"საყვარელო მართლმადიდებელო ქრისტიანებო,
ქრისტე იშვა! ადიდებდით მას!
ღმრთის წყალობით, და მღელვარე წლის მიუხედავად, კვლავ მოვიდა ჩვენი უფლის, ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწაულის დრო. ღმრთის განკაცება
არის საუკუნითგან დაფარული საიდუმლოს აღსრულება, როდესაც, დროის სისავსეში, ანუ კაცობრიობის ისტორიაში ამისთვის ყველაზე შესაფერის დროს, ღმერთი, მის მიერ შერჩეული უბიწო ქალწულისგან, გახდა კაცი, ჩვენი ადამიანურობის თანაზიარი, რათა ჩვენთვის გაეხსნა გზა მის ღვთაებრიობასთან საზიარებლად. ამ წმინდა დროს, არაფერი მსურს იმაზე მეტად, რომ უფრო განვავრცო ეკლესიის ღრმა ღვთისმეტყველება წინამდებარე დღესასწაულთან დაკავშირებით. თუმცა, შებოჭილი ვარ აუცილებლობით, რომ ეს შესაძლებლობა გასული წლის განმავლობაში დაგროვილ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენო. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს წელი საკმაოდ უჩვეულო იყო. ვირუსის გავრცელება, რომელმაც მრავალი სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახი მგლოვიარედ დატოვა; ამას მოყოლილი ჩაკეტვები (ე.წ. ლოკდაუნები), რომლებმაც ისე იმოქმედა ხალხზე, მთელ ერებზეც კი, რომ ამის შეფასება და აღრიცხვა რთულია; დაბოლოს, სულიერ სიბრტყეზე, გავლენა, რომელიც ამ ყველაფერს ჰქონდა ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაზე: დაკეტილი ტაძრები, ნაკლები სამღვდელმთავრო სტუმრობები, და სამოძღვრო საკითხები, რომელთა გამოცდილებაც მანამდე არ გვქონია. ამ საკითხებს უკვე შევეხე ჩემს სააღდგომო და რამდენიმე სხვა ეპისტოლეში. მაგრამ, საჭიროდ მიმაჩნია, რომ ეს საშობაო ეპისტოლეც ამ დაძაბულ გარემოში წარმოშობილ რამდენიმე საღვთისმეტყველო და სულიერი კითხვაზე პასუხის გაცემას და მათ განმარტებას მივუძღვნა. პანდემიამ და მის მიერ გამოწვეულმა ცხოვრების ახალმა წესმა გაურკვევლობის შეგრძნება და ნაწილობრივი შფოთი წარმოქმნა. მდგომარეობას არც საგანგაშო ახალი ამბებისა თუ მოსაზრებების თავსხმა არ შველის, რომელთაგან ზოგი სიმართლეა, ზოგი კი - წმინდა წყლის გამონაგონი. ამ ყველაფერმა ისეთი აზრებიც გააჩინა საზოგადოებაში, რომ იქნებ ყველაფერი რაც გასულ წელს მოხდა, სამყაროს დასასრულის მანიშნებელია, ანუ, რომ ანტიქრისტეს ბატონობა შორს არ არის და ყველა ეს ამაღელვებელი ძვრა, რომლის მოწმენიც ვართ, არის სამზადისი მისი მოსვლისთვის. ბევრ თქვენგანს აწუხებს მსგავსი აზრები და იმხელა მღელვარებას იწვევს, რომ არ შემიძლია აქ მათ განხილვას თავი ავარიდო. უეჭველია, საყვარელო მორწმუნენო, რომ ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ. ეს საიდან ვიცით? წმ. მოციქული პავლეს წერილებიდან. თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში იგი ამბობს, რომ სანამ ურჯულოებას აღვირი აეხსნება და ძე წარწყმედისა განცხადდება დედამიწაზე, მანამდე, ჯერ ჭეშმარიტი რწმენისგან დიდი განდგომილება იქნება, შემდეგ კი, მოაშორებენ „რომელსა- ესე უპყრიეს“ (2 თესალონიკელთა 2:3-7). ორივე ამ ნიშნის აღსრულება გასული ასი წლის განმავლობაში ვნახეთ. დიდი რჯულგანდგომილება მოხდა, ან, ყოველ შემთხვევაში, დაიწყო, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ოდინდელი საპატრიარქო ეკუმენიზმის მწვალებლობაში გადავარდა, ჭეშმარიტი რწმენის ერთგულნი კი მხოლოდ ეპისკოპოსთა პატარა-პატარა ჯგუფები დარჩნენ, მსოფლიოში მიმოფანტულნი თავიანთ მცირე სამწყსოებთან ერთად. ეკლესიის ისტორიას ბევრი ერესის ბატონობა ახსოვს. მაგრამ მღვდელმთავართა, რომლებიც რწმენის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ასეთი ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი (ეს უკვე საუკუნე გრძელდება!) განდგომა იშვიათად თუ მომხდარა. რაც შეეხება „რომელსა-ესე უპყრიეს“, წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს არის რომის იმპერიული წყობა, რომელიც დაადგინა კეისარმა ავგუსტუსმა, რომელმაც გააერთიანა მთელი ხმელთაშუაზღვისპიერთი და რომლის მმართველობის დროსაც იშვა მაცხოვარი იუდეის ქალაქ ბეთლემში. ეს იმპერიული წესრიგი მოქმედებდა როგორც კედელი, რომელიც აკავებდა („უპყრიეს“) „საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ“-ს (მათე 24:15) აღვირის ახსნას. ის უნდა მოშორებულიყო, სანამ ანტიქრისტეს მიეცემოდა ასპარეზი. და ის მოაშორეს კიდეც 1917 წელს, როდესაც ამ რომის იმპერიალური წესრიგის უკანასკნელი წარმომადგენელი, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, ჯერ იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, შემდეგ კი ის წმინდა სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად დახვრიტეს. მაშასადამე, ის ორი ნიშანი, რომელსაც პავლე მოციქული გვაძლევს ბოლო დროის ამოსაცნობად, უკვე მოხდა. თავად ანტიქრისტეს რაც შეეხება, რა ვიცით მისი ბატონობის შესახებ? ვიცით, რომ ის მოვა ზუსტად მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე; ის იქნება მსოფლიოს მმართველი, რომელიც იჯდება იერუსალემში და იბატონებს სამნახევარ წელს. მას სრულად მიეცემა ის ძალა, რომლის მიცემაც შეუძლია ეშმაკს ადამიანისთვის, მაგრამ, ის საკუთარ თავს ქრისტედ წარმოაჩენს და საჩვენებელ სასწაულებს მოახდენს, რათა შეიტყუოს თავის სათაყვანებლად რჩეულებიც კი,ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ვინც მიიღებს მას და ქრისტეს ნაცვლად სცემს თაყვანს, შუბლსა და მარჯვენა ხელზე ამოტვიფრულ მის ბეჭედს მიიღებს (გამოცხადება 13:16). ასევე ვიცით, რომ მას წინ აღუდგება და უარყოფს ორი წმინდანი, ელია და ენოსი, რომელთაც ის მოკლავს (გამოცხადება 11:3-10; წმ. იოანე დამასკელი „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი განმარტება“, თავი 26). მისი ბატონობა იქნება მტარვალური, ის მთელ მსოფლიოს მოიცავს, მაგრამ საბოლოოდ განქარდება მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს, რომელიც მოვა დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშ ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ბოლო ჟამში, რომელიც ნელ-ნელა გზას უმზადებს ანტიქრისტეს ბატონობას. მაგრამ, რა კავშირი აქვს ამას განსახილველ საკითხთან, ანუ პანდემიასთან? ზოგი ირწმუნება, რომ ცვლილებები, რომლებიც პანდემიის შედეგად მთელ მსოფლიოში მოხდა, ამის (ანტიქრისტეს მოსვლის) მანიშნებელია. ვირუსის უცნაური გამოჩენა, რომლის წარმოშობაც, ზოგის თქმით, დამაეჭვებელია; ადამიანთა ცხოვრების მზარდი თვალყურის დევნა და ზედამხედველობა, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლით ამართლებენ; სიმდიდრისა და ძალაუფლების თავმოყრა უაღრესად ძლევამოსილ ადამიანთა მუდამ შეკუმშვადი ჯგუფის ხელში; ვაქცინის დამზადება გასაოცრად მოკლე დროში, რომლის გრძელვადიან მოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს და არ გამორიცხავს მისი გაკეთების დაძალებას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ზოგს ეს კითხვები საფუძვლიანი ეჩვენება, ზოგს კი - შეთქმულების თეორიებად, და ჩემი მიზანი არც ამ, საფუძვლიან თუ უსაფუძვლო, შიშებზე საუბარი, არც რომელიმე მხრიდან მათი განხილვაა. ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი იმაზე, რაც მათ ხორციელ ჯანმრთელობას ეხება. თუმცა, როგორც მწყემსმთავარს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ჩავერთო და განმარტებები გავაკეთო მაშინ, როდესაც ამ ფაქიზ კითხვებზე ჩნდება საღვთისმეტყველო თუ სულიერი პასუხები, განსაკუთრებით, თუ ეს პასუხები მცდარია. ამ საკითხთან დაკავშირებული რელიგიური მსჯელობა ასეთია: რადგან მზარდი საზოგადოებრივი ზედამხედველობა თითქოსდა დაკავშირებულია ანტიქრისტეს მოსვლასთან, ჩვენ ან ცხადად უნდა ვიმოქმედოდ და ჩავერთოთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში, ან გავიქცეთ და დავემალოთ მას. ვაქცინასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ რელიგიურ საფუძველზე უნდა ვიბრძოლოთ, რადგან სწორედ ვაქცინის მეშვეობით მოხდება ხალხზე ურჩხულის ბეჭდის დასმა (გამოცხადება 13:17). ამ ვითომ რელიგიური აზრების განხილვა სოციალურ ქსელებში მსოფლიო მართლმადიდებლობის ბევრ ავტორიტეტულ წარმომადგენელთან ერთად ხდება და მასში, ხშირად დადებითი დამოკიდებულებით, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც ერთვებიან. თუმცა, ასეთ აზროვნებას თავისი ნაკლი აქვს: ის არ არის დაფუძნებული ეკლესიის სწავლებაზე და წმინდანთა ღვთივ-შთაგონებულ სიბრძნეზე. ანტიქრისტეს ბატონობას ვერც თავიდან ავირიდებთ, ვერც შევაჩერებთ, ვერც შევეწინააღმდეგებით ან დავემალებით. დაცემული სამყაროს გეზი ამ დასასრულისკენაა მიმართული, როდესაც ეშმაკი, მიხვდება რა ამ დასასრულის მოახლოებას, სათავეში მოიყვანს თავის რჩეულს, წარწყმედის ძეს, რომელშიც მთელი მისი ბნელი ძალა იქნება თავმოყრილი. ფიქრი, რომ ეშმაკის გეგმისთვის მიმართულების შეცვლა შეიძლება პოლიტიკური ჩართულობით, არჩევნებით, საზოგადოებრივი მზადყოფნით, თუ იარაღის ხელში აღებით ან გაქცევითა და დამალვით, არის სრული უგუნურება. არსად, მაცხოვრის, მოციქულებისა თუ ღმერთშემოსილი მამების სწავლებაში, ბრძოლა ანტიქრისტეს ბატონობის მოსვლის შესაფერხებლად, ან მისგან გაქცევა და დამალვა, არ არის ნახსენები. მოვლენების ეს სვლა წინასწარ არის განსაზღვრული და ვერცერთი ადამიანური ქმედება ვერ შეცვლის მას. როგორ შეიძლება ადამიანური ძალებით წინაღუდგე მას, ვინც თავის ხელში მოაქცევს მთელ ამქვეყნიურ ძალაუფლებას? ან სად დაემალები იმას, ვინც მთელ დედამიწაზე იბატონებს? თუ დღეს თითქმის შეუძლებელია გაექცე მეთვალყურეობას, და თუ დედამიწის ზურგზე თითქმის აღარ დარჩა ადამიანისგან ხელშეუხებელი ადგილი, მაშინ რა არის ფიზიკურად გაქცევის ალბათობა? შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ როგორ გადავიტანოთ ანტიქრისტეს ბატონობა, სხვაგან უნდა ვეძებოთ, და მას ამ ეპისტოლეში მოგვიანებით წარმოვადგენ. აზრი, რომ მხეცის ბეჭედი შეიძლება მივიღოთ ვაქცინით, ან სხვა საშუალებით ჩვენი ნებისა და გააზრების გარეშე და რომ ასე ადამიანი უარყოფს ქრისტეს და მიიღებს ანტიქრისტეს, ასევე არ ემთხვევა ეკლესიის ხედვას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მცდარი აზრები ვრცელდება მხეცის ბეჭდის შესახებ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ფიქრობდა, რომ სავაჭრო ნაწარმის შტრიხკოდები შეიცავდა 666-ს. შემდეგ, ევროს ვალუტა, რომელიც საბერძნეთში 2002 წელს შემოვიდა ხმარებაში, გახდა მისი მატარებელი. ბოლო დროს, ეს პირადობის ბიომეტრული მოწმობა გახდა, რომელიც ესესაა შევიდა ბევრ ქვეყანაში. ახლა, ადამიანი მხეცის ბეჭდით ვაქცინის გაკეთებით მოინიშნება. ყველა ამ აზრის სიმცდარე ის არის, რომ ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანმა შეიძლება უარყოს ქრისტე გაუცნობიერებლად, მისთვის შეუმჩნევლად. ეს სრულიად არასწორია. ადამიანმა რომ ქრისტე უარყოს და ანტიქრისტეს თაყვანისცეს საჭიროა გააზრებული გადაწყვეტილება. მხეცის ბეჭედს რომ რამე ძალა და მნიშვნელობა ჰქონდეს, საჭიროა, რომ ან თვითონ შეიცავდეს ანტიქრისტეს თაყვანისცემის ნათელ ცნობას, ან უნდა იყოს გამორჩეულად ცნობილი როგორც მისი დამადასტურებელი ნიშანი, ისე, რომ თუ ვინმე გადაწყვეტს მის მიღებას, მასაც და ყველა დანარჩენს ეცოდნება, რომ ამ ადამიანმა უარყო ქრისტე და აღიარა ანტიქრისტე. სხვანაირად, თუ ნიშანი იმდენად დამალულია, რომ არც მისმა მატარებელმა და არც გარშემომყოფებმა არ იციან მისი არსებობა, ანტიქრისტეს მიერ ბეჭდის დასმის აზრი საერთოდ იკარგება. მას უნდა, რომ მონიშნოს ხალხი მათ მიერ ქრისტეს, მისი სწავლების, ან მისი მცნებების შეგნებული უარყოფის საჩვენებლად, რადგან მხოლოდ შეგნებულ უარყოფას, ტკივილის შიშით თუ ამქვეყნიური კეთილდღეობის ცდუნებით, შეუძლია დაგვაშოროს ქრისტეს, და ანტიქრისტეს, ხალხისგან, სწორედ ეს შეგნებული უარყოფა სწყურია. ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილების გარეშე, ამ ნიშანს არ აქვს ჩვენი ქრისტესგან დაშორების ძალა და ის კარგავს თავის მნიშვნელობას. როგორც წმ. პავლე მოციქული წერს მშვენივრად თავის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომაელთა 8:38-39). თუ ეს ასეა, როგორ შეიძლება დამალულმა ნიშნებმა, ჩიპებმა თუ ვაქცინებმა დაგვაშოროს ღმერთს, თუ ადამიანი თვითონ საკუთარი ნებით არ დაშორდება მას? მაშასადამე, ნიშანი იმათი აღმნიშვნელი იქნება, ვინც უკვე უარყო ქრისტე და სურს მიიღოს ბეჭედი ამ უარყოფის ნიშნად და არა პირიქით, რომ რაღაც საიდუმლო მონიშნვა გამოიწვევს ადამიანის მიერ ქრისტეს უარყოფას, მისი ნებისა და გააზრების გარეშე. ისინი, ვინც არ წავლენ ქრისტეს ღალატზე, უარყოფენ ანტიქრისტეს და ბეჭედს არ მიიღებენ, საზოგადოებისგან გარიყულები იქნებიან და ვერაფერის ყიდვასა თუ გაყიდვას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, მათი განსჯა, ვინც საიდუმლო ნიშნებს შტრიხკოდებში, მიკროჩიპებში, პირადობის მოწმობებსა და ვაქცინებში ეძებენ და ფიქრობენ, რომ მათ მხეცის ნიშანს შემოაპარებენ და ისინი გაუცნობიერებლად თაყვანსცემენ ანტიქრისტეს, წინააღმდეგობაში მოდიან წმინდანთა ნააზრევთან. წმ. მოციქული პავლე ასევე გვასწავლის, რომ ვინმემ კერპებისთვის შეწირული ცხოველის ხორციც კი რომ შეჭამოს, ეს მას სულიერად არ ავნებს, „ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი“ (1 კორინთელთა 8:4). თავად ამ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღება და ნაკერპავი ხორცის ჭამა ამა თუ იმ დემონის თაყვანისცემის აღსანიშნავად არის ის, რასაც შეუძლია ჩვენი ღმრთისგან დაშორება. ასეთი ხორცის ძალიდატანებით, ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ ჭამაც კი არ ნიშნავს ქრისტეს უარყოფას, როგორც ამას წმ. ირინესა და მისი დების, ქიონიასა და აღაპის მოწამეობიდან ვიგებთ: სისინიუსმა თქვა: „შენ გგონია, შენი დებივით (ანუ წმ. აღაპი და ქიონია) მალე მოკვდები? იცოდე, შენ საროსკიპოში გაგამწესებ, სადაც შეგარცხვენენ და სიძვით წაიბილწები.“ ირინემ თქვა: „იძულების გამო, ჩემი სხეული აიტანს სიძვას, ისევე როგორც ის ტანჯვას უძლებს, და წაბილწვასაც ძაღლივით აიტანს. რაც გინდა ის მიქენი, მაგრამ კერპებს თაყვანს არ ვცემ და ჩემი სული მათით არ წაიბილწება. რადგან არათვითნებური ცოდვა ჩემი ბრალდების საბაბი არ გახდება. განა ძველად წამებულთაგან მრავალი არ იყო წაბილწული თქვენი მსხვერპლშეწირვების სისხლის იძულებით მიღებით? განა უღმერთოება დაეპატრონა მათ, ან მათი სულები ამით ოდესმე წაბილწულან?“ სისინიუსმა თქვა: „თუ ისინი არ წაიბილწნენ ნაკერპავი სისხლის მიღებით, შენ რატომ ამბობ, რომ წაიბილწები?“ ირინემ თქვა: „ისინი არა მარტო არ წაიბილწნენ, მეტიც, მათ გვირგვინები მიიღეს. ნება დაისაჯა, იძულება კი, გვირგვინს უზრუნველყოფს. ბრძანების თანახმად, ისინი ზურგზე დააწვინეს და შებოჭეს; შემდეგ ის საძაგელი სისხლი წყალში გააზავეს და პირში ძალით ჩაასხეს. მათ რომ ეს სისხლი საკუთარი ნებით ეგემათ, ისინი თავის სულებს დაკარგავდნენ; მაგრამ, თუ ეს იძულებით მოხდებოდა, ისინი, პირიქით, გაიწმინდებოდნენ. რადგან ყოველთვის და ყველაფერში ღმერთი ადამიანის ნებას გამოიძიებს.“ როგორც ვხედავთ, ჩვენ ნება-სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული და არავითარ საიდუმლო ნიშანს არ აქვს ძალა ადამიანს ქრისტეს უარყოფისკენ უბიძგოს, ან ის ასეთ განდგომილებაში დამნაშავედ გამოიყვანოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადამიანი საკუთარი ნებით დანებდება. ახლა კი, მივუბრუნდეთ დაპირებულ საკითხს, ანუ, თუ ეს მართლა ბოლო ჟამია და ანტიქრისტეს მოსვლა გარდაუვალია, როგორ უნდა მოვემზადოთ ამისთვის ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები? პასუხი ძალიან მარტივია. შეწყვიტეთ ამაზე ფიქრი და მიენდეთ ღმერთს, რადგან, თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ იყოს? ერთი რამ თვალშისაცემია წმინდანთა ნაწერებში - ისინი ძალიან ცოტას წერდნენ ანტიქრისტეს ბატონობის შესახებ. თავად გამოცხადების წიგნიც, რომელიც ყველაზე მეტ ცნობას შეიცავს ანტიქრისტეზე, ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია, რომელიც საჯაროდ ეკლესიაში არასდროს არ იკითხება. ამ წიგნის განმარტებებიც საკმაოდ იშვიათია. იმას, რომ წმინდა მამები ასე ცოტას წერდნენ ანტიქრისტეს მოსვლასა და ბატონობაზე, თავისი მიზეზი აქვს. მიზეზი კი შემდეგია - როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენ ანტიქრისტეს მოსვლისთვის კი არ უნდა ვემზადებოდეთ, არამედ ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის, იმ დღისთვის, როდესაც ჩვენ წარვსდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაში, გინდ ცოცხლები ვიყოთ, როდესაც ეს დრო დადგება, გინდ - მკვდრეთით აღმდგარნი. რადგან, თითოეული ადამიანი წარსდგება შემოქმედის წინაშე, ან ქრისტესთან ერთად მარადიული ცხოვრების, ან ეშმაკთან ერთად მარადიული სიკვდილის დასამკვიდრებლად. ჩვენი გული და გონება სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მზად ვიყოთ ამ დღისთვის, რომელსაც ვერცერთი ადაიანი ვერ გაექცევა. ამ ჟამთან შედარებით, ანტიქრისტე, მისი ბატონობა და ბოროტი ძალის სხვა დანარჩენი გეგმები, მხოლოდ ჩვენი ყურადღების გაფანტვის საშუალებებია და მეტი არაფერი. ჩვენი მოვალეობაა, ყურადღება არ გაგვეფანტოს. თუ ჩვენ მისი ბატონობის მძიმე დროში მოგვიწევს ცხოვრება, დაე ასე იყოს, ჩვენ გადავიტანთ მას ჩვენი მაცხოვრის შემწეობით, მისი მოსვლის მოლოდინში, და არ ვაღირსებთ ეშმაკსა და მის მსახურებს იმ სიამოვნებას, რომ მათზე უფრო მეტი ვიფიქროთ, ვიდრე ჩვენს მაცხოვარზე. როგორც ჩვენი ნეტარხსენებული უხუცესი მამა პანტელეიმონი ამბობდა, თუ ადამიანი მთელ თავის დროს ანტიქრისტეს მოსვლაზე ფიქრში ატარებს მაცხოვარზე ფიქრის ნაცვლად, ის ანტიქრისტეს უკვე მის მოსვლამდეც სცემს თაყვანს! რადგან, სადაც ჩვენი განძია, იქ იქნება ჩვენი გულიც. და „განძში“ იგულისხმება ყველაფერი, რაც ჩვენს გონებასა და ყურადღებას იპყრობს და თავისკენ იზიდავს. მაცხოვარი სწორედ ამას გვაფრთხილებს, როდესაც ამბობს: „და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ“ (ლუკა 12:11-12). სულიწმიდა ჩვენთან ერთად იქნება, გვანუგეშებს და ჩვენი მეშვეობით ილაპარაკებს კიდეც, თუ ჩვენ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ძალისხმევას გამოვიჩენთ, რომ გონება ქრისტესკენ და მისი წმინდანებისკენ გვქონდეს მიმართული და არა ანტიქრისტესა და მისი გეგმებისკენ. ესე იგი, ანტიქრისტეს მოსვლისთვის მზადყოფნის პირველი წესი ეს არის - ნუ იფიქრებთ ამაზე, არამედ დაამყარეთ თქვენი იმედი ღმერთზე, რომელიც თავისი ერისთვის თავად იბრძოლებს. მეორე წესი არის ჩვენს მაცხოვართან და მის წმინდანებთან დაახლოება, მათთან ურთიერთობის გაღრმავება მოუკლებელი ლოცვით, ფსალმუნებითა და სადიდებლებით, გულში უფლის დიდების გალობით (შდრ. ეფესელთა 5:19) და ამ გზით გაძლიერება რწმენასა და ღმრთის სასოებაში, რომლებიც ამ მწუხარების ჟამის გადასატანად დაგვჭირდება. წმ. ისააკ ასური გვასწავლის, რომ პირველი, რასაც ეშმაკები ცდილობენ ჩვენი ღმრთისგან დაშორებისთვის, არის ჩვენში გულგრილობის დათესვა ეკლესიის საღმრთო მსახურებების მიმართ, რადგან მათ იციან, რამდენი მადლი გადმოიღვრება მათი მეშვეობით და რომ სანამ ადამიანი ღებულობს ამ მადლს, რომელიც უხვად გადმოდის ეკლესიის საღმრთო მსახურებებიდან, ისინი მას გზას ვერ აუბნევენ. იგივე ვრცელდება ანტიქრისტეს მმართველობის ხანაზე. თუ ჩვენ გვაქვს ნამდვილი კავშირი ჩვენს მაცხოვართან, მის ყოვლადწმინდა დედასთან და წმინდანებთან, ლოცვებითა და ვედრებებით გამოწრთობილი ცოცხალი ურთიერთობა, მაშინ, რომც მოგვიწიოს მისი მღელვარე ბატონობის ცეცხლსა და წყალში გავლა, ღმერთი თავად გაგვიყვანს სამშვიდობოს. ჭეშმარიტად, წმინდანები არიან ის მთები, რომლებში გაქცევისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი, შფოთისა და მღელვარების მოსვლის შემთხვევაში (მათე 24:16). შემდეგი ნაწყვეტი წმ. ბარსანუფი დიდის წერილიდან სწორედ ამას განმარტავს: შეკითხვა: შესთხოვე ღმერთს, რომ გვიჩვენოს, სად არის ის წმინდა მთები, რომლებში გაქცევისკენაც მოგვიწოდა (მათე 24:16, მარკოზი 13:14, ლუკა 21:21) გადასარჩენად, და რა სახის მთებია ეს, სულიერია ისინი, თუ ხილული? ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მოვა ჟამი, იქ გავიქცეთ და გადავრჩეთ. პასუხი: მთების შესახებ, რომლებიც ახსენე, უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი არიან წმინდა მარიამ ღვთისმშობელი და სხვა წმინდანები და ის ხალხი, ვინც ასეთ დროს მტკიცედ შეინახავს ღმრთის ძის ბეჭედს. რადგან ის ბევრს იხსნის ასეთი ხალხის გულისთვის; და მისი არს დიდება უკუნისამდე. ამინ. შევექციოთ წმინდანებს, როგორც მთებს, უკეთ გავიცნოთ ისინი, დავუმეგობრდეთ მათ, გვქონდეს მათთან ცოცხალი ურთიერთობა. ამის მიღწევა კი ყოველდღიური მარტივი ღვთისნიერი ჩვევების გამომუშავებით შეიძლება. დასასრულისკენ მიმავალი სამყაროს შემაღონებელი ახალი ამბების ძებნის ნაცვლად, წაიკითხეთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ან პარაკლისი; მხეცის ნიშნის ძიების მაგივრად, წაიკითხეთ თქვენი საყვარელი წმინდანის, ან იმ დღეს მოხსენიებული წმინდანის ცხოვრება; შეთქმულების უახლეს თეორიაზე საუბრის ნაცვლად, მოემზადეთ აღსარებისთვის, დაესწარით საღმრთო მსახურებებს და ეზიარეთ უფლის ცხოველსმყოფელ სისხლსა და ხორცს, რომლითაც ჩვენ მასთან და მის წმინდანებთან მუდმივ თანაზიარებაში ვართ. ხოლო თუ თქვენი სამრევლო ამჟამად ვერ ახერხებს მსახურებების ჩატარებას, გადაიკითხეთ ჩემს სამოძღვრო ეპისტოლეში, სახელად „სიწმინდის კუნძულები“, მოცემული რჩევები. ყველა დროსა და ადგილას, მართლმადიდებელი ქრისტიანები სწორედ ასე ემზადებოდნენ ჩვენი მაცხოვრის მოსვლისთვის და მისი წინმსწრები ნებისმიერი მძიმე ჟამისთვის. დაბოლოს, მინდა ეს შესაძლებლობა შეერთებულ შტატებში მიმდინარე უკიდურესი პოლიტიზაციის შესახებ ორიოდე სიტყვის სათქმელად გამოვიყენო. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულება და არჩევანი და ჩვენი სამრევლოებიც გამონაკლისები არ არიან. ჩვენ ეკლესია ვართ და არა კულტი, რომელიც ბრძანებს, რომ ყველას ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური მრავალფეროვნება სავსებით ბუნებრივია, და სანამ ჩვენი პოლიტკური მდებარეობა არ გულისხმობს ისეთი დებულებების მიღებას, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ეკლესიის სწავლებასთან, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეხედულებები. ასევე, გთხოვთ დაიმახსოვროთ, საყვარელო ძმებო და დებო, რომ მთელი ეს პოლიტიკური ცხოვრება და ჩართულობაც ამ დაცემული სამყაროს ნაწილია დარომ ჩვენ ბევრად უფრო მაღალი, საერთო ერთგულება გვმართებს მეფეთ მეფისა და რომ ჩვენი ჭეშმარიტი მოქალაქეობა ზეციური სამეფოს მოქალაქეობაა. რა პოლიტიკური უთანხმოებაც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთში, ის შეუდარებლად უფრო ნაკლებხარისხოვანია, ვიდრე ის რაც ქრისტეში გვაერთიანებს - წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმოშიშება.
ძალიან გთხოვთ, არასდროს არ აქციოთ პოლიტიკა საცდურად და დაბრკოლების ლოდად თქვენსა და თქვენს დებსა და ძმებს შორის. დაიმახსოვრეთ, როგორ გაღიზიანებასა და გაბრაზებას არ უნდა გრძნობდეთ, როდესაც სხვები თქვენს შეხედულებებს არ ეთანხმებიან, ყველა ეს ამქვეყნიური კამათი და დავა გაივლის, მაგრამ ურთიერთობა თქვენს მოძმე მართლმადიდებელ ქრისტიანთან დარჩება და მარადისობაშიც გაგრძელდება. როგორც წმ. ანტონი დიდმა თქვა: „ჩვენი ცხოვრება და სიკვდილი ჩვენს მოყვასზე გადის. ძმას თუ მოვიგებთ, ჩვენ ღმერთიც შევიძინეთ, თუ ჩვვენს ძმას ვაცდუნებთ, ღმრთის წინაშე ვცოდავთ.“ შემდეგი შემაგონებელი ნაწყვეტი მამა ნიკოლას პლანასის ცხოვრებიდან მომყავს ყველა ჩვენგანის გასამხევებლად, რათა ნაკლებად პოლიტიკურნი გავხდეთ: წირვის დასრულების შემდეგ, რომელიც სამის ნახევრამდე, სამ საათამდე გრძელდებოდა ხოლმე, როდესაც პარაკლისი იკითხებოდა, სახელების დაუსრულებელი მოხსენიებით (მისი მსახურებები ყოველთვის ორმაგ დროს გრძელდებოდა), ის დაღლისგან უკვე გამოფიტული იყო. შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა ოჯახებს, სადაც თავს შინაურად გრძნობდა. იქ სავარძელში მჯდომარე თვლემით ისვენებდა. მის გარშემო შეკრებილნი პოლიტიკას განიხილავდნენ, ყველა თავთავისი შეხედულებებით. დროდადრო ისინი მამა ნიკოლოზსაც ეკითხებოდნენ: „მამაო, თქვენ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც ახლა განვიხილავთ?“ და როდესაც ის გონებას მოიკრეფდა და დაალაგებდა აზრებს, მასაც მოუნდებოდა საუბარში ჩართვა. და ის იკითხავდა: „ვინ არის ახლა სათავეში?“ ანუ, ვინ არის პრემიერ მინისტრი? ხომ ხვდებით, რამდენად ჩახედული იყო ამქვეყნიურ საქმეებში! იქ მყოფები მას პატარა თავზე ეფერებოდნენ, ხელზე კოცნიდნენ და თავს ანებებდნენ. ნეტავ ჩვენ ყველაც ასეთი გულმავიწყები ვიყოთ იმის მიმართ, რაც პოლიტიკაში ხდება, როგორც მამა ნიკოლოზი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სხვანაირია. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თავშეკავება მაინც ვისწავლოთ ამ ღვთისკაცის მაგალითის მიბაძვით. იგი იმის მაგალითსაც გვაძლევს, თუ როგორ ვიურთიერთოთ ჩვენს პოლიტიკურ მაწინააღმდეგეებთან: ერთერთი ოჯახის ეზოში, რომელსაც მღვდელი ხშირად სტუმრობდა, ადგილი ჰქონდა ნაქირავები მეწაღეს, რომელიც კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი იყო. მისი სიძულვილი ყველას, განსაკუთრებით კი - მღვდლების, მიმართ უსაზღვრო იყო. მუშაობის დროს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ხოლმე ბოდვით, თუ საიდან დაიწყებდნენ მისი ამხანაგები მღვდლების დახოცვას. ის ამბობდა: „პირველ რიგში, ამოვხოცავთ ცხოველსმყოფელი წყაროს მღვდლებს.“ და ასე ჩამოუყვებოდა დანარჩენებსაც. როგორც ვთქვი, ის შიგ ეზოში მუშაობდა. მამა ნიკოლოზი, თავისი გულკეთილობით, მიუხალოვდა და თქვა: „საღამო მშვიდობის, შვილო.“ მეწაღემ თავაუწევლად რაღაც ჩაიბუტბუტა. შემდეგ შაბათს, მღვდელმა ისევ უთხრა: „საღამო მშვიდობის, ჩემო ლუკა.“ „საღამო მშვიდობის,“ უპასუხა მან, ისევ თავაუწევლად. მესამე სტუმრობაზე, მამა ნიკოლოზმა ისევ უთხრა: „საღამო მშვიდობის, ჩემო ლუკა; როგორ მიდის შენი საქმეები, შვილო?“ ამან იკადრა, ეთქვა: „კარგად, მამაო.“ მღვდელი მუდმივად სტუმრობდა მას მის სამუშაო ადგილას, სანამ ყინული არ გალღვა. ლუკა ადგა თავისი სამუშაოდან, მღვდელს ხელზე ეამბორა და გვითხრა: „როდესაც მღვდლების დახოცვა დაიწყება, ვეტყვი, რომ მამა ნიკოლოზი არ მოკლან. არა მხოლოდ ვიტყვი, არამედ დავიცავ კიდეც მას.“ მას შემდეგ, როდესაც მღვდელი მოვიდოდა, ის ჩქარობდა მასთან შეხვედრას და მისი ხელის ამბორს. მამა ნიკოლოზმა არც მისი მიდრეკილებები იცოდა, არც კომუნიზე ჰქონდა რამე წარმოდგენა და არც ლუკას გარდასახვა შეამჩნია - ასე გვეგონა. ვინ იცის, რა დაინახა თავისი ნათელმხილველობით? შეგონებებით სავსე რამდენი ქადაგებაც არ უნდა მოესმინა იმ კომუნისტს, ვერცერთი ვერ მოახდენდა მის დამძიმებულ სულზე ისეთ გავლენას, როგორც ამ ჭაღარა მოხუცის გულკეთილობამ, რომელიც ყოველ ჯერზე ფეხსე დგომით მოიკითხავდა, პირვანდელი უპატივცემულობის მიუხედავად. მღვდლის პატარ-პატარა მისალმებებით და კეთილი სურვილებით მან შეინანა. და როდესაც, ცოტახნის შემდეგ, დაავადდა (ქვედა კიდურების ბოლოების პარალიზით) და მოკვდა ოცდაათი წლის ასაკში, ის გარდაიცვალა როგორც კარგი ქრისტიანი... ისე, რომ არავინ არ მოუკლავს. ასეა ეს. თუ გინდათ, რომ გაიტანოთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეწყვიტეთ კამათი, გაიღიმეთ და თქვით: „რამდენადაც ვერ ვეგუები შენს პოლიტიკურ შეხედულებებს, იმდენადვე მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის.“ ასე აწარმოებენ ქრისტიანები თავის პოლიტიკურ ბრძოლებს. გაოცდებით, რამდენ ადამიანს გადმოიბირებთ თქვენი „მართალი პოლიტიკურ საქმისკენ“ ასეთი მიდგომით! აღვსილნი ასეთი ღვთისნიერი აზრებითა და ღვთივსათნო მაგალითებით, შევეგებოთ ჩვენი მაცხოვრის შობას და შევთხოვოთ მას, რომელიც არის მეუფე მშვიდობისა, რომ ჩვენს გულებს მიჰმადლოს სიმშვიდე, რადგან მის მშვიდობას ძალუძს, ნებისმიერი მომავალი განსაცდელი გადაგვატანინოს. ამენ.
საყვარელო ძმებო და დებო, ქრისტე იშვა! ადიდებდით მას!
სიყვარულით ჩვენს მაცხოვარში,
გრიგოლი, ბოსტონის მიტროპოლიტი
შობა."
გამოაქვეყნა გელასი აროშვილმა.
ნანახია: (1355)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას