საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი
,,ბაქოს რუსული ეპარქიის სახით აზერბაიჯანში არსებობს ძალა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს გარეჯზე, და რომელიც აქვეყნებს რუკებსა და სტატიებსაც, სადაც გარეჯი ალბანეთის საზღვრებშია მოქცეული“ - ამბობს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ამ ეპარქიიდან თბილისში ჩამოსული დელეგაცია, ისტორიული ჰერეთის, იგივე საინგილოს ქართული სამრევლოების ბაქოს რუსული ეპარქიისთვის დაქვემდებარებას მოითხოვდა.
რუსეთის ეკლესიის მიერ ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად არის გამოცხადებული დავით გარეჯი, გურჯაანი თუ ბოდბე. ექსპერტებისთვის თვალნათელია, რომ მოსკოვი ნოყიერად კვებავს მითებს და მეზობლებს შორის განხეთქილებასაც ელოდება.
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის საზღვრები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა და, შესაბამისად, საქართველომდეც მოდის.
თუმცა ეს საზღვრები კიდევ უფრო ფართოვდება, როდესაც რუსეთის ეკლესია ცდილობს გააძლიეროს აზერბაიჯანელების რწმენა - რომ ისინი ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეები არიან. ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში გურჯაანი და ბოდბეა მოხსენიებული.
ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიას რუსეთის პატრიარქ კირილის ხელდასხმული მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე ხელმძღვანელობს. ეპარქია აზერბაიჯანშია დაფუძნებული და, თეოლოგების აზრით, იქ მოსკოვის ინტერესების პირდაპირი გამტარებელია:
,,საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მათი წინამძღოლობის კანონიკური უფლება აქვს სამეზობლოს ყველაზე ახლო ქვეყანაში მოქმედ ეკლესიას. ამ წესის შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა ჰქონდეს ეპარქიები გახსნილი როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, მაგრამ ეს ასე არ არის.
აზერბაიჯანში ამ მხრივ ყველაფერს რუსეთის ეკლესია განაგებს და პრეტენზიებითაც გამოდის. ის თავს ალბანური ეკლესიის სამართალმემკვიდრედ აცხადებს და ისტორიული ალბანეთის საზღვრებს ისე ხაზავს, რომ მასში შედის გურჯაანიც, ბოდბეც და დავით გარეჯიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
2018 წელს, ვრცელი წერილი გაავრცელა მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ. მოსაზრება "აზერბაიჯანში ქართული ეპარქიის დაარსების შესახებ" - სწორედ ამ საფრთხეებზე და პრობლემებზე მიუთითებს და დეტალურად განიხილავს საკითხის წარსულს, აწმყოსა და შესაძლო პერსპექტივას: [http://meufeanania.info/azer/]
მეუფე ანანია წერს: ,, 1998 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსეთის საპატრიარქომ დაარსა ბაქო–კასპიისპირეთის ეპარქია, რომელსაც 2010 წელს (აზერბაიჯანში რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილის ვიზიტის შემდეგ) ეწოდა სახელი-„ბაქო–აზერბაიჯანის ეპარქია”, ის აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სამართლებრივად ცნო.
ოფიციალური ცნობით, ბაქო–აზერბაიჯანის ეპარქიის საზღვრები ემთხვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებს. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა სამართლებრივად ცნობს, რომ აზერბაიანში არსებული საინგილო–ჰერეთის ქართული სამრევლოები აღნიშნული რუსული ეპარქიის იურიდიქციაში შედიან.
ჯერ–ჯერობით ამ ქართულ სამრევლოებში რუსულ ეპარქიას არ ჰყავს დანიშნული თავისი სასულიერო პირები, თუმცა, უკვე აწამოებს შესაბამის თეორიულ–სამეცნიერო მუშაობას და ამზადებს შესაბამის ფონს.
მაგალითად, ბაქო–აზერბაიჯანის ეპარქიის ოფიციალური ვებ–გვერდის https://baku.eparhia.ru მიხედვით აზერბაიჯანის რუსული ეპარქია არის სამართალმემკვიდრე ალბანეთის ეკლესიისა, რომელიც, ისტორიულად არსებობდა აზერბაიჯანში.
საგანგაშო ისააა, რომ რუსული ეპარქიის ოფიციალური შეხედულებით არა მხოლოდ კახის, ზაქათალასა და ბელაქანის რაიონების, არამედ, ბოდბის, გურჯაანის, დავით–გარეჯას ეკლესია–მონასტრები თითქოსდა ალბანური ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ, და შესაბამისად, მათზე მას აქვს სამართლებრივი უფლება, მაშინ როცა აღნიშნული ეკლესიები მუდამ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ.
შესაბამისად, მზადდება თეორიულ–სამეცნიერო საფუძვლები რათა აღნიშნულ სამრევლოებში, რომელნიც ამჟამად აზერბაიჯანში მდებარეობენ, სამომავლოდ დაინიშნონ რუსი ღვთისმსახურები. ამის ნიშნებს ამჩნევენ საინგილოდან ჩამოსული პირებიც.
საბოლოოდ, ჩვენი თვალსაზრისით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად სასურველია ჩვენმა ეკლესიამ აზერბაიჯანში მოიპოვოს ის სამართლებრივი უფლებები რაც ამჟამად იქ აქვთ რუსულ და სომხურ ეპარქიებს.
თქვენო უწმიდესობავ, როგორც ცნობილია, ამჟამინდელი პრაქტიკის შესაბამისად, იმ სახელმწიფოში სადაც არ არსებობს ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია მსოფლიოს მართლმადიდებელი ავტოკეფალურ ეკლესიებს უფლება აქვთ დააარსონ თავიანთი ეპარქია.
მაგალითად, ამ პრაქტიკის შესაბამისად დააარსა რუსეთის ეკლესიამ თავისი ეპარქია აზერბაიჯანში, ამ პრაქტიკას ჩვენც ვიყენებთ და დავაარსეთ ქართული ეპარქიები უცხოეთში.
მსგავსადვე, სამომავლოდ სასურველია დაარსდეს საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის ეპარქია, რომელიც მოიცავს მთელ აზერბაიჯანს და არა მხოლოდ საინგილოს.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ მთელ აზერბაიჯანს?
ჩვენ თუ აზერბაიჯანის მთავრობას ვთხოვთ საშუალება მოგვცეს, რომ საათანადო ყურადრება მივაქციოთ მხოლოდ საინგილოს სამრევლოებს, აზერბაიჯანი სამართლებრივად ვერ შეძლებს ამ თხოვნის აღსრულებას, რადგანაც მისი სამართლის სისტემა ითვალისწინებს მთელ სახელმწიფო ტერიტორიას და არა მის ერთ–ერთ ნაწილს, მაგრამ თუკი ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოს ეკლესიაში შემავალ ახალ „აზერბაიჯანის ეპარქიას”, მის მიმართ აზერბაიჯანში გავრცელდება იგივე უფლებამოსილება, რაც ვრცელდება საზოგადოდ ამ შემთხვევაში, ანუ აზერბაიჯანი მას ისეთივე უფლებებს მიანიჭებს, რაც აქვთ მაგალითად იქაურ რუსულ და სომხურ ეპარქიებს."
,,დიდ შეცდმას წარმოადგენს მე-20 საუკუნის ისტორიკოსთა გამოკვლევები ამ მხარეების იურიდიქციასთან დაკავშირებით. მათი მცდარი დასკვნით მიიჩნევა, რომ ბოდბე, გურჯააანი, დავით გარეჯა და მაჟამინდელი საინგილო, თითქოსდა შედიოდა ალბანეთის ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბამისი რუკა (ალბანეთისა) დევს ქართულ ვიკიპედიასა და საინტერნეტო სივრცეში. სწორედ ასეთი არასწორი შეხედულების გამო აზერბაიჯანულ წრეებში მიიჩნევა, რომ არა მხოლოდ დავით-გარეჯა და საინგილო, არამედ ბოდბე, ყვარელი და გურჯაანიც კი ალბანეთში შედიოდა და შესაბამისად მათზე თავისი სუვერენული უფლება გააჩნია მათ მხარეს, რადგანაც მიაჩნიათ რომ აზერბაიჯანი არის ალბანეთი ისტორიისა და კულტურის სამართალმემკვიდრე."
,, თვით მოსკოვის საპატრიარქოც კი მიიჩნევს, რომ ბოდბე, გურჯაანი, დავით-გარეჯა და საინგილო ალბანეთში შედიოდა, რაც კარგად ჩანს მოსკოვის საპატრიარქოს ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის ვებ გვერდის რუკასა და ტექსტში, რომელი ზემოთაა მითითებული.
აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიას უფლება აქვს თავის იურისდიქციაში მოაქციოს აზერბიჯანის მართლმადიდებელი მოსახლეობა. ანუ ის თანდათანობიოთ საინგილოს ქრისტიანებსაც ჩამოაშორებს საქართველოს საპატრიარქოს.
მოსკოვში დასტამბული ცნობილი „პარავასლავნაია ენციკლოპედიაც“ ასევე მიიჩნევს, რომ ალბანეთის საკათალიკოსოსო მოიცავდა ბოდბე-გურჯააან-დავიტ-გარეჯა-საინგილოს, რაც უდიდესი შეცდომაა, რაც საფრთხეს შეუქმნის მრევლს სამომავლოდ." - დასძენს მანგლელი ეპისკოპოსი.
სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, დასკვნის სახით წერია:
1. დაარსდეს საქართველოს საპატრიარქოში შემავალი აზრბაიჯანის ეპარქია, ცენტრით ბაქოში, რომელიც გააერთიანებს თავის სამრევლოში აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ ქრისტიანებს.
2. სასწრაფოდ, საისტორიო საზოგადოებამ ერთობლივად იფიქროს თუ როგორ გამოასწოროს მე-20 საუკუნის ქართველ ისტორიკოსთა შეცდომა, როელთაც ბოდბე-გურჯაან-დავით-გარეჯა-საინგილოს რეგიონი მიაკუთვნეს ალბანეთს."
გამოყენებული მასალა:
ნანახია: (930)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას