logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:

"გარეჯი და ბაქოს რუსული ეპარქია

დაახლოებით სამი წლის წინ საპატრიარქოს ეწვია ,,ბაქოს ეპარქიის" წარმომადგენლობა, ესაა რუსული საეკლესიო ერთეული აზერბაიჯანში, (Бакинская и Азербайджанская епархия), რომელიც დაუფარავად პრეტენზიას აცხადებს ალბანეთის ქრისტინულ მემკვიდრეობაზე და არამხოლოდ, ამ ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: ,,ალბანეთის ეკლესიის არქიტექტურულ ძეგლებად ლოგიკურია განვიხილოთ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ისტორიული რეგიონის კამბისენის მრავალი ეკლესია. ეს განსაკუთრებით შეიძლება ითქვას გურჯაანისა და ბოდბის ტაძრებზე, სანამ ისინი რანთა და კახთა სამეფოს შეუერთდებოდნენ"...(https://www.baku-eparhia.ru/history/albania/architrave/), (ტყუილია, ბოდბე ქართლის სამეფოს საზღვრებში იყო მუდამ, რანთა და კახთა სამეფოს შექმნამდეც, შეიძლება თავიანთი მოციქული ქართველებს უცხო ქვეყანაში დაემარხათ ? ). მათ პრეტენზია აქვთ გარეჯზეც, ალავერდზეც და ასე შემდეგ...
მაგრამ პრეტენზიები კიდევ უფრო შორს მიდის, კერძოდ, საქართველოს პატრიარქისაგან მათ მოითხოვეს, რომ ჰერეთის ქართული სამრევლოები გადასულიყო ბაქოს ეპარქიის, როგორც ალბანეთის საკათალიკოსოს მემკვიდრის  დაქვემდებარებაში, პატრიარქმა სტუმრები მანგლელ მიტროპოლიტთან გადაამისამართა, რომელსაც დაევალა ისტორიული დასაბუთება იმისა, რომ გარეჯი, ალავერდი, ბოდბე და ა. შ.  ალბანეთის ეკლესიის ნაწილი არ ყოფილა, მოკლედ, გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ამის გათვალისწინება აუცილებელია, ბაქოს რუსული ეპარქიის სახით აზერბაიჯანში არსებობს ძალა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს გარეჯზე, და რომელიც აქვეყნებს რუკებსა და სტატიებსაც, სადაც გარეჯი ალბანეთის საზღვრებშია მოქცეული... 2017 - რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა - ვოკოკალამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ამ ეკლესიის მეთაური - ბაქოს მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე საგანგებოდ დააჯილდოვა მარკოზ ეფესელის პირველხარისხოვანი მედლით კავკასიაში გაწეული დიდი ,,ღვაწლისთვის".
პატრიარქმა კირილმა კი მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ,,ამ უძველეს მიწაზე მართლმადიდებლობის შემნახავი" მღვდელმთავრის მსახურება ,,მოითხოვდა განსაკუთრებულ ტაქტსა და დიპლომატიურ უნარს მრავალეროვან რეგიონში" (https://mospat.ru/en/2017/06/27/news147992/).
რუსეთის ეკლესიის მთავარი მიზანი რეგიონში, რისთვისაც მას მართლაც სჭირდება ერთიც და მეორეც, ესაა გადაბმა ალბანეთის ძველ ეკლესიასთან, რათა შემდეგ რეგიონში მისი უფლებებით ისარგებლოს, ამ მიზნით რუსეთის ეკლესია უპრობლემოდ ცნობს აზერბაიჯანს ალბანეთის გენეტიკურ და კულტურულ მემკვიდრედ, თავის მხრივ კი პრეზიდენტი ალიევიც თბილადაა განწყობილი ბაქოს ეპარქიის მიმართ, 2013-წელს ის დაესწრო ეპარქიის კულტურული ცენტრის გახსნას, აქვე იყვნენ რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრები - ბერლინისა და გერმანიის არქიეპისკოპოსი თეოფანე, მოსკოვის ეპარქიის ვიკარი ევგენი და ვსევოლოდ ჩაპლინი, ისტორიაში პირველად აზერბაიჯანის მმართველმა მოიხილა ბაქოს კათედრალური ტაძარიც, სადაც ,,ალბანეთის მმართველს" სამეუფეო  ზარების გუგუნით შეხვდნენ.
ასე, აზერბაიჯანის ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით ბაქოს ეპარქია ცდილობს ქართულ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას დაეუფლოს, რუსეთი არამხოლოდ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდანაც გვიმზერს, და მთავარი - რა სახის პოზიცია აქვს საქართველოს ეკლესიას ? ის დიდი ხანია ჰერეთში ეპისკოპოსს არ ნიშნავს, რასაც ვერავინ ხსნის, ვფიქრობ ყველაფერი ნათელია, საქმე ბინძურ გარიგებასთან გვაქვს."

ნანახია: (1394)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას