logo.png

 

Guram Lursmanashvili

 

"როდესაც ქართველი სასულიერო პირების (ძირითადად ეპისკოპოსების) რაიმე სერიოზული ,,გადაცდომის" (ზნეობრივი, ფინანსური, უშიშროება...) შესახებ გავრცელდება ხოლმე ინფორმაციები, აუცილებლად ვნახავთ არაერთი ადამიანის გამოხმაურებას, რომ ,,ამათ ღმერთი არ სწამთ." ალეგორიულად ან ირონიულად გასაგებია, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია. პირიქით, ქართველ სასულიერო პირებს ალბათ ,,ყველაზე მეტად სწამთ ღმერთი." უბრალოდ, აქ უნდა გავიგოთ, თუ რომელი ღმერთი წამთ, ან როგორ. ფურცელზე კი ვამბობთ, რომ ჩვენი ეკლესია და საეკლესიო მოწყობა საუკუნეებისაა და ა.შ. მაგრამ რეალურად, ეს საეკლესიო სტრუქტურა სტალინის მიერაა შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა, აი დაშლის შემდეგ კი ,,ჩამკეტი მექანიზმი" გაუქმდა. ასე მოხდა საბჭთა კავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა ეკლესიაში (რუსეთის გარდა). ამათგან თითქმის ყველამ თავისი გზა წარმატებით გაიკვლია (საქართველოს გარდა). უნდა ვაღიაროთ, რომ ეროვნული მოძრაობის მოქმედებებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებულმა იდეოლოგიურმა ფონმა, საქართველოში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტად საპატრიარქო ჩამოაყალიბა (პარადოქსულია, რომ ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელები ყველა ხელისუფალზე მეტად იყვნენ დაპირისპირებული საპატრიარქოს ისტებლიშმენტთან). რეალურად მივიღეთ ერთვარი უცნაური სიმბიოზი - სტალინური სტრუქტურა ჩამკეტი მექანიზმის გარეშე+კატასტროფულად გაზრდილი სახალხო მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა კი საქართველოში ,,ახალი კონფესია" ჩამოაყალიბა. მასზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი, როგორია მისი ღმერთი? ძალიან მარტივი. თუ კარგად იქცევი ყველაფერს გაძლევს, თუ ცუდად იქცევი ყველაფერს გართმევს, რაც ნიშნავს, რომ თუ კარგად ხარ, ე.ი. კარგადაც იქცევი და ე.ი. ღმერთმა მოგცა ყველაფერი. ეს ღმერთი წამთ ჩვენებს. ჩვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესების უმეტესობა ,,ძალიან კარგად ცხოვრობს" (რაც დასაძრახი, პირადად ჩემთვი, საერთოდ არაა). პრობლემა სხვაა. უმეტესობა მათგანი ფიქრობს, რომ რადგან ,,კარგად ცხოვრობს", ე.ი. ,,კარგად იქცევა" და ,,ღმერთმა ამიტომ მისცა ყველაფერი," აბა, კარგად რომ არ იქცეოდეს ღმერთი ,,უსამართლო კი არაა" ამდენი რამე რომ მიეცა? (რეზიდენციები, ხალხის სიყვარული, უძრავ-მოძრავი ქონება, ავტორიტეტი...). ხოდა, ჩემო კარგებო, თქვენ რომ ამა თუ იმ სასულიერო პირზე ინფორმაციას ნახავთ, საიდანაც იგებთ, რომ იგი სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევებსა თუ მაქინაციებშია გარეული, ნუ იტყვით, რომ მათ ღმერთი არ წამთ, პირიქით, მათი რწმენა ამ ყველაფერს მხოლოდ აძლიერებს.

P.S. არც ისე დიდი ხნის წინ რამდენიმე ეპისკოპოსი საუბრობდა ჩვენს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რაღაც სერიოზული მოქმედებები იყო აუცილებელი, რათა სამომავლო პრობლემები და სტრუქტურული ჩამოშლა თავიდან აეცილებინათ. ერთმა რა თქვა იცით? მართალია რასაც ამბობთ, მაგრამ თვითონ ღმერთი არ ერევა ხომ ხედავთ და ჩვენც გავანებოთ თავი, იყოს ისე, როგორცააო. მართალია, ღმერთ არ ერევა და არც ჩაერევა. რა შუაშია ღმერთი (ანუ ქრისტე) რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის შიდა-კლანურ ინტრიგებთან, ის ახლაც ჯვარზეა გაკრული და ცდილობს თავისი სახე როგორმე მაინც დაანახოს ,,დამსჯელი ღმერთის მორწმუნე" სასულიერო პირებს."

წერს თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი.

ნანახია: (1362)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას