"რატომ არის საშიში საქართველოს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს ეწოდოს თეოლოგი?
ზოგადად ვის ეწოდებოდა ან რას ნიშნავს იყო თეოლოგი? სიტყვა ,,თეოლოგია'' ბერ. წარმოშობისაა და ნიშავს მოძღვრებას ღმერთზე. ,,თეოს'' - ღმერთი ,,ლოგოს'' - მოძღვრება, სიტყვა, ხოლო ადრინდელი განმარტების თანახმად ,,გონება'', როგორც კოსმოსის არსებითი პრინციპი.
ამ საკითხზე V საუკუნეში წერდა ავგუსტინე იპონიელი: ,,ღვთის არსებობის ახსნა არის თეოლოგია'', ხოლო ეგნატემ უფრო გააღრმავა და თქვა: ,,ვინც სწორი ლოცვა იცის ის არის თეოლოგი''... ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ არათუ ყოველი სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული, თვით ყოველი ქრისტიანი არის თეოლოგი რომელიც სახლსა თუ ტაძარში ლოცულობს. შესაძლოა ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ იცოდეს ისე გულწრფელი ლოცვა, როგორც მდაბალი ერისკაცი ლოცულობს თავისთვის. ამის მაგალითი გვაქვს ფარისევლისა და მეზვერის იგავში.
რა არის თეოლოგია? ან რა ევალება თეოლოგს? თეოლოგისთვის ამოცანა ასე დგას: ისწავლოს, ვინ არის ღმერთი? რა მოძღვრება აქვს მას სამყაროზე? რას გვეუბნება ძველი ნაწერები სიცოცხლესა და სიკვდილზე? სწორედ მსგავს კითხვებს და პრობლემებს პასუხობს თეოლოგი წმინდა წერილისა და ეკლესიის ავტორთა ნაშრომის მიხედვით. ვდაგვართ, დავდივართ თუ ვწევართ ქრისტიანობა ჩვენგან ითხოვს ვიფიქროთ ღმერთზე ანუ, ვიყოთ თეოლოგები. უფალიც ამას ამბობს: ვარსკვლავი, სამყარო, ადამიანი, სასუფეველი თუ ჯოჯოხეთი მოგვითხრობს ღმერთზე ანუ თეოლოგიაზე. ხოლო, ამისთვის პირველწყარო არის ბიბლია, სამყარო და ადამიანი.
ოპონენტები ზოგჯერ ამბობენ, რომ ეკლესიას სულ სამი თეოლოგი ან ღვთისმეტყველი ყავდა, თუმცა ამით გაუცნობიერებლად დიდ ჩრდილს აყენებენ: ოქროპირს, დამასკელს, ათანასე ალექსანდრიელს, მაკარი დიდს, კლიმენტი რომაელს და ა.შ. გამოდის რომ სულ სამი კაცი იყო ვინც შეიძლებოდა თეოლოგად წოდებულიყო, იმის ფონზე რომ გვაქვს უამრავი საეკლესიო კრება, დაიბეჭდა ასეულობით წიგნი, რომ არაფერი ვთქვა იოანე ღვთისმეტყველის გარდა იმ სამ სახარებაზე, რომელთა ავტორებსაც ,,ღვთისმეტყველი'' არ ეწოდებათ ან თუნდაც პეტრესა და პავლე მოციქულს ,,თეოლოგი''.
ერთ საინტერესო ფაქტსაც გავიხსენებ აქვე.
სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს როდესაც კამათი ჰქონდა ეკლესიის წარმომადგენლებთან და სხვა ოპონენტებთან, მას დამცინავად უწოდებდნენ ნეგატიურ კონტექსტში ,,ახალ'' ღვთისმეტყველს, თუმცა მოგვიანებით ეკლესიაში ამ სახელწოდებას პოზიტიური შინაარსი შესძინეს და დამკვიდრდა დღემდე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.
ნებისმიერ კამათს ვფიქრობ ნერვების დაძაბვა და ერთმანეთისადმი გაუგებრობა მოყვება, მაგრამ მომავალი თაობა ვის როგორი სახელით შეიყვანს ისტორიაში ჩვენთვის ნამდვილად უცნობია სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის არ იყოს.
მიხარია, რომ საქართელოს ძალიან განათლებული თეოლოგები ყავს და ღმერთზე, ეკლესიასა და თანამედროვე პრობლემებზე ღიად, თავისუფლად და ღვთისნიერად შეუძლიათ საუბარი."
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (776)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას