logo.png

 

 

“ორჯონიკიძე, კიროვი – ლენინს, სტალინს, ჩიჩერინს. სრულიად საიდუმლოდ (დაშიფრული) 1920, 7 მაისი:

1. თუ საქართველოს არ დავეუფლეთ, თითქმის შეუძლებელი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ აზერბაიჯანი საბჭოთა რუსეთის იყოს. საქართველო უკვე ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში კონტრრევოლუცია ასაზრდოოს, აგრეთვე ინტრიგებს ეწევა მთიელთა შორის, მილიონებს ყრის იქ, აქეზებს მთიელებს დამოუკიდებლობისთვის. იმავდროულად საქართველო ზოგიერთ აგრესიულ ზომებს იღებს საბჭოთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ;

2. საქართველო სამხრეთში კონტრრევოლუციურ კერად იქცა, უთუოდ განუწყვეტლივ ასაზრდოებს კონტრრევოლუციას ჩრდილო კავკასიაში. ამ მხრივ საქართველოს არავითარი ხელშეკრულების, არავითარი განცხადების ნდობა არ შეიძლება;

3. საქართველოში არის ფართლეულობა, რომლითაც შეგვიძლია მოვამარაგოთ ყუბანი, სტავროპოლი და გამოვიტანოთ პური, რომელიც თერგს, დაღესტანს, აზერბაიჯანს სჭირდება;

4. თუ საქართველოს დავეუფლებით, ინგლისელებს გავაპანღურებთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან და გზას გავხსნით თურქეთისაკენ;

5. საქართველოს მებრძოლ ძალთა მდგომარეობა ერთობ ხელსაყრელია ჩვენი ჩარევისთვის. აქ შესაძლებელია მცირედი ცვლილებებით იგივე განმეორდეს, რაც აზერბაიჯანში მოხდა. მეამბოხეთა რაიონებია: სამხრეთ ოსეთი, დუშეთის მაზრა, ლაგოდეხისა, აფხაზეთი და თითქმის მთელი ქუთაისის გუბერნია. თუ ჩვენ საზღვრისკენ დავიძარით, აღნიშნულ რაიონებში აჯანყება გარდაუვალია. რას გვიბრძანებთ მხარი დავუჭიროთ მას თუ არა?! ჩვენი აზრით, საქართველოსთან დასადები ზავის პირობებში აუცილებლად უნდა იყოს მოთხოვნა: საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება საქართველოში. ჩვენი ცნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მენშევიკები მზად არიან ამისთვის, ოღონდ ძალიან ივაჭრებენ. "

პასუხი, 7 მაისი, 1920. სტალინი – ორჯონიკიძეს:

   ,, ის რასაც შენ ლაპარაკობ საქართველოს მთავრობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ვითარება ახლა ისეთია, რომ ახლა სიჩქარე საქართველოსთან მისი საბჭოთად გადაქცევის თვალსაზრისით, ჩვენ არ მიგვაჩნია აუცილებლად – სულერთია, რამდენიმე თვის შემდეგ თუ კომუნისტები იქნებიან ლეგალიზებულნი, იგი ისედაც გახდება საბჭოთა, სხვა გზა მისთვის არ არსებობს.

   გირჩევ დაარწმუნო საქართველოს როგორც სასაზღვრო ნაწილები, ისე სხვა აჯანყებულები საქართველოს შიგნით,რომ არ იჩქარონ გამოსვლებში და შეინარჩუნონ თავიანთი ძალები უახლოესი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ჩვენი ჯარების, ასევე აზერბაიჯანის ჯარების მხრივ შეტევითი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება და ჩვენ ხვალვე, უკიდურეს შემთხვევაში ზეგ, დავდებთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რის შესახებაც შენ დაწვრილებით გაცნობებთ.

   თქვენს უკანასკნელ დეპეშას 12 მაისისთვის თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენს პოლიტიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებლად ვთვლით. სომხეთთან, ისევე როგორც საქართველოსთან დამოკიდებულებაში აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს თავისი ტერიტორიის ყოველმხრივ დაცვის პოზიცია, დაიცვას თავისი საზღვრები მთელი ძალებით, მაგრამ არ გადავიდეს მოსაზღვრე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.”

   1920 წლის 7 მაისს, რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა.

   ოთხი ძირითადი პუნქტის გარდა, დოკუმენტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას და ქვეყნიდან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

წერს  საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

ნანახია: (1439)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას