logo.png

 

Zurab Guruli

 

"რუსეთის მიერ ორგანიზებული სომხურ-აზერბაიჯანული ზავის შემდეგ გამახსენდა ერთი თვის წინ ნაწინასწარმეტყველები პროგნოზი.

სამწუხაროდ, ზუსტად ახდა.

ნუ შევქმნით ილუზიებს, რომ აზერბაიჯანმა რაიმე არსებითი მოიგო, გარდა ფსიქოლოგიური ეფექტისა და ყარაბახის რეგიონის ნაწილის დაბრუნებისა.

სამაგიეროდ, წინ ჩაუყენეს რუსული კორდონი, რომელსაც ვერასდროს გადავლენ. რეგიონში ტრანსპორტირებას მთლიანად გააკონტროლებს ფსბ.

ალიევმა თავისი სამუდამო ფაშობის გარანტიების გამო ჩააბეტონა რუსები კავკასიაში ირანის საზღვრის გასწვრივ. რუსეთისათვის დათმობილი მნიშვნელოვანი პოზიციების დეტალებს ნელნელა შევიტყობთ და დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი ირიბად დაარტყამს საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს.

პაშინიანის განადგურებით რუსეთმა სომხეთს მიუთითა, მეტი აღარ გაბედონ მათ დაუკითხავად პრეზიდენტის არჩევა; ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში.

არაფერია საზეიმო:

05.10.20.

„უქარქაშო ხმლების სინდრომი" მარტო საქართველოს თავზე არ არის დაკიდებული დამოკლეს მახვილივით, მთელ კავკასიას სტანჯავს. ამიტომაცაა, ხან ერთი წამოეხევა ამ „ხმალზე“ და ხან მეორე. თანაც, განწირულია ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ ხმალის ქარქაშში ჩაგებისკენ მოწოდებას გააკეთებს.

ცხადია, რომ რუსეთს არ მოსწონს სომხეთის ამჟამინდელი მთავრობა, თორემ წაეხმარებოდა ომში. ახლა კი შორიდან უყურებს, სანამ არ დააჩოქებს და ახალ გარანტიებს არ დასტყუებს. დიდი ალბათობით ამ გარანტიებში დასავლეთიდან მაქსიმალური დისტანცირება იქნება. სომხეთის სამხედრო შანსების მიხედვით ეს საკმაოდ მალე მოხდება. ამერიკის არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ კაი ხანი რჩება და ამ დროში აზერბაიჯანი საკმაოდ წაიწევს წინ. თავად აზერბაიჯანი ყარაბახს ცხადია ბოლომდე ვერ დაიბრუნებს; ამას რუსეთი არ დაუშვებს. მაგრამ, ალიევი მაინც წაუგებელ თამაშს თამაშობს. ამ პატარა გამარჯვებებით საკმაოდ გაიმყარებს პოზიციას და მინიმუმ კიდევ ერთი დეკადით დატოვებს ქვეყანას ფეოდალიზმის ეპოქაში.

თურქეთის დაზვერვამ მშვენივრად შეურჩია დრო აზერბაიჯანს გაყინული კონფლიქტის გასაცხელებლად. პანდემია, პლუს ამერიკის ყოვლად გაურკვეველი და აბურდული არჩევნები. არავის სცალია მშვიდობის მტრედის როლის სათამაშოდ და ყურის ასაწევად. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები იქნება უაღრესად სასტიკი და დაუნდობელი.

ასე რომ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ყარაბახის ამჟამინდელი კონფლიქტი, სომხეთიც და აზერბაიჯანიც იგივე სიბნელეში დარჩებიან, ოღონდ უფრო გაავებულები და გალახულები.

საქართველო თავისთავად ყველა ვარიანტში წაგებული იქნება. რუსეთთან დაჩოქებული სომხეთი კიდევ უფრო პრორუსული გახდება საერთაშორისო ასპარეზზე. აზერბაიჯანიც უფრო პრორუსული გახდება, რადგან რუსეთის პასიურობაზეა დამოკიდებული, ყარაბახის რა ნაწილის დაბრუნებას მოახერხებს სომხეთისგან. ამ ვაჭრობაში რუსეთი აუცილებლად მოითხოვს რაღაც მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს და აზერბაიჯანს იმხელაზე აქვს უკვე შეტოპილი, ირანის ზეწოლით აუცილებლად წავა დათმობაზე. გარდა ამისა, კიდევ დიდხანს ეყოლება რეტროგრადული, ფეოდალური სახანო მეზობლად.

თურქეთი ყველა ვარიანტში მოგებულია. ახალ საომარ ტაქტიკასაც წარმატებით ცდის სხვისი ჯარისკაცებით და თანაც კავკასიაში იბრუნებს დომინანტის როლს.

რუსეთი ხომ თავისთავად; სომხეთს ისევ მოარჯულებს, აზერებს დაიმადლებს და თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების ახალ ტაქტიკებზეც იმუშავებს. თანაც, საქართველოს უფრო მჭიდრო მარწუხებში მოაქცევს.

ამ ცუგცვანგის მდგომარეობაში ყველაზე ჰუმანურთან ერთად, ყველაზე სტრატეგიული სურვილიც ომის დაუყოვნებლივ შეჩერება უნდა იყოს ლოგიკურად. სანამ რეგიონში რუსეთის და თურქეთის რეტროგრადული რეჟიმები იაქტიურებენ, კავკასიური „წვრილფეხობის“ ნებისმიერი საბრძოლო ფაფხური ფიასკოსათვისაა განწირული. იდეალური გადაწყვეტა მხოლოდ დასავლური ქვეყნების სამხედრო გარანტორობით მოხდება სადავო რეგიონებში, მაგრამ ეს ამჟამად სრული უტოპიაა."

წერს ზურაბ გურული.

ნანახია: (1357)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას