააპატიმრეს და საპატიმროში მან სრული 4 წელი მოიხადა. მოგვიანებით ამ სტომატოლოგს კვლავ მოუწია ციხის კედლების ხეხვა სხვა კრიმინალური დანაშაულისათვის... ორჯერ კრიმინალურ პატიმრობამოხდილმა, სახელმწიფო დამნაშავე ვაჟა ადამიამ, 2016 წლის 29 ივლისს, ერთი ცნობილი მწერლის წიგნის „პრეზენტაციაზე“, მწერალთა კავშირში დაბეჯითებით განაცხადა: „ეროვნული მოძრაობის ლიდერებში გადაწყვეტილი იყო, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების სათავეში გია ჭანტურია უნდა ყოფილიყო და ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილ-მოწონებული იყო ზევით და საზღვარგარეთის პოლიტიკურ ლიდერებშიც“-ო. ვ. ადამიას ეს განცხადებაც ნათლად ადასტურებს, რომ მათი შეიარაღებული დაპირისპირება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, პიროვნული იყო და იმართებოდა რუსეთის იმპერიის „კგბ“ და „გრუ“-სგან. მწერალთა კავშირში იმ წიგნის განხილვას მეც ვესწრებოდი და როდესაც განხილვა დამთავრდა, ვ. ადამია დარბაზში შევაჩერე და ვუთხარი: „საქართველო რომ სახელმწფოდ შემდგარიყო, შენ კრიმინალზე კი არ უნდა მოგეხადა სასჯელი, არამედ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის“-მეთქი! (თურქეთმა და ლიტვამ, 2000 წლებში გაასამართლეს 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირები და სამხედრო მაღალჩინოსნები). ვაჟა ადამია, რომელიც ვერაზე, მერაბ კოსტავას სახლის მიმდებარე ეზოში დაიბადა და გაიზარდა, მერაბის პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ, მერაბისა და ზვიადის თანამებრძოლი გახდა და მერაბის გარდაცვალებისთანავე, ზვიადთან უშუალო კონსულტაციით დააარსა „მერაბ კოსტავას საზოგადოება და ფონდი“, რითაც დღემდე არსებობს. „მერაბ კოსტავას საზოგადოებით“ კი, ზვიად გამსახურდიამ იგი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს ბლოკში“ შეიყვანა და უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახადა. ამ ფონდში შექმნილი არასახარბიელო (ფლანგვითი) ვითარების გამო, ზვიადს ხშირად უწევდა ვაჟა ადამიას ნაცვლად პასუხისგება, მაგრამ მაინც არ მოიკვეთა იგი. ადამიამ კი ყველა სიკეთე, მხოლოდ მტრობითა და ბოროტებით გადაუხადა. ყველაზე ცინიკური და ულმობელი ქმედება ვაჟა ადამიას მხრიდან კი გახლდათ „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ სახელით შეიარაღებული და გააფთრებული ბრძოლის წამოწყება ზვიად გამსახურდიას, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ იმპერიული რუსეთის სასარგებლოდ! ე.წ. „პატრიოტი და მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვაჟა ადამია, 1992 წლის 22 მარტს ლანჩხუთის რაიონის საზოგადოების ერთ ნაწილთან შეხვედრისას ასეთ განცხადებას აკეთებს: „ყველა ვალდებულია დადებითად შეაფასოს ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მისი პოლიტიკური ნიჭი და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი, სწორედ რომ ჰაერივით სჭირდება ეკონომიკურად დანგრეულ და პოლიტიკურად გათიშულ საქართველოს“. ხოლო, თუ როგორ „ააყვავა“ ეკონომიურად, როგორ აღმოფხვრა პოლიტიკური გათიშულობა ერში და როგორ „გააერთიანა“ საქართველო, ეს კრიტიკული კითხვა, შევარდნაძის მადიდებელ ვაჟა ადამიასთვის რომ დაგესვათ, უტიფრად გიპასუხებდათ, რომ სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო ზვიადის დამხობა და შევარდნაძის ჩამოყვანაო.

„მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები იძულებული გახდნენ ადექვატური ღონისძიებებისათვის მიემართათ, – გარედან მართული რევანშისტებისაგან კონსტიტუციური ხელისუფლების დასაცავად, მთავრობის სახლის წინ კარვები მათაც გაშალეს. პრეზიდენტს არ სურდა მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორია შეიარაღებული გვარდიელებით გაემაგრებინა, ვინძლო სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება არ მომხდარიყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაბანაკებული „მხედრიონელები“ სისტემატურად იჭრებოდნენ უნივერსიტეტის შენობაში და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. „მხედრიონელებთან“ ერთად, ამ მხრივ, აქტიურობდნენ ირაკლი წერეთლის ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტიის წევრებიც. მაგალითად, მისმა ერთ-ერთმა წევრმა კობა ხაბაზმა (შემდგომში მ. სააკაშვილის კანცელარიის მოხელემ და პარლამენტარმა) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უნივერსიტეტის მასწავლებელს ქ-ნ კარბელაშვილს. მოგვიანებით, ამ ხაბაზმა უფრო სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, – მეტრო „რუსთაველთან“ მოახლოებულ კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მანიფესტანტებს, მერაბ კოსტავას ეზოს გალავნიდან, აგინა და ფალოსი უჩვენა. ეს იყო ვოლუნტარიზმის თარეში. ამ თავზე ხელაღებულ ვოლუნტარისტებს კი ზურგს უმაგრებდნენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მყოფი კომუნისტი ლიდერები, ყოფილი ფუნქციონერები.

ზემოხსენებული რევანშისტული ოპოზიციის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომ ხელისუფლებაში მოვიდა. უნივერსიტეტის პრორექტორი იდეოლოგიის დარგში ვახტანგ გოგუაძე ხუნტის პარლამენტის სპიკერი გახდა. გოგუაძემ, რომელიც გახლდათ იდეოლოგი საქართველოს ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა, სპიკერად გახდომისთანავე ოფიციალური მადლობა გადაუხადა ხუნტის მთავარ შეიარაღებულ ძალებს: ხოლო, 1993 წლის 27 ივლისს, სოჭის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით (აფხაზეთის მხრიდან – სოკრატ ჯინჯოლია) რუსეთს ოფიციალურად ჩააბარა აფხაზეთი და საქართველოს СНГ-ში „შეთრევის“ (ნოდარ ნათაძე) ხელშეკრულებაზეც მოსკოვში მანვე მოაწერა ხელი. შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი-გოგუაძე-რჩეულიშვილისა და ერთი მუჭა რუსეთუმე წითელი ინტელიგენციის გადაწყვეტილება სნგ-ში შესვლაზე, სულაც არ გამოხატავდა სრულიად საქართველოს მოსახლეობის ნებას. და არც თვით მაშინდელი პარლამენტარების უმრავლესობისას, არამედ ძალად თავსმოხვეული გადაწყვეტილება გახლდათ. როგორც ზემოთ ვთქვით, ოპოზიცია მანამდე იყო დაპირისპირებული ზვიად გამსახურდიასთან, ვიდრე იგი ქვეყნის პირველი მმართველი გახდებოდა და შემდგომი მითი პრეზიდენტ გამსახურდიას დიქტატორობის შესახებ, მათ მიერვე იყო შეთხზული. ოპოზიცია არ იყო გულწრფელი, ოპოზიციამ, უბრალოდ ზვიადის პრიმატი – პრეზიდენტობა ვერ აიტანა. „ოღონდ ზვიადი ნუ იქნება და ვინც უნდა იყოს!“ ასეთ უპასუხისმგებლო და იმპერატიულ განცხადებებს გაიგონებდით მათგან. ყველა ბრალდება ზვიადის წინააღმდეგ ნასაზრდოები იყო პირადი მტრობითა და შურით და რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობდა. ოპოზიციის, არცერთი წარმომადგენელი, არ გახლდათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოკლებულ იყვნენ სათნოებას, რომ თუნდაც ერთი წელი ეცლიათ ეროვნული ხელისუფლებისათვის, რათა მათ მშვიდ ვითარებაში განეხორციელებინათ რეფორმები და სახელმწიფო მოწყობა. არამედ ისინი, პრეზიდენტს, არაპროფესიონალ კადრებზე უკიჟინებდნენ, მაშინ, როცა თავადაც კარგად უწყოდნენ, რომ 70-წლიანმა საბჭოთა კომუნისტურმა მმართველობამ, ყველაზე მძიმე დაღი სწორედ კადრებს დაასვა. თვით პრეზიდენტიც, ამ მძიმე მემკვიდრეობას, მისი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად“ განიხილავდა. 1991 წლის 15 ნოემბრის სატელევიზიო გამოსვლაში იგი აღნიშნავდა, რომ სამოცდაათწლიანი კომუნისტური მმართველობის პერიოდში „მოხდა ჩვენი კადრების გახრწნა და გადაგვარება. აი, ასეთ დროს რატომ გიკვირთ, ვერ ვპოულობდე შესაფერის კადრებს თანამდებობებზე?... მოგვაწოდეთ თქვენი კანდიდატურები, მოგვეხმარეთ კადრების შერჩევაში... კადრების უმართებულო შერჩევამ მოიტანა ძალზე სავალალო შედეგები... ვინაიდან ვართ ომის მდგომარეობაში დღიდან ჩვენი არჩევისა...“. ნამდვილად, „კადრების უმართებულო შერჩევად“ უნდა შეფასდეს, პრეზიდენტის მხრიდან, თენგიზ კიტოვანის, გოგი ხოშტარიას, მურმან ომანიძის, ვახტანგ (ლოთი) ქობალიას მსგავს ოდიოზურ პირთა დანიშვნა მაღალ სახელისუფლებო პოსტებზე. აგრეთვე, საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის პროკურორის, ვახტანგ რაზმაძის დატოვება თანამდებობაზე. ვ. რაზმაძის მიმართ ამგვარი შემწყნარებლობა ზვიად გამსახურდიას მხრიდან, უთუოდ, პიროვნული მადლიერების გამოხატულება გახლდათ. კერძოდ, საკავშირო ცკ-ს ჰქონდა მცდელობა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ჯერ კიდევ 1975 წელს დაეპატიმრებინათ, რისთვისაც, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ რუსეთის „კგბ“-ს წარმომადგენლები დავალებით, რომ ჩაეტარებინათ ჩხრეკა „კოლხურ კოშკში“ არალეგალური ლიტერატურის აღმოსაჩენად. ამისთვის მათ სჭირდებოდათ პროკურორის სანქცია, რაც ვახტანგ რაზმაძეს უნდა გაეცა. მოსკოვიდან მოვლენილმა კგბ-ს წარმომადგენლებმა, ვ. რაზმაძეს კაბინეტში შესაბამისი ბრძანება წარუდგინეს, მაგრამ ვინაიდან იმ ხანებში, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია უკვე დაუძლურებული გახლდათ, რაზმაძემ, თავის მხრიდან უარი განუცხადა მათ საჭირო სანქციის გაცემაზე და ურჩია, რომ ამისთვის ქალაქის პროკურორისთვის მიემართათ. თუმცა, სანამ სტუმრები ქალაქის პროკურორთან მივიდოდნენ, რაზმაძემ ტელეფონით გააფრთხილა პროკურორი, რომ არ გაეცა სანქცია მათთვის. რუსეთის სპეც-ჯგუფის „კოლხურ კოშკში“ ჩხრეკისთვის შეჭრას, შესაძლოა, მართლაც დაეჩქარებინა კლასიკოსი მწერლის სიკვდილი, რაც დიდ ხმაურს გამოიწვევდა. მოსკოვიდან მოვლენილი ჩეკისტები, ვახტანგ რაზმაძის მოხერხებით, გაწბილებული დაბრუნდნენ უკან. ეს, რაც შეეხება მორალურ ფაქტორს; პოლიტიკური ასპექტით კი, იმდროინდელი საბჭოური კანონმდებლობით, მოკავშირე რესპუბლიკებში პროკურორები მოსკოვიდან ინიშნებოდნენ (ასე იყო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც) და ზვიადს, მაშინვე რომც დაენიშნა საკუთარი კადრი, რაზმაძეს შეეძლო არ გადამდგარიყო და რუსეთის დირექტივები განეხორციელებინა, რასაც აკეთებდა კიდეც! რაზმაძის პროკურორის თანამდებობაზე დროებით დატოვება, ძირითადად, ამ ხისტი ვითარებით (შეიძლება ითქვას ორხელისუფლებიანობით) იყო განპირობებული. არასათანადო კადრების ყოლის მიუხედავად, ეროვნულმა ხელისუფლებამ მაინც შეძლო შეემუშავებინა ეკონომიკური რეფორმების, პრივატიზაციისა და კერძო საკუთრების კომპლექსური პროგრამა, რომლის გახორციელებას პოლიტიკური სტაბილიზაცია და დრო ესაჭიროებოდა, რაც აგენტურული ოპოზიციის მტრული საქმიანობით ვერ იქნა მიღწეული. აგენტურული ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას ხელმძღვანელობით პრეზიდენტისაგან კატეგორიულად მოითხოვდა მიწის კერძო საკუთრებაში დაუყოვნებლივ გადაცემას, რაზეც პრეზიდენტი პასუხობდა: „ის, ვინც დღეს ქადაგებს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას მოქალაქეობის კანონის გარეშე, საქართველოს მტერია, ნამდვილი მოღალატეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ჯერ უნდა გვქონდეს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ამჟამად მუშავდება“. საწარმოებისა და დაწესებულებების პრივატიზაციამდე კი, პრეზიდენტი ასევე აუცილებლად მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული სიმდიდრეების სრულ ინვენტარიზაციასა და ქონების შეფასებას. მანამდე კი, ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონოდა საკუთარი მყარი ეროვნული ვალუტა, რისთვისაც ასევე იზრუნა პრეზიდენტმა; საფრანგეთში დაბეჭდილი ლარისა და თეთრის საქართველოში ტრანსპორტირებას ხელს მხოლოდ არსებული დესტაბილიზაცია უშლიდა. უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა დადგენილება სახელმწიფოს საწარმოთა პრივატიზების შესახებ და ამ კანონის ამოქმედებასაც, 5 ოქტომბერს დაწყებულმა დესტაბილიზაციამ შეუშალა ხელი.

დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფსევდო ეროვნულ-დემოკრატი გია ჭანტურია, საპატიმროდან ასეთ განცხადებებს აკეთებდა: ზვიად გამსახურდიას „არსებობის სულ რამდენიმე კვირა თუ დარჩენია“ და თავის პარტიელებს ემუქრებოდა: „ვინც დღეს საქართველოში ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილიზაციას, ის ჩვენი პარტიის გარეთ დაიყენებს თავს!“ გია ჭანტურიას პარტიული პროგრამის დევიზში დეკლარირებული დევიზი „საქართველო ქართველებისთვის“, ზვიად გამსახურდიას მიაწერეს, რითაც აქტიურად მანიპულირებდა მისდამი მტრულად განწყობილი ოპოზიცია და ნაციონალური უმცირესობების მტრად და დიქტატორად მოიხსენიებდნენ მას. 2015 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ხელი მოაწერა რა ბრძანებულებებს „რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე,“ – განაცხადა, რომ „1991 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ მოწოდებით – „საქართველო – ქართველებისთვის“, უბრძანა სოხუმსა და ცხინვალზე შეტევა“. ასე პროპაგანდისტულად და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ იმუშავა გია ჭანტურიას დევიზმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, ხოლო დევიზის რეალური ავტორი ჭანტურია კი ქვაბავაზაკურად იღიმოდა.

ქვეყანაში მიმდინარე დესტაბილიზაცია, თავისი სახიფათო ესკალაციით, სიმშვიდის საფუძველს არ ქმნიდა, რაც შფოთში აგდებდა სრულიად საქართველოს მოსახლეობას. მათმა დიდმა ნაწილმა თბილისში მოიყარა თავი. ისინი ოპოზიციას ხელისუფლებასთან შერიგებისაკენ მოუწოდებდნენ. ზვიად გამსახურდია გამოთქვამდა მზადყოფნას და სურვილს ოპოზიციასთან დიალოგისა, მაგრამ ოპოზიციას არ სურდა დიალოგი, არამედ მხოლოდ გადადგომა. შერიგების მოთხოვნით მსხვერპლშეწირვის ულმობელი აქტი განახორციელა ახალგაზრდა ექიმმა (კარდიოლოგმა) გია აბესაძემ – მან რუსთაველზე (ედპ-ს შტაბ-ბინასთან) ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. «თუ ქართველთა შერიგებას და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას – ბოლო. შვილო, მაპატიე, ვიცი, რომ გამიგებ». ეწერა ექიმ აბესაძის მიერ დანატოვარ ბარათში. აბესაძის გამაოგნებელი მსხვერპლშეწირვისა და დიდუბის თელასზე შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა გამო საქართველოს მთავრობამ გლოვის დღე გამოაცხადა.

თელასზე შეიარაღებული თავდასხმის სატელევიზიო საინფორმაციო კადრებში, უზენაესი საბჭოს დეპუტატი გელა ჩორგოლაშვილი წარმოჩინდა. ჩორგოლაშვილმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო თავისი მონაწილეობა და კავშირი ამფეთქებლებთან და აფეთქების, მხოლოდ შემთხვევით თვითმხილველად დაასახელა თავი. კრემლიდან მართული ქართველი ოპოზიციონერები კი, შერიგებას, არაფრის ფასად არ აპირებდნენ, არამედ მხოლოდ ნგრევას და ომს! პირველი მკვახე ბრალდება, რაც რენეგატმა ოპოზიციონერებმა ზვიად გამსახურდიას წაუყენეს, ეს გახლდათ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედებაში დატოვება და 1921 წლის კონსტიტუციის აღუდგენლობა. ეროვნული ხელისუფლების მიერ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედებაში დატოვება დროებითი იყო, რაც გარდამავალი პერიოდისათვის უალტერნატივო აუცილებლობას წარმოადგენდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით. ეს კონსტიტუცია არ წარმოადგენდა ახალ რედაქციას, არამედ, ამ კოსტიტუციაში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს მიერ შეტანილ იქნა ძირეული ცვლილებები ახალი პოლიტიკური მოწყობის სისტემით. ამასთანავე, აღნიშნულ კონსტიტუციაში პირველად ჩაიდო, ადამიანთა უფლების დაცვის საკითხში, საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული უფლებები და ნორმები. მასში, საბჭოური კონსტიტუციის არცერთი პუნქტი არ იქნა დატოვებული. პარალელურად დაისახა ახალი კონსტიტუციის შექმნის გეგმა. ჯერ კიდევ, კანონიერი ეროვნული ხელისუფლების არსებობის პირობებში, 1992 წლის 2 იანვარს, სამხედრო საბჭომ (სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-ყარყარაშვილი), საერთაშორისო ნორმების სრული უგულვებელყოფით, გააუქმა მოქმედი 1978 წლის (გარდაქმნილი) კონსტიტუცია. ქვეყანა კონსტიტუციურ ვაკუუმში აღმოჩნდა. ხუნტა ჩქარობდა! 1992 წლის 18-20 იანვარს, ტექნიკური ბიბლიოთეკის (კოსტავას ქ.) დარბაზში, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების თავკაცის, მიხეილ ქურდიანის თავმჯდომარეობით, ჩატარდა ეროვნული კონგრესის მორიგი სესია. სესიაზე, ირაკლი წერეთელმა, გოგა ხაინდრავამ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაჟა მთავრიშვილმა, ივლიანე ხაინდრავამ შეაფასეს რა შექმნილი პოლიტიკური ვითარება, მიიღეს რეზოლუცია. მიღებული რეზოლუციის მიხედვით ზვიად გამსაურდიას ხელისუფლება გამოცხადდა უკანონოდ, რადგან მოქმედებდა 1978 წლის კონსტიტუციით და შეფასდა დანაშაულებრივ, ავტორიტარულ რეჟიმად. ე.წ. ეროვნული კონგრესის ამ მე-17 სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო აქტად მიჩნეულ იქნა 1921 წლის კონსტიტუცია. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემოდა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აღიარებდნენ 1921 წლის კონსტიტუციას. ზემოხსენებულ სესიაზე, ირაკლი წერეთელმა, მოითხოვა მიღებულიყო დეკლარაცია დემოკრატიული რევოლუციის შესახებ, გაუქმებულიყო პრეზიდენტის ინსტიტუტი და უზენაესი საბჭო. მიეღოთ გადაწყვეტილება ზვიად გამსახურდიას, როგორც არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის, დაპატიმრების შესახებ. წერეთელმა, აგრეთვე განაცხადა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაციის დამკვიდრების მიზნით, იგი თანახმაა, რომ საქართველო შევიდეს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობაში. თუმცა, წერეთელმა მალევე სრულიად საპირისპირო განცხადებაც გააკეთა: საქართველომ არანაირი ხელშეკრულება არ უნდა დადოს რუსეთთან; სანამ არჩევნები არ ჩატარდება, საქართველოს СНГ -ში შესვლაზე ლაპარაკი ნადრევია. ეროვნული კონგრესის ამ მე-17 სესიის რეზოლუციაში შეტანილ იქნა მოთხოვნა ეროვნული კრების ჩატარების შესახებ. ყოვლად უპრინციპო და პოლიტიკურ ორიენტაციაში ლერწამივით მერყვევი წერეთელი, რომელიც „საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ დამფუძნებელი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე გახლდათ, ახლა ოკუპანტ რუსეთს უმზერდა ლმობიერად. ხოლო, კიტოვანთან ერთად, მანაც ჰაუბიცები და ტყვიები დაახალა ახალფეხადგმულ დამოუკიდებელ საქართველოს. პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებისა და კოალიციური მთავრობის შექმნის წინადადებით გამოდიოდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატებიც: გურამ მუჩაიძე, ვაჟა ხაჭაპურიძე, ფრიდონ დოჩია და სხვ.

ხუნტამ, თებერვლის დასაწყისში, სპორტის სასახლეში ორგანიზება გაუკეთა ე.წ. ეროვნული ყრილობის (კრების) მოწვევას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. თავისთავად ყრილობა არ წარმოადგენდა ლეგიტიმურ ორგანოს და ცხადია მას ამგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების უფლება არც ჰქონდა. მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებითა და 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენით, ხუნტამ, მოშალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, რაც რუსეთის იმპერიის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა და ხელ-ფეხს უხსნიდა სეპარატისტებს. ეროვნულმა ხელისუფლებამ, სწორედ ამგვარი საფრთხის სრულად გამორიცხვის მიზნით იმთავითვე თქვა უარი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენაზე, რამეთუ, მოცემულ ვითარებში, სსრკ იმპერიული კონსტიტუციისაგან დამცავ მექანიზმად იგი არ გამოდგებოდა! აფხაზმა სეპარატისებმაც არ დააყოვნეს! ისარგებლეს რა შექმნილი სიტუაციით, თავიანთი უზენაესი საბჭოს 1992 წლის 23 ივლისის სესიაზე მიიღეს მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური აქტებისა. კერძოდ: გამოაცხადეს (1991-92 წლებში ცვლილებებით და დამატებებით) 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტა და აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც სამართლებრივად უზრუნველყვეს აფხაზეთის გასვლა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობიდან. დევნილობაში მყოფმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, შევარდნაძეს, ჯერ კიდევ მაისში გამოუგზავნა საპროტესტო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო: „აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში გაიმარჯვა სეპარატისტულმა ტენდენციამ და ანტიქართულმა კურსმა. უნდათ რომ შემოიღონ აფხაზეთის მოქალაქეობის კანონი... შეიქმნა აფხაზური გვარდია, მოიხსნა ქართველი მინისტრების უმრავლესობა, რაც პირდაპირი შედეგია თქვენს მიერ მოწყობილი პუტჩისა... კანონიერი კონსტიტუციის ვითომცდა შეჩერებისა, ძველი კონსტიტუციის, ვითომცდა აღდგენისა... საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, სამართლებრივად განსაზღვრულია მისი დაქვემდებარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი. ამ კონსტიტუციის შეჩერებით თქვენ ჩაიდინეთ უდიდესი დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რითაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩამოაშორეთ საქართველოს. აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება იმით ამართლებს თავიანთ სეპარატიზმს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია აღარ არსებობს, ხოლო ძველში აფხაზეთის ავტონომია საერთოდ არ არის ნახსენები...“

ხუნტამ, პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად, ჯერ კანონიერი ეროვნული ხელისუფლების იარაღით დამხობით, ხოლო შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებით შეამზადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კი, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით გააკეთა იძულებითი არჩევანი – გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონი, კვლავ, 1978 წლის კონსტიტუციაზე დააფუძნა, რომლიდანაც ამოიღო მთელი რიგი მუხლები, შეიტანა ფუნდამენტური ცვლილებები და დამატებები. ხოლო, პარალელურად შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც დაევალა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის საფუძველზე შეემუშავებინა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

მეორე ბრალდება, რაც პრეზიდენტის მისამართით გაისმოდა აგენტურული ოპოზიციის მხრიდან, გახლდათ „პოლიტპატიმრების“ არსებობა. ე. შევარდნაძესთან ფარულ ალიანსში მყოფი ჭანტურიას, ხაინდრავას, იოსელიანის, სარიშვილის, გიორგაძის... აშკარად კრიმინალური და დესტრუქციული ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას: აუცილებელი შეიქმნა გია ჭანტურიას, თემურ ტალახაძის, გიორგი ხაინდრავას, ჯაბა იოსელიანის დროებითი იზოლაცია (პრეზიდენტი სწორედ ამგვარ პრევენციულ ღონისძიებაზე ლაპარაკობდა) და ისინი 1991 წლის 16 სექტემბერს დააპატიმრეს. ჭანტურიას შეიარაღებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ბანდფორმირება „მხედრიონთან“ ერთად სჩადიოდა სხვადასხვა სახის კრიმინალურ დანაშაულს, რის შედეგადაც ერთობ დაიძაბა კრიმინოგენული ვითარება რესპუბლიკაში. გია ჭანტურია, აგრეთვე გახლდათ პრაღის კონფერენციის 24-ე რეზოლუციის (1990 წლის 4-6 ივლისი) ერთ-ერთი თანაავტორი (ხელმომწერი), რომელშიც მიზანმიმართულად ჩაიწერა დეზინფორმაცია, რომ თითქოს, ზვიად გამსახურდია მტრობს ყველა ნაციონალურ უმცირესობას და მიტინგებზე მათი გასახლების მოთხოვნებს აყენებსო! პატიმრობაში მყოფმა გია ჭანტურიამ და გოგა ხაინდრავამ, პრესკონფერენციაც კი მოაწყვეს ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის ციხის კედლებში, რისთვისაც ხელი არაფრით შეუშლია „დიქტატორ გამსახურდიას“. დისიდენტების საერთაშორისო თავყრილობის ორგანიზატორმა ვაცლავ ჰაველმა, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დისიდენტების ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებულ ამ 24-ე რეზოლუციას, თავად არ მოაწერა ხელი, რასაც კმაყოფილებითა და მოწონებით აღნიშნავდა ზვიადი. მისთვის ყველაზე მეტად მტკივნეული იყო ამ ცილისმწამებლურ რეზოლუციაზე ვლადიმერ ბუკოვსკისა და პარუი აირიკიანის ხელმოწერა. სომეხი დისიდენტი პ. აირიკიანი, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად იხდიდა სასჯელს, 1987 წელს ჩამოსული იყო თბილისში ზვიადთან. მასთან შეხვედრებსა და საუბრებს, მერაბ კოსტავასთან ერთად „კოლხურ კოშკში“ მეც ვესწრებოდი. დაისახა ერთობლივი მოქმედების გეგმა და პ. აირიკიანი ამ შეხვედრითა და საუბრებით, თითქოს დიდად კმაყოფილი გაემგზავრა საქართველოდან. ასე ჩანდა, მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა ამ რეზოლუციაზე მისი პირველი ხელმოწერა, რამაც ძალზე დაამწუხრა ზვიადი. სწორედ ამ ინსინუაციურ რეზოლუციას ბეჭდავდა ანტიქართული ოპოზიციური გაზეთი „ქართული ფილმი“, რასაც ხელი შეუშალა კანონიერი ხელისუფლების აღშფოთებულმა მომხრეებმა. „რეზოლუციის“ ხსენებულ გაზეთში გამოქვეყნება მიზნად ისახავდა არაქართველი მოსახლეობის პროვოცირებას და აჯანყებას ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ, ეთნიკური კონფლიქტების კერების წარმოქმნას საქართველოს რეგიონებში. გარდა ამისა, ჯ. იოსელიანი საკუთარი ბანდფორმირება “მხედრიონით“ ახდენდა სისტემატურ თავდასხმებს საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ნაწილებზე, სამხედრო ტექნიკის მიტაცების მიზნით, რითაც რუსეთის სამხედრო აგრესიის პროვოცირებასაც იწვევდა, თუმცა კრემლი და მისი სამხედრო უწყება ისედაც საკმარისად აიარაღებდა მის მიერვე შექმნილ ქართულ „მხედრიონს“.

მესამე ინსინუაციური ბრალდება აგენტურული ოპოზიციის მხრიდან გახლდათ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ, ვითომცდა მოსკოვის პუტჩისადმი მხარდაჭერა და ეროვნული გვარდიის დაშლა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სიგუა წინასწარ იყო ინფორმირებული მოსკოვში მოსალოდნელი „პუტჩის“შესახებ. ამგვარი ვარაუდი საფუძველს არ იყო მოკლებული; ანალოგიურ დასკვნამდე მივყავართ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ნემო ბურჭულაძის ნაამბობსაც: „სიგუას გადადგომა... უფრო გარეთ იყო შეთანხმებული სხვა ძალებთან... მისი გადადგომა მოულოდნელი იყო... მოგეხსენებათ, მოსკოვის პუტჩი 19-ში დაიწყო, მან კი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა 16-ში, ხოლო 17-ში პრეზიდიუმის სხდომაზე მოიტანა...“.

მაღალი და საპატიო თანამდებობიდან ასე ვერაგულად გაპარული სიგუა, სახელმწიფო ტელევიზიასთან და რესპუბლიკის მოედანზე მის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე, შეიარაღებულ ოპოზიციას „დიქტატორი გამსახურდიას“ დამხობისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება კიტოვანსა და მის გვარდიას, პრეზიდენტს იგი არ დაუშლია, მხოლოდ სახელწოდება შეუცვალა, რათა დაეცვა გვარდია იმპერიის შესაძლო აგრესიისაგან. პრეზიდენტის 19 აგვისტოს ბრძანებულებაში – „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“, 1 მუხლში მითითებული იყო: „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები – ეროვნულ გვარდიას მიეცეს განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსი“. საქართველოს გვარდიის პოლიციის სტრუქტურებში დროებითი შეყვანა (მითუმეტეს, როდესაც, თავდაპირველად, გვარდია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარედ შეიქმნა) წინგამხედვარე გონივრული ტაქტიკა იყო ახალშექმნილი გამოუცდელი და ჯერაც არასაკმარისად, შეუიარაღებელი გვარდიის გადასარჩენად; არაფერი იყო დასაძრახი ახალფეხადგმული დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის სიფრთხილეში. პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის დროს ამგვარი ბრძანებულებისა და განკარგულების გაცემის უფლება კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული (მუხლი 121 მე-4 –ის 22 პუნქტის მეორე ნაწილი და მუხლი 121 მე-6-ის ).

კიტოვანის გვარდიის რკონში დისლოკაციის მიზეზად, პრეზიდენტის მიერ გვარდიის სტატუსის შეცვლის დასახელება, სინამდვილეში იყო საბაბი, რათა კიტოვანს, პრეზიდენტის (როგორც მთავარსარდლის) კონტროლიდან გამოეყვანა გვარდიის ნაწილები და ადვილად განეხორციელებინა პუტჩი. იგი სიგუას ინსტრუქტაჟით მოქმედებდა. სიგუა კი უშუალო კავშირ-ურთიერთობაში იმყოფებოდა კრემლთან.

1991 წლის 4-5 ოქტომბრის შეტევის მცდელობა მთავრობის სასახლეზე პუტჩის პირველი მანევრი იყო, რაც ხელისუფლებისა და მისი უიარაღო მხარდამჭერების ძალისხმევით მოგერიებულ იქნა, თუმცა, პუტჩისტებმა მაინც დაღვარეს სისხლი, დაჭრეს 70-მდე კაცი და მოკლეს ერთი ახალგაზრდა – გია ტეტელაშვილი. მკვლელის ვინაობა ათი წლის დაგვიანებით გახდა ცნობილი; 2001 წლის 1 ნოემბერს, პირველი არხის სატელევიზიო შოუში „რას ფიქრობს ხალხი“ (წამყვანი ეკა ბერიძე), კინორეჟისორმა და შევარდნაძის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ელდარ შენგელაიამ, ტეტელაშვილის მკვლელობაში პირდაპირ ამხილა სახელმწიფო რადიო და ტელეკორპორაციის პრეზიდენტი ზაზა შენგელია (ყოფილი კომკავშირის ცკ-ს მდივნისა და შევარდნაძის კულტურის მინისტრის სესილი გოგიბერიძის მეუღლე). შეიარაღებულ გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ზ. შენგელია, შევარდნაძემ, ჯერ თბილისის მერიაში დააწინაურა, ხოლო შემდგომ კი ზემოხსენებულ თანამდებობაზე, სადაც მას ჟურნალისტი თანამშრომლები კორუფციაში ამხელდნენ და გადადგომის მოთხოვნით გაფიცვებს უწყობდნენ. მის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურად ილაშქრებდა სამეგრელოში დაღუპული ჟურნალისტის დათო ბოლქვაძის დედა ლია ისიანი-ბოლქვაძე, რომელიც მას საგაზეთო მუქარებით ამხელდა: „ზაზა შენგელიავ, მაინც ამოგთხრი!“ ზაზა შენგელიას, შემდგომ მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება და იგი შოუ-ბიზნესებში გადავიდა.

ГКЧП-სადმი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება კი ასეთი გახლდათ: „პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან, ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ....“ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია მოსკოვის პუტჩის მიმართ, თავისი კატეგორიულობით, გაბედულობითა და პირდაპირობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა ქვეყნების მეთაურთა პოზიციებს (შედარებისათვის იხილეთ იმ პერიოდის რუსული პრესა). მიუხედავად ამისა, სიგუა-იოსელიანი-კიტოვანი ზვიადს „მშიშრობასა და კურდღლობაში“ ადანაშაულებდნენ და ამგვარად, სრულიად უმართებულოდ აკნინებდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. ზვიად გამსახურდია ქმედითადაც ჩაება მოსკოვის პუტჩში, დემოკრატიულად არჩეული რუსეთის ხელისუფლების მხარდასაჭერად მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მიავლინა თავისი წარმომადგენლები – დეპუტატები (ირაკლი მელაშვილი და სხვები), რომლებიც გამოდიოდნენ მიტინგებზე, სადაც ფრიალებდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროშა. მოსკოვის პუტჩის („ГКЧП“) დღეებში საქართველოში გამოცოცხლდნენ და გააქტიურდნენ ქართველი კომუნისტები, რომელთაც სათავეში ედგა საქართველოს ცკ-ს უკანასკნელი მდივანი ავთანდილ მარგიანი. მასთან ფარულ ალიანსში იმყოფებოდა „წითელი დისიდენტი“ გურამ მამულია. ისინი ღიად მიემხრნენ მოსკოვის პუტჩს, რითაც მათ გამოავლინეს თავიანთი მტრული დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პროცესებისადმი. მოსკოვის პუტჩისადმი კომუნისტი პარლამენტარების მხარდაჭერა, თანხვედრი იყო პუტჩის ორგანიზატორების იმპერიული მიზნებისა, ეს იყო არა გადატრიალება, არამედ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მცდელობა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, თვითლუსტრირებული ორთოდოქსი კომუნისტები, პარლამენტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაითხოვა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ სსრკ შეიარაღებულ ძალებსაც საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიანიჭა, რის გამოც, აგრეთვე მსოფლიო მასშტაბის ხმაური ატეხეს ოპოზიციურმა ძალებმა. ოპოზიცია, პრეზიდენტს, აგრეთვე ბრალს დებდა ტელევიზიის მონოპოლიზებასა და გაზეთების დახურვაში, რაც, აგრეთვე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ვინაიდან, გრძელდებოდა ათამდე ოპოზოციური გაზეთის გამოცემა და თვით სამთავრობო გაზეთებშიც იბეჭდებოდა ოპოზიციის წერილები, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიაში ოპოზიციისათვის არსებობდა „ალტერნატიული საათი“, შეუფერხებლად იცემოდა წითელი ინტელიგენციის წიგნები და მათი რეაქციული წერილები ქვეყნდებოდა სამთავრობო პრესაშიც („საქართველოს რესპუბლიკა“, „თბილისი“, „ლიტერატურული საქართველო“). პრეზიდენტმა ახალი, რეალპოლიტიკის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნია მხოლოდ კომკავშირული გაზეთის „მოლოდიოჟ გრუზიის“ არსებობა, რომლის გამოცემა შეწყდა.

ნანახია: (1584)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას