logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

"ნაკურთხი წყლით რომ მდინარეები დააყენეს თბილისსა და რეგიონებში, მერე ეგეც არ ეყოთ და მთ.ეპ. იაკობი ,,ზეცად აღიტაცეს" ვერტმფრენით, აქაოდა კორონა ვირუსს მხოლოდ ასე დავამარცხებთო, სად არიან ეს ხალხი ახლა? კეკელიები, ჯაღმაიძეები და სხვები? ნაკურთხი წყლის მოქმედებას თუ გაუვიდა ვადა, გაიმეორეთ მაინც.

ააა, ჯერ ლოქ-დაუნის გამოცხადებას ელოდებით ალბათ, რომელსაც ავტომატურად მოყვება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება და მერე შეაშველებთ თქვენც ხელს ჭყუმპალაობით და დაიბრალებთ, აი, ჩვენი ლოცვის შედეგად ვირუსი შეკავდაო.

უკვე 2 სასულიერო პირი, ჯამში ათასამდე გარდაცვლილი და 100 ათასზე მეტი ინფიცირებული გვყავს. ნუთუ იმ 100 ათასიდან ეკლესიის წევრი არცერთი არაა? ნუთუ , არც ეპ.ლაზარე, ან მ. შიო არ იყო ამ ეკლესიის წევრი?

სად არის პატრიარქად მომუშავე ილია მეორე, ახლა წირვებზეც აღარ დადის, არადა ადრე ხომ გვამშვიდებდა, წილხვედრობა გვიცავს და ვირუსი აქ ვერ იქნებაო, მოგვიანებით კი დაბოლებათა ახალი სეზონი შემოგვთავაზა, დააფურთხეთ მიწაზე და ტალახით ჯვარი გამოისახეთო. რა ხდება ,რატომ გაძლიერდა კორონა ასე, ნუთუ ფურთხი და მიწა აღარ იშოვება საქართველოში?

სად არის ეპ.სპირიდონ აბულაძე? მისი ლოგიკით უღმერთო ყოფილა ეპ.ლაზარე და მ.შიო და ასობით გარდაცვლილი ადამიანი...

სად არის მ.შალვა კეკელია, თავისი გულისამაჩუყებელი ტონით ისევ რატომ არ გვესაუბრება და რატომ არ მოძღვრავს ერს, კორონას რომ გვირგვინად სახელდებდა?

სად არის მიტრ.დანიელი, პატრიარქის ლოცვა გვიშველისო და მღვდელს პირბადე არ სჭირდებაო ... აა, გამახსენდა, სად არის და ჯერ ხომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ააყვავა, მერე საჩხერე-ჭიათურის და ახლა ბორჯომ-ბაკურიანსაც მისწვდება თავისი აღმშენებლური ხელი და, აბა, სად სცალია კორონასთვის.

სად არის მიტრ. ბეგქონდარა (აწ უკვე ვირუსმოხდილი) , უაზრობებით რომ უტენიდა ხალხს თავს. რატომ გახდა მისთვის მარტივი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, როცა ხარისხით იმავე რანგის ადამიანთან სასწრაფოს დროული მისვლაც კი პრობლემა შეიქმნა? გრძნობს თუ არა სინდისის ქენჯნას ამის გამო? მაგრამ რაც არ აქვს, როგორ შეაწუხებს.

მიტრ.იობმა (ალბათ) დროულად მიხვდა ან მიახვედრეს, რომ რეალურად არსებობს ვირუსი და სიფრთხილეა საჭირო და ღვთის მადლით შეიცვალა დამოკიდებულება ამ ვირუსის მიმართ და სიფრთხილისაკენ მოუწოდა ხალხს, თუმცა იმისი ვაჟკაცობა არ ეყო, რომ ერისთვის პატიება ეთხოვა წინა მცდარი შეხედულებების გავრცელების გამო. არც ასაკოვნებისთვის მოუხდია ბოდიში მას, ჩალის ფასი რომ გახადა მათი სიცოცხლე.

ან მ. ანდრია ჯაღმაიძე სადღა გაუჩინარდა ან სხვანი? რა გამოლევს , ლეგეონია მაგათი სახელი.

ის ხალხი სადღა არიან, ჩვენ რომ გვამუნათებდნენ, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო თქვენდა სამწუხაროდო, თითქოსდა ჩვენ გვინდოდა ვინმეს ვირუსით გარდაცვალება. ახლა რაღაც იტყვით, რამდენიმე მონასტერი რომ მთლიანად ჩაკეტილია ვირუსის გავრცელების გამო.

ჰოი, უღმერთოთა კასტავ, როდემდე უნდა ბოგინობდეთ და ხრავდეთ ივერიის სამწყსოს!

კორონა ვირუსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი საპატრიარქოს რეალური სახე. ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია სწორედ საქართველოს საპატრიარქო გახდა მსოფლიოში, რომელმაც ბოლომდე ფეხებზე დაიკიდა თავისი ქვეყანა და ერი, არადა ამ ერმა ყველაფერი მისცა მას.

და არათუ ფეხებზე დაიკიდა, პანდემიის პერიოდში უზარმაზარი შემოსავლები მიიღო. როცა სხვა ეკლესიებში სასულიერო პირები თავისი შემოსავლებიდან ფულს რიცხავდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და მილიონობით ევროთი და სამედიცინო ინვენტარებით ეხმარებოდნენ მათ, ჩვენთან აურაცხელი რაოდენობის ქონება მიიღო საპატრიარქომ.

და ახალი მასკარადი შემოგვთავაზა ამ ,,წმინდა ბუნაგმა" ფილმით ,,საკვირველი სინამდვილე". მართლაც რომ საკვირველია ამდენი მტრის ხელში ჩვენი ქვეყნის არსებობა. ალბათ, იმ მფრინავ ცხენ-კაცს ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (836)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას