logo.png

 

Tamaz Lomidze

 

"განა რაც ოთხ სახარებაშია მოთხრობილი, იმაზე მეტი არ მოუხდენია და უთქვამს იესო ქრისტეს? ბევრად მეტი, იმდენი, რომ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ხატოვნად ამბობს, ყველაფერი რომ დაწერილიყო, ქვეყანა ვერ დაიტევდაო აღწერილ წიგნებს (ინ. 21,25). მაგრამ ის საქმენი და სწავლებანი, რომელიც სულიწმინდის კარნახით გამოკრიბეს და დაწერეს მოციქულებმა, ჩვენი რწმენისთვის დაიწერა და ამიტომ აუცილებელად საცოდნელი და გასააზრებელია ისინი ჩვენი გადარჩენისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა არჩევნებში გამარჯვებულ და დამარცხებულ, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შესთავაზა, მოდით ჩვენთან ეკლესიაში, ჩვენთან გაარჩიეთ საქმე და ჩვენ დაგეხმარებით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაშიო. კარგი სურვილია თითქოს, ვერაფერს იტყვი ერთი შეხედვით, მაგრამ არის კი ასეთ მიწიერ საქმეებში ჩარევა ქრისტეს მოძღვრებასთან თანხმობაში? არის ეს ეკლესიის საქმე?

იცით, რომ ქრისტესაც სთხოვა ერთმა კაცმა ამქვეყნიური საქმის გარჩევა. ლუკა მახარებელი აღწერს ამ ამბავს. როცა უქადაგებდა უფალი მოწაფეებს და ეუბნებოდა, რომ არ შეეშინდეთ, რადგან ვერაფერი დაიმალება ღმრთის წინაშე, მოვიდა მასთან ერთი კაცი და სთხოვა: უთხარი უფალო ჩემს ძმას, გამიყოს მემკვიდრეობა. როგორც სჩანს, მამის დანატოვარი ქონება მთლიანად მიითვისა ხარბმა ძმამ და ახლა დაზარალებული ძმა სთხოვს იესოს, გაარჩიოს ეს მემკვიდრეობის საქმე და მისი ავტორიტეტით აიძულოს ხარბ კაცს ქონების გაყოფა. იესო უარს ამბობს ამ მიწიერ საქმეში ჩარევაზე და პასუხობს: "ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?" (ლკ. 12, 14) და იქვე იწყებს მათთვის სწავლებას, რომ ერიდონ ანგარებას, სიხარბეს და მომხვეჭელობას. ეუბნება მათ იგავს კაცზე, რომელმაც საწყობები გამოავსო სურსათით და ეგონა მთელი ცხოვრება დროსტარებაში გავატარებო და მეორე დღეს ამოართვეს სული. და ამბობს უფალი ამბობს: "ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის." (ლკ. 12, 21) ასევე ამბობს: "ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი." (ლკ. 12, 15) და ასევე: "ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს (მატერიალური საჭიროება) მოგეცემათ თქვენ." (ლკ. 12,31). იმ მომხვეჭელ და ხარბ ძმას უფლის ეს სიტყვები რომ მოესმინა და ერწმუნა, ხომ მიხვდებოდა თავის დაცემულ მდგომარეობას და ხომ თავისთავად გადაწყდებოდა ძმების დავა?

ზუსტად ასევე, არც ეკლესიის მსახურების საქმე არაა კონკრეტული მიწიერი, ქონებრივი ან პოლიტიკური საქმეების გარჩევა. ეკლესიის მსახურს თუ შეუძლია ქრისტეს მოძღვრება უნდა უზადოდ და შეუცდომლად უქადაგოს ადამიანებს და ვინც მოისმენს და შეისმენს უფლის სიტყვას, თვითონ მიხვდება კიდეც, როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის ამქვეყნიური საქმე."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (845)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას