logo.png

"რუსეთი კარგავს თავის გავლენებს კავკასიაზე...შეიძლება ერთი-ორჯერ კუდი მტკივნეულად მოიქნიოს კიდეც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში"

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის - მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. პომპეო საქართველოში ორი დღით იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან,  იგი შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ასევე - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მდივნის სტუმრობას გეოპოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით ისტორიული მნიშვნელობისად მიიჩნევს:

 

- რეგიონში მისი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია. ის, რაც ახლა ხდება, ასეთი რამ 100 წელიწადია, არ მომხდარა. ყველა მოთამაშემ შეიცვალა როლი - რუსეთმაც, თურქეთმაც, რომელიც გამოჩნდა, როგორც ახალი მოთამაშე, აზერბაიჯანმაც და სომხეთმაც. საქართველოს როლიც უნდა იცვლებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ჩანს.

 

ამ გადალაგების ფონზე პომპეოს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მდივნის მოგზაურობა მოიცავს აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებს და საქართველო რომ მათ რიგშია, ეს, თავისთავად, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა საქართველოში ახლახან ჩატარდა არჩევნები და გაურკვეველი ვითარება შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ პომპეო აშშ-ის ხელისუფლების წამსვლელი გუნდის წევრია, ამერიკაში არსებობს პოლიტიკის მემკვიდრეობით გადაცემა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი ჩამოსვლა მოკავშირეებში იმის დადასტურებაა, რომ დააფიქსიროს ამ სახელმწიფოების მიმართ ამერიკის ნდობა და ის, რომ მათ მიმართ ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება.

 

კავკასიის რეგიონში საქართველო ამერიკისთვის სანდო მოკავშირედ ითვლება. ამერიკელები ჩვენ არ გვკარნახობენ პოლიტიკას, ეს ზღაპარია. თუ გვკარნახობენ, ისიც - საჯაროდკონგრესმენების თუ სენატორების წერილებით. მათ უყვართ საჯარო პოლიტიკა. ამ ფონზე ცალსახაა, რომ მათ საქართველოში 2 თემა აინტერესებთ: 1. როგორ დასრულდება საარჩევნო პროცედურები და რამდენად დემოკრატიული იქნება ის, რაც ამიერიდან მოხდება. ამერიკას საქართველოში დემოკრატია აინტერესებს და არა - ნავთობი და დიასპორა. ჩვენ დემოკრატიის გარდა, სხვა არაფერი გვაქვს, ეს არის ჩვენი დიდი მონაპოვარი. ჩვენგან ამერიკა ელის დემოკრატიას და არა - ნავთობს. 2. რამდენად ვართ პრინციპულები ევროატლანტიკური ვექტორის მიმართ, კონკრეტულად ნატოს მიმართ. რეგიონში აშკარად ძლიერდება თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, და, თუ ვინმეს შეუძლია ნატო შემოიყვანოს კავკასიაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველო. აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, ნატოში შესვლის მზაობა მხოლოდ საქართველოს აქვს, თუმცა გაწევრების პროცესი აშკარად შენელებულია მას შემდეგ, რაც "ოცნება", როგორც კოალიცია, დაიშალა და გახდა ერთი პარტია, შესაბამისად მას შემდეგ შეიცვალა მისი ნატოს მიმართ დამოკიდებულება, ამაზე ან მხოლოდ ლაპარაკობენ, ან საერთოდ – არა.

- ანუ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით გაიზარდა საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის ექსკლუზიურობა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაჩქარდება ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების პროცესი?

- დაჩქარდება, თუ ჩვენ ვიქნებით პრინციპულები. დღეს ჩვენი უბედურება ისაა, რომ თუ ადრე ნატოში ჩვენს გაწევრებას, ძირითადად, ხელს უშლიდა საფრანგეთი და გერმანია (ალბათ ასეც გაგრძელდება), ის ფაქტი, რომ ახლა, ყარაბაღის შემდეგ კავკასიაში სერიოზული ძვრები მოხდა - თურქეთი გაძლიერდა, რუსეთის მოკავშირე სომხეთი დასუსტდა და იქ რუსეთის მიმართ მიუღებლობა გაჩნდა, ამ ფონზე ნატოსთვის აშკარად სხვა შესაძლებლობები გაიხსნა. საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა, ხოლო თურქეთ-ამერიკა-საქართველოს ალიანსი იძლევა უნიკალურ შანსს, ნატო გეოსტრატეგიულად გაძლიერდეს კავკასიაში, ვინაიდან საქართველო კრავს შავ ზღვას, საქართველო კრავს კავკასიონის ქედს, რუსეთი კი არის აგრესიული, პუტინმა ყველაფერი დაარღვია, მოახდინა ყირიმის ანექსია, დააზარალა უკრაინა, რომელიც, ასევე, აპირებს ნატოში შესვლას... ანუ არსებითად შეიცვალა ვითარება. ფანტასტიკური ძვრები ხდება ჩვენ გარშემო და პომპეოს აინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, საქართველო საითკენ მიდის  დემოკრატიისკენ და ნატოსკენ და, ასევე, რა კეთდება საამისოდ. დაახლოებით ეს ორი თემა იქნება,  პომპეოსთვის არა საქართველოში სალაპარაკოდ, არამედ - საქართველოდან წასაღებად. პომპეოს ჩამოსვლას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. იგი ჩამოვიდა, რათა საქართველოსადმი  ამერიკის კეთილგანწყობა დაადასტუროს, თორემ შეიძლება არც ჩამოსულიყო - რასაც აქედან წაიღებს, იმ ინფორმაციას ყოველდღიურად საელჩოდანაც გაუგზავნიდნენ.

 

- დასაშვებია და ხომ არ მიდის სამზადისი საიმისოდ, რომ აშშ სამხედრო თვალსაზრისით იყოს წარმოდგენილი საქართველოში? აქვს ამას რეალური პერსპექტივა და, რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენად შეიცავ იგი ჩვენთვის საფრთხეს?

- ეჭვი მეპარება. რისთვის სჭირდება ამერიკას რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით ყოფნა, მას ეს ნატოთი და თურქეთით აქვს გარანტირებული. ნატოს სამხედრო კომპონენტი კავკასიაში თურქეთის სახით უკვე წარმოდგენილია, ამერიკას მხოლოდ დემოკრატიული კომპონენტი სჭირდება. ამერიკა საქართველოში ჯარებს თუ განალაგებს, ეს მეც არ გამიხარდება, ამით იგი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. მას ურჩევნია, საქართველო დემოკრატიული გზით წავიდეს წინ, ვიდრე - ჯარებით და რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. რუსეთი ჩვენ ვერ გვერევა დემოკრატიგი მოედება სომხეთსაც, აზერბაიჯანსაც, ჩრდილო კავკასიასაც და ამას რუსეთი ვერ შეეწინააღმდეგება. ტანკებით, კი, ბატონო, შეეწინააღმდეგება: ბაზას შექმნი? - რუსეთი ორს შეგიქმნის. სჯობს,  საქართველო მენტალურად გახდეს ბაზა და ნატოს წევრი, ვიდრე - ჩვენ ტერიტორიაზე იყოს სამხედრო ბაზა.


- ყარაბაღის შემდეგ რეგიონში შეიცვალა სამხედრო ბალანსი, რაც შესაბამისად, გეოპოლიტიკურ სიტუაციასაც ცვლის. რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ?

ბევრი ამაში უფრო საფრთხეებს ხედავს. ნახეთ, როგორ იყო კავკასიაში რუსეთი წარმოდგენილი? - თურქეთი არის ნატოს წევრი და მთელი საბჭოთა ინფრასტრუქტურაც კი თურქეთის გასწვრივ იყო განლაგებული. ეს იყო ქალაქები - ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე, და გიუმრი. მერე იყო კაბალის კავშირგაბმულობის ბაზა აზერბაიჯანში. ანუ მთელი რუსული ინფრასტრუქტურა მიბმული იყო თურქეთის საზღვარზე. გუდაუთის ბაზა (რომელიც შავ ზღვას აკონტროლებდა) და ქუთაისის ბაზა ამ ბაზების ზურგს ემსახურებოდა. დღეს ყველა რუსული ბაზა გაყვანილია და თურქეთის საზღვარზე მხოლოდ გიუმრი დარჩა. რუსეთმა სამხედრო ბაზები შეინარჩუნა სოხუმსა და ცხინვალში. ახლა რუსეთს ყარაბაღში შემოჰყავს არა ბაზა, არამედ მოტომსროლელი ბრიგადა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი იარაღი, არანაირი მძიმე ტექნიკა. აფხაზეთში რუსეთს აქვს უნიკალური სამხედრო ბაზა - ოჩამჩირის სამხედრო პორტი, გუდაუთის სამხედრო აეროდრომი და გალსა და გუდაუთაში განლაგებული სამხედრო ბაზები. რუსეთს აფხაზეთში ტიპური კლასიკური სამხედრო ბაზა აქვს, რაც არ აქვს ცხინვალში (ცხადია, იქ ზღვა და პორტი არ არის, არც აეროპორტი აქვს), მას ასეთივე ბაზა აქვს გიუმრიში და ამის ფონზე ვინც ამბობს, რომ რუსეთი ძლიერდებაო, ასე მგონია, ცდება. რუსეთმა  ბალანსი უფრო შეინარჩუნა რეგიონში, ვიდრე გაძლიერდა.

 

- რუსეთმა მისი მოკავშირე სომხეთი "გადააგდო" და ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთ დღესაც იგი ანალოგიურად მოექცევა აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს?

- რუსეთი საკმაოდ პრაგმატული სახელმწიფოა და ფაშინიანის გამო იგი თურქეთს არ შემოუშვებდა რეგიონში. თურქეთი თავისით შემოვიდა საკუთარი ამბიციებითა და ძლევამოსილებით, რუსეთმა კი მას ანგარიში გაუწია. რეგიონში თურქეთის შემოსვლამ  შეავიწროვა რუსეთი, რომელიც კავკასიაში არა რაოდენობრივად, არამედ - ხარისხობრივად შესუსტდა. თურქეთი კი იმის ხარჯზე გაძლიერდა, რომ რუსეთი აღარ არის არც აზერბაიჯანის და არც საქართველოს სანდო მოკავშირე.

 

რუსეთმა თავისი მოკავშირე სომხეთი იმის გამო ჩაძირა, რომ აზერბაიჯანი პირწმინდად პროთურქული არ გამხდარიყო. რუსეთი იმდენად უტიფარია და ფარისეველი, თავის ვერაგობას სომხეთს დააბრალებს, - აი, ფაშინიანი გყავდათო. დარწმუნებული ვარ, არც ასეთი პრიმიტიულია რუსეთი, რომ ფაშინიანის გამო თურქეთი შემოეშვა კავკასიაში. ფაშინიანი საბაბია, მიზეზი – თურქეთი, რომელიც რეგიონში შემოვიდა და ფაშინიანს დააბრალა. რეალობა ისაა, რომ რუსეთი კარგავს თავის ცივილურ გავლენებს კავკასიაზე, თურქეთი კი ძლიერდება არა იარაღით, არამედ - ცივილურად. რუსეთს მხოლოდ სამხედრო შეიარაღება აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზები მიუღებელი და უკანონოა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს.

 

სომხებისთვის უკვე არასასურველია გიუმრის ბაზის იქ ყოფნა, რომელსაც მათ დასახმარებლად ხელი არ გაუნძრევია. რაც მთავარია, რეგიონში მონიტორად თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც გააკონტროლებენ, როგორ ასრულებენ რუსები თავიანთ ფუნქციებს. ანუ დაიწყო პროცესი რუსეთის საწინააღმდეგოდ, რომელიც შესაძლოა 20-30 წელიწადს გაგრძელდეს (იმედია, უფრო ადრე დასრულდება). რუსეთმა დაიწყო დაღმასვლა კავკასიაში, რაც რთული პროცესი იქნება - შეიძლება ერთი-ორჯერ კუდი მტკივნეულად მოიქნიოს კიდეც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. თუმცა  რუსეთმა, რისი გაკეთებაც შეეძლო, იქ ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთა. აფხაზეთი, ე. წ. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, არ მიესალმება რუსეთის მიერ ანექსიურ პოლიტიკას. გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი ნატოში გაწევრების მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ნატოსკენ არ წავედით, ვიქნებით მაჩანჩალა სახელმწიფო, ვერც აფხაზეთსა და ვერც სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ. ნატოში თუ შევალთ, ახალი რეალობა იქნება კავკასიაში, ამას უკვე ანგარიშს გაუწევს რუსეთიც და ასევე - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაც.

ავტორი: ნანა ფიცხელაური

ნანახია: (844)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას