1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობით. ოჯახი ამ ვერსიას დღემდე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, ორი დის შემდეგ ზვიადი ოჯახში მესამე ბავშვი იყო. ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თითქმის ბავშვობიდან იწყება. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 80-იანი წლების ბოლოს იწყება ეროვნული მოძრაობა, რომლის უპირობო ლიდერები ყოფილი დისიდენტები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ.
1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა მერაბ კოსტავა. დღემდე ბოლომდე გარკვეული არ არის ავტოავარია შემთხვევითი იყო თუ დაგეგმილი. მერაბ კოსტავას გარდაცვალებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ეროვნულ მოძრაობას. მწერალი როსტომ ჩხეიძე წერს, რომ როდესაც ზვიად გამსახურდიას მერაბის სიკვდილის ამბავი შეატყობინეს, დაეცა და კარგა ხანს ვერ წამოდგა.
1991 წელს ზვიად გამსახურდია ხმების 87,03 პროცენტით აირჩიეს პრეზიდენტად. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სამოქალაქო ომს, რასაც ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთში გახიზვნა მოჰყვა თან დაერთო აფხაზეთის კონფლიქტიც. გამსახურდია ამ დროს ისევ ჩამოვიდა საქართველოში, ამჯერად სამუდამოდ. „დრო მოვიდა და დავბრუნდი. აღარსად წამსვლელი აღარ ვარ. მირჩევნია აქ თქვენს შორის ვიყო და თუ გარემოება მოიტანს, თქვენ შორის მოვკვდე“, - განაცხადა ზუგდიდში გამართულ მიტინგზე.
1993 წლის 31 დეკემბრის ღამეს სამეგრელოს მაღალმთიან სოფელ ძველ ხიბულაში ყველასგან მალულად შეფარებული პირველი პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს.
ნანახია: (890)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას