"ამერიკის დამფუძნებელ მამებს პრაქტიკულად ყველა ადამიანური სისუსტე ჰქონდათ გათვალისწინებული, ალბათ საკუთარ და ოპონენტთა ქვეცნობიერი ვნებების ანალიზის მეშვეობით. ბოლობოლო, ყველა მათგანი მოხალისე მქადაგებელიც იყო შეთავსებით. იცნობდნენ ხალხს.
ამიტომ და ასე შეიქმნა კონსტიტუციისა და სახელისუფლებო შტოების ისეთი სისტემა, რომლის დაძლევას ვერცერთი მარტოკაცი ვერ შეძლებს და ვერც შეძლო აქამდე.
ერთადერთი, რასაც ვერ გათვლიდნენ მაშინ, სოცქსელებისა და მედიის ზეგავლენა იქნებოდა ალბათ. ლოგიკურად შეუძლებელი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც უინტელექტო უსაქმურსა და ძალიან ჭკვიან ადამიანს თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდათ გავლენა მოეხდინათ ადამიანთა უზარმაზარ მასებზე. თამაშის წესები შეცვალა ახალმა "ბაბილონის გოდოლმა" -ინტერნეტმა.
სოციალური ქსელები ტრიბუნა გახდა თითოეული ინდივიდისთვისაც და ინდივიდთა გაერთიანებებისთვისაც. თავისუფალ სამყაროში ასეთი ტრიბუნების მონოპოლიზაცია ვერ იმუშავებს, რადგან თავისუფალ სამყაროს ფინანსური სივრცის კანონებიც აკონტროლებს და მარკეტინგს თავისი კანონები აქვს; როგორც კი ჩნდება მოთხოვნილება, მაშინვე ჩნდება მიმწოდებელიც.
არაფერი ახალი არ ხდება ამერიკაში ამიტომ. ადამიანთა საზოგადოების განვითარებამ ხელოვნური ინტელექტის ფაზაში გადაინაცვლა ნელნელა და შესაბამისად, ახალი რეალობა შექმნა პოლიტიკაშიც. "გამარჯვებულთა" ეიფორიისა და "დამარცხებულთა" ბოღმის ზეობისას არასოდეს ხერხდება მშვიდი ანალიზის გაკეთება. ამერიკელი პოლიტიკური სწავლულები ყოველთვის ისტორიას იშველიებდნენ და იშველიებენ, როდესაც მიმდინარე რეალობის დეკონსტრუქციას ცდილობენ. ასეც უნდა იყოს. ადამიანთა ქვეცნობიერი უცვლელი მუდმივაა; მხოლოდ ცნობიერებისთვის იცვლება დეკორაციები ახალ რეალობაში.
პოლიტიკური აიწონა-დაიწონა მუდამ ჰკარგავს ბალანსს, ერთ უკიდურესობას მეორე მოსდევს, მაგრამ მერე, სახიფათო "სიმაღლეების" მიღწევისას ცენტრისკენ მიდის და ბალანსდება საბოლოოდ. ასე რომ არ მოხდეს, ამოყირავდება და იმიტომ.
ჯიმი კარტერს რეიგანი მოჰყვა, კლინტონს- ბუში, ბუშს- ობამა, ობამას - ტრამპი.
რადიკალური განსხვავების აღმატებითი გრადაცია აშკარაა. და ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ მსოფლიო პოლიტიკის იდეოლოგიური პრინციპები ნელნელა გაქრა. სოციალიზმ-კომუნიზმი სრულიად სხვა ფაზაში გადავიდა და კაპიტალიზმმა იგი ფინანსურ პარტნიორად აქცია. ამიტომ, დღეს უჭირს ამერიკას იმის გააზრება, თუ ვინ არის მისთვის კომუნისტური ჩინეთი, მტერი? პარტნიორი? ...
ბაიდენი შეგნებულად შეარჩია ამერიკის გაერთიანებულმა პოლიტიკურმა "ისტაბლიშმენტმა" გამარჯვებულად; ცენტრისტი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ერთგვარი შეხების წერტილად. რამდენად შეძლებს ბალანსის მიღწევას ასაკოვანი პრეზიდენტი და რამდენად გაუძლებს საკუთარი და ოპონენტი პარტიის უკიდურეს რადიკალთა დაწოლას, გამოჩნდება. ბოთლიდან გამოშვებული ჯინი არც ისე ადვილი ჩასაჭირხნია უკან.
კიდევ ერთი გამოცდა აქვს გასავლელი დამფუძნებელ მამათა მიერ შექმნილ უნივერსალურ ინსტიტუტს. გაუძლებს ახალი რეალობის ლოგიკას?
ალბათ... უნდა..."
წერს ზურაბ გურული.
ნანახია: (855)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას