"რატომ ვერ განთავისუფლდა საქართველოს ეკლესია რუსეთის გავლენისაგან? იმიტომ, რომ რუსეთი არის საქართველოს ეკლესიაში და კიდევ იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია არის რუსეთში (საბჭოთა კავშირში!).
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა დაკარგა ინტერესი საქართველოს ეკლესიის მიმართ და მოინდომა “წასვლა“. როგორ ეკლესიას დატოვებს საქართველოში? აი, ასეთს:
“მშობლებო, ნუ გაუშვებთ სასწავლებლად ევროპაში თქვენს შვილებს“ ; “პუტინი ბრძენია, ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს“; “რუსეთი დიდი ძმაა“ (პატრიარქი ილია მეორე)“;
“პროგრესული, მოაზროვნე ნაწილი და ცივილიზებული სამყარო არის საშინელი ჩიხი (საყდრის მცველი, შიო მუჯირი)“ ;
„ევროპა სულიერად გვრყვნის“; “ვინც რუსეთს ლანძღავს იმას ქართველი როგორ ვუწოდო?“ (სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი);
“ილია ჭავჭავაძის მკვლელობა იყო დაკვეთა ევროპიდან“; “რუსებმა იმიტომ შეათეთრეს რესკები, რომ იმ ადგილზე რუსეთის იმპერატორს უნდა გაევლო“ (ქუთათელი მიტროპოლიტი იოანე);
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთისა და ევროპის მიმართ ზემოთმოყვანილი შეფასებები გაზიარებულია იერარქიის 99% -ს მიერ. აი, ეს არის მიზეზი რის გამოც ვერ “წავა“ რუსეთი საქართველოს ეკლესიიდან და რის გამოც დარჩება იგი “მთავარი არხის“ და სხვა არხების სკანდალურ ნიუსებში. “გავლენის აგენტი“, როგორც მთავარი არხი უწოდებს, არის ობივატელი - იდეური ზომბი, რომელიც მტრული ქვეყნის დაზვერვასთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე ემსახურება მის მიზნებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვფლობ თუ არა “მთავარი არხის“ დოკუმენტის ავთენტურობის შესახებ საკმარის ინფორმაციას, რადგან 2017 წლამდე ბევრად ადრე ვაკრიტიკებდი საპატრიარქოს პრორუსულ და ქრისტეს ეკლესიისათვის საზიანო პოზიციას. ამიტომ, ამ დოკუმენტში ჩამოთვლილი სასულიერო პირები დიდი ხანია “გავლენის აგენტები“ მგონია!
სად არის ამ ყველაფრის ფესვები?
1811 წელს საქართველოს ეკლესია იძულებით დაემორჩილა რუსულ მმართველობას. 1991 წლამდე, თითქმის 180 წელი (გამონაკლისია1917-21 წ.წ!), საქართველოს ეკლესიას ჯერ რუსეთის ცარისტული რეჟიმი და შემდეგ საბჭოთა იმპერიული რეჟიმი მართავდა სახელმწიფო დაზვერვის (ნკვდ, კგბ) ინსტიტუტებით. აქ აუცილებლად უნდა დავსვა რიტორიკულ კითხვა:
როგორ ფიქრობთ, 1991 წლის 9 აპრილს, როცა საქართველოს სახელმწიფომ აღიდგინა დამოუკიდებლობა (ერთი წლით ადრე ეკლესიის ავტოკეფალიამ მოიპოვა აღიარება!) რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ რუსულ სპეცსამსახურებში:
ა) მართალია 180 წელი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ვებრძოდით, მაგრამ აწი აქ რაღა გვესაქმება, დავტოვოთ ეს ქვეყანა.
ბ) ვეცადოთ მოვძებნოთ საყრდენები ყველგან და ყველა სფეროში.
პირველი ვარიანტი გამოსაფხიზებლად შემოგთავაზეთ, მათთვის ვინც ეკლესიის პრორუსულობაზე საუბრისას ელოდება, რომ ჯიბიდან ამოვიღებთ კგბ დოკუმენტებს და ამით გავაშავებთ შორენა თეთრუაშვილის ბანდას. (იფიქრე ქოცო, მ ა რ ტ ი ვ ი ა !!!)
მეორე ვარიანტზე პასუხი ის არის, რომ 1991 წლის შემდეგ, ყველაზე ნოყიერი დასაყრდენი რუსეთის სპეცსამსახურებს ეკლესიაში ჰქონდათ. უპირველესად იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა ეკლესიაზე ინარჩუნებდნენ გავლენებს, სხვადასხვა კომპრომატების საშუალებით. და მერე, მათ კარგად იცოდნენ, რომ რელიგიურად გაუნათლებელ საბჭოთა საზოგადოებაში (რუსეთის ჩათვლით!) ყველაზე ეფექტურად იმუშავებდა რელიგიურ-პოლიტიკური ინდოქტრინაცია, როგორც „ოპიუმი“. მათ სწორად გათვალეს. სამწუხაროდ, ამ ხნის მანძილზე საქართველოს ეკლესიის მხრიდან მხოლოდ კვაზი-მესიანისტური, იზოლაციონისტური, ეთნო-ფილეტისტური და ხევისბერ-მითოლოგიური წარმოდგენები საღდება ქრისტიანობად. მგონი ამდენის მიღწევა რუსებსაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული.
ახლა დროა გონზე მოვეგოთ, ახლა საქართველოში ეროვნული მთავრობის სწორი პოლიტიკის დროა!"
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია
ნანახია: (1350)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას