როგორც პრაქტიკამ დამანახა, 5-10 წლის წინ გამოქვეყნებული ჩემი წერილების უმრავლესობა დღესაც აქტუალურია. მიზეზი?.. ფანჯარაში გაიხედეთ – გარეთ არაფერი არ იცვლება... თანამედროვე ბოლშევიკები კვლავ ,,კლასობრივი ბრძოლის სამართლიან რისხვას” არიან მიცემულნი.
ბოლშევიზმი – ეს გახლავთ ლენინური ჭირი, რომლის არსი მარტივია: ყველგან რევოლუციური ცეცხლის დანთება, დროის, პოლიტიკური ვითარებისა და სხვა ისტორიული რეალიების გათვალისწინების გარეშე; ბოლშევიზმის სახელმძღვანელო პრინციპია: ,,ვინც ჩვენთან არ არის, ის მტერია, მტრები კი უპირობო განადგურებას ექვემდებარებიან!“
– ბოლშევიკი ხარ, როდესაც გძულს ,,ნაცი“ და მის გადაშენებაზე ოცნებობ;
– ლენინელი ხარ, თუ გეზიზღება ,,ქოცი“ და მისი განადგურება შენი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს;
– ბოლშევიკი ხარ, როდესაც სპორტსმენების, ხელოვანებისა და ექიმების პროფესიულ მოღვაწეობას, პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით აფასებ;
– ლენინის ჭეშმარიტი ჯარისკაცი ხარ, როდესაც ,,მოწინააღმდეგე ბანაკის“ რიგით წევრებს – ე.ი. შენს თანამემამულეებს – ,,ჯალათებად“, ,,ავადმყოფებად“ ან ,,ბნელებად“ მოიხსენიებ;
– ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, როდესაც მათგან, ვინც შენს შეხედულებებს არ იზიარებს, ,,მტრის ხატს“ ჰქმნი და ,,რუსეთის აგენტებად“ აცხადებ...
ზოგადად კი, ,,პატრიოტიზმის“ ნიღაბქვეშ, მხოლოდ შენს დაუნდობლობასა და სიძულვილს მალავ და სხვა არაფერი!
ამ მორალური ტვირთის გარდა, შენი ზიზღი სრულიად ირაციონალურია. როგორ უნდა მოახერხო ,,ნათელი მომავლის აშენება“... ან თუნდაც მინიმალური წინსვლა, როდესაც მოსახლეობის ნახევარი მტრებად გყავ გამოცხადებული და ებრძვი? ეს ხომ აბსურდია...
ზემომოყვანილიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – შენ ადამიანებიც გეზიზღება, ქვეყანაც ფეხებზე გკიდია და მხოლოდ ბოლშევიკური სიძულვილი და საკუთარი ინტერესი გამოძრავებს.
მოკლედ, მეგობარო, ნუ იქნები 21 საუკუნის ლენინელი – ეს სამარცხვინოა!
P.S.
ღმერთის ღიმილი: მგზნებარე რევოლუციონერისა და მებრძოლი უღმერთოს – ვლადიმერ ულიანოვის ,,წმინდა ფიტული“ მავზოლეუმშია გამოფენილი და მას ათეულობით წლებია მიწაც კი არ იღებს.
გაითვალისწინე დიდი ბელადის გამოცდილება...
ზ.ო. – 2020, ნოემბერი
ნანახია: (1185)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას