''პატრიარქი ილია მეორე "სუკ"-ის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა, ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან, ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს - რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მივმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას, მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა. როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. მე კი კვლავ უმოძღვროდ ვიყავი. აღსარებას კი სვეტიცხოვლის და მეტეხის მღვდლებთან ვაბარებდი და ზიარებასაც მათგან ვიღებდი. მამა არჩილი კი პატრიარქის მხრიდან მუდმივ შანტაჟს და ტერორიზებას განიცდიდა და ამადაც, არ მსურდა მისთვის დამეკისრებინა მოძღვრის ფუნქცია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერი მამა იოანე, რომელიც იმხანად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ ისიც პატრიარქის საგანგებო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც, მოძღვრად გახდომის შემთხვევაში, მასაც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვაყენებდი. სუკის მიერ ჩვენი ეკლესიის სრულმა და საყოველთაო ოკუპირებამ, მაიძულა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მეძებნა მოძღვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის ეკლესიის მღვდელი მამა გლები (იაკუნინი), დისიდენტი და "სუკ"-ის მიერ დევნილი, რომელმაც მრავალი სამღვდელო პირი ამხილა "სუკ"-თან თანამშრომლობაში. მე მას ვთხოვე ზიარება 1978 წელს, როცა დაღესტანში გადამასახლეს და ასევე 1992 წელს ჩეჩნეთში გაძევებულმა. დღეს ისიც გამირბის, ალბათ სიკვდილის ეშინია "ქრისტიანს". საქართველოს ეკლესია გაანადგურა რუსეთის სუკმა და ეშმაკეულმა შევარდნაძემ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. თავგანწირვაში უნდა მივბაძოთ პირველ ქრისტიანებს."
ზვიად გამსახურდია, 1992 წ. ქალაქი გროზნო, ნახევრად ლეგალური გაზეთი ''აღდგომა''
მოამზადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.
ნანახია: (1949)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას