"მინდა მოკრძალებით შევახსენო ყველა ჩემ ახლობელსა და მეგობარს, შემდეგი: რაკი მე არ ვეთანხმები საპატრიარქოს პოლიტიკას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის "წმინდანობას", მის მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ "წესრიგსა" და იერარქთა ქმედებებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციისა და ღვთივდადგენილი არსისა თუ სწავლა-მოძღვრებითი საუნჯის წინააღმდეგ მივდივარ, ჯვარი მეწეროს!..
თქვენც, როცა ამა თუ იმ მთავრობას აკრიტიკებთ, ნუთუ ამით სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიდიხართ?! დარწმუნებული ვარ, რომ არა!..
მე, არც ცხოვრების წესი შემიცვლია, არც ღირებულებები და არც რწმენა! ვიყავი, ვარ და ღვთის შეწევნით დავრჩები ქრისტეს ერთგული!.. უბრალოდ, შიშველი და პატიოსანი ხელებით ვიბრძვი უსამართლობის, ფარისევლობის, უზნეობისა და უკანონობის წინააღმდეგ. ჩემი მიზანია არა კარიერული წინსვლა (ეს, რომ მდომოდა, დღეს ორჯვრიანი დეკანოზი და სამდივნოს კონფორმისტი სპიკერი ვიქნებოდი), არამედ სისტემის გაჯანსაღება, ეკლესიის გათავისუფლება კრემლის გავლენებისგან, ჰედონისტური ლობისგან და ერეტიკული ცნობიერების ცრუ სამღვდელოებისაგან!
მე მინდა ვხედავდე ბედნიერ, განსწავლულ და წესიერ მრევლს, რომელიც მახარობელია და არა ფანატიკოსი, მოსიყვარულე და არა აგრესორი, მქადაგებელი და არა ხეპრე, თავისუფალი და არა მონა!
ბევრი განსაცდელები, იმედგაცრუება და დაბრკოლება გადავიტანე ბოლო პერიოდში, მასისათვის არაპოპულარულ გზას დავადექი, მაგრამ არასოდეს პრინციპებისა და ღირსებისათვის არ მიღალატია! არ ვნანობ არჩეულ გზას, რადგან ეს არის გულწრფელობისა და სინდისის ბასტიონი!
ამიტომ, ნუ განმსჯით მკაცრად, ნუ იქნებით "რომის პაპზე დიდი კათოლიკეები" და ნუ დამწამებთ ცილს! ყველას ჩვენი მისია და ჯვარი გვაქვს, მთავარია მადლიერება ღვთისადმი, ინტელექტუალური ზრდის დინამიკა და მუდმივი რეფლექსია (მეტანოია, აღსარება) რათა ხიბლმა არ წარგვიტაცოს ადამიანები.
აქვე გაგიმხელთ და გეტყვის, რომ ბავშვობიდან მინდოდა მღვდლობა, ახლაც მაქვს ეს გრძნობა, მაგრამ ამ ეტაპზე და ამ რეჟიმთან ინტეგრირების არანაირი სურვილი არ მაქვს. ვინც ღირსეულია - ყველა დასაჯეს! ვისზეც ვერ მოასწრეს - უპირებენ! ამიტომ სანამ სისტემა მტარვალი და გარყვნილია, იქ შესვლა უტიფრობა და უგუნურება იქნება!
მოკლედ, მირჩევნია ნერვიულობაში, სიღარიბეში და სხვისგან დაცინვაში მოვკვდე, ვიდრე პატიოსნებას, უფლის მცნებებსა და ადამიანობას ოდესმე ვუღალატო! ასე დავპირდი ჩემ გარდაცვლილ მამას და ასე აღვუთქვი ჩემ ცოლ-შვილს!..
ღმერთმა დალოცოს ჩემი პირადი მტრები!
ღმერთმა მაპატიოს მეც, თუკი ისინი ჯერ-ჯერობით არ მიყვარს..."
ნანახია: (952)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას