logo.png

ლელა ცომაია

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა

(ნაწილი პირველი)

ისტორიული სიმართლე ზვიად გამსახურდიას მიერ ოსების ე. წ. გენოციდის შესახებ

     საქართველოს რესპუბლიკის ახალარჩეულმა უზენაესმა საბჭომ, 1990 წლის 22 ნოემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გამოცხადების შესახებ, – აგრეთვე, გადაწყვეტილებაც 1990 წლის 2 დეკემბრისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩევნების დანიშვნის შესახებ. ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ სცნო არჩევნების შედეგები და ა.შ. (1990 წლის 10 დეკემბერი). აქვე უნდა აღინიშნოს იმ წინმსწრებ სამართლებრივ აქტებზეც, რაც თვით კომუნისტურმა უმაღლესმა საბჭომაც განახორციელა. კერძოდ, კომუნისტურმა უმაღლესმა საბჭომ ამავე,1990 წლის 22 სექტემბრის დადგენილებით ბათილად სცნო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ 20 სექტემბრის დადგენილებები. მიუხედავად ამისა, ოსმა სეპარატისტებმა, კრემლის დირექტივით კვლავ გააგრძელეს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები. 1990 წლის მდგომარეობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (შეიქმნა 1922 წელს, ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ – 1924 წელს) მოსახლეობა სულ 98 000 კაცს შეადგენდა და წარმოადგენდა 4 ადმინისტრაციულ რაიონს: ცხინვალის, ზნაურის, ახალგორისა და ჯავის. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების მიზნით, უზენაესი საბჭო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმების შესახებ (1990 წლის 11 დეკემბრის დადგენილება). უზენაესი საბჭოს ამ დადგენილებას დაუპირისპირდნენ: ჯაბა იოსელიანი, გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი, გიორგი კობახიძე, მამუკა გიორგაძე, ბესო ჯუღელი, მამუკა არეშიძე, გია ბარამიძე, ზურაბ ჟვანია, გიორგი ხაინდრავა, ირაკლი მაჭავარიანი, ლუიზა შაკიაშვილი, თამარ ჩხეიძე, რაულ კუპრავა... ისინი მიემხრნენ რა ოს სეპარატისტებს, მთელ მსოფლიოში ავრცელებდნენ დეზინფორმაციებს, ვითომცდა, გამსახურდიას რეჟიმის მიერ ოსების დისკრიმინაციისა და გენოციდის შესახებ. ამგვარი დემაგოგიის შემცველი დოკუმენტი გახლდათ „პრაღის 24-ე რეზოლუციაც“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ნაციონალური უმცირესობების საქართველოდან გასახლებას და ზვიად გამსახურდიას მიაწერეს ლოზუნგი „საქართველო – ქართველებისთვის“, რაც, სინამდვილეში გახლდათ თავად გია ჭანტურიას დისიდენტობის დროინდელი ლოზუნგი და პარტიის (ედპ) პროგრამის „მთავარი ნაწილის“ დ) პუნქტის შემადგენელი დევიზი იყო.

ჭანტურია და სარიშვილი, ასევე აფრიალებდნენ ლოზუნგს „ძირს შევარდნაძე-გამსახურდიას ალიანსი“, როდესაც, სინამდვილეში თავად იმყოფებოდნენ შევარდნაძესთან ფარულ ალიანსში. ისინი გამსახურდიას წინააღმდეგ, სწორედ შევარდნაძის ფინანსებითა და დირექტივებით მოქმედებდნენ, რაც შემდგომმა დროებამ ნათლად დაადასტურა. ზვიადს ოპოზიციაში ჩაუდგა, თითქოს თანამოაზრე და თანამებრძოლი რუსლან ღონღაძეც, რომელიც შეიარაღებულ პუტჩისტებს შეუერთდა.

1991 წლის 23 მარტს, დაბა ყაზბეგში, რუსეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ბორის ელცინთან შეხვედრაზე, ზვიად გამსახურდიამ მიაღწია შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმების შესახებ.

ოსი ექსტრემისტები, გარდა იმისა, რომ რუსული სამხედრო ბაზებიდან ღიად ყიდულობდნენ იარაღს (რაშიც მათ თბილისსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ოსები ფინანსურად ეხმარებოდნენ), ამასთანავე, ცხინვალის ქარხნებშიც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის იარაღს, რის გამოც ქართველი ენერგეტიკოსები გაიფიცნენ. ამ პოლიტიკურ პროტესტთან დაკავშირებით, გ. ჭანტურიამ, ირ. სარიშვილმა, მ. გიორგაძემ, ირ. კობახიძემ, ჯ. იოსელიანმა, თ. ჩხეიძემ, ირ. მაჭავარიანმა, ზ. ჟვანიამ, ლ. შაკიაშვილმა, გოგა და ივლიანე ხაინდრავებმა... დემაგოგიური ვიდეოკადრების ჩვენებით მსოფლიოს ამცნეს: „ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ცხინვალის საავადმყოფოებში ოსი ბავშვები იხოცებიან“ო. მაშინ, როცა ეთნიკური შემადგენლობის სურათი, იმ დროისათვის, თითქმის უცვლელი იყო და იქ მცხოვრები უმრავლესი ქართველებიც ზარალდებოდნენ. ხოლო, მათი ხელდასმით მოსულმა ხუნტის ხელისუფლებამ კი, წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ხანგრძლივი და ბოროტგანზრახული გამორთვებით, საოპერაციო მაგიდებზე, მთელ საქართველოში მრავალი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაზეც ზემოხსენებულ ვაი-პატრიოტებს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ; მრავალთაგან, მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ; 2002 წლის 22 დეკემბერს, ხობის რაიონის საავადმყოფოში, უშუქობის მიზეზით დაიღუპა ავადმყოფი ეპილეფსიის დიაგნოზით, 12 წლის მათე ლაშხია, რომელსაც პირველადი დახმარებისათვის ესაჭიროებოდა ელექტრო მასაჟი, რათა არ დამდგარიყო ფატალური შედეგი. ელექტროენერგიის გათიშვის აქტი, თავისი ულმობლობით ნამდვილად ვერ შეედრებოდა ოსების ველურობას და სისასტიკეს ქართველების მიმართ; 1990 წლის 3 იანვარს, ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისში, ოსმა ბიძამ, ქართველობის გამო აკვანში ჩაცხრილა საკუთარი დისშვილი, 9 თვის პაატა ნიკორიშვილი. მანამდე კი ოსებმა მოკლეს სოფელ თამარაშენის მკვიდრი 17 წლის ვეფხვია თუთარაშვილი. ქართველი მეომარი მერაბ მინდიაშვილი ოსებმა ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს. ოსების მიერ დამწვარ ქართველებს, ცხინვალში ჩასულმა გოგა ხაინდრავამ ფოტოები გადაუღო და საზღვარგარეთ გაგზავნა, როგორც ზვიადის მებრძოლების მიერ დამწვარი, ოსების ცხედრების დამადასტურებელი ფაქტები. ხაინდრავასთან ერთად ამგვარ ინსინუაციურ ბრალდებებს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ევროპაში ავრცელებდნენ დავით და ლევან ბერძენიშვილებიც. გოგა ხაინდრავას მებრძოლთა ჯგუფმა „დევიატკამ“, 1992 წლის 6 იანვარს, მეტეხის ხიდთან დახვრიტა ცხინვალის ომის ქართველი გმირი გოგია გაბროშვილი.

ცხინვალის რაიონის ქართული სოფლებიდან თბილისში ჩამოსული მოსახლეობა დაცვას თხოვდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. აუპატიურებენ ჩვენ გოგონებს, გვიკლავენ ბიჭებს, სამსახურებიდან გვდევნიან ქართველებს, სასწრაფო დახმარება არ მოდის ქართველ ავადმყოფებთან, არ გვიღებენ საავადმყოფოებშიო და ა.შ.

ქართველებისადმი მტრობა და სიძულვილი ოსებს ათწლეულების შემდეგაც არ განელებიათ; 2003 წლის 3 მაისს, ცხინვალის რაიონის სოფელ თამარაშენში საკუთარ ბენზინგასამართ სადგურში, ოსებმა, ერთიანად ამოხოცეს მინდორაშვილების ოჯახი, – მამა და 3 ვაჟიშვილი. 2005 წლის 24 ნოემბერს, გატაცებული ხაჭაპურიძეების 4 წევრიდან, ერთ-ერთის მოკვეთილი კიდურები გაუგზავნეს ოჯახს, ხოლო დანარჩენი ცხედრების სანაცვლოდ კი ფული მოსთხოვეს. ოსთა ველურობისა და სისატიკის ამბებს არ შეუძრავს ქართველი ფსევდო-პატრიოტი ოპოზიციონერების გულები. ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციონერები ღია და აშკარა სოლიდარობას ავლენდნენ საქართველოს მოქალაქე ყოველი ჯურის სეპარატისტ-ექსტრემისტებისადმი. ჯაბა იოსელიანი, ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე, ირაკლი მაჭავარიანი, გოგა ხაინდრავა და სხვები პოლიტპატიმრად აღიარებდნენ ოსი ექსტრემისტების ლიდერს ტორეზ კულუმბეგოვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ დააპატიმრა მთელი რიგი დანაშაულობების გამო, რაც გამოიხატებოდა ტერორისტული ბანდფორმირებების შექმნაში, ქართველთა მასობრივი მკვლელობების (მათ შორის ცოცხლად დაწვისა და ცოცხლად დახერხვის), ჯგუფური გაუპატიურებებისა და მასობრივი დევნის ორგანიზატორობაში, ერთა შორის შუღლის ჩამოგდებასა და გაღვივებაში. ამგვარი მძიმე და სასტიკი დანაშაულობებისათვის დაპატიმრებული კულუმბეგოვი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთანავე, ციხიდან გაათავისუფლა ე. შევარდნაძემ და ჯ. იოსელიანმა და სამთავრობო თვითმფრინავით გადააფრინა ცხინვალში. ცხინვალში დაბრუნებულმა ექსტრემისტების ლიდერმა კულუმბეგოვმა, თანამზრახველ ალან ჩოჩიევთან ერთად ჩაატარა ე.წ. რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების შესახებ (1992 წლის ამ რეფერენდუმის საფუძველზე, 2006 წლის 12 ნოემბერს, მათ მეორედ ჩაატარეს რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობის, აწ უკვე 99% პროცენტმა ხმა მისცა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 2017 წლის 9 აპრილს ე.წ . სამხრეთ ოსეთში მესამედ ჩატარდა რეფერენდუმი (საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად) ოსეთისათვის ძველი სახელწოდების – „ალანიას რესპუბლიკის“ მინიჭების შესახებ. მეორე სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში, რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ 1999 წ. გაიმართა). 1992 წლის 16 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ ამჟამინდელი დროებითი მთავრობისადმი ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოხატა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ: „ჩვენ მზადა ვართ ჩამოვიდეთ თბილისის დასაცავად ნებისმიერ დროს და გპირდებით მამაცურად დავიცავთ საქართველოს საზოგადოებრიობის დემოკრატიულ ძალებს“ – განაცხადეს ოსური შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებმა. ზოგიერთი ცნობით, ასეთი მოწოდებით ცხინვალში გამოვიდა ოპოზიციონერების მიერ ციხიდან გათავისუფლებული ოსური მოძრაობის ლიდერი ტორეზ კულუმბეგოვი. რა შეიძლება ითქვას ამ ინფორმაციაზე? მხოლოდ ერთი: 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უზურპატორთა ხროვას: თენგიზ სიგუას, თენგიზ კიტოვანს და ჯაბა იოსელიანს მხარდაჭერა გამოუცხადა ოსი ექსტრემისტებისა და სეპარატისტების ლიდერმა, ტერორისტმა ტორეზ კულუმბეგოვმა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩაატარა რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა ამომრჩეველთა 98,9%. ამ შედეგებზე დაყრდნობით უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს სესიაზე მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამავე სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო 14 აპრილს მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისა და მასთან დაკავშირებით საქ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც პრეზიდენტობის 6 კანდიდატიდან 86,52% გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ სტრატეგიასა და მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ქცევა საერთაშორისო სამართალსუბიექტად და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დამოუკიდებლად მოქმედ სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბება. ზვიად გამსახურდია დასავლური ორიენტაციის ლიდერი იყო, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში მან ნათლად ჩაწერა: „სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა... საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი“. ხოლო სსრ კავშირთან დამოკიდებულების ნაწილში კი ეწერა: „საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს ორივე მხარის ჭეშმარიტ ინტერესებს“. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობის ასპექტების პროგრამულ ნაწილში კი კიდევ უფრო ნათლადაა გაცხადებული, რომ „3. საქართველო გახდეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და მათ საქმიანობაში შეასრულოს აქტიური როლი“.

1991 წლის 15 დეკემბერს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მედეა თუშმალიშვილი და პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, საგანგებო მისიით წარგზავნა ბრიუსელში, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის სხდომაში. ქართველმა დიპლომატებმა, ევროპელ დეპუტატებს გადასცეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის თხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტში სამშვიდობო მისიით ჩართვის შესახებ. ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს დელეგაცია პატივით მიიღო გენერალურმა მდივანმა ვორნერმა, რომელმაც საქართველოსა და ნატოს კავშირების განმტკიცების გულითადი სურვილი გამოთქვა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ნატოსკენ სწრაფვისა და პოლიტიკური ურთიერთობებისკენ გადადგმული. კრემლიდან მართული ოპოზიცია კი შეგნებულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას. მათ გაილაშქრეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების წინააღმდეგ; ხოლო ზვიადის პრეზიდენტად არჩევის დღესვე, 26 მაისს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა ვრცელი „ღია წერილით“ მიმართა ზვიად გამსახურდიას. წერილის ტექსტი გაჟღენთილი იყო შურით, ბოღმით, სიძულვილით, ცილისწამებებით, თავდასხმითი და ინსინუაციური ბრალდებების ჩამონათვალით, რისი დასკვნითი აკორდი ასეთი იყო: „ჩვენ ბრალს გდებთ საქართველოს ღალატში!“

ამ ბოღმით გულდასენილი და პოლიტიკურ დიპლომატიას სრულიად მოკლებული „ღია წერილის“ ხელმომწერები გახლდნენ: გიორგი ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, გურამ ჩახვაძე, ირინა სარიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ვახტანგ ტალახაძე, ვანო ხუხუნაიშვილი, დავით კვარაცხელია, ირაკლი ქადაგიშვილი, ვასილ ჭყოიძე, ნიკო გონაშვილი, გიორგი ზუმბაძე. ხოლო, შეიარაღებული კრიმინალური ფორმირების – „მხედრიონის“– მეთაურმა ჯაბა იოსელიანმა, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღეს, კარვები დასცა, ჯერ ოპერის ბაღში, შემდგომ უნივერსიტეტის ეზოში. მოშიმშილე „მხედრიონელებს“ საჯარო განცხადებით მორალური თანადგომა გამოუცხადეს: ვახტანგ გოგუაძემ, მამა-შვილმა კოტე და გოკა გაბაშვილებმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ვალერი კვარაცხელიამ, მამუკა არეშიძემ, ვალერიან ადვაძემ, აკაკი ბაქრაძემ, თამაზ კვაჭანტირაძემ, ზურაბ კიკნაძემ, გურამ თევზაძემ, თემურ ფიფიამ, ნოდარ ლომოურმა, ოთარ ლითანიშვილმა, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ ფანჯიკიძემ, ლევან ღვინჯილიამ, რომან მიმინოშვილმა, იზა ორჯონიკიძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რუსუდან ბერიძემ, კობა იმედაშვილმა, და-ძმა – გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებმა, რისმაგ გორდეზიანმა, მზექალა შანიძემ, გოგა ხაინდრავამ, ლაშა თაბუკაშვილმა, ნაირა გელაშვილმა, დავით მჭედლურმა, გურამ გეგეშიძემ, გიზო ნიშნიანიძემ, მურმან ჯგუბურიამ, რეზო მიშველაძემ, ძმებმა ზაურ და გენო კალანდიებმა, ციალა არდაშელიამ, ზურაბ თორიამ, ვაჟა ოთარაშვილმა… თენგიზ სიგუასათვის მეცნიერებათა აკადემია მთლიანად დათმობილი ჰქონდა ამ აკადემიის პრეზიდენტს ალბერტ თავხელიძეს, რომელიც აკადემიის წევრებით: ანდრია აფაქიძე, ევგენი ხარაძე, მერაბ ალექსიძე, მერაბ მამარდაშვილი, ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი, ნოდარ ლომოური და სხვებით გვერდში ედგნენ თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანს. ოპერატიული მოქმედებისათვის, ჯანსუღ ჩარკვიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა საზოგადოება „თბილისელი“, რომელიც შეიარაღებულ შტაბად გადაიქცა. ამ საზოგადოების თანადამფუძნებელი გახლდათ კომუნისტი პოეტი რეზო ამაშუკელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ზვიად გამსახურდიას მიმართ. ე.წ. საზოგადოება „თბილისელი“ ავტომატებით მარაგდებოდა „რუსთაველის საზოგადოებიდან“, რომელსაც ხელმძღვანელობდა თენგიზ სიგუა და რომელსაც შეიარაღებითა და ფინანსებით უზრუნველჰყოფდა რუსეთი. ამასთანავე, საქართველოს სსრ კავშირის ბანკში გახსნილი იყო ანგარიში, რომელზეც მოქალაქეები ნებაყოფლობით რიცხავდნენ თანხებს (იხ. გაზეთ „კომუნისტის“5 თებერვლის (1989 წ.) „თბილისელების“ ოფისში გაიცემოდა ავტომატები პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის მოსურნე სხვადასხვა ჯურისა (კრიმინალების) და ქართველთმოძულე სხვადასხვა ეროვნების მოხალისეებისათვის; ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, ძირითადად აღდგა სისხლაღრეული და გვარგადაკეთებული ქართველობა.

ზემოხსენებულ რადიკალურ ოპოზიციასთან ჩნდებოდნენ მწერლები: ელგუჯა მაღრაძე, დათო მაღრაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ჯუმბერ თითმერია, ლია ბედოშვილი, მისი ქმარი დავით აქუბარდია(შემდგომში „ტელეკომპანია“ კავკასიის დამფუძნებელი), ზურაბ თორია, მისი ცოლი თსუ-დან იზოლდა ჭილაძე, ზაურ და გენო კალანდიები, ციალა არდაშელია... ეს უკანასკნელი ქალბატონი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ზვიად გამსახურდიასა და მის მომხრეთა მიმართ და შეიარაღებულ ხუნტას გეშავდა ეროვნული ხელისუფლების მომხრე მომიტინგეების მიმართ. მოგვიანებით, ეს ლიტერატორი არდაშელია ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ცრემლებს ღვრიდა აფხაზეთის დაკარგვის გამო, თითქოს მისი წვლილიც არ ყოფილიყო იმ ტოტალურ კატასტროფაში, რაც ეროვნული ხელისუფლების დამხობას მოჰყვა.

უნივერსიტეტის ე.წ. პრეს-კლუბელები (პრორექტორ ვახტანგ გოგუაძის იდეოლოგიური შვილები): დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, თედო ისაკაძე, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი... პირველ კლასიკურ გიმნაზიის წინ მოწყობილ კარავში ათენ-აღამებდნენ. დათო ტურაშვილი, სახელმწიფო ტელევიზიასთანაც გამოდიოდა ზვიადის ხელისუფლების იარაღით დამხობის მოწოდებით. ტურაშვილი, 1992 წლის ხუნტის ეგზეკუციების დროს, გია ყაყარაშვილსაც ახლდა სამეგრელოში ავტომატით ხელში, რისი ვიდეო-კადრიც არსებობს. 2012 წლის მარტში, ყარაბაღში მწერალთა შეკრებაზე, ტურაშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი დამოუკიდებლობაზე“ (იხ. “Абхазия имеет право на выбор”). ტურაშვილმა, მოგვიანებით, სამეგრელოში ავტომატით ყოფნაც უარყო და ყარაბაღშიც გაკეთებული განცხადებაც, ჩემს შესახებ უამრავი სისულელეები იწერებაო. არ არის გამორიცხული, ტურაშვილმა, ფოტო დოკუმენტებზეც მისი ყოფნაც უარყოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან, ზვიად გამსახურდიას, ქებითი ესსე უძღვნა. ტურაშვილის ფსიქო-ტიპი და ფენომენი ზუსტად აქვს დანახული, უფლებადაცვით ცნობილ აქტივისტს, ირაკლი კუპრაძეს; (იხ. პოსტი მისი ფაცებოოკ-ის გვერდიდან (ირაკლი კუპრაძე 2012 წელი): „დათო ტურაშვილმა ერთი თვის წინ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ნიკა რურუას მხარდაჭრით შეგვახსენა თავი. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ტურაშვილი გიორგი გაბუნიას გადაცემაში იჯდა თავისუფალ დემოკრატებთან ერთად, როგორც მათი მხარდამჭერი და თან ჩვენც მხარდაჭერიკენ მოგვიწოდა. დღეს, „ძალიან პრინციპული“ დათო ტურაშვილი ბათუმში გვესტუმრა მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის არმაზ ახვლედიანის პიარაქციაზე და მოგვიყვა როგორი კარგი, ნამდვილი მორწმუნე და დემოკრატია არმაზ ახვლედიანი. ამ პოსტით ჩემს დამოკიდებულებებს ხსენებული პარტიებისადმი საერთოდ არ ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, ტურაშვილის ქმედებებს აღვნიშნავ. თუ ვინმე იცნობთ და მეგობრობთ, როგორც მოყვარემ „უძრახეთ პირში“ და ურჩიეთ, რომ მორჩეს ტრაკის თამაშს და ჩამოყალიბდეს, თორემ გარე ხედვით ამაზრზენად აღიქმება მისი ეს პოლიტ-„გახსნილობა“.

გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, დავით პაიჭაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გია ბარამიძე, ზურაბ ჟვანია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი მელაშვილი, გიორგი მამულია, გიორგი მაისურაძე... უნივერსიტეტის კიბეებზე დამსხდარ რევოლუციონერ „წითელი ინტელიგენციის“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდნენ და ხმას უერთებდნენ „დიქტატორ“ ზვიად გამსახურდიას დამხობის მოწოდებებში. უნივერსიტეტის პროფესორ ვახუშტი კოტეტიშვილს, თავისი სახლი დათმობილი ჰქონდა შეიარაღებული ოპოზიციისათვის, საიდანაც ხუნტა ჰაუბიცებს ესროდა მთავრობის სახლს. ორმხრივი სროლების შედეგად მისი სახლიც მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც ვახუშტი ისტერიულად გაჰყვიროდა: „37 წელს დახვრეტილი მამაჩემის სახლ-მუზეუმი დაანგრიეს... მამაჩემისა, რომლის საფლავიც კი არ არის შემორჩენილი და ეს მისი ერთადერთი ძეგლი-სახლი მოსპეს და გაანადგურეს, ის რაც კომუნისტებს გადაურჩა, აი ამ ეროვნულმა მთავრობამ გადაბუგა და მოსპო!“ მოგვიანებით, საზღვარგარეთ იძულებით ემიგრირებული „მრგვალი მაგიდელი“ ალექსანდრე სანდუხაძე დაწერს: „ვინ იფიქრებდა, შავჩოხიანი ვახტანგ კოტეტიშვილის გაფუჭებული ძე ვახუშტი, დაუპირისპირდებოდა შავჩოხოსან კონსტანტინე გამსახურდიას შვილს?“

„წითელი ინტელიგენციის“ ამგვარივე აგრესიული წარმომადგენელი, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იმუქრებოდა: „გამსახურდია უნიათო მმართველია, ის დაუპირისპირდა საზოგადოების საუკეთესო ნაწილს – ინტელიგენციას და ეს ინტელიგენცია მას გადაიყოლებს!“ და, ვინ იყვნენ, სინამდვილეში, ეს „ინტელიგენციის საუკეთესო“ ნაწილი?! ვინ იყვნენ და, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, „ინტელექტუალური ვასალები“.

უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ჩვენი ინტელიგენციიდან თითქმის ყველა, ხაზს ვუსვამ, თითქმის ყველა, ვინც გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რეპრესიებს გადაურჩა, თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან“ და ამის საილუსტრაციო მაგალითად მას მოჰყავს ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი. სწორედ ამგვარი „საუკეთესო ნაწილის“ წარმომადგენელი გახლდათ გიგა ლორთქიფანიძეც და ის ინტელიგენცია, რომლებიც კრემლის დირექტივებით დაუპირისპირდნენ დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას, როგორც 20-იან ასევე 90-იან წლებშიც! საბჭოთა მწერლები, თეატრალები და მეცნიერები 70-იანი წლებიდან, ახლადგამოჩენილ დისიდენტებს აქტიურად უპირისპირდებოდნენ, როგორც წითელი ცენზურის დუმილის დამრღვევთ. გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ საბჭოთა პოეტმა რეზო ამაშუკელმა გაილაშქრა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინააღმდეგ 1978 წელს პასკვილით – „ღამურები“. ამას(შ)უკელი მძვინვარებდა: „კოსტავა და გამსახურდია სოციალისტურ სამშობლოს ლანძღავენ რადიო „ამერიკის ხმასა“ და „თავისუფლებაში“ო. საფრანგეთში ემიგრირებულმა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა 80-90-ან წლებში ნუგზარ სულაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე დადო პოსტი: „რეზო ამაშუკელი (ანუ ცოცხალი მძორი) იყო „კგბ“-ს აგენტი. „იყოს“-ს ვამბობ იმიტომ, რომ ახლა უკვე მისი აგენტურული რესურსი აღარავის სჭირდება, გარდა საკუთარი გამოჩერჩეტებული თავისა. მისი პირადი კარტოთეკის ასლი 1993 წელს გადმომცა პოლკოვნიკმა გურამ თვაურმა, გადამბირებელის პოლკოვნიკ გივი პოლიკაშვილის თანხმობით. როდესაც ის მოქალაქეთა კავშირის პირველ მოდგილედ ინიშნიბოდა 1993 წელს, პირადად დავურეკე ვახტანგ გოგუაძეს და ავუხსენი, რომ კონტრდაზვერვის სამსა ხურს გააჩნდა მამხილებელი დოკუმენტები მის წინააღმდეგ და არ შეიძლებოდა მისი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. რამდენიმე დღეში ქალაქის უშიშროების სამმართველოს უფროსმა ავთანდილ იოსელიანმა მთხოვა მასალები მისთვის გადამეცა მოკვლევის მიზნით, რის შემდეგაც ის უგზო-უკვლოდ გაქრა, ხოლო ეს მძორი დანიშნა პირველ მოადგილედ. მისი ვერბოვკის სახელია „კაპკანა“. აი, ამგვარი ნომენკლატურული მწერალ-შემოქმედ-მეცნიერთა მიერ იყო მხარდაჭერილი ეროვნული ხელისუფლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება.

 

ნანახია: (2819)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას