logo.png

 

Zura Odilavadze

 

ცვლილებების აუცილებლობა – ,,სუსტი“ ხელისუფლების კონცეფცია

ზოგადად, სახელმწიფო ლეგიტიმური ძალადობის ინსტრუმენტია. შესაბამისად, ისეთი სისტემა, რომელშიც ძლიერი ლიდერი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს, განწირულია გახდეს ძალადობრივი და უსამართლო. დასკვნა: რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო აპარატი, მით მეტია ხალხზე ძალადობის ალბათობა. სუსტი ხელისუფალი ამგვარ მოქმედებას ვერ გაბედავს, რადგან მასების უკმაყოფილების შეეშინდება...

ახლა დავსვამ კითხვას: ვინმეს მოსდიოდა აზრად, ,,ბრეჟნევის“ შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა? არა, რადგან ეს წარმოუდგენელი იყო. დაახლოებით ასეა დღესაც – უძლურება კი ნიჰილიზმს აჩენს.

აქამდე ჩვენ ძლიერ ლიდერებს ვირჩევდით, რომლებიც თანდათან შეუზღუდავ ძალაუფლებას მოიპოვებდნენ, რაც ძალადობითა და ხალხის შესაბამისი რეაქციით სრულდებოდა...

მაშ, იმისთვის რომ უსამართლობა, ძალადობა და კორუფცია თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია მთავრობის ,,დასუსტება“! ამისთვის კი საჭიროა, მისი გაკონტროლების მექანიზმები. სამი რამ აბალანსებს ხელისუფალის თავნებობას: 1. დამოუკიდებელი სასამართლო; 2. თავისუფალი მედია; 3. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. შევაჯამებ: ნებისმიერი მთავრობა მიდრეკილია ძალაუფლების კონცენტრაციისკენ და მხოლოდ იქ, სადაც ძლიერია სასამართლო, მედია და საზოგადოება, ხელისუფალი ვერ ბედავს, ხალხზე ძალადობასა და უკანონობას. ამიტომ სწორედ ეს ,,ტრიუმვირატი“ უნდა გახდეს ჩვენი ,,ბელადი“ და არა კონკრეტული პიროვნება!

ახლა კი უშუალოდ დღევანდელობაზე. ოპოზიცია ნამდვილად ძალიან შორსაა იდეალურისგან, მაგრამ ამჟამინდელი მთავრობა ჩაფლულია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კორუფციულ გარიგებებში, აღებ-მიცემობასა და სხვა უკანონობაში. ფაქტობრივად, ოფიციალურად გამოცხადებულია შემდეგი კურსი: ,,უნდა ,,იცხოვრონ“ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა, დანარჩენები არიან – ,,მოღალატე ნაცები“ და მადლობა უნდა თქვან, რომ არ ანადგურებენ“ – ეს ,,რასობრივი სეგრეგაცია“, რაღა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს!

პრობლემა მხოლოდ მასების პასიურობაშია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხალხი ვერ ერევა ძლიერ ხელისუფალს და ამიტომ მისი შეცვლის იმედი დაკარგა. ბელადის ხელშია ყველაფერი: ფული, პოლიცია, სასამართლო, მედია, მოსყიდული ჩინოვნიკები და ელიტა... თუ მასებმა ერთხელ მაინც დაიჯერეს, რომ პროცესებზე ზეგავლენის ძალა შესწევთ, მათ მერე ვერავინ გააჩერებს და ამ გზით ჩამოყალიბდება აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ამ იმედს კი სწორედ დღევანდელი ვითარება და პროპორციული არჩევნების სისტემა იძლევა! არაპოპულარული ბელადის ფონზე, ხალხს გაუჩნდა აშკარა შანსი, ხელისუფლებაში მოიყვანოს შედარებით ,,სუსტი“ მთავრობა, რომლის მართვასაც ადვილად შეძლებს. ამიტომ არის სასურველი (სანატრელიც) კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას ვერ მოახერხებს და ზემომოყვანილი ,,ტრიუმვირატის“ მეშვეობით, ადვილი გასაკონტროლებელი იქნება. ამ შემთხვევაში, ერთის გაბატონება გამორიცხული იქნება და ასეთი მთავრობა ადვილად დაემორჩილება ხალხის დიქტატს!

სამუდამოდ გაქრება პოლიტიკური პოლიცია – ,,სუსი“ და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით (,,ქოცი“ – ,,ნაცის“) გამორჩევა; გაუქმდება ,,მომხრეების“ საკვებად ხელოვნურად შექმნილი უამრავი – ,,სსიპი“, ,,შპს“ და ,,აიპი“; ჩამოყალიბდება მცირე მთავრობა და ჩინოვნიკების რაოდენობა განახევრდება – ასეთია სრულიად რეალური პერსპექტივა!

მოკლედ, დღეს მთავარია დავამარცხოთ ნიჰილიზმი. მისი მიზეზი კი შემდეგია: ხალხი არავის ენდობა, რადგან დარწმუნებულია, რომ მომავალი მთავრობაც გადააგდებს და მერე დიდი ხნით დარჩება ხელისუფლებაში... აქედან გამომდინარე, მთავარია, მასებმა დაიჯერონ, რომ მომავალი ხელისუფლება თვისობრივად სხვანაირი იქნება. მხოლოდ ამ შეთხვევაში გახდება შესაძლებელი – ,,ბიძინას გატანა“... ხალხში უნდა გაჩნდეს იმედი: თუ ის ბელადს მოიშორებს, ბევრად ნაკლები ძალაუფლების მქონე (,,სუსტი“) ფიგურების მართვას ადვილად მოახერხებს – მცირერიცხოვანი დემონსტრაციაც კი (ამას დამატებული სასამართლო და მედია) საკმარისი გახდება, რომ მთავრობის არასასურველი წევრი უცებ გაათავისუფლონ...

მოკლედ, მთავარია, ადამიანებმა პროცესებს ამ გადმოსახედიდან შეხედონ და დაიჯერონ, რომ მხოლოდ მათ შესწევთ ძალა, ნებისმიერი ხელისუფალი მართონ!

ზ.ო. – 2020, ოქტომბერი

ნანახია: (869)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას