მკურნალობის ჟამი
დავიწყებ ორიგინალური დაკვირვებით: მიმაჩნია, რომ ავტორიტარიზმი დღეს წარმოადგენს ფსიქიკური დაავადების ფორმას – მასობრივ ფსიქოზს.
ფსიქოზი – ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს სამყაროს ასახვა დამახინჯებულია და ამიტომ ავადმყოფის მოქმედება ხასიათდება რეალობასთან მკაფიო შეუსაბამობით.
მეცნიერული კვლევების თანახმად, ფსიქოზის გაჩენას დიდწილად განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: სიღარიბე (ღატაკ ფენებში შიზოფრენიის დიაგნოზი ბევრად ხშირია, ვიდრე მდიდრებში), ურბანიზაცია, სოციალური იზოლაცია, დისკრიმინაცია (უსამართლობა და ჩაგვრა). დადგენილია, რომ ფსიქოზების რისკი ბევრად მაღალია პირებში, რომლებმაც ბავშვობაში გადაიტანეს ფსიქიკური, სექსუალური თუ ემოციური ძალადობა და განმეორებადი ტრავმატიზაცია ზრდასრულ ასაკში...
მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა – ეს არის მასობრივი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც წარმოადგენს საბჭოური ტოტალიტარიზმის შედეგს – მწვავე დაავადების (შიზოფრენიის) ქრონიკულ ფორმას. ამგვარ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ახასიათებს: ტრავმის გამეორების შიში და კოშმარული სიზმრები, აკვიატებული მოგონებები, ემოციური გახევება და გრძნობების დაჩლუნგება, უძილობა, დეპრესია და შფოთვა, ხშირია სუიციდური აზრები.
მართლაც, შეუძლებელია, თუ არ ხარ ფსიქიკურად დაავადებული, XXI საუკუნეში მოგწონდეს ერთმმართველობა, პოლიციისა თუ ,,სუსის“ შიში და კოლექტიური თანხმობა! სწორედ ასეთი ავადმყოფური ,,მოწონება“... თუ უმრავლესობის დიქტატის გამართლება ან მასთან შეგუება განაპირობებს ავტორიტარული რეჟიმის წარმოშობისა და განმტკიცების წინაპირობას – სხვაგვარად ამ მდუმარე მორჩილების ბუნებას ვერც ახსნი... აბა, შეიძლება ადამიანს, რომელსაც სინამდვილის ადეკვატური აღქმა გააჩნია, სჯეროდეს ზემოდან ან ტელევიზიით გამოცხადებული გამარჯვებების და, იმავდროულად, ხედავდეს იმ გაჭირვებას, უთანასწორობას, უფერულობასა და უბადრუკობას, რომელიც გარშემო სუფევს?..
ახლა წავიწიოთ წინ და ჩამოვაყალიბოთ შემდეგი წესი: ნებისმიერი მასობრივი ფსიქოზი იწყება სინდისის დაჩლუნგებითა და ცუდი გემოვნებით. მდაბიო არჩევს მასზე უფრო მდაბიოს. სწორედ უზნეობა და დამახინჯებული გემოვნება, მათგან გამომდინარე სიძულვილის დაუოკებელი მოთხოვნილება აერთიანებს და ადუღაბებს ბელადს, ელიტასა და მასებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გემოვნება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც განათლებისა და სინდისის ერთობა, მივიღებთ ,,ბელადომანიის“ ძირითად მახასიათებლებს: უნამუსობა და დაბალი გემოვნება. მაშასადამე, ავტორიტარიზმის ფსიქოზს აუცილებლად ახასიათებს მასების განათლების კვდომა და საყოველთაო ამორალურობა. შევაჯამებ და დავასკვნი: მორალისა და გემოვნების დეგრადაცია – ავტორიტარიზმის აუცილებელი პირობებია და მათ თან სდევს დეპრესია, აპათია და ნიჰილიზმი... მგონი, გეცნობათ, არა?..
დასასრულისთვის გავიმეორებ ცნობილს: ადამიანი არ არის არც სიმდიდრე, არც ნიჭი და არც გარეგნობა, არა, ადამიანი, პირველ ყოვლისა, ეს არის სინდისი. ზნეობის დონის გამო ხდება პიროვნება კეთილი ან ბოროტი, წესიერი თუ უწესო... გამბედაობაც სინდისზეა დამოკიდებული – ბოლოს და ბოლოს სწორედ ის არ მოგცემს უფლებას, არ თქვა სიმართლე. სინდისიერი ადამიანი ვერც ამაყი ვერ გახდება და ვერც სხვას დაუწყებს ზემოდან ყურებას. ერთი სიტყვით, ყველა საქციელსა და ქმედებას სინდისი გვკარნახობს და, ამავე დროს, აკონტროლებს. უნამუსო ადამიანი დიდად არ განსხვავდება ცხოველისგან. რანგით ოდნავ დაბლა დგას კულტურა, განათლება და, შესაბამისად, გემოვნება...
ასე რომ: ფსიქიატრიული – საქართველოა, გიჟები – ჩვენ ვართ ყველაო! მკურნალობის დროა, თანამემამულენო, მკურნალობის...
მწერალი ზურა ოდილავაძე – 2020, ოქტომბერი
ნანახია: (1632)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას