logo.png

 

Tamaz Lomidze

 

""საშინელი წინასწარმეტყველება, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი" ან "ათონელი ბერის საშინელი წინასწარმეტყველება" ან კიდევ "უხუცესი ბერის საიდუმლო წინასწარმეტყველება იმაზე თუ რა მოხდება მალე" და ბევრი ამგვარი. რამდენჯერ წაწყდომიხართ ინტერნეტში ასეთ ფსევდო-ქრისტიანულ ჩანაწერებს. ძირითადად სახელიც კი არაა ხოლმე ნახსენები ამ "უხუცესი, იდუმალი ბერის" თუ "დიდი წმინდანის", მაგრამ, გულუბრყვილო ქრისტიანი ხალხი ამას კითხულობს, იჯერებს და არეული აქვს გზა-კვალი.

ქრისტიანებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ძველ აღთქმაში რჩეულ ერს ჰყავდა სამი ცხებული ძალაუფლება (ცხებული ნიშნავს ღვთისაგან ანუ სულიწმინდისგან ცხებულს): მღვდლები, წინასწარმეტყველნი და მეფენი. ამათში ცხადდებოდა ღვთის ძალა და ნება. მაგრამ, არცერთ კაცს ისრაელში არ შეეძლო სამივე ძალაუფლება ჰქონოდა ერთად. მხოლოდ მესიაში ანუ იესო ქრისტეში შეერთდა ეს სამივე - მღვდელიც, მეფეც და წინასწარმეტყველიც. სახარებაში ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს მისი მეორედ მოსვლის წინა პერიოდის, თავად მეორედ მოსვლის და ამ სამყაროს დასასრულის შესახებ (იხ. მთ. 24, მკ. 13, ლკ. 21). გარდა ამისა ამაღლებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კუნძულ პატმოსზე ქრისტე გამოეცხადა მოციქულ იოანეს და განუცხადა ყველაფერი ხილული სამყაროს აღსასრულის შესახებ. ესაა ბიბლიის ბოლო წიგნი - აპოკალიფსი ანუ იოანეს გამოცხადება. ეს წიგნი ასრულებს წმინდა წერილს. ამ წიგნის შემდეგ აღარ არსებობს წინასწარმეტყველება. ბერძნული სიტყვა "აპოკალიფსი" ნიშნავს საბურველის გადახდას და ამ ბოლო წიგნში უფალმა საბურველი გადახადა ადამიანებისთვის ყველა საჭირო ცოდნას ამ ქვეყნის დასასრულის შესახებ და რაც საჭირო და სასარგებლო იყო ჩვენთვის, კიდევაც დაიწერა იოანეს მიერ. იოანე ასე ამთავრებს ამ გამოცხადების წიგნს და შესაბამისად მთელ ბიბლიასაც და ესაა გაფრთხილებაც ჩვენთვის: "თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ (ამ წიგნის სიტყვებს), ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში." (გამ. 22, 18-19)

ყურს ნუ ათხოვებთ "იდუმალი უხუცესი ბერების" და "უცნობი წმინდანების" ზღაპრებს. ყველაფერი რისი ცოდნაც საჭირო და სულისთვის სასარგებლოა, საბურველგადახდილია შვილებისთვის და დაწერილია ბიბლიაში."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (881)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას