logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"საქართველოს ეკლესიას ბოლომდე ამჟღავნებს ,,საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია" , სადაც სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირები სჯიდნენ სამართალს და რომელსაც ხელმძღვანელობდა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ზნედაცემული ადამიანი - იაკობი, რომელიც ამავდროულად ქორეპისკოპოსის უმაღლესი სასულიერო ჴელის მატარებელი იყო.

აღმაშენებლის ისტორიკოსი წერდა, რომ ეკლესიის უღირს მეთაურებს - ,,მათნივე მსგავსნი ჴუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად საღმრთოთა სჯულთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქვეშე მყოფთა ყოველთა", რთულია ამაზე უკეთ შეაფასო დღევანდელი საპატრიარქოს საეკლესიო პოლიტიკა, დიპლომატიური რევერანსების გარეშე უნდა ითქვას, რომ ყველა ამ დანაშაულებათა შესართავი და შესაკრებელი კათალიკოსი ილიაა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ეკლესიის ისტორიაში შეიძლება დარჩეს, როგორც საეკლესიო ინფრასტრუქტურის მინისტრი.

მეუფე იაკობი, რომელიც გულგასასტიკებული პატრიარქის კანონზომიერი ქმნილებაა, მხოლოდ ემბლემური ფიგურაა, შეგვიძლია კიდევ სხვა შემთხვევების გახსენებაც, როდესაც იმ თანამდებობებზე, სადაც უმწიკვლო ქრისტიანული მორალი ყველაზე საშურია, ეკლესიის ადმინისტრაციისაგან ინიშნებიან პირდაპირ კრიმინალები, და ეს ცხადია არის მეტად ნათელი შინაარსის გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორია საპატრიარქოს ზნეობრივი იდეალი...

საინტერესოა რომ ეკლესია ბიუჯეტის გარდა კიდევ ბევრი სხვა წყაროდანაც იხვეჭს სოლიდურ დივიდენდებს, და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ერთგვარი აპოლოგიური ილეთებით გაამართლონ ეს მყვლეფავობა აცხადებენ, რომ ამ თანხებს ეკლესია განათლებისთვის ხარჯავს და რომ 25 მილიონი ბევრს არაფერს წარმოადგენს და ზოგი უნივერსიტეტი და ტელეკომპანია ამაზე მეტსაც კი იღებს, გულისხმობენ ილიას უნივერსიტეტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ რეალურად ეს თანხები არა განათლების საზოგადო საქმეს ხმარდება, არამედ ინდოქტრინაციას და ის გამოყენებულია როგორც ეფექტური ინსტრუმენტი პატრიარქის კულტის კიდევ უფრო ღრმად დაფუძნებისათვის, ერთის მხრივ, და მეორესმხრივ ქსენოფობიის გაღრმავებისათვის.

მათთვის განათლებაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საგანი, მათ ტრიუმფს უნდა ემსახურებოდეს, ამიტომ ჩვენი სინოდის თითქმის ყველა წევრი მაღალ სამეცნიერო და სასულიერო ხარისხს ატარებს, ისე რომ მცირე დაბის ეპისკოპოსიც კი ხშირად მიტროპოლიტის, ანუ დიდი ქალაქის ეპისკოპოსის ტიტულს ატარებს,

სინამდვილეში კი როგორც მათი მაღალი სასულიერო ტიტულები რეალურად მომცრო დაბასღა სწვდებიან, ისე მათი სამეცნიერო ტიტულებიც რეალურად მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ საღვთისმეტყველო ღირებულების არმქონე ფოლკლორულ ჰაგიოგრაფიასა და მდარე ესქატოლოგიას მოიცავენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ქართული ეპისკოპატი თავის მორალსა და ინტელექტს ტიტანურ მასშტაბში წარმოადგენს, ისე, როგორც ლამბერტი წერდა: ,,ამდენი უკეთურების მოქმედ ქართველ მღვდელმთავრებს კიდევ ჰგონიათ სიწმინდით ვერ შეგვედრებიან სხვა ერთა მღვდელმთავრებიო".

ხორცის თანამეინახედ ქცეული მათი სული ცდილობს ყველა გარეგანი ატრიბუტით მოირთოს და კერპებით გაავსოს სარდაფის შმორივით ამყრალებული თავისი შინაგანი სიცარიელე, და ასე ხდება მათზე ზედმიწევნით სახარების სიტყვები - გარედან თეთრად შეფეთქილი საფლავები ხართ, შიგნით კი სავსე უწმინდურებით.

ერთი ძველი წყაროს გადმოცემით ქართველთა ქვეყანაში დიდი პატივისცემით მხოლოდ უხვად შემკული კერპები სარგებლობდნენ, ამიტომაც ქურუმები ცდილობდნენ სხვადასხვა ძვირფასი ქვით შეამკოთ კერპი, ეს მოვლენა ჩვენს ნაციონალურ მითოლოგემად იქცა, დღესაც კი, ჩვენს თვალწინ, ახალი აღთქმის მღვდლობის ნიღაბქვეშ საპატრიარქოს წარმართი ქურუმები პატრიარქის კერპს ნაირნაირი მორთულობით ამკობენ, რათა მისი მრავალფეროვანი კულტი ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქის გულსა და სულს იპყრობდეს, ისე, როგორც სერაპისის კერპი, რომლის მიმდევრებიც ქრისტიანებს ემუქრებოდნენ, რომ კერპის ხელყოფის შემთხვევაში აპოკალიფსი დადგებოდა, იგივე გზა აურჩევიათ საპატრიარქოს ქურუმებსაც, რომლებიც კრიტიკაზე სწორედ აპოკალიფსით იმუქრებიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამბედავმა ქრისტიანებმა კერპი შემუსრეს, აპოკალიფსის ნაცვლად მათ კერპის ნამუსრევებში ჩაბუდებული ვირთხების გუნდი იხილეს, ,,უწმინდესის კულტის" დამხობისას იგივე სურათს იხილავენ ჩვენი თვალები, რადგან ,,ვერავინ შექმნის წმინდას უწმინდურისაგან", მრავალნი ძლიერნი ამა ქვეყნისანი ცდილან ხრწნილებას ოქროში გახიზვნოდნენ, მაგრამ საბოლოოდ დიდებულ სამარხზე მეტს ვერაფერს იღებდნენ, ,,უწმინდესის" საფლავზეც ბევრი ოქრო დახვავდება, მაგრამ ის დიდების ნაცვლად საღვთო შურისგებას მოაწევს, როგორც ღვთისმეტყველებს მოციქული, უსამართლოდ მონახვეჭი ,,თქვენი ოქროს ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეგჭამთ"."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (566)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას