logo.png

სული და სამშვინველი

მატერიალისტები ხშირად სვამენ ასეთ კითხვას: თუ ღმერთმა თავიდანვე გაიაზრა სამყარო, მაშინ რატომღა დააწესა სიკვდილი? რატომ იღუპებიან ადამიანები? რატომ ისპობა სილამაზე? თუ სიკვდილი გარდაუვალია, გამოდის, რომ სამყარო უაზრო და უმიზნო ყოფილა. ადამიანის სიცოცხლესაც არავითარი აზრი არ ჰქონია. მაგრამ ასეთი აჩქარებული დასკვნისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მოხდეს მისი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.

ღმერთმა ადამიანი მიწისაგან შექმნა და სული შთაბერა, "სული ცხოველი" და გონიერი. სული შეიძლება შევადაროთ ანთებულ სანთელს, რომლითაც შეგვიძლია ავანთოთ მეორე, მესამე და ა. შ. სინათლე გადაეცემა უამრავ სანთელს.

ბავშვი, რომელიც ჩაისახება დედის მუცელში ღვთის ნებით, დედისაგან იღებს სამშვინველსა და ცხოველ სულს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა განაძლიეროს და როცა ეს სული გათავისუფლდება ხორცისაგან, ეს კი ხდება ადამიანის მიწაზე ცხოვრების დასრულების შემდეგ, მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და არნახული სამყარო. ამის დაჯერება ადამიანთა უმრავლესობისათვის შეუძლებელია.

როგორც წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება გვამისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და საიდუმლო სამყარო.

ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლის და ამით ისინი ჰგვანან იმ ტყუპ ჩანასახს, რომელიც დედის მუცელში იმყოფება. ერთი ეუბნება მეორეს:

- მალე დავიბადებით და დაიწყება ახალი ცხოვრება.

მეორე კი ეუბნება:

- ძმაო, რას ამბობ! როგორც კი ამ ადგილს მოვშორდებით, მოვკვდებით, ჩვენ გადაგვიჭრიან საარსებო წყაროს. არაფერი არ არსებობს ამ სამყაროს გარდა, სადაც ახლა ვიმყოფებით, რადგან აქედან გასული უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არა. დაახლოებით ასეთი დიალოგის დონეზეა ათეისტთა მსჯელობა მარადიული სულის უარყოფისას.

ახლა დავაკვირდეთ ადამიანის სხეულს, მის ნაწილებს. სხვადასხვა ორგანოებს: თავს, ხელებს, ფეხებს, ყველაფერს, რისგანაც შედგება ჩვენი სხეული. ამ სხეულში არსებობს სული, რომელიც ყველა ორგანოზე მაღლა დგას თავისი მარადიულობით.

მატერიალისტები თვლიან, რომ ადამიანს სული საერთოდ არა აქვს. რომ ყველა ჩვენს მოქმედებას – ხედვას, შეგრძნებას, აზროვნებას, ნებისყოფას, რაღაც რეფლექსები განაპირობებს. ეს რეფლექსები კი ადამიანს ცხოვრებამ გამოუმუშავა. მათი აზრით სიხარულის, მწუხარების და სხვადასხვა განცდათა გადაცემა ხდება ერთი თაობიდან მეორეში... თუ ასეთ მსჯელობას ვირწმუნებთ, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და დასტირის მას, თავის გრძნობებს კი არ გამოხატავს, არამედ მისი წინაპრებისას, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ მისი შვილი. ამაზე მეტი აბსურდი რა გვინდა?! მატერიალისტების თეორიას თუ გავიზიარებთ, მაშინ ვერ ვირწმუნებთ, რომ დედის ეს განცდები კონკრეტულად მისი გულიდან მოდის.

მატერიალისტებს არა სწამთ სულის არსებობა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მას თვალნათლივ ვერ ხედავენ. ისინი, როცა სჭირდებათ, ცხოვრობენ შემდეგი პრინციპით: - რასაც ვერ ვხედავთ, მისი როგორ უნდა ვიწამოთ?!

მაგრამ ისინი ასევე ვერ ხედავენ ელექტრო, მაგნიტურ და რადიაქტიურ ტალღებს, მაგრამ მათ სწამთ მათი არსებობისა. მათ სურთ თვალით ღვთის დანახვა. თვალი თუმცა უაღრესად რთული ორგანოა, მაგრამ მას შეუძლია აღიქვას ფიზიკური სამყაროს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, სულიერზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! თუმცა ადამიანს ხორციელი თვალის გარდა აქვს სულიერი თვალი, რომელიც ვითარდება მარხვით, ლოცვით, სახარების კითხვით და ეკლესიურობით. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, მისი სულიერი თვალი ბრმაა და იგი ღმერთს კი არა, სხვა ბევრ რამესაც ვერ ხედავს.

მიკროსკოპის გამომგონებლებმა თვალთა ხედვა გაზარდეს მილიონობით და ადამიანების თვალწინ მიკროორგანიზმების განსაცვიფრებელი სამყარო გადაიშალა. ერთ წვეთ წყალში მათ დაინახეს რამდენიმე ათასი მიკრობი.

გამოიგონეს ასევე უნიკალური ტელესკოპი, რომლითაც შესაძლებელი გახდა მილიონობით ვარსკვლავის შემჩნევა, ექვსი ათასის ნაცვლად. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით რაც სინამდვილეში არსებობს, რასაც ვერ აღიქვამს ჩვენი გონება. აქედან გამომდინარე განა შეიძლება ადამიანმა დაინახოს ღმერთი. თუკი მას უფლის შექმნილი ხილული სამყაროც ვერ შეუცნია ბოლომდე?!

ეს, რაც შეეხება ფიზიკურ, ხილულ სამყაროს. მაგრამ არსებობს კიდევ უხილავი, სულიერი სამყარო, რომელსაც მატერიალისტებიც კი არ უარყოფენ. ეს არის სიყვარული, სიხარული, რომელიც არანაირად არ აიხსნება მატერიალისტური ფილოსოფიით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ სამი პროფესორის დიალოგი. ერთი ამბობს:

- მე არ მწამს, რომ ადამიანს სული გააჩნია. რამდენი ადამიანი გამიკვეთია და სული არასოდეს მინახავს.

მეორე შეეკამათა:

- ასე რომ ვიმსჯელოთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გონებაც არ არსებობს. რამდენჯერ ამიხდია თავის ქალა, მაგრამ ტვინში აზრი და გონება არ დამინახავს.

მესამემ კი თქვა:

- რამდენი ოპერაცია გამიკეთებია, გული ნაწილ-ნაწილ გამიჭრია და მე იქ სიყვარული არ მინახავს, მაგრამ ეს გრძნობა ხომ ყველას გამოგვიცდია. ასევეა სულიც. თქვენ თუ ვერ ხედვათ მას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.

ჩვენ ვერ შევიგრძნობთ იმ უხილავ ზღვარს, რომელიც ღმერთმა გასდო უხილავ და ხილულ გრძნობებს შორის. აი, კიდევ მაგალითი: ადამიანი სამუშაოდან შინ ბრუნდება და იცვლის დამტვერილ ტანსაცმელს და სიტყვებით: - სულ დავიმტვერეო, - გამოხატავს სამოსელთან ერთად თავის თავსაც. ამ დროს მან იცის როგორ მოიქცეს. ასევე, როცა დაღლილი ბრუნდება შინ და წვება, ამბობს:

- ძალიან დავიღალე და სიტყვა დაღლაში თავის სხეულს გულისხმობს. ორივე შემთხვევაში მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რადგან მატერიასთან აქვს საქმე. ხოლო, როდესაც ადამიანი მოისმენს კარგ მუსიკას, ან შეხვდება დიდი ხნის უნახავ მეგობარს, მაშინ ადამიანი გამოხატავს სიხარულს და გრძნობს ბედნიერებას, ხოლო თუ ვინმეს უყვება თავისი მდგომარეობის შესახებ, ამბობს:

- მე დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ენით გადმოცემა არ შემიძლიაო. თუ ჩვენ ვინმეს სიკეთეს გავუკეთებთ, ხარობს სული და არა ხორცი.

როდესაც ჩვენ ვუყურებთ სამყაროს, ბუნების სილამაზეს, ლამაზფეროვან ყვავილებს, ჩვენ ამას მატერიალურად კი არ შევიგრძნობთ, არამედ სულიერადაც და რამდენად დიდია ეს შეგრძნება ხორციელ სიამეებთან შედარებით. ამიტომ სულიერ ცხოვრებას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, ვიდრე ხორციელს; როდესაც გავიღრმავებთ სულიერ ცხოვრებას, განვიმტკიცებთ რწმენას და ვიცხოვრებთ ღვთის მცნებით, შევიყვარებთ არა მარტო მოყვასს, არამედ მტერსაც, დაგვეუფლება სულის სიმშვიდე და სიამე, ხოლო ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის უარყოფა ადამიანის ცხოვრებას აზრს უკარგავს.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს: "ადამიანს მთელი მსოფლიოც რომ მისცე, ეცოტავება, რადგან ადამიანი გაუმაძღარია".

ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამ ქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე. ადამიანი შეიძლება შეადარო წიგნს, მისი ხორცი წიგნის გარე ყდაა, რომელიც ლამაზადაა გაფორმებული, - ადამიანის გული კი აზრია, იდეაა ამ წიგნში ჩადებული. წიგნი რომ ცეცხლში ჩავაგდოთ, იგი დაიწვება, მაგრამ აზრი, იდეა, რომელიც ეწერა ამ ქაღალდზე არასოდეს არ დაიწვება.

თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა:

1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა.

2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი.

3. ნებისყოფა – გზის არჩევის შესაძლებლობა, რაზეც დამოკიდებულია მთელი მისი სიცოცხლე.

4. ნამუსი – უმაღლესი მსაჯული, რომელიც მოუსვენრად, საიდუმლოდ იმყოფება ჩვენს სულში. ეს იგივე ღვთის ხმაა, რომელიც ესმით იმათაც კი, ვინც ღმერთს უარყოფს. "ყური გვაქვს მოსასმენად, თვალი – დასანახად, სინდისი კი – გასაფრთხილებლად" – ეს იოანე ოქროპირის სიტყვებია.

5. ინტუიცია – წინასწარი შეგრძნება, ანუ უმაღლესი მეექსე გრძნობა.

6. წარმოდგენა – ეს საოცარი უნარი, გონებაში სხვადასხვა გამოსახულების და შემთხვევების წარმოსახვისა. წარმოდგენა ჩვენგან დიდი მანძილითა და დროით დაშორებული საგნებისა და მოვლენებისა.

7. მახსოვრობა – განცდა, რაიმეს გონებაში ჩაბეჭვდის უნარი და წარსული შემონახვა: "როგორც ადამიანის სხეულს გააჩნია სხვადასხვა ორგანოები, - ამბობს წმიდა მაკარი ეგვიპტელი, - და სუყველას ერთად ჰქვია ადამიანი, ასევე სულს აქვს წახნაგები და ხარისხები: "გონება, ნამუსი, ნებისყოფა, აზრები განსჯისათვის და ყველაფერი ეს შეადგენს ადამიანის შიდა სამყაროს".

ერთმა მეცნიერმა ისიც გამოიანგარიშა, რომ თუ დავშლით ადამიანის სხეულს ელემენტებად, მისი ღირებულება დაახლოებით ექვს მილიონ დოლარად შეფასდება. იმისათვის, რომ ამ ქიმიური ელემენტებისაგან მივიღოთ ისევ ადამიანის სხეული, საჭირო იქნება ექვსი ტრილიონი დოლარი, ხოლო რომ მოვინდომოთ მისი გაცოცხლება, სულის შთაბერვა, ამას ვერაფრით ვერ შევძლებთ. სწორედ ამიტომ ამბობს უფალი, რომ ადამიანის სული მთელ მსოფლიოზე ძვირფასიაო. "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" (მათე 16, 26).

მოამზადა დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ.

ნანახია: (1855)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას