logo.png

მიკროსამყაროს პოლიტიკური გაკვეთილები

 

"მაღალი რანგის პოლიტიკოსისათვის ნებისმიერი მასშტაბური გამოწვევა პრობლემასთან ერთად საჩუქარიცაა, რადგან თუ ღირსეულად გამკლავებას მოახერხებს, მისი ავტორიტეტი განუზომლად გაიზრდება.

კორონა-პანდემია შესანიშნავი „საჩუქარი“ იყო პრეზიდენტ ტრამპისათვის. პანდემია ხომ ომია, სამყაროთაშორისი ომი; მიკროსამყარო მაკროსამყაროს წინააღმდეგ; ომის დროს კი ამერიკელები ტრადიციულად ერთიანდებიან მტრის წინააღმდეგ. პრეზიდენტს შეეძლო გახლეჩილი ქვეყნის საერთო, ზეპარტიულ პლატფორმაზე გადაყვანა და შერიგების პროცესის დაწყება; მაგრამ მან ხელიდან გაუშვა შანსი, წინასწარ მოეგო არჩევნები. ახლა უკვე ძნელია ზუსტი წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ორიოდე კვირის შემდეგ პლანეტის ყველაზე მძლავრ სახელმწიფოში.

დაახლოებით 40 მილიონი დაავადებული და 1 მილიონი დაღუპულია კოვიდ-ომში და მიუხედავად ამისა, არ ცხრება სპეკულაციები „მსოფლიოს უდიდეს აფიორაზე“ და რომ „კორონა უბრალოდ გრიპია“. საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანები უცნაური აღტყინებით ამტკიცებენ თავიანთ ჰიპოთეზებს, ითვლიან ციფრებს, პროცენტებს, ადარებენ სხვადასხვა დაავადებათა სტატისტიკას; ფაქტი კი ერთია, კორონა-პანდემიამ პარალიზება გაუკეთა პლანეტას და ეს მოახერხა შიშის მძლავრი ფაქტორის შექმნით. დიახ, შესაძლოა საბოლოოდ კორონა არ აღმოჩნდეს ისეთი მასშტაბის მკვლელი, როგორიც თუნდაც „ესპანური გრიპი“ იყო, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი კი ბევრად უფრო ძლიერი აქვს. რატომ? იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია?

რატომაც არა. გასულ საუკუნეში ბოლოსდაბოლოს ორი მსოფლიო ომი მოხდა და ათეულ მილიონობით ადამიანი შეიწირა. პლანეტა მიეჩვია სიკვდილს. თანაც ამ სიკვდილის შესახებ ინფორმაციების გავრცელება ხდებოდა რადიოთი, შავ-თეთრი ფოტოებით, წიგნებით. შიში ვერ ახერხებდა ელვისებურად მოეცვა მილიონები. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, მსოფლიო პირველად ჩაება პლანეტარული მასშტაბის ომში და შიშიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდა. დღევანდელი მსოფლიო დაცლილია გასული საუკუნის პატრიოტული ბრავადისა და ომისა და სიკვდილის რომანტიკისაგან; ადამიანებს სიცოცხლე სწყურიათ.

-რატომ ეშინიათ ექიმებსა და ექთნებს სიკვდილის, მათ ხომ იმისათვის უხდიან ხელფასებს, რომ მზად იყვნენ ამისათვის? - გულუბრყვილო სიბრაზით კითხულობენ მავანნი. დღეს, როდესაც ადამიანთა შორის ომიც კი ელექტრონული ხელსაწყოების ომად გადაიქცა, დაქირავებულ ჯარისკაცებსაც ვერ უსაყვედურებ იმისათვის, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ არიან სიკვდილისათვის. განვითარებული კაცობრიობა პრაქტიკულად ორად გაიყო, „ფრთხილებად“ და „მამაცებად“. მეორენი პირველებს ამუნათებენ რომ ეკონომიკური კრიზისით უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება; სილაჩრეში სდებენ ბრალს, ციფრებით „უმტკიცებენ“, რომ არაფერია საშიში; რომ კორონა მხოლოდ 2-3%-ს კლავს, მაგრამ ცხადია საკუთარ თავს არასოდეს მოიაზრებენ განწირულთა პროცენტებში. სტატისტიკური ოპტიმიზმი დაუპირისპირდა ინდივიდთა ტრაგედიას. ორი სრულიად შეუსაბამო სიდიდე აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ და სრულიად დაირღვა მოქმედება-რეაგირების ლოგიკაც. სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებს კარსმომდგარი რეალური შიშის უფრო ეშინიათ, ვიდრე შორეული ჰიპოთეტურის; თუმცა ეს ჰიპოთეტურიც რეალობა გახდება ხვალ, რადგან ჩაკეტილი მსოფლიოს მძლავრი ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია.

პრეზიდენტ ტრამპს მარტივი გააზრება სჭირდებოდა იმ ფაქტისა, რომ იგი მხოლოდ „მამაცთა“ პრეზიდენტი არ არის, იგი „ფრთხილთა“ პრეზიდენტიც უნდა ყოფილიყო და როგორც ლიდერსა და მხედართმთავარს, აუცილებლად უნდა მოეძებნა შეხების წერტილები. ამისათვის ორივე სპექტრის ემოციებისა და არგუმენტების თანაბარი პატივისცემა იყო საჭირო.

კორონას პოლიტიზირებას ვერც საქართველო ასცდა და სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც სერიოზულ ხარკს გადაიხდის ამ მიზეზის გამო. ვერც საქართველომ მოახერხა „ფრთხილთა“ და „მამაცთა“ ერთ, ზეპარტიულ პლატფორმაზე დაახლოება და მორიგება. ყალბი, უსაფუძვლო ბრავადა საბოლოოდ გაშიშვლდა და ახლა უმწეოდ ცდილობს შემოფლეთილი ლეღვის ფოთლებით სარცხვინელის დაფარვას.

ორიოდე კვირაში ამერიკა გააკეთებს თავის პოლიტიკურ არჩევანს; გააკეთებს საქართველოც. ამერიკა დიდი ქვეყანაა, მდიდარი და მძლავრი, გაუძლებს შეცდომებს. საქართველო კი უკვე უფსკრულის პირას დგას; კიდევ დიდხანს გაუძლებს უგუნურ ლიდეთთრებს? ..."

თავის გვერდზე წერს ზურაბ გურული

ნანახია: (855)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას