logo.png

 

Vladi Narsia

 

"„შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა ჰმსახურებდეს, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო...“

ქრისტეშობას გილოცავთ!

შობის ტროპარი კიდევ ერთხელ გვახსნებს წარუვალ ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, რომ ცოდნა მხოლოდ ქრისტესთან ერთად არის სინათლე; ამ ცოდნის გარეშე რიტუალური მსახურება არის მაგია; ქრისტე სიმართლის სიმბოლოა!

ვცხოვრობთ კი ამ ფიქრებით?

ქრისტიანული დღესასწაულის მიზანი მის შინაარსში ჩაღრმავებაა. ღრეობა და მუცელღმერთობა შეურაცხჰყოფს დღესასწაულის არსს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფრო კარგად გამოგვდის ვიდრე პასუხისმგებლიანი ფიქრი და ქცევა, მაშინ როცა ქრისტიანული იდეალების ერთგულება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენი საზოგადოების ბეჩავი და სავალალო ყოფის ერთ-ერთი მიზეზი უპასუხისმგებლო ქცევა და ქრისტიანული იდეალების ფეხქვეშგათელვაა, თორემ, განა შეიძლება წარმოვიდგინოთ ქრისტიანული საზოგადოება, სადაც ბავშვებისა და უმწეოთა შიმშილიანობის კატასტროფული მაჩვენებელია; სადაც ყოველდღე გვესმის მკვლელობების შესახებ და საგანგაშო მაჩვენებელია თვითმკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით; ქვეყანაში უსამართლოდ დაჩაგრულთა და სიმართლის მაძიებელთა ხმა უნუგეშოდ ისმის ათეული წლებია; დისკრიმინაციას და ძალადობრივ სიშლეგეს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით; ცბიერება და ტყუილი ცხოვრებისეულ ნორმად და ყოველდღიურ საკომუნიკაციო ენად არის ქცეული; ჰუმანური ღირებულებების და პრინციპებისადმი ერთგულება დასაცინია; თუ კერძო ან საჯარო სექტორს უსამართლობის, კორუფციის ან ნეპოტიზმის შესახებ მიუთითებ “ჯიგრულ პონტში“ გიპასუხებენ, რომ შენი ადგილი ჩვენ შორის არ არის, მაშინ როცა ამ ადამიანების უმრავლესობა თავს ქრისტიანად მიიჩნევს; და რაც ყველაზე საგანგაშოა, სამღვდელოებიდან უმრავლესობამ “ჭილოფი“ საერთოდ გაიხადა და ვისაც აცვია ჩუმად დადის, თითქოს ბოროტების წინააღმდეგ ხმის ამოღება სირცხვილი და ქრისტიანულად საძრახსი იყოს.

დავით მეფე ამბობს: “სამართლმა და მშვიდობამან ამბორს-უყვეს. ჭეშმარიტება ქვეყანით აღმოცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა“ (84. 11-12). ებრაელების ეს წმინდა წინაამძღოლი ჯერ კიდევ ძველ აღქმაში ასწავლიდა, რომ თუ ჭეშმარიტებაში ცხოვრება გსურთ ამისთვის ხელის განძრევა დაგჭირდებათო. ჭეშმარიტება რომ მიწაზე “აღმოცენდეს“ ამისთვის უნდა გაისარჯოთ, რადგან მხოლოდ გარჯით მოგეცემათ ზეციური სიმართლე. ეს მოწოდება კიცხავს სიჩუმეს, გულზე ხელდაკრეფით ჯდომას, ორპირობას და ყვარყვარეობას. და რაც მთავარია, ეს ებრაული თეონომიის პრინციპი წარმოადგენს თანამედროვე პარადიგმასაც დემოკრატიის ფუძემდებლური დოქტრინის გასააზრებლად, რომ სამართალზე დაფუძნებული თანასწორუფლებიანი საზოგადოება შენდება ყველას პასუხისმგებლობით ყველას მიმართ; ყველას თანაგრძნობით ყველას მიმართ. ილიაც იგივეს გვასწავლის - თუ სოფლისთვის არ ზრუნავ მკვდარი ხარ და ცოცხლად არ იხსენებიო. ქართველისთვის კი უბრალო სიცოცხლე რა საკადრისია, ჩვენ ხომ მიწაზეც და ცაშიც ყველაზე ნამდვილ და ხარისხიან სიცოცხლეზე გვაქვს პრეტენზია - “წილხვდომილ სიცოცხლეზე“, ცოდვები რომ არ გვახრჩობდეს და მწარედ გვახსენებდეს თავს:

· დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ერთხელაც არ ანუგეშა პატრიარქმა. ასეთი შეუბრალებლობა და სიცივე პატრიარქისაგან საგანგაშო სულიერ სიმპტომებზე მიუთითებს. მისივე გამოცხადებით რამდენიმე დღეში რომ მეორედ მოსვლას იქნება ნეტავ რა პასუხს გასცემს ჯვარმცლემებისთვისაც ჯვარცმულ მაცხოვარს, მის მიერ უარყოფილი და სნეული დეკანოზის შესახებ?

· მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ყოველგვარი განსჯის გარეშე, სინედრიონის უკანონო სამართლით აღმოჩდა “განდობილთა ჯგუფს“ გარეთ. საზოგადოება დღემდე ითხოვს პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე - ცოდვის მთქმელი თუ ცოდვის მქმნელი?

რატომ არიან დასჯილნი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო დასიდან პატიოსანი იერარქები, რომლებიც მხოლოდ ვითარებაში გარკვევის მიზნით სვამდნენ კითხვებს? ასეთი სამართალი სძაგს უფალს, რომლისთვისაც ამბობს დავით წინასწარმეტყველი: “უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.” (2. ნეშტ. 19.7)

· თავმდაბლობის და მიტევების მაგალითებს უპირველესად იერარქები უნდა გვაძლევდნენ. თქვენში კი ბოდიშის მოხდა “გრეხია“! ათიათასობით ადამიანი მიენდო თქვენს ქადაგებებს, რომ თითქოსდა “კორონა და მორონა ქრისტიანს ვერაფერს დააკლებს“, მაგრამ მრავალი მსხვერპლის შემდეგ პატიების ნაცვლად უტიფრად იმართლეთ თავი. ეს გაუგონარი შეპყრობილობაა!

· რუის-ურბნისის ეპარქიაში მონაზონთა შორის დაპირისპირებამ უკიდურესად მძიმე ხასიათი შეიძინა. ნაცვლად სიყვარულისა მონასტერის საძმო ერთმანეთს მოსაკლავად გადაემტერა და ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა. ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, ორჯერ ტყუილის შემდეგ, გვარწმუნებდა რომ მონაზვნების ქცევა გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო რადგან ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. როგორც ჩანს ეპისკოპოსმა არ იცის, რომ ღმერთი არ დუმს უსჯულოების წინაშე და სრულებითაც არ ჰგავს მას და მის მსგავს ეპისკოპოსებს: “შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაჲ და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკუვასა...ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო? გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.“ (ფს.49. 17-21)

· ერთი ცნობილი მღვდელი გვატყობინებს, რომ “გოგოების ნაწილი სოციალურ ქსელში მწერს, რომ ჩემთან სექსი უნდათ“. სანამ დროა ამ სახელოვან მღვდელს აღსარების ჩაბარების უფლება უნდა ჩამოერთვას, ვიდრე გოგონებთან შეხვედრის შემდგომ ამბებს მოგვიყვება. როგორც იტყვიან სატირალია! სატირალია, რადგან საეკლესიო საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ საეკლესიო სასჯელი შურისგებაა და არცხვენს ქრისტიანს. სინამდვილეში კი, საეკლესიო სასჯელის (ეპიტიმია) გარეშე არ არსებობს კურნება და განახლება. ეპიტიმია პედაგოგიური და თერაპიული დანიშნულებისაა და იგი ეკლესიაში ერთმანეთზე ზრუნვის და სიყვარულის აღსრულებისთვის არის დადგენილი. ასე აღსრულდება ღვთის ნება და არა მოჩვნებითად, სასულიერო პირების ყალბი მხილებით - წინამძღვრობიდან გადაყენებით; მღვდელმოქმედაბის აკრძალვით და ა.შ.. ერთი ეპისკოპოსი ამ ყალბი წესების გამო თავს უსამართლოდ დასჯილადაც მიიჩნევდა, რადგან თვლიდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია რაც მის “კოლეგა ეპისკოპოსს“ არ აქვს ჩადენილი, მაგრამ “შერჩა“. იგივეა დაბალ იერარქთა განწყობაც - ჯერ ჩემზე ცოდვილი ეპისკოპოსი დასაჯეთ და შემდეგ მე-ო. ასე გამრავლდა ცოდვა ეკლესიაში და დღეს უკვე სათნოებაზე ბატონობს, სიმართლის მთქმელს უჯანყდება და მტრად აცხადებს.

· საბჭოთა წარსული მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს საპატრიარქოს. სამწუხაროდ, ამ ცოდვის აღიარება და სუკ-თან თანამშრომლობის დაგმობა დღემდე არ მომხდარა. ლატენტურად ამ თანამშრომლობაზე მოწმობს კარტოგრაფების საქმეზე სასულიერო პირების სურვილები ორი მეცნიერის სისხლისამართლებრივი წესით დასჯასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეკლესია ყველგან და ყველაფერში, მიზეზებისა და გარემოებების მიუხედავად სიყვარულს, მშვიდობას, მიტევებას და შერიგებას უნდა ქადაგებდეს. მხოლოდ ამ გზით შეძლებს იგი სახარებისეული უწყების აღსრულებას დედამიწაზე.

· ამბობენ, ბოროტების სათავე გაუნათლებლობაშიაო. მაგრამ, უფრო დიდი დილემის წინაშე ვდგავართ, რადგან ეკლესიაში გაუნათლებლობა განათლებად არის აღიარებული. და პირიქით, სწორი განათლება ბოროტებად ითვლება! მაგალითად, თუ მოსაზრება - „ებრაელები კლავდნენ ქრისტიანებს და ეს ურწმუნო მოდგმა დღემდე მტრობს ეკლესიას... მათ აქვთ მეფის კარზე გავლენები“ გაჟღერებულია საპატრიარქოს განათლების განყოფილების სამსახურის უფროსის მიერ, უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი წინააღმდეგობა ბოროტებად და ეკლესიაზე შეტევად განიხილება. მეტიც, საპატრიქარქოს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების დაწესებულებას ხელმძღვანელობს პირი, რომელიც მრავალგზის არის მხილებული სტუდენტების მიმართ ძალადობასა და ღირსებისშემლახველ მოპყრობაში. სამწუხაროდ, აღნიშნული სასულიერო პირი ლაბილური ფსიქიკის და მერყევი ხასიათის, მოცემული გარემოსათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანია. ამ შემთხვევაშიც ზემორე ფორმულა მუშაობს - ვინც პროტოპრესვიტერს წინააღმდეგობს გაუწევს ბოროტი და ეკლესიის მტერია.

ისევ წინასწარმეტყველი: “სამართლმა და მშვიდობამან ამბორს-უყვეს. ჭეშმარიტება ქვეყანით აღმოცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა“.

ღმერთო, როდის აღმოცენდება შენი ჭეშმარიტება და როდის მოეცემა ზეციდან შენი სიმართლე ?"

ნანახია: (720)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას