"ამ სტატუსის გამო რამდენიმე ადამიანმა წამშალა მეგობრობიდან შარშან... ახლაც შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ.
პატრიარქო, მე ვერ დავაყენებ თქვენს ფოტოს ფეისბუქის პროფილის ფოტოდ, ან ფრეიმად: ,,მე მიყვარს ჩემი პატრიარქი". ვერც სახლში ჩამოვკიდებ იმ ოთახის კედელზე, სადაც დროდადრო და პერიოდულად უცხო თვალები შეიხედავენ და განცვიფრდებიან ჩემი მორწმუნეობით. უფრო მეტიც: ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი მოძღვარი ხართ, ერის მამა, რომლის ფოტოს ქვეშ აზრად არ მომივა გულის და ,,ამინ"-ის წერა. და საერთოდ, არ ვთვლი დიდ აუცილებლობად, რომ მე თქვენ მიყვარდეთ ( პატივისცემას- რა თქმა უნდა). თქვენ მაშინ ჩაუდექით სათავეში ქართულ ეკლესიას, როდესაც მე ბავშვი ვიყავი. მას შემდეგ მე თქვენ აღგიქვით, როგორც ერთი თანამდებობის პირი, რომელსაც ჰქონდა განუზომელი სასულიერო და საერო(ც) ძალაუფლება და რომლის კვერთხის ქვეშაც იჩოქებდნენ ადამიანები. მუდამ შორიდან და ზერელედ ვადევნებდი თვალს თქვენს არსებობას და თავს არ ვიდანაშაულებდი იმაში, რომ არ მიყვარდით, თუმცა არც ახლა...
ალბათ იმიტომ, რომ მე მშიერი ბავშვის თვალებში უფრო ვხედავ ღმერთს, ვიდრე თქვენს ოქროს გვირგვინში, მე ახალგაზრდა, სიკვდილთან მებრძოლ, უსახსრობის გამო განწირულ სიმსივნიან გოგო-ბიჭებში უფრო ვხედავ ღმერთს, ვიდრე თქვენს ოქროს ჯაჭვებსა და ჯვრებში. მე მაღაროში მომუშავე გამურულ, დაღლილ, ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის მებრძოლ ადამიანებში უფრო ვხედავ ღმერთს, ვიდრე თქვენს გაზულუქებულ მღვდელმთავრებში. მითხარით, რომ არაფერი იცით ჩვენი სულიერი გადაგვარების შესახებ, ჩვენი სულების საჭეთმპყრობელო და მაშინ შეგიყვარებთ. მითხარით, რომ არც თქვენ და არც ღმერთს არ სჭირდება ჩვენი ფასადური თაყვანისცემა და მაშინ შეგიყვარებთ. მითხარით, რომ გაღიზიანებთ ისტერიული, ხავილამდე მისული ფანატიზმი და მაშინ შეგიყვარებთ. მითხარით, რომ არ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება და მაშინ შეგიყვარებთ.
მაპატიეთ, რომ მე თქვენზე მეტად ღმერთი მიყვარს და ერთმანეთში ვერასოდეს ამერევით. მაპატიეთ, რომ ერთ ჩვეულებრივ მოკვდავად გთვლით, ცოდვებით სავსე მოკვდავად, რომელსაც გტკივათ თქვენი ცოდვები. მაპატიეთ, რომ ასეთი კადნიერი ვარ და ვბედავ გამხილოთ და არ გაგაღმერთოთ.
და მაინც... ჩემი და ჩემისთანების უბრალო, მარტივი, ჩუმი სიყვარული გერჩიოთ, რომელიც უფრო მართალი მგონია, ვიდრე ათასობით ქვამომარჯვებული ღრმად მორწმუნისა, რომლებმაც ტაძრებიდან დიდი ხანია ღმერთიც კი გააძევეს."
წერს ნანა ბეკოშვილი.
ნანახია: (1469)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას