"ერთი წუთით წარმოვიდგინოთ. ის ხალხი, რომლებიც შევარდნაძეს მიემხრნენ და პუტჩში მიიღეს მონაწილეობა, ის ხალხი, რომლებმაც დაუჯერეს შევარდნაძეს და გადაემტერნენ ზვიად გამსახურდიას, ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც დაურიგეს იარაღი და წამალზე დასვეს, ის ჯარი, რომელსაც მეთაურობდნენ პუტჩისტი გენერლები და ერთი ხელის მოსმით აოხრებდნენ საქართველოს, რომ დადგომოდნენ გვერდში საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, კანონიერ ხელისუფლებას, რომ ყოფილიყვნენ კანონმორჩილები, რომ არ გამხდარიყვნენ რუსული დივერსიული გეგმის ნაწილი, დავკარგავდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს? რა თქმა უნდა არა!!!
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, დასამარდა შევარდნაძის შავ-ბნელი ეპოქა და ქვეყანამ დაიწყო ფეხზე წამოდგომა. გაძლიერდა ეკონომიკა. დაიწყო აღმშენებლობა. 2008 წლის ომი რომ არა, ჩვენი სამშობლო დღეს პირველი იქნებოდა რეგიონში კი არა, ვფიქრობ სრულიად ევროპაში. მაგრამ არა, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ... კარგად მახსოვს, ომის დროს, როგორ არ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო ცოცხალ ჯაჭვში მაშინდელმა ე.წ. ოპოზიციამ და როგორ დაუპირისპირდა სააკაშვილის ხელისუფლებას. ესეც ხომ რუსული ნარატივი იყო, როგორც ბრძოლა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ. ხაზგასმა ერთი იყო. მტერი ყოვეთვის იყენებდა და იყენებს ადგილობრივ გამყიდველ, მოღალატე ძალებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ შედეგს ყოველთვის აღწევს.
და ისევ ჭკუა ვერ ვისწავლეთ! ხალხი დააბრმავა ბიძინამ კი არა, ბიძინას მილიარდებმა!!! ბიძინა სულაც არ აინტერესებდათ... აინტერესებდათ ბიძინას მილიარდები. გაზარმაცებულ, მარად ჟამს სხვის ხელების შემყურე, უნიათო, მედროვე, უპასუხისმგებლო ხალხს მოუნდა სხვის ხარჯზე მუქთად ცხოვრება... ხალხის განწყობა და ფიქრი ბრწყინვალედ იცოდა და იცის ბიძინამ. არ დაიზარა და დაპირდა დაბრმავებულ ხალხს მუქთა ფულს! რუსეთის დაზვერვის ხემძღვანელის, რუშაილოს მეგობარმა ბიძინამ თუ არ იცის, აბა ვინ იცის უკეთესად ხალხის მოსყიდვა, გაბითურება, მოტყუება და სალამურზე დაკვრით უფსკრულისკენ წაყვანა... ახლა უფსკრულში ჩაცვენილები კნავიან, მაგრამ მათი კნავილი ბიძინას არ ესმის...
და ისევ ჭკუა ვერ ვისწავლეთ! კოლაბორაციონის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მხოლოდ ერთ საკითხზე შეიძლება, - ხელისუფლების გადადგომაზე და კოალიციურ მთავრობის შექმნაზე. დანარჩენი ყველაფერი დროის გაწელვაა და ბიძინას წისქვილზე წყლის დასხმაა, რადგან ბიძინას წისქვილის გარეშე, ოპოზიციის წისქვილიც გაჩერდება."
წერს რევაზ კემულარია.
ნანახია: (1261)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას