რეზო ჭკადუა
ულუსთა დიადმა ხელმწიფემ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ამასწინათ განაცხადა, რომ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებმა, რაც „ნებაყოფლობით“ დატოვეს „მძლეთამძლე, ძმური კავშირი“, მიიტაცეს რუსული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ზედ მიაყოლეს რუსული ქონებაც. „ჰუმანური ქვეყნის“ 20 წლიანი მმართველი ეძებს მიტაცებული ქონების დაბრუნების რეალურ გზებს. იგი იმაზეც დაფიქრებულა, ხომ არ აჯობებდა СССР-ის შექმნის 100 წლისთავთან დაკავშირებით (2022 წელს) ამ რესპუბლიკების ისევ ნებაყოფლობით გაერთიანება „საბჭოთა ძმურ ოჯახში“, რომელიც მისი აზრით უეჭველად მოხსნიდა რუსეთის წინაშე მდგარ ამ პრობლემურ საკითხს და ამით საუკუნის კატასტროფას, რაც მისი თქმით საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, კანონიერ ჩარჩოში დააბრუნებდა.
ამავდროულად კრემლი და მისი მმართველი წრე დიდად აღუშფოთებია რამოდენიმე თვის წინ კერძო სატელევიზიო კომპანიაში („რუსთავი 2“-ში) გასულ სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დედა შეაგინა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს და მისი სააღმზრდელო წრეც არ მოიხსენია დიდი მოკრძალებით. ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ კრემლს სამსახურეობრივი მივლინებით შემოუგზავნია საქართველოში გამოცდილი ქილერი, ქართველი ჟურნალისტის სალიკვიდაციოდ. მაგრამ ეს საქმე ჩავარდა. უკრაინის სპეც.სამსახურებს დაუდგენიათ საქართველოში ვიზიტით მყოფი მკვლელის მიზანი, რაც აცნობეს საქართველოს ძალოვან უწყებებს, რის შემდეგაც საქართველოს მხარემ იძულებით აიყვანა ხსენებული პირი ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციის მოტივით. ამას კი ძალზე შეუშფოთებია რუსი იმპერიალისტები და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვეს: „თავხედმა ჟურნალისტმა, რომელმაც შეურაცხჰყო ჩვენი ხილული ღმერთი, მუხლი მოიყაროს, ზეცისკენ აღაპყროს ხელები და ბოდიში მოიხადოს“-ო. ამაზე კი უფრო მეტად „გათავხედებულმა“ ჟურნალისტმა განუცხადა დედამიწაზე შემორჩენილ არქაული ღმერთების პანთეონს, რომ ის არ თვლის თავს მოვალედ, ბოდიში მოუხადოს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს და უფრო მეტიც, მას მისთვის არამც თუ ბოდიშის, არამედ ქართველი კაცის განავლის ღირსადაც კი არ თვლის. ამ პასუხმა კიდევ უფრო აღაშფოთა კრემლის მმართველები და მოითხოვეს ქართველი ჟურნალისტის ექსტრადიცია რუსეთში, სადაც მის საქმეს ადგილზე გაარჩევს „НАШ САМЫЙ ГУМАННЫЙ СУД В МИРЕ, რომელიც მას გამოუტანს ძალზე ჰუმანურ განაჩენს - სიკვდილს. ეს კი მათი მხრიდან მართლაც დიდი პროგრესული ნაბიჯი იქნებოდა, ვინაიდან ხსენებული სასამართლოს გვერდის ავლით იმპერიაში ბოლო 20 წლის მანძილზე მოკლეს ან დახვრიტეს 251 ადგილობრივი ჟურნალისტი. აქვე გვინდა ერთი პატარა განმარტებაც გავაკეთოთ. დღევანდელ რუს დიქტატორს წინამდებარე პუბლიკაციაში გვარით არ მოვიხსენიებთ, ვინაიდან მან თვითონ არ იცის თავისი წარმომავლობა. სახელი ვლადიმერ კი რუსი იმპერიალისტებისათვის ფართო შინაარსის მატარებელია. მათ მიერ დაპყრობილ ქალაქებს ჰქვიათ ვლადივასტოკი (ВЛАДЕЙ ВОСТОКОМ), ვლადიკავკაზი (ВЛАДЕЙ КАВКАЗОМ) მისი ნამდვილი სახელი ინგუშურ ენაზე არის „ძაუჯიკაუ“- ქართულად „ძაუკ“. რაც მთავარია ქვეყნის შიგნით ისტორიული ქალაქია ვლადიმირი (ВЛАДЕЙ МИРОМ). სწორედ აქედან გამომდინარეობს პუტინის ნათქვამიც, რომ რუსეთს საზღვრები არ აქვს.
ხუმრობა იქით იყოს, მართლა როდემდე უნდა იცხოვროს ქართველმა ხალხმა ამ საშინელი ველური დამპყრობლის შიშით. 2 საუკუნეზე მეტია ქართველი ხალხი იტანჯება შიმშილით და უპერსპექტივობით. ამ უკიდეგანო ქვეყნის მესვეურებმა მთლიანად ხელში ჩაიგდეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეები მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ. დროა, ბოლო მოეღოს მათ მიერ ინტელექტუალური და პატრიოტული ძალების უპირობო ხოცვა-ჟლეტასა და გადასახლებას. მართლა, როდემდე უნდა ეწირებოდეს ქართული გენოფონდი რუსი ოკუპანტების გაუთავებელ დაპყრობით ომებს. ჩვენი ხალხის სისხლით და ხორცით გაპოხილია შორეული აღმოსავლეთიდან დაწყებული ევროპის შუაგულით დამთავრებული ვრცელი ტერიტორიები. ქართველთა სისხლი დაღვრილია აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. კრემლის მესვეურთა ცხელმა გამონათქვამებმა და დღევანდელმა ვითარებამ გადამაწყვეტინა შემეხსენებინა ქართველი ხალხისათვის ჩვენი დიდი მეცნიერების, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეების მიერ უკვე მრავალგზის გაჟღერებული ჭეშმარიტება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ერი უდიდესი ცოდნა-განათლებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და ტრადიციებით, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი დიდი პატივისცემით იმსახურებს თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას, რომელიც ჩვენს წინაპრებს უწყვეტად ჰქონდათ 30 საუკუნის განმავლობაში. „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“ (ილია ჭავჭავაძე).
უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვა მონღოლ-თათართა იმპერიამ კაცობრიობას. საუკუნეების წინ ოქროს ურდოს უზარმაზარ იმპერიას თანდათან ჩაენაცვლა აღმოსავლეთ სლავთა იმპერია. იგი 2 საუკუნეზე მეტია ფლობს დედამიწის ტერიტორიის 1/6 ნაწილს, სადაც თავმოყრილია ათეულობით ერისა და ეროვნების წარმომადგენლები თავიანთი განსხვავებული კულტურით, ტრადიციებითა და სარწმუნოებით. კაცობრიობის ისტორიას უამრავი დამპყრობელი ახსოვს თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით. მაგრამ ეს დამპყრობლები იშვიათად ერეოდნენ დაპყრობილი ქვეყნების შინაურ მმართველობასა თუ საყოფაცხოვრებო საქმეებში. ისინი ძირითადად მოითხოვდნენ მორჩილებასა და ხარკს. მათგან განსხვავებით კი რუსი დამპყრობლები ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობლები არიან. ისინი პირველ რიგში დასაპყრობ ქვეყნებს ევლინებიან „მხსნელად“. დაპყრობის შემდეგ კი ისინი ხდებიან ძალიან დაუნდობლები. სპობენ მმართველობის ყველა ფორმას მთელს ვერტიკალში და ეუფლებიან დაპყრობილი ქვეყნის სიმდიდრეებსა და საკუთრების ყველა ფორმას. ისინი შედიან თითოეულ ოჯახში და ამ ოჯახის „ხაზეინები“ ხდებიან. იტაცებენ არამარტო თითოეული ოჯახის უძრავ ქონებას, არამედ მათ თითოეულ წევრს, რომელთაც შემდეგ იყენებენ მონებად, საზარბაზნე ხორცად, ზოგსაც - საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრად.
რუსმ ოკუპანტებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდნენ ქართული ეთნოსის ფიზიკური გადარჩენისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვის ცრუ დაპირებებით, 2 საუკუნის განმავლობაში ჯოჯოხეთი დაუტრიალეს ჩვენს მრავალჭირნახულ ერს. პირველი, რაც მათ აქ მოიმოქმედეს, იყო ის, რომ ღვთივკურთხეული ბაგრატოვანთა ათსაუკუნოვანი დინასტია დაასრულეს და სამეფო ოჯახის წევრები ზოგი რუსეთში გადაასახლეს და ზოგიც ამოხოცეს. ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი 15 საუკუნოვანი ქართული ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც განინათლა ქრისტეს მოსწავლეთა მიერ ( ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი და მატათა) გააუქმეს და დაუქვემდებარეს რუსულ ეკლესიას ეგზარხატის უფლებით. მსოფლიოს უძველესი და უმდიდრესი ენა - ქართული ამოიღეს, როგორც საერო, ისე სასულიერო დაწესებულებებიდან და მას „ძაღლის ენას“ უწოდებდნენ.
1802 წლის 12 აპრილს თბილისში სიონის ტაძარში მოწვეულ ქართველ წარჩინებულთა შეკრებაზე რუსეთის იმპერიის წარმომადგენელმა კნორინგმა გამოაცხადა რუსეთის სამეფო კარის 1 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რასაც, ცხადია, სისხლისღვრის გარეშე არ ჩაუვლია. სიონი გარშემორტყმული იყო რუსი სამხედროებით, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ქართველების მხრიდან წინააღმდეგობის ყოველგვარი ცდა იარაღით ჩაეხშოთ. 9 აპრილს წმინდა ნინოს ჯვრით სამშვიდობო მისიით შემოსულ რუსის ჯარს თან ჩამოყვა მოხელეთა დიდი შტატი, რომელთაც ამიერიდან უნდა ემართათ მათ მიერ დაპყრობილი ჩვენი ქვეყანა (აკაკი სურგულაძე, საქართველოს ისტორია , თბ.2000 წ.გვ.12).
სწორედ 1802 წლის 12 აპრილს დაუდგა შავ-ბნელი ხანა ჩვენს ერს. აქ შეწყდა ქართველი ხალხის თავისუფლება და ბუნებრივი განვითარების პერსპექტივები. ჩვენმა წინაპრებმა იმავე დღიდან მოკიდეს იარაღს ხელი და სასტიკ მტერს აჯანყებას აჯანყებაზე უწყობდნენ. მართალია, ყოველი მცდელობა თავისუფლების მოპოვებისა, მარცხით მთავრდებოდა, მაგრამ ჩვენს ხალხში ეროვნული თავისუფლება იმდენად წმინდათაწმინდა იყო, რომ მის დათმობას ვერ ეგუებოდა. ბრძოლა ველური ოკუპანტების წინააღმდეგ დღემდა გრძელდება სხვადასხვა ფორმით.
ქართველ ხალხს ძილშიაც კი არ დაესიზმრებოდა ის სისასტიკე და ცინიზმი, რასაც სჩადიოდნენ რუსის სალდათები ჩვენს ქვეყანაში. მოდით, შევადაროთ რუსი ოკუპანტების ნამოქმედარი ჟურნალისტ გ. გაბუნიას არაკორექტულ გამონათქვამებს, რომლის გამოც მას კრემლმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გავეცნოთ 2 დოკუმენტს:
„ მოვიდნენ 80 სალდათი და 12 ცხენოსანი ყაზახი. ორი დედაკაცი შეაბეს უღელში, მარხილი მიუბეს და სალდათები დედაკაცებს სცემდნენ მათრახით...“
„ ამას წინათ ის(სტაროსვეტსკი) ჟამურს მოვიდა. დაიჭირა ოსები, გობში, საიდანაც ძაღლები სვლეპენ, შრატი ჩაასხა, დახოცა კატები და შიგ ჩაყარა, შემდეგ ჩაყარა ადამიანის სიბინძურე და მათ აჭამა. ამავე ოსებს რვა სახლი დაუწვა...“
სწორედ სოფ. ჟამურში მომხდარმა არნახულმა ცინიზმმა და სისასტიკემ დასაბამი მისცა მთიულეთის 1802 წლის აჯანყებას, რაც 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მკითხველი დამეთანხმება, რომ ჟურნალისტ გ. გაბუნიას გამონათქვამები, აქ მოყვანილი ფაქტების ფონზე სულაც არ გამოიყურება არაკორექტულად.
რუსული ჯარი დღესაც ისეთივე ვერაგი, სასტიკი და დაუნდობელია, როგორც ეს საუკუნეების წინ იყო. ეს ქართველმა ხალხმა იწვნია 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის დროს, მაშინ როდესაც ქართულმა მხარემ რუს სამხედრო ტყვეებს უმკურნალა და უპრობლემოდ გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს. ამ დროს კი რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველ ტყვეებს - აწამებდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ. ამის მაგალითია საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის მიმართ სასტიკი მოპყრობა და ტანჯვით სიკვდილით დასჯა. 1990 - იან წლების დასაწყისში რუსების მიერ ჩამოყალიბებულმა სამხედრო დანაყოფმა „მხედრიონის“ ჯარისკაცებმა, რომლის მეთაურიც იყო რუსეთიდან შემოგზავნილი ავაზაკი ჯ.იოსელიანი, ქართულ სამოქალაქო პირს, მხატვარ ვახტანგ ნოდიას შტიკდანით - ცოცხალ ადამიანს მოაჭრეს მარჯვენა მკლავი. მას არ აპატიეს აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პორტრეტის შექმნა. გასულ წელს რუსული იმპერიის მიერ მოვლენილმა ემისრებმა ე.წ. „მილიციის“(პოლიცია აღარ არსებობს) მეშვეობით, განსაკუთრებული, რუსი ჯარისკაცებისათვის ჩვეული სისასტიკით დაარბიეს 20 ივნისს ანტისაოკუპაციო მრავალათასიანი მიტინგი; დაიღვარა მშვიდობიან მომიტინგეთა სისხლი, ასეულმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაკარგეს მხედველობა. აღმაშფოთებელი იყო ერთი მილიციელის მიერ დაკავებულ ადამიანზე განუწყვეტელი პანღურების ამორტყმა, რაც არც ერთი კავკასიელი ეთნოსის ზნეობაში არ ჯდება.
უმძიმესია რუსი იმპერიალისტების მიერ ქართული სახელმწიფოს ძარცვის მასშტაბები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის ძარცვის ფაქტი. მარტო მე - 19 საუკუნეში ნაძარცვმა საეკლესიო ქონებამ შეადგინა 143 მილიონი იმდროინდელი რუსული რუბლი, რაც დღევანდელი გაანგარიშებით ტოლია 20 მილიარდი აშშ-ის დოლარის. მეფის რუსეთს ძარცვაში არც ბოლშევიკები ჩამორჩნენ. მათ ძვირფასი ლითონებისაგან საეკლესიო საგანძურები გადაადნეს და გაიტაცეს. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა აგრეთვე ჩვენი საუკუნეებგამოვლილი უმდიდრესი და უდიადესი ისტორიული ძეგლები. მართალია, აღმოსავლეთიდან ნიაღვარივით მოვარდნილმა არაქრისტიანმა დამპყრობლებმა მთლიანად გაანადგურა სამეფო და საერო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მაგრამ მტერს პირვანდელი სახით გადაურჩა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრები. ველურმა ჩრდილოელმა დამპყრობელმა კი თითქმის მთლიანად მოშალა ჩვენი საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ექსტერიერი და, განსაკუთრებით კი - ინტერიერი; გადაათეთრა ან სულაც ჩამოფხიკა უძველესი ქართული ფრესკები, საუკეთესო შემთხვევაში კი ისინი მოიხატა რუსი მხატვრების მიერ, რომელსაც ჩვენს საეკლესიო ფრესკებთან არაფერი არ აკავშირებდა. ასევე აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების მიერ წმინდანების ფრესკებზე დაჩხაპნილი სახელები, გადაფხეკილი თვალები და ა.შ. სამწუხაროდ ქართული ისტორიული ძეგლების ხელყოფა დღემდე გრძელდება. ამის მაგალითია ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლის - საყდრისის - ვანდალური აფეთქების აქტი.
უდიდესი ზიანი მიადგა რუსი დამპყრობლების მიერ ქართულ გენოფონდს. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მე-19 საუკუნეში ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, ქართული ეთნოსის სრულმასშტაბიანი გენოციდი მე-20 საუკუნეში განხორციელდა. 1904 წელს შორეულ აღმოსავლეთში - მანჯურიაში რუსეთ-იაპონიის ომში მრავალი ქართველი დაიღუპა. ამას მოსდევდა რუსეთის 1905 – 1907 წლების რევოლუცია, რომელიც გადაიზარდა კლასობრივ ბრძოლაში, რასაც ჩვენს ქვეყანაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დიდი რაოდენობით ქართველი მებრძოლი შეეწირა პირველ მსოფლიო ომს. ქართველები იბრძოდნენ აღმოსავლეთით ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე. დღემდე არავინ იცის იმ ზარალის შესახებ, რაც მიადგა ქართულ გენოფონდს. დიდი იყო მსხვერპლი საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ. 1921 – 1941 წლებში საქართველოში დახვრეტილ იქნა 250 ათასიდან 300 ათასამდე ადამიანი. რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომს, საქართველოში ტოტალური გაწვევის შედეგად 700 ათასზე მეტი ადამიანი იქნა წაყვანილი, სადაც ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 300 ათასზე მეტი ადამიანი, თუმც ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამ ომში საქართველოდან გაცილებით მეტი ადამიანი იყო დაღუპული.
ახლა კი უშუალოდ რაც შეეხება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის მთავარ ბრალდებას - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიერ რუსული მიწების მიტაცების შესახებ. საინტერესოა ამ ბრალდებაში რა ადგილს დაიჭერს საქართველო. საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა 1783 წელს, რომელიც ცნობილია „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელწოდებით. ამ დროისათვის ქართლ-კახეთის ვრცელი სამეფოს მოხარკეები იყვნენ განჯის, ერევნის და ნახიჭევანის სახანოები. ეს კი ამიერკავკასიის ტერიტორიის ნახევარია. 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა რუსეთ-საქართველოს მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც ბოლშევიკურმა რუსეთმა აღიარა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. პროფესორ აკაკი სურგულაძის შეფასებით, 7 მაისის ხელშეკრულება იყო დიდმნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რაც საქართველოს სტატუსს მსოფლიო ასპარეზზე განამტკიცებდა. თუმცა, ერთა ლიგის 23 წევრიდან მხოლოდ 10 - მა დაუჭირა მხარი ერთა ლიგაში მის გაწევრიანებას. ამის მიზეზად პროფესორი ა.სურგულაძე ადანაშაულებდა ინგლისის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრს, ლოიდ ჯორჯს. ეს განპირობებული იყო ინგლისის რუსეთთან ეკონომიკური კავშირის ძიებით. ასეთივე უდიდესი დარტყმა მიადგა ჩვენს ქვეყანას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, რასაც მოჰყვა რამდენიმე თვეში რუსეთის სასტიკი აგრესია საქართველოს მიმართ. ახლა კი ისევ მივუბრუნდეთ ისტორიულ წარსულს - კონკრეტულად ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებულ საკითხს. პირველი დიდი საერთაშორისო ხელშეკრულება დაიდო ბრესტ-ლიტოვსკში,1918 წლის 1 მარტს, რუსეთ-გერმანიას შორის. აქ ერთი მუხლი დაეთმო საქართველოს სამხრეთ- დასავლეთ ტერიტორიებს, კერძოდ ყარს-არდაგან-ბათუმის პროვინციებს. უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით გავეცნოთ ცნობილი მკვლევარის ვ. ნოზაძის მოსაზრებებს : „18 იანვარს კავკასიურ საზღვრებთან დაკავშირებით გერმანიის წარმომადგენელმა ფონ-კულოვმა შეკითხვა დაუსვა რუსეთის წარმომადგენელს ლევ ტროცკის - არის თუ არა კავკასიის არმია ბოლშევიკების ხელისუფლების დაქვემდებარებაში, ტროცკიმ განაცხადა, რომ კავკასიის არმია ჩვენს განკარგულებაშია, რაც წმინდა წყლის სიცრუე იყო. ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მეოთხე მუხლში იყო განხილული ყარს-არდაგან-ბათუმის საკითხი და გერმანიის წარმომადგენლის ფორმულირებით, ხსენებული ტერიტორიები არ მიეკუთვნა არც ოსმალეთს და არც რუსეთს. მეოთხე პარაგრაფის ფორმულირება მოხდა შემდეგი სახით: ახალი წესრიგი დამყარდება აღნიშნულ ოლქებში მოსახლეობასთან შეთანხმებით ანუ პლებისციტით.
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდგომ პერიოდში ოსმალეთმა შემოუტია საქართველოს და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიკავა ბათუმის ოლქი. ამის შემდეგ მან გააგრძელა წინსვლა და აიღო ოზურგეთი. თუმცა ქართულმა სახალხო ლაშქარმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით უდიდესი დარტყმა მიაყენა გათავხედებულ თურქ ოკუპანტებს.
დამოუკიდებელ საქართველოს სულზე მოუსწრო მუდროსის დროებითმა ზავმა, რის შემდეგაც ოსმალებმა იძულებით დატოვეს ამიერკავკასიის ტერიტორია. მუდროსის ზავით ოსმალეთს აეკრძალა აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობაც. ამრიგად ასკვნის ვ.ნოზაძე: „გაუქმებულ იქნა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რომელიც შემდგომ მოსპო ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ (მუხლი 116) 1919 წლის 19 ივნისს. მუდროსის ზავი სევრის ხელშეკრულებაშიც განმტკიცებულ იქნა. სევრის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1920 წლის 10 აგვისტოს“ (ვიქტორ ნოზაძე საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა... თბ.1989 წ. გვ.70). ამრიგად, აღდგა საქართველოს ტერიტორია 1914 წლის მდგომარეობით. 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები სცნო ვერსალისა და სევრის ხელშეკრულებების საფუძველზე. 1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოკუპანტმა ქვეყანამ მთლიანად უგულვებელჰყო ზემოაღნიშნული საზავო ხელშეკრულებები და უხეშად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ამჯერად გვინდა შევეხოთ კრემლის დიქტატორის შესაძლო პრეტენზიებს საქართველოს საზღვრებთან დაკავშრებით, რომელსაც, უეჭველია, იგი ახლო მომავალში წარუდგენს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, უკრაინას, ყაზახეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს.
ისტორიულად ცნობილია, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ჯარები, ერეკლე მეორის მეთაურობით და რუსეთის სამხედრო შენაერთები 1770 წლის მარტში თურქეთის მიერ მიტაცებულ მესხეთის ტერიტორიაზე შევიდა, რაც მიზნად ისახავდა ისტორიული მესხეთის და მისი ცენტრის - ახალციხის ოსმალთა იმპერიიდან გამოხსნას და მის მშობლიურ წიაღში დაბრუნებას. ამას თითქოს წინ არაფერი ეღობებოდა, მაგრამ, მოულოდნელად აწყურის ციხესთან რუსმა გენერალმა ტოტლებენმა უკან მოაბრუნა თავისი ჯარი და ხეობაში ქართველთა ლაშქარი რაოდენობით მასზე სამჯერ აღმატებულ მტრის ჯარს შეატოვა. მარცხი გარდაუვალი ჩანდა. თუმცა იმარჯვა გმირი მეფის სტრატეგიულმა უნარმა და ასპინძასთან გამართულ ომში მტერზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა ახალციხის შემოერთების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მეორე დიდი ღალატი, რომელიც უკვე ჩვენმა მოკავშირე იმპერიამ ჩაიდინა, იყო კრწანისის ბრძოლა. დოკუმენტური მასალებიდან ირკვევა, რომ ირანის სასტიკ და დაუნდობელ მმართველთან - აღა-მაჰმად-ხანთან რუსეთის საიმპერატორო კარს კავშირი ჰქონდა გაბმული, რის შედეგადაც მოკავშირე ძალის მოიმედე ქართველთა მეფე მის ლაშქარზე შვიდჯერ ჭარბ თავდამსხმელთან დამარცხდა, რის შედეგადაც მტერმა სასტიკად მოაოხრა აღმოსავლეთ საქართველო და მისი სატახტო ქალაქი თბილისი. ამ უდიდესმა მარცხმა გამოიწვია ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა და იგი ადვილი მსხვერპლი შეიქნა რუს დამპყრობელთათვის.
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ ქართველმა ხალხმა ენერგიული ბრძოლა გააჩაღა თავისი სახელმწიფოს აღდგენისა და მასზე მიტაცებული ქართული ტერიტორიების შემოსაერთებლად. საქართველოს ომი გაუჩაღა ყველა მისმა მეზობელმა, მაგრამ სახელდახელოდ შეკრებილმა ქართულმა სახალხო ლაშქარმა და ეროვნულმა გვარდიამ წარმატებით მოიგერია მტრების ყველა მცდელობა. მომხვდურთა წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად წარმატებული იყო ქართული სახელმწიფოს შემდგომ პერიოდში. მათ წარმატებით მოიგერიეს გარეშე მტრების - თურქთა აგრესია 1918 წლის (მარტი-აპრილი), სომეხთა შემოსევა იმავე წლის დეკემბერის თვეში, უკან დაახევინეს დენიკინის და წითელ არმიებს 1919-1920 წწ-ში. დაამარცხეს აგრეთვე მრავალრიცხოვანი აჯანყებები ქვეყნის შიგნით, რომელიც მართული იყო ბოლშევიკური რუსეთის, ლენინ-სტალინისა და გრიგოლ (სერგო)ორჯონიკიძის მიერ
იმდროინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის, ქართული დიპლომატიის, გმირი და განათლებული ოფიცრების, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ქართული საჯარისო ნაწილების თითოეული წევრის თავდადებული გმირობის წყალობით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა კულტურული მსოფლიოს დიდმა ნაწილმა და, მათ შორის, ბოლშევიკურმა რუსეთმაც.
რუსეთის მიერ 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ განსაკუთრებელული სისასტიკით განხორციელებულ რეპრესიებს მოჰყვა ქართული სახელმწიფოს მოსპობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ამ უდიდეს ბოროტებაში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა ქართული წარმომავლობის რუსმა ბოლშევიკმა იოსებ სტალინმა და მისმა ხელქვეითმა გ.ორჯონიკიძემ. ამ მხრივ სტალინი, როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულადაც საბოლოო სიკვდილს უმზადებდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. გაზეთ „პრავდა“-ში (1921 წლის 10 თებერვალი) აქვეყნებს პუბლიკაციას, სადაც იგი წერს: „ თუ საქართველოს ნაციონალურმა რესპუბლიკამ იარსება დამოუკიდებლად, იგი აუცილებლად დაჩაგრავს ეროვნულ უმცირესობებს - სომხებს, აფხაზებს, ოსებს. ომის გზით კი ტერიტორიებს წაართმევს მეზობელ თურქებსა და სომხებს“. საინტერესოა აგრეთვე მისი შემდეგი განმარტებები საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სტატუსთან დაკავშირებით: „საქართველოს კ.პ. ცენტრალური კომიტეტის უფლებები უთანაბრდება არა საგუბერნიო კომიტეტის, არამედ საოლქო კომიტეტის უფლებებს“ (ლ.თოიძე, „ინტერვენცია, ოკუპაცია....“ თბ, 1991 წ. გვ. 184).
ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოთქმული ზემოთ მოყვანილი ციტატების შემდეგ არაა ძნელი წარმოსადგენი, თუ რა დაემუქრა ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში. უნდა ითქვას, რომ ი.სტალინი ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოევლინა ნამდვილ ჯალათად. ჩვენ მოკლედ გადმოგცემთ ამ პირწავარდნილი რუსი ბოლშევიკის ნამოქმედარს ქართული ისტორიული ტერიტორიების დეზინტეგრაციასთან დაკავშირებით.
1921 წლის 2 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. ამ კომისიის სხდომები ჩატარდა 25-27 ივნისს. სხდომებს თავმჯდომარეობდა ს. კიროვი. აქედან გაგაცნობთ მხოლოდ 1 დოკუმენტს, რომელიც შედგენილია სომხეთის წარმომადგენლობის მდივნის ვ. მურადიანის მიერ:
„ სიტყვა მიეცა ბეკზადიანს: სომხეთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა…… ბოლო ომის წყალობით (I მსოფლიო ომი) ლტოლვილთა რაოდენობამ 410,000 მიაღწია.... ახლა სომხებს საკმარისი არც ტერიტორია აქვთ და არც ტყის ფონდები, რომელიც სახელმწიფო სახსრების უმთავრესი წყარო იყო...... ახლა სომხეთს ამ გარემოებათა გამო ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია მეზობელ აზერბაიჯანს და საქართველოს ჩამოეჭრას სომხეთის სასარგებლოდ ტერიტორიები...... როცა მოსკოვში ამხ. მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა“.
სომხეთ-საქართველოს ტერიტორიის გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეუთანხმებლობა საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებს შორის. ადგილობრივი ქართველი ბოლშევიკები სვანიძე და თოდრია არ ეთანხმებოდნენ საზღვრისპირა საკითხებს, მათ შორის, ლორეს ნეიტრალურ ზონასთან დაკავშირებულ ზომებს და ამ პრობლემატური საკითხის გადაწყვეტის დროს ჩნდება ი.სტალინი. კავბიურომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა სომხეთის რესპუბლიკას შეუერთა, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა ი.სტალინმა (ლ.თოიძე, „ინტერვენცია, ოკუპაცია...“ თბ. 1991 წ. გვ.192). ჩვენ აქ ვწყვეტთ სტალინთან დაკავშირებით ისტორიულ წიაღსვლებს და ვნახოთ რა შედეგებით დასრულდა ქართული ისტორიული მიწა-წყლის მიერთება მეზობელ ქვეყნებთან:
(მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი) – 936,15 კმ2.- მოსახლეობა - 16,380 - თურქეთი.
მთლიანობაში რაც შეადგენს 18,179,49 კმ2.; 294,236 მოსახლით . თუ ამას მივუმატებთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებს, სადაც იმპერიალისტურმა რუსეთმა 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რაც საქართველოს მთლიანი ტერიტორიის ნახევარს წარმოადგენს. იგივე მოელოდა საქართველოს მესამე ავტონომიურ წარმონაქმნს- აჭარას, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მან ეს ტერიტორია გამოსტაცა რუს ოკუპანტებს, სადაც იმჟამად საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსული ჯარი იდგა.
ვნახოთ რას უპასუხებს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის პრეტენზიას საქართველოს ნეობოლშევიკური მმართველობა და რუსეთის ნამესტნიკი ბორის ივანაშვილი. საინტერესოა რუსი დიქტატორი რომელ ტერიტორიას ჩამოაჭრის ჩვენს ქვეყანას მომავალში, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს თრუსოსა და სტეფანწმინდის რაიონები, რის შემდეგაც კრემლის კონტროლს დაექვემდებარება კავკასიონის ქედზე არსებული ყველა უღელტეხილი.
ნანახია: (2014)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას