"ახალი მთავრობისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში გადაუდებლად აუცილებელი რეფორმაციისა, უმთავრეს გამოწვევად რჩება საპატრიარქოსთან არსებული მახინჯი ძალთა სიმფონიისა და კარტელური პარტნიორობის გადახედვა.
უნდა აღინიშნოს, რომ კონკორდატის იმგვარი ფორმა და შინაარსი, როგორადაც ის ქართულ რეალობაში არსებობს, ფაქტობრივად უპრეცედენტო, ორიგინალური და "უნიკალურია" თავისი კაზუსებითა და ანტისახელმწიფოებრივი ლაფსუსებით, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ცივილიზებულ სამყაროში და რომლითაც არსებით წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, ქრისტიანულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ ფასეულობებთან.
აბსოლუტური ნონსენსია, როცა პოლიტიკური ელიტა, ერთი მხრივ დაჟინებით გვიმტკიცებს სახელმწიფო წყობილებისა თუ საკანონმდებლო ბაზის - სეკულარიზმის იდეაზე დაფუძნებას, ხოლო მეორე მხრივ კი პარალელურად კონკორდატის "სულიერ ღირსებებზე" დიდაქტიკურად საუბრობს. სინამდვილეში ეს ორი ფენომენი ისე ვერ შეენივთება ერთმანეთს, როგორც ცეცხლი და თივა! აბსურდია ქმნიდე ლიბერალურ დემოკრატიას და ამის კვალდაკვალ თეოკრატიის მიკრო მოდელს აწესებდე კანონის დონეზე!..
მერწმუნეთ, საკუთრივ ეკლესიის ბუნებისთვისაა უცხო და პრობლემური - პოლიტიკანობა, დროის სულისკვეთებით სნებოვნება, ამქვეყნიური ბერკეტებით პოზიციონირება და გავლენებით დომინანტობა.
ურთიერთდისტანცირება იმას კი არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს ეკრძალება ეკლესიური ცხოვრება, ან სასულიერო პირს საერო საკითხებზე პოზიციის ქონა, არამედ ეს გულისხმობს ერთმანეთის ფუნქციებში არშეჭრას, კომპეტენციის საღად გააზრებასა და ინსტიტუციური პრეროგატივის განსაზღვრებას.
ამდენად, ანგარებითი ფლირტი, ტრიუმფალიზმი და გამიწიერებული ინტერესების ლეგალიზება უპირველესად ეკლესიას ვნებს და შემდეგ სახელმწიფოს, რადგან ასეთ დროს ორივე ირყვნება...
წმინდა წერილში ვერ ნახავთ ლეგიტიმურ და ქრისტოცენტრულ საფუძველს იმგვარი ძალაუფლებისათვის, როგორსაც "ჯაღმაიძიზმის" იმპერატიული ნოტა ითხოვს!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი
ნანახია: (885)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას