logo.png

 

George Tiginashvili

 

გილოცავთ შობას!

"ის, იშვა არა საიმპერატორო სასახლეში, ან სამეფო რეზიდენციაში, არამედ გამოქვაბულში, იქ სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს ერეკებოდნენ;

ის, იშვა არა დიდგვაროვნული, არისტოკრატული ან სამეფო შტოს მემკვიდრეობითი ხაზითა და რეგალიით, არამედ უბრალოებითა და გლეხური სისადავით აღსავსე დურგლისა და უბიწო ქალწულის ოჯახში;

ის, საკუთარი განკაცების პირველმხილველებად ირჩევს არა მეფეს, სენატორს, პროკურატორს, ასისთავს ან ცენტურიონს, არამედ ჩვეულებრივ და ღარიბ მწყემსებსა და ჭეშმარიტების მაძიებელ, თუნდაც შეცდომილ მეცნიერებს (ვარსკვლავთმრიცხველ მოგვებს);

ის, მოწაფეებად ირჩევს არა ფილოსოფოსებს, მწიგნობრებსა ან სწავლულ მეცნიერებს, არამედ მოკრძალებულ და ხელმოკლე მეთევზეებს, რომელთაც სულიერება არასოდეს უქცევიათ ცოდნის ჯალათად;

ის, მოდის არა კონსერვატიული იდეების პოპულისტური ლოზუნგებით, არამედ ცოცხალი რწმენის შუქით, სადაც მუდმივი დინამიკა, ე.ი. ზეაღსვლა და პროგრესირებაა წარმოდგენილი, რის გამოც ტრადიციონალისტმა ფარისევლებმა, სადუკევლებმა და მწიგნობრებმა სჯულის დამრღვევადაც კი გამოაცხადეს იგი;

ის, არის არა რაღაც ზნეობრივი გმირი, მორალისტი მოძღვარი ან რიგორისტი ავტორიტეტი, არამედ თავად სიცოცხლე, სიყვარული და მუდმივი იკონომია, რის ფონზეც მანამდე არსებული იურიდიული მიდგომებისა და მკვიდრი სტერეოტიპების რევოლუციური გაუქმება მოახდინა;

ის მოვიდა არა მცნებათა უპირო აღსრულების მოთხოვნით, არამედ შვილობრივი ერთგულების სანაცვლო დაპირებით, რაც ცხრა ნეტარების სახით აღგვითქვა;

ის, საკუთარი თავის ჯვარზე მიჭედებით, როგორც ადამიანი ისე ამარცხებს სატანას და არსად არ იყენებს მასთან ბრძოლაში ღვთაებრივ ძალმოსილებას;

ის, როგორც თავად ჭეშმარიტება თავის ძალას ავლენს მუდმივი დევნისა და შევიწროვების პირობებში, სადაც თავგანწირვას ახლავს არა აგრესია, არამედ ზემიწიერი სიხარული, სადაც სიკვდილზე მიდის არა სხვისი განადგურების მოტივით, არამედ თვითშეწირვით;

ის, არასდროს არ სჯის არავის და არ ავლენს დესპოტურ ძალაუფლებას, არ ზღუდავს არჩევანის თავისუფლებაში, არ რიყავს, არ აჩენს სტიგმებს, იარლიყებსა და კლასობრივ დანაწევრებას, არამედ ცხონების პერსპექტივაში აერთიანებს და ათანასწორებს ყველას (მეფესაც და მონასაც) რასის, წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად;

ის, არ ქადაგებს პოლიტიკურ (ამსოფლიურ) თეოლოგიას, ეპანაგოგას, კლერიკალიზმს, ეკლესიის ტრიუმფალიზმსა და პაპოცეზარიზმს, არამედ კლასიკური სეკულარიზმის უპირველესი მომხრეა, რადგან "მისი მეუფება ზეცაშია" და "ჩვენ არაამსოფლისაგანნი ვართ"!

ის, არც ანარქისტული და ასოციალური გზავნილების კულტივატორი არ არის, რადგან "კეისარს კეისრისას" მიაკუთვნებს და "ყოველი ხელმწიფების" ღვთის მიერ დადგინებაზე მიგვანიშნებს (რომ. 13-ე თავი);

ის, ამაქვეყნის დემონურ სულს ებრძვის არა ბოროტებაზე - ძალისმიერი წნეხით, არამედ სიკეთის გამრავლებით და მოციქულებსაც ვითარცა "მგელთა შორის ცხვრებს" იმგვარი თვინიერებით მოუხმობს და მოუწოდებს ადამიანთა გულების მონადირების გზაზე;

ის, თავის მოციქულებსა და მრევლს მამის სჯულის სწავლებებს უპატივცემულობით კი არ უქარწყლებს, არამედ უფრო ამაღლებული, სრულყოფილი და დახვეწილი სახით სთავაზობს;

ის, მხოლოდ ისტორიის კონკრეტულ პერიოდში კი არ ავიდა ჯვარზე, არამედ მუდმივად კვდება და ჩვენც, სწორედ ამ ტრაგიზმის თანამონაწილეობის მეშვეობით მასთან ერთად აღდგომას გვიქადის;

ის, ადამიანს განსჯის არა დასაწყისიდან, წარსულიდან ან აწმყოდან, არამედ ბოლოდან, ანუ სიცოცხლის უკანასკნელი წამის დროს, გულის მდგომარეობის მიხედვით (იგავი "მეთერთმეტე ჟამის მუშაკზე. მათე 20-ე თავი);

ის, ითხოვს არა პატივს, კერპულ ბუკ-ნაღარასა და რიტუალიზმს დამონებულ განდიდებას (სადაც ღმერთი საშუალებაა ხოლმე ზოგჯერ და არა მიზანი), არამედ გულისმიერ აღიარებას და თავისუფლებაში გაკეთებულ გონივრულ არჩევანს ჩვენგან, სადაც მორჩილების საფუძველი სიყვარულია და არა იერარქიული სუბორდინაცია.

ის "უძღები შვილის", იგავური ისტორიით, გვიჩვენებს მამის დიდსულოვან დამოკიდებულებას, მოთმინებასა და ღირსებას, სადაც კვლავინდებურად თავისუფალი ნების პატივისცემა და სხვისი არჩევანის შეუვალობა დგას წინ და არა პატივისა და ძალაუფლების უპირატესობა;

ის, იგავით "მოწყალე სამარიტელზე" გვიჩვენებს, რომ უფალთან არ არის გარჩევა, მიკერძოება და კორპორატიული გაგება სიყვარულსა და სიკეთეში;

ის, გვასწავლის არა სენტიმენტალურ და მშვინვიერ სიყვარულს, არამედ უყვედრელი ვნებით (უანგარობითა და თავდადებით) სავსე გააზრებულ სიყვარულს, სადაც ინტინქტებზე, იმპულსებსა და ხიბლისმიერ ემოციებზე მაღლა დგას ამ უზენაესი სათნოების ასკეზა, სადაც არა ვალდებულება, არამედ გულის მიძღვნა, ჩუქება და გაცემაა მთავარი მდგენელი;

ის, გვიწოდებს არა მონებს, არამედ მეგობრებს, შესაბამისად გვაძლევს მაგალითს თუ როგორ განვიმსჭვალოთ სხვისადმი;

ის, ყოველთვის მიდის ვინმესთან შესახვედრად და არასდროს ვინმეს წინააღმდეგ და ამას იქმს ისეთივე სიჩუმითა და უხმაურობით, როგორადაც გარდამოხდა ზეციდან;

დიახ, აი ასეთი ტკბილი, თბილი და მამობრივია ჩვენი უფალი! ჩვენ კი ხშირად მას ცილს ვწამებთ და ვაბრალებთ ჩვენეულ, ცოდვიან თვისებებს (რაც მისი ბუნებისთვის აბსოლუტურად უცხოა), ვიყენებთ შურისძიების იარაღად, სხვაზე მორალური უპირატესობის სადემონსტრაციოდ, მოყვასზე დასამუქრებლად და გვავიწყდება, რომ ის მარტივი ზეარსია; თუ მას ვიტკივლებთ და მივბაძავთ - ვცხონდებით, რამეთუ მხოლოდ აღიარებით იუდაზე უკეთესი ვერ გახდები, თუ შენი წილი ჯვარი (ღვაწლი) არ იტვირთე!

გიხაროდენ, მეგობრებო! ჩვენი ქრისტე ნამდვილი, ცოცხალი და ჭეშმარიტია! დიდება სულგრძელებასა და მოთმინებასა მისსა. ამინ."

გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (640)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას