logo.png

დღეს, 2020 წლის 20 თებერვალს, 15 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და უსამართლოდ ნატანჯი სასულიერო პირის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან

ჩემთვის პატივია, რომ ჩემს სადოქტორო დისერტაციაში ერთ-ერთი ქვეთავი სწორედ მამა რომანოზსა და მის თავს გადახდენილ დრამატულ მოვლენებს ეხება, სათაურით "სამხედრო გადატრიალება და მღვდელ რომანოზ ჩიქობავას წამება და შეპყრობა ე.წ. მხედრიონის მიერ".

მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზი 1992 წლის 9 ივლისს შეიპყრო ე.წ. მხედრიონმა, ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. მამა რომანოზი ჯერ უმოწყალოდ აწამეს წალენჯიხაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს და დატყვევებული ჰყავდათ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ასევე აწამებდნენ ძლიერ სასტიკი მეთოდებით. ე.წ. მხედრიონი მამა რომანოზს ცილისმწამებლურად ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში. ბრალდება საბოლოოდ ვერ დაუმტკიცეს და ნატანჯ-ნაგვემი გაათავისუფლეს ცხრამეტი დღის შემდეგ. მამა რომანოზს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა, შეეყარა ეპილეფსია და 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში აღესრულა უეცრად.

2018 წლის 10 სექტემბერს ვიმყოფებოდით წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის გალავანში, მამა რომანოზის საფლავთან აღვასრულეთ პანაშვიდი, შევხვდით განსვენებული დეკანოზის მეუღლეს, ქალბატონ ელენე (ლენა ) შუბლაძეს (ამავე ტაძრის მესანთლე გახლავთ), რომელმაც გაიხსენა და გვესაუბრა იმ სისასტიკის შესახებ, რაც მამა რომანოზს დამართა ე.წ. მხედრიონმა. მიუხედავად უსამართლო და სასტიკი ტანჯვა-წამებისა, მამა რომანოზი აღნიშნავდა თურმე თავის შემპყრობთა და მწამებელთა შესახებ, არცერთი დამიწყევლია, ყველას ვლოცავდიო... ქალბატონი ლენას თანხმობით გავაკეთეთ მისი საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც ისტორიას შემოვუნახეთ.
დეკანოზ რომანოზს თავს გადახდენილი ტრაგიკული მოვლენების ყველაზე დრამატული მხარე ისაა, რომ იგი ყველამ გაწირა, ღმერთის, საკუთარი ოჯახისა და უახლოესი ადამიანების გარდა. საბოლოოდაც კი იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან, საკუთარ თავს გადახდენილი დევნის შესახებ ვერ მიიღო პასუხი: რატომ?!

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ნანახია: (2152)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას