logo.png

ჯიბგირული „დიპლომატია“ და რაინდული კოდექსი

"წარმატების მიღწევა ნებისმიერ საქმეში მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ არაორდინარული სიტუაციების შიშს დაძლევ. როდესაც უცნობ, განუცდელ პრობლემას წააწყდები, საკუთარი პრინციპებისა და ლოგიკის თანამიმდევრულობა არ უნდა დაკარგო. ეს არის ერთადერთი გზამკვლევი, რომელიც ბურუსიდან გაგიყვანს.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო შფოთავს ქართული ოპოზიცია. - ერთპარტიულ პარლამენტს შექმნის „ოცნება“ და დავიღუპებითო -. - უცხოელი პარტნიორები ვერ გაგვიგებენ, თუ კომპრომისების ძებნას არ დავიწყებთო -; ა.შ. და ა.შ.

განსაკუთრებით დასვლურად განათლებული ახალთაობელნი შფოთავენ. ბუნებრივიცაა. მათ კლასიკური დასავლური პოლიტიკა და დიპლომატია აქვთ ნასწავლი. შესაბამისად, ცდილობენ ევროპულ-ამერიკული უნივერსიტეტების აუდიტორიებში შეძენილი ცოდნა რეალობაში გამოიყენონ. სწორედ აქ იწყება ის ტრაგიკომიკური გაუგებრობა, რომელიც მათ მუდმივ ფიასკოს განაპირობებს. ეს არის რეალობიდან, კონტექსტიდან ამოვარდნა.

უბრალო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, წარმოიდგინეთ თბილისელი ჯიბგირების ბანდასთან დაპირისპირებამ მოგიწიათ და თქვენ მათ კლასიკური რაინდული დუელი შესთავაზეთ ურთიერთობის გასარკვევად. გამხიარულებული ჯიბგირები ჯერ მწარედ დაგცინებენ, მერე ლაზათიანად გჟეჟავენ და ამით დამთავრდება რაინდული კოდექსის შესახებ თქვენი ბრწყინვალე განათლების დემონსტრირებაც.

ზუსტად ასეთი კომიკური სიტუაცია იქმნება, როდესაც საქართველოში ამჟამად არსებულ პარაკრიმინალურ, რუსულ ყაიდაზე შექმნილ რეჟიმთან დასავლური პოლიტიკისა და დიპლომატიის საშუალებით შეეცდები საქმის მოგვარებას. მახსენდება ყირიმის ოკუპაციის დროს CNN-ის რეპორტაჟები, სადაც უდახვეწილესი დასავლური პოლიტკორექტულობით „გამოუცნობი წარმოშობის მწვანე კაცუნებს“ უწოდებდნენ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებს მანამ, სანამ ოკუპაცია არ დასრულდა.

საქართველოში სახელმწიფო მიტაცებულია. ეს არის ფაქტი და ეს ფაქტი უკვე აღნიშნა პროგრესულმა მსოფლიომ. თუ ვინმეს სურვილი ექნება შემეკამათოს ამაში, მაშინ პატიოსნად გასცეს პასუხი ერთ შეკითხვას: - ვინ წყვეტს საქართველოში პრეზიდენტის, პრემიერის, მინისტრების, ნებისმიერი პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, არჩევნების შედეგებს, „დიდი სოლოლაკელი“ თუ ქართველი ხალხი?

ვისაც პასუხად „ქართველი ხალხი“ აქვს, ნუღარ მოცდება; აქვე შეუძლია დაასრულოს კითხვა და გააგრძელოს ბედნიერი არსებობა წარმატებულ და აყვავებულ ქვეყანაში.

დანარჩენებისთვის კი გავაგრძელოთ ლოგიკური მსჯელობა. თუ 8 წელია უკვე, რაც სახელმწიფო მიტაცებულია და ერთი პირი წყვეტს ყველა უზენაეს სახელმწიფო პრობლემას, მაშინ გამოდის რომ პარლამენტი არათუ ერთპარტიული, ერთკაციანი ყოფილა აქამდეც. თუ ზემოაღნიშნული „სოლოლაკელი“ ისევ შეინარჩუნებს თავის პარლამენტზე სრულ კონტროლს, ესეიგი გაგრძელდება ერთპარტიული ისტორია და ოპოზიციური სპექტრი ისევ ბუტაფორიული ანტურაჟის როლში მოგვევლინება, ოღონდ ახალი მსახიობებით, რომლებიც ხან გაილახებიან, ხან მაგიდაზე შემდგარები იკივლებენ, ხან უაზრო კომისიებს შექმნიან და ასე გააგრძელებენ „ძველ ვოდევილებს“. ამ პათოლოგიური სპექტაკლის შეწყვეტა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება, უნდა შეწყვიტო მასში მონაწილეობის მიღება. კი არ უნდა შეხვიდე სათამაშოდ, კი არ უნდა იმსახიობო, სცენიდან კი არ უნდა ეცადო რეჟისორთან ხმალაობას, არამედ არ უნდა ითამაშო! ეს არის აქსიომა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება!

- ძალიან მაგარი დიპლომატია ლავროვიო - განაცხადა ფრანგული დიპლომატიური სკოლის კურსდამთავრებულმა საქართველოს პრეზიდენტმა. რატომ აღფრთოვანდა მადამ პრეზიდენტი უბილწესი და უცინიკურესი მიზანთროპის „დიპლომატიით“?

იმიტომ, რომ ლავროვს შეუძლია უხეში ძალით საკუთარი რეალობის შექმნა და მერე იმ რეალობის მუშტით შეტენვა „რაინდულ კოდექსზე“ გაზრდილი „ჰალსტუხიანი პეპლებისთვის“. ბრუტალურმა ძალამ ვნების აღძვრა იცის ზოგჯერ და ...

რუსულ თარგზეა მოჭრილი ის რეალობა, რასაც კლასიკური ქართული პოლიტიკა უპირისპირდება დღეს და თუ მუშტს მუშტს არ დაახვედრებს, ისევ ისე გაილახება ქუჩის კანონებზე გაზრდილი ჯიბგირის მიერ, როგორც აქამდე, თანაც, დაცინვა ახლა უფრო მწარე იქნება.

„ქუჩას“ მართლა ცოდნა სჭირდება. იქ მარტო ხარ და თავად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. იქ არა აქვს მნიშვნელობა რა გირჩიეს სახლში თუ სასწავლებელში ინტელიგენტმა ბიძიებმა და დეიდებმა; არცერთი მათი დარიგება არ გამოგადგება. „ქუჩაში“ მხოლოდ შენი სიმამაცე, სიმართლე, გონება და მუშტი გაქვს; მეტი არაფერი!"

წერს ზურაბ გურული.

ნანახია: (779)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას