logo.png

 

შესავლისთვის

საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანს სათანადოდ კარგად არ იცნობენ. ნებისმიერ უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის სამ საგანმანათლებლო საფეხურს (ბაკალავრიატსმაგისტრატურასა და

 დოქტორანტურას) ისე დაამთავრებ, რომ ერთი სემესტრის მანძილზე არავინ გასწავლის ამ ქვეყნების ისტორიას.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ ქართველთა უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნებს უფრო სტუმრობს, ვიდრე უახლოეს სამეზობლოს. ხშირად თავი ისე გვიჭირავს, თითქოს სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან შორს არიან. მათთან კავშირს, ძირითადად, ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები ინარჩუნებენ. არადა, თუ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდარეგიონული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

ვერ მოხერხდა და განჭვრეტად მომავალში ვერ მოხერხდება ერთიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სივრცის შექმნა. შენგენის მოდელზე აწყობილი „უსაზღვრებო კავკასია“ ჯერჯერობით ქიმერაა, რომელიც ფეხზე მობმული ლოდივით მიჰყვება ევროინტენგრაციის გზაზე მიმავალ საქართველოს. უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიაში საზღვრის თითოეული გოჯისთვის ბევრს ომობენ.

ისტორია

ამ ყველაფრის თავი და თავი ყარაბაღის კონფლიქტია, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ 1988 წელს ან თუნდაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაიწყო.

სინამდვილეში, ისტორია ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია. ეს კონფლიქტი იმდენად არის ისტორიული, ისტორიულ მეხსიერებასა და ორი მხარის კატეგორიულად დაპირისპირებულ ნარატივებზე აგებული, რომ ისტორიის ცოდნის გარეშე ჩვენც ვერაფერს გავიგებთ.

ასე განსაჯეთ, პირველი საჯარო დებატი სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა ლიდერებს შორის მიმდინარე წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა. ორმა დილეტანტმა „ისტორიკოსმა“ დისკუსიის 45 წუთიდან 30 წუთი ისტორიაზე კამათს დაუთმო. არა 1990-იანი წლების ან კიდევ უფრო ახალ პერიოდზე, არამედ ანტიკურ ხანაზე, შუა საუკუნეებზე, მეცხრამეტე საუკუნეზე და ა.შ. პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამზადებულ, მათ მიერ შემოთავაზებულ ნარატივებს ჩვენ ვერ დავეყრდნობით, ამიტომ შევეცადოთ მეტ-ნაკლები ობიექტურობით აღვადგინოთ ეს ისტორია.

სომეხთა და აზერბაიჯანელთა კოლექტიური მეხსიერებები ხშირ შემთხვევაში კონსტრუირებულია და ისინი პოლიტიკური მიზნებისკენ არის მიმართული. ამ მეხსიერებებში არამარტო ყარაბაღია ამოსავალი წერტილი, არამედ იქვეა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხი; ყარსის, ზანგეზურისა და ნახჭევანის ისტორიები; არც ბაქოსა და შუშაში ხოცვა-ჟლეტათა თემატიკა იკავებს უკანასკნელ ადგილს სიძულვილის მეხსიერებაში. ამიტომ, ჩვენც უფრო ფართო დიაპაზონზე უნდა ვისაუბროთ.

კავკასიაში ბოლო სომხური სახელმწიფო XI საუკუნეში განადგურდა და სომხეთს სახელმწიფოებრიობა 1918 წლამდე აღარ ღირსებია. აქედან მოყოლებული, ვიდრე XIX საუკუნეში რუსეთის მიერ კავკასიის ოკუპაციამდე, რეგიონში სომხური მოსახლეობის ხვედრითი წილი კლებულობდა და ამის საპირისპიროდ იზრდებოდა მუსლიმური დემოგრაფიული ელემენტი.

საკუთარ სახელმწიფოებრიობას მოკლებული, არამეგობრულ გარემოში დარჩენილი სომხები უსაფრთხო გარემოს ეძებდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს აფარებდნენ თავს. აქედან გაჩნდნენ სომხური დიასპორები ინდოეთიდან კალიფორნიამდე და პეტერბურგიდან ეთიოპიამდე.

 

საკუთრივ „ისტორიულ სომხეთში“ ყველაზე მეტად ეთნიკური სომხური ელემენტი სწორედ ყარაბაღის მიუდგომელმა მთებმა შემოინახეს. იქ იყვნენ გამაგრებულნი სომეხი ნახარარები (დიდებულები). ეს დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია სომეხთა კოლექტიური მეხსიერებისთვის.

თუმცა, 1828-1829 წლებში რუსეთის მიერ ერევნისა და ყარაბაღის სახანოების აღების მომენტისთვის ადგილზე სომხური მოსახლეობა არ აჭარბებდა 20%-ს. აზერბაიჯანელთა მეხსიერებაში დალექილი ამ ისტორიის ცოდნის გარეშე ვერ გავიგებთ თუ რას გულისხმობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი, როდესაც ის 2018 წელს აცხადებდა „ერევანი ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელები უნდა დავბრუნდეთ ამ ისტორიულ მიწებზე.“ ვიღაცას ის შეიძლება გიჟიც ეგონა, მაგრამ არა, პოპულისტმა პოლიტიკოსმა იცის თავისი ხალხის ისტორიული მეხსიერების იმპულსები და სენტიმენტები.

1828 წელი წყალგამყოფია, რადგან მას შემდეგ უკუპროცესი დაიწყო: რუსეთ-ოსმალეთის ყველა შემდეგი ომს მუსლიმთა ოსმალეთში ემიგრაცია და ოსმალეთიდან სომხების ჩამოსახლება მოსდევდა. ამრიგად, 1917 წელს, რუსეთის იმპერიის აღსასრულისთვის ყარაბაღში სომეხთა ხვედრითი წილი დაახლოებით 75%-ს, ნახჭევანში 40%-ს, ერევანსა და ზანგეზურში (დღევანდელი სიუნიქი, ირანთან მოსაზღვრე სომხეთის სამხრეთი ნაწილი) 50%-ს აღწევდა. შედარებით ნაკლებნი იყვნენ სომხები ყარსში. ამრიგად, ფაქტობრივად არც ერთი მაზრა (რაიონი) არ ყოფილა უდავო, ყველაფერი სადავო იყო.

რუსეთის იმპერიაში სომხეთი და აზერბაიჯანი არ არსებობდნენ; იყო ერევნის, განჯისა და ბაქოს გუბერნიები. ერევანსა და ყარაბაღს ერთმანეთისგან მაღალი მთები აშორებთ. მეცხრამეტე საუკუნეში მატარებლით ჯერ ერევნიდან ტფილისში, შემდეგ ტფილისიდან განჯაში და განჯიდან ყარაბაღში უნდა ჩასულიყავი. ამიტომ, ყარაბაღი განჯის გუბერნიის შემადგენლობაში მოხვდა. განჯა კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შობილი აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრი იყო. ამასთანავე, ბაქოში სომხური პლუტოკრატია (მდიდარი სომხობა) რუსულ ადმინისტრაციასთან ერთად დომინირებდა და მუსლიმი მუშები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ.

ამ კომპლექსურ ვითარებას ჯერ მეფის და შემდეგ საბჭოთა იმპერიები საკუთარი რეპრესიული აპარატებით აკონტროლებდნენ, მაგრამ რამდენჯერაც იმპერია შეირყა, იმდენჯერ იფეთქა დაძაბულობამ და უმოწყალო სისხლისღვრაში გადაიზარდა. ასე მოხდა 1905 და 1917 წლის რევოლუციების შემდეგ, ასე მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესშიც.

1918-1920 წლების სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველმა რესპუბლიკებმა არაერთხელ იომეს და არაერთი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს ბაქოში, ყარაბაღში, ნახჭევანში, ზანგეზურში თუ სხვაგან. მაგრამ მაშინ ის მაინც ხერხდებოდა, რომ სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანული, ხოლო აზერბაიჯანულ პარლამენტში სომხური ფრაქციები არსებობდნენ; ორი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ ტფილისში ან პარიზში, ხელს აწერდნენ შეთანხმებებს და ა.შ.

დღეს ვითარება გაცილებით უფრო რადიკალური და პოლარიზებულია, ყველაზე გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც არ შეუძლია ორი ქვეყნის პარლამენტებში საპირისპირო მხარეთა ფრაქციების წარმოდგენა.

1918 წლის მიწურულს სამხრეთ კავკასიაში შემოსულმა ბრიტანულმა ჯარებმა სტატუს ქვო უცვლელი დატოვეს, იხელმძღვანელეს რა რუსეთის ყოფილი იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფითა და ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული გათვლებით, სომხური უმრავლესობით დასახლებული ყარაბაღი აზერბაიჯანს მიაკუთვნეს, ხოლო ერევანი, ზანგეზურინახჭევანი და ყარსი სომხეთს. მოგვიანებით აზერბაიჯანელმა აჯანყებულებმა მუსლიმი უმრავლესობით დასახლებული ნახჭევანი დაიკავეს, ხოლო 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ყარსი თურქეთს გადასცა.

ყარაბაღი საკვანძო ადგილი იყო სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასრულების გზაზე. 1920 წლის მარტში იქ დაწყებულმა სომხურმა აჯანყებამ, ამას მოყოლილმა სისხლისღვრამ და ორი სახელმწიფოთა არმიების ფრონტზე მობილიზაციამ ბაქო სრულიად დაუცველი დატოვა, სადაც უბრძოლველად შევიდა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული წითელი არმია და აზერბაიჯანის გასაბჭოება განახორციელა. სამხრეთ კავკასიაში უბრძოლველად გადმოსული ბოლშევიკებისთვის ერევნისა და ტფილისის დაკავება მხოლოდ თვეების საკითხიღა იყო.

1920-იანი წლების საბჭოთა ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული სტატუს ქვო დიდწილად უცვლელი დატოვა: ნახჭევანი და ყარაბაღი აზერბაიჯანს, ხოლო ერევანი და ზანგეზური სომხეთს მიაკუთვნა.

კომუნისტური მმართველობის 70 წლის მანძილზე სომხეთიცა და აზერბაიჯანიც ჰომოგენიზაციისკენ,

 მონოეთნიკურობისკენ ისწრაფვოდნენ. შედეგად, სომხეთი ბევრად უფრო „სომხური“ გახდა და აზერბაიჯანი ბევრად უფრო „აზერბაიჯანული“.

საბჭოთა მმართველობის საწყის წლებში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი. თუმცა მას ეთნიკური ჰომოგენიზაციისკენ მიმართული ცვლილებები არ შეხებია და ინარჩუნებდა ავტონომიურ მმართველობას. ავტონომიას, ძირითადად, მართავდა სომხური უმრავლესობა, ხოლო ეკონომიკურად და ინფრასტრუქტურულად ის აზერბაიჯანზე იყო მიბმული.

აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: ყარაბაღის ისტორიული რეგიონი განსხვავდება მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქისგან. ისტორიული რეგიონი მოიცავს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსაც და ოლქის გარშემო სომხეთის მიერ დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ შვიდ რაიონსაც.

ანუ, დღეს ბრძოლა მიდის არა ოლქისთვის, ესე იგი ადმინისტრაციული ერთეულისთვის, არამედ ისტორიული რეგიონისთვის. ამ მხრივაც ზედმიწევნით ისტორიულ მეხსიერებაზეა აგებული კონფლიქტი.

ამ მეხსიერებაში ასევე მნიშვნელოვანია 1915-1923 წლებში, ჯერ ოსმალეთის იმპერიიდან, შემდეგ თურქეთის რესპუბლიკიდან, სომხების განდევნა და ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც თავად სომხები გენოციდს უწოდებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი იყო საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ნატოს წევრი სახელმწიფო, ხოლო ისტორიულად თურქეთისადმი შიში კავკასიელ ქრისტიანებში ყოველთვის იწვევდა რუსეთისადმი მეტ ლოიალობას, საბჭოთა სომხეთში ხდებოდა გენოციდის მეხსიერების კულტივირება, მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლის ჰეროიზაცია, სომეხი ერის ვიქტიმიზაცია და ა.შ. მაგალითად, 1965 წელს ერევანში გაიმართა გენოციდის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი დემონსტრაცია, ხოლო 1967 წელს აღიმართა გენოციდის დიდი მემორიალი (ციცერნაკაბერდი).

მუსლიმთა წინააღმდეგ ეგზისტენციური ბრძოლა და ამ ბრძოლაში რუსეთის დახმარება ისტორიის ყველა სომხური სახელმძღვანელოს განუყოფელი ნაწილი იყო. ნებსით თუ უნებლიეთ, მეხსიერების ასეთი კონსტრუირება გაუცხოებას თესავდა არამხოლოდ თურქების, არამედ აზერბაიჯანელების მიმართაც.

მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებულმა „პერესტროიკისა“ და „გლასტნოსტის“ პოლიტიკამ, საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაციამ და შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურების მორყევამ სომეხ-აზერბაიჯანელთა დაგროვილ ნაციონალისტურ ემოციებს გასაქანი მისცა. ამავე პერიოდში, გორბაჩოვმა დაიწყო ძველი, იური ანდროპოვის პროტეჟეების პოლიტიკიდან ჩამოშორება. 1987 წელს თანამდებობა დატოვა კრემლში აზერბაიჯანული საკითხის მთავარმა ლობისტმა, სკკპ პოლიტბიუროს წევრმა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ – ჰეიდარ ალიევმა.

კრემლი დასუსტდა, ხოლო კრემლში აზერბაიჯანის საკითხს „პატრონი“ აღარ ჰყავდა. შედეგად, შესუსტდა აზერბაიჯანში კომუნისტთა ხელისუფლებაც და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს ტონს უკვე ქუჩაში მყოფი ნაციონალისტები აძლევდნენ. ამის პარალელურად, 1988 წელს სომხური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ყარაბაღის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. დაიწყო კონფლიქტი. შეტაკებებისა და ხოცვა-ჟლეტის არეალი ხშირად სცდებოდა ყარაბაღს.

ასეთი ეთნო-კონფლიქტები თავად სსრკ-ის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. ამიტომ, პირველ ეტაპზე კრემლმა მისი დარეგულირება სცადა, მაგრამ მოსკოვის ძალაუფლება დასასრულისკენ მიექანებოდა და მას საკმარისი ძალა აღარ შესწევდა.

მოგვიანებით მოსკოვში გადააფასეს მიმდინარე მოვლენები: სომხეთის მხრიდან ყარაბაღისთვის იბრძოდნენ საბჭოთა ფუნქციონერები, ხოლო აზერბაიჯანში უკვე ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა, რომლისთვისაც არც ანტირუსული განწყობა იყო უცხო. ისტორიულ მოკავშირედაც სომხეთი უფრო სჩანდა, ვიდრე აზერბაიჯანი. ამიტომ, ნელ-ნელა კრემლის სიმპათიები სომხებისკენ გადაიხარა. 1990 წელს საბჭოთა ჯარებმა ბაქოში მოაწყვეს „შავი იანვარი“ – აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაგრძელდა ინტენსიური სამხედრო მოქმედებები. მართვის გამოცდილებას მოკლებულმა აზერბაიჯანელმა ნაციონალისტებმა ფრონტის ხაზზეც და ეკონომიკაშიც ფიასკო განიცადეს. ამას მოჰყვა ჯერ ნახჭევანში, ხოლო შემდეგ ბაქოში ჰეიდარ ალიევის დაბრუნება და მისი ხელისუფლებაში მოსვლა.

ალიევი, ფაქტობრივად, წაგებულ ომში დაბრუნდა აზერბაიჯანში. 1994 წელს ხელი მოეწერა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. სომხეთი ფორმალურად დღემდე არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის („არწახის“) დამოუკიდებლობას, მაგრამ ახორციელებს მის ეფექტურ კონტროლს. აზერბაიჯანმა მძიმე მარცხი განიცადა, მან დაკარგა არამხოლოდ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, არამედ მის გარშემო კიდევ შვიდი რაიონი. 1990-იანი წლების ქაოსში, ეკონომიკურ რეცესიასა და კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანას ომის მოგება არ შეეძლო.

ყარაბაღში სამშვიდობოები ან საერთაშორისო დამკვირვებლები არ განუთავსებიათ. ამიტომ, უკვე 26 წელია ადგილზე ვითარება ფეთქებადსაშიში რჩება და პერიოდულად განახლებული შეტაკებების დროს მტყუან-მართალის გარჩევა ყოველთვის ჭირს. ეუთოს ფარგლებში შექმნილია მოლაპარაკებათა პოლიტიკური მექანიზმი – ე.წ. „მინსკის ჯგუფი“, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა ამ მექანიზმს ხელშესახები შედეგისთვის არ მოუღწევია.

რუსეთის დომინაცია

და დამოუკიდებელ

სახელმწიფოთა

გეოპოლიტიკური ჩიხები

 

სომხეთი საკუთარი ისტორიული მეხსიერების ტყვეა. სომხების ეროვნული იდენტობა აგებულია ერთი მხრივ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი გენოციდის, ხოლო მეორე მხრივ ყარაბაღის ომის გარშემო.

შესაბამისად, მას აღმოსავლეთით და დასავლეთით ყავს მტრულად განწყობილი აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოები, რომლებთანაც სასაზღვრო მიმოსვლა ჩაკეტილია. სომხეთი იზოლაციაშია, მისი გვერდის ავლით მოხდა ნავთობ და გაზსადენების, რკინიგზის ხაზების გაყვანა; ის ამოვარდნილია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთბრუნვაში მიღებული სარგებლისგან. არცთუ ნაყოფიერ მიწებზე მდებარე პატარა სახელმწიფოს შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება ეკონომიკურ კეთილდღეობას არ უქადის.

ამასთანავე, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დამოკიდებულია რუსეთზე და რაც არ უნდა მოხდეს, ის თავს ვერ დააღწევს რუსულ ორბიტას. სომხეთი 2018 წლამდე კითხვის ნიშნების გარეშე მიუყვებოდა ამ გზას: ის იყო და „ნელ-თბილად“ დღესაც რჩება დსთ-ს, საბაჟო კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოდ.

თავის მხრივ, რუსეთი მკაფიოდ ზღუდავდა ყარაბაღისადმი მიმართულ აზერბაიჯანის მილიტარისტულ ზრახვებს, ხელში იგდებდა სომხეთის ეკონომიკას და იფარავდა სომხეთის არადემოკრატიული რეჟიმებს.

ასეთი პოლიტიკა სომხეთის უსაფრთხოებას თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე კი იცავდა, მაგრამ ქვეყანა არ ადგა მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გზას. ხელისუფლების სათავეში ოცი წლის მანძილზე იყო „ყარაბაღის კლანი“, ჯერ რობერტ ქოჩარიანისა და შემდეგ სერჟ სარგსიანის თაოსნობით.

„ყარაბაღის გმირები“ მძიმე კორუფციაში ჩაეფლნენ და მათი საომარი დამსახურებებისადმი ქვეყნის მოსახლეობას დადებითი სენტიმენტები აღარ შერჩა. შედეგად, 2018 წელს ერევანში მოხდა „ხავერდოვანი რევოლუცია“, ხელისუფლებაში მოვიდა ზომიერი პროდასავლელი მოდერნიზატორი და დემოკრატი ნიკოლ ფაშინიანი. ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის გეოპოლიტიკაშიც.

1993 წლიდან აზერბაიჯანს მართავენ მამა-შვილი ალიევები და მათი „ნახჭევანის კლანი“. მათი მმართველობა მკაფიო ავტორიტარიზმითა და კორუფციით ხასიათდება.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ათწლეულების მანძილზე უწევდა რუსეთთან ირიბი დაპირისპირება ყარაბაღის გამო, ალიევების რეჟიმი არ წასულა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მხრივ ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარების გზით. მიზეზი მარტივია: დასავლეთი ითხოვს დემოკრატიას, ხოლო დემოკრატია საფრთხეს უქმნის რეჟიმს.

ნავთობმოპოვების წყალობით, რეჟიმი არ საჭიროებს საგარეო პატრონაჟს და ის თვითკმარია საკუთარი არსებობის გზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ აღენიშნება პროდასავლური მისწრაფებები, იქ სტაბილური ავტოკრატიაა და ებრძვიან „ფერად რევოლუციებს“, ქვეყნისადმი რუსეთის დამოკიდებულება არ არის მტრული.

უფრო მეტიც, მხარეებს შორის მიმდინარეობს იარაღით ვაჭრობა და სხვადასხვა დონის პარტნიორული ურთიერთობები. თუმცა, ალიევის რეჟიმის „სანდოობა“ 2018 წლამდე არასაკმარისი არგუმენტი იყო რუსეთის მხრიდან სომხეთის გასაწირად და აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში ომის დაწყებაზე მწვანე შუქის ასანთებად. რუსეთი თავს კომფორტულად გრძნობდა სტატუს ქვოს პირობებში, როდესაც მისი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად ორივე კონფლიქტური მხარის ავტორიტარულ რეჟიმებს უწევდათ ძალისხმევის გაღება და საკუთარი ერთგულების დამტკიცება.

2003 წლიდან მამის ადგილზე ხელისუფლების სათავეში მოვიდა ილჰამ ალიევი. მისი მმართველობის წლებში ხელისუფლება კიდევ უფრო ავტორიტარული გახდა, არც კორუფციის დონემ იკლო, მაგრამ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების წყალობით გაიზარდა ეკონომიკა, მოსახლეობის რაოდენობა და ქვეყანამ დაიწყო გამალებული მილიტარიზაცია.

აზერბაიჯანი უკვე ორი ათწლეულია ადგას „სტრატეგიული ლოდინისა“ და სამხედრო კამპანიისთვის მზადების პოლიტიკას. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ერთიანი შიდა პროდუქტი სულ ცოტა ხუთჯერ აჭარბებს სომხეთის იმავე მაჩვენებელს, მოსახლეობა მინიმუმ სამჯერ აღემატება სომხეთის მაცხოვრებელთა რიცხოვნობას და თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის ოთხჯერ მეტია მოწინააღმდეგისაზე.

ამასთანავე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე აზერბაიჯანს აქვს ეთნიკურად მონათესავე სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის მხრიდან დახმარების გარანტია. ასეთი დისბალანსის პირობებში ძალთა ბალანსს მხოლოდ სომხეთის უკან რუსეთის სამხედრო ძლევამოსილების დგომა აწონასწორებდა. შესაბამისად, ალიევი მოთმინებით უცდიდა თუ როდის შეიცვლებოდა ეს წონასწორობა.

ასეთი მომენტი 2018 წლის შემდეგ დადგა. რუსეთის წინაშე ჩადენილი ფაშინიანის პირველი „ცოდვა“ იყო ის, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა რევოლუციის გზით. პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარ რევოლუციურ პროცესებს რუსეთის ხელისუფლება შიშით უყურებს, რადგან რევოლუცია გადამდებია და რევოლუციური ცვლილებები ქმნიან პრეცედენტებს.

გარდა ამისა, რევოლუციის მსვლელობისას ფაშინიანმა დასვა კითხვები თუ რა სარგებელი მოჰქონდა სომხეთისთვის რუსეთის თაოსნობით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ). ტრადიციულად ლოიალური სომხეთის მომავალი ლიდერის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას უკვე „ბუნტის“ ელფერი დაჰკრავდა. ფაშინიანი არც ამაზე შეჩერდა და კორუფციასა და უფლებამოსილებათა გადამეტების ბრალდებებით დააპატიმრა მკაფიოდ პრორუსი სომეხი პოლიტიკოსები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი – რობერტ ქოჩარიანი.

ამ ფაქტის გამო რუსეთმა დააფიქსირა საკუთარი უკმაყოფილება. სომხეთის პრემიერი უფრო შორს წავიდა და სომხურ ტელევიზიებში შეზღუდა რუსულენოვანი გადაცემების ტრანსლირება, რაც მოსკოვმა ძალიან მტკივნეულად აღიქვა და სომხეთში რუსეთის საელჩომ ვრცელი განცხადებაც გაავრცელა ამის თაობაზე. სომხეთის პრემიერმა ხელი მიჰყო კორუფციასთან და სომხეთში რუსული კაპიტალის მონოპოლიასთან ბრძოლას.

ის საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის დივერსიფიკაციას შეეცადა და დაიწყო საუბარი დასავლეთთან „განსაკუთრებული ურთიერთობების“ ჩამოყალიბებაზე. უფრო მეტიც, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის კვალდაკვალ სომხეთი სტაბილურად აძლევდა ხმას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ, ხოლო ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სომხეთი თავს იკავებს ხმის მიცემისგან და მეგობრულ ნეიტრალიტეტს უცხადებს საქართველოს.

ფაშინიანის პროექტი არის სომხეთის მოდერნიზაცია, ვესტერნიზაცია და რუსეთზე დამოკიდებულების ნაწილობრივი შესუსტება. მაგრამ ეს ყველაფერი არათავსებადია სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებთან, რომლის მთავარი გარანტი რუსეთია. კრემლში საკმარისზე მეტი მიზეზი დაუგროვდათ ფაშინიანის დასასჯელად. უნდა შექმნილიყო კიდევ ერთი პრეცედენტი, რომ რუსეთისგან განდგომის მცდელობებს არ აქვს კარგი დასასრული.

მეორე მხრივ, რუსეთს თავისი ენერგო იმპერიისთვის, კასპიისპირეთის ენერგორესურსების საკუთარ ტერიტორიაზე გასატარებლად ძალიან სჭირდება ამ სისტემაში ირანისა და აზერბაიჯანის ჩართვა. ამ მიმართულებით მინიშნებები გაკეთდა ყარაბაღში ომის განახლებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების – ლავროვისა და ბაირამოვის მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ათწლეულობით სტრატეგიული მოლოდინის შემდეგ, აზერბაიჯანისთვის შეიქმნა უნიკალური ისტორიული მომენტი, რომელსაც თუნდაც სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა: რუსეთი მზად არის ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს, თურქეთი მზად არის მას დაეხმაროს, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მწვავე წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩაძირული, ხოლო ევროკავშირს არაფერი ძალუძს. შედეგად, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანია ყარაბაღის მიმართულებით. აზერბაიჯანული მხარის მტკიცება, რომ აგრესია დაიწყო სომხეთის მხრიდან, არადამაჯერებლად გამოიყურება.

მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარები

ისტორიკოსებმა შეიძლება ბევრი ვიდაოთ იმაზე თუ რამდენად სამართლიანად გადანაწილდა საბჭოთა დროს საზღვრები, მაგრამ ამის პოლიტიკაში გადატანა კატასტროფის მომტანია ყველასთვის.

მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლებამ თურქეთს გადასცა საქართველოს კუთვნილი ართვინი და ჩრდილოეთ არდაგანი, სომხეთს ლორეს ნეიტრალური ზონა, ხოლო აზერბაიჯანს ზაქათალა. ასევე დაკარგა ტერიტორიები სომხეთმა. თურქეთმა და რუსეთმაც დიდი დანაკარგები განიცადეს იმპერიათა დაშლის შედეგად. ახლა რომ ყველა დანაკარგების რეაბილიტაციას ეცადოს, რეგიონში რკინიგზების, ნავთობსადენების, პროდუქციის და სიმდიდრის წარმოების ნაცვლად დაიწყება სიკვდილისა და შიმშილის „წარმოება“

 

ამის ალტერნატიული მოდელი შექმნეს პოლონეთმა და ბალტიის რესპუბლიკებმა, რომლებმაც ერთობლივად დაგმეს კომუნისტური წარსული, მაგრამ ამასთანავე აღიარეს სტალინის მიერ მათთვის დადგენილი საზღვრები, ჩამოაყალიბეს ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცე. ისინი წარმატების მაგალითებს წარმოადგენენ პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში.

აქედან გამომდინარე, საზღვრების რევიზია მიუღებელია. ყარაბაღის საკითხის პოლიტიკური დარეგულირება უნდა მოხდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, სადაც იცხოვრებენ ორივე ეროვნების წარმომადგენლები და მათი უფლებრივი მდგომარეობის განსასაზღვრად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს შესაბამისი დოკუმენტებით.

ზემოთქმულის მიუხედავად, ამ კონკრეტულ ვითარებაში აზერბაიჯანის სამხედრო წარმატება კარგს არაფერს მოუტანს რეგიონის ხალხებს. მიზეზების ახსნას ქვემოთ შევეცდები.

რამ  შეიძლება შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები? დასავლეთი პოლიტიკურად უძლურია, ხოლო ეკონომიკურ სანქციებს ის აზერბაიჯანს ვერ დაუწესებს თუ ამ უკანასკნელმა ომის მსვლელობისას კაცობრიობის წინაშე მკაფიო დანაშაულები არ ჩაიდინა. სამართლებრივად რომ შევხედოთ, აზერბაიჯანი იბრძვის საერთაშორისოდ აღიარებულ საკუთარ ტერიტორიაზე, 26 წლიანი მოთმინებისა და მას შემდეგ, რაც სომხეთმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი რეზოლუცია კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

გარდა გაეროს რეზოლუციებისა, შედეგი ვერ მოიტანა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ მუშაობამაც. ამ ფონზე, ომის წარმოების გამო აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესება უბრალოდ არ გამოვა, არც სამართლებრივად და არც მორალურად. აზერბაიჯანი გრძნობს საკუთარ სამხედრო უპირატესობას და თავად არ გაჩერდება. დარჩა ორი ფაქტორი, რამაც შეიძლება ის გააჩეროს: სომხეთის სამხედრო გამარჯვება ან/და რუსეთის ჩარევა.

ძალთა ბალანსისა და რესურსების მხრივ აზერბაიჯანის აშკარა უპირატესობა პირველივე დღეებიდან ნათელს ხდის, რომ, მიუხედავად სომეხთა მაღალი მოტივაციისა, სამხედრო უპირატესობა ამ უკანასკნელთა მხარეს არ არის. დარჩა რუსული ფაქტორი. რა შემთხვევაში გააჩერებს რუსეთი აზერბაიჯანს? ჩრდილოელ მეზობელს არჩარევის ლეგიტიმური მიზეზები აქვს: მთიანი ყარაბაღი არ არის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი და მასზე რუსეთის სამხედრო ვალდებულებები არ ვრცელდება. გარდა ამისა, რუსეთი არის ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე ქვეყანა და კონფლიქტში სომხეთის მხარის დაჭერა მის ნეიტრალობასა და შუამავლის სტატუსს ეჭვქვეშ დააყენებს.

ამიტომ, ის იფარგლება მშვიდობისაკენ ზოგადი მოწოდებებით. თუმცა ჩვენ ხშირად გვინახავს, თუნდაც საქართველოს შემთხვევაში, როდესაც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით რუსეთი მისთვის ხელსაყრელ ენაზე ინტერპრეტირებდა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. ახლა ასეთი მიდგომა და აქტიური ჩარევა მის ინტერესებში არ შედის.

რუსეთი რასაკვირველია არ დაუშვებს აზერბაიჯანის მიერ სტეპანაკერტის (მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი, აზერბაიჯანულად ხანკენდი) აღებას და კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტას. ასეთ შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს სომხეთსა და აზერბაიჯანზე კონტროლის მექანიზმს და მომავალში შეიძლება რომელიმე მათგანი, ან ორივე, საქართველოს კვალდაკვალ დასავლური ინტეგრაციის გზით წავიდნენ. თუმცა, მას არც ომის ნაადრევი შეწყვეტა აწყობს, რადგან სომხეთმა უნდა იგრძნოს ეგზისტენციური საფრთხე, გადაიაზროს თავისი ურჩობა და ხელისუფლებიდან ჩამოიშოროს ფაშინიანი.

შექმნილ ვითარებაში, აზერბაიჯანის შუალედური სამხედრო წარმატება (მაგალითად რამდენიმე რაიონის დაბრუნება) ბაქოში გაამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს, მას კიდევ უფრო დაუახლოვებს რუსეთს და „მეგობრული ნეიტრალიტეტის“ საფასურად შეიძლება რუსულ მილსადენებში ირანული და აზერბაიჯანული ენერგოპროდუქტებიც ვიხილოთ.

ამის პარალელურად, ყარაბაღის გარშემო ან შიგნით ტერიტორიების დაკარგვა, სტეპანაკერტზე საფრთხის შექმნა სომხეთს აიძულებს მუხლებში ჩაუვარდეს რუსეთს გადარჩენის სათხოვნელად. ეს დაასრულებს ფაშინიანის დემოკრატიულ, დასავლური ტიპის ექსპერიმენტს და სომხეთს მყარად დააბრუნებს რუსულ ორბიტაზე.

რუსეთისთვის ხელსაყრელი ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, რაც სრულიად რეალურია, ჩრდილოელი მეზობელი ერთი მხრივ მიიღებს რამდენიმე რაიონის დაბრუნებით მომადლიერებულ და მასთან ენერგო გარიგებებით დაახლოებულ აზერბაიჯანს, ხოლო მეორე მხრივ სომხეთს ყოველთვის ემახსოვრება, რომ მისი არსებობა გადის რუსეთისადმი უსიტყვო მორჩილებაზე.

რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისა თუ დემოკრატიასთან („ფერად რევოლუციებთან“) ბრძოლის ფაქტორს თავისი ადგილი უჭირავს ამ ომში. პრეზიდენტი ალიევი თავადაც უფრთხის სომხური რევოლუციური პროცესების აზერბაიჯანში ექსპორტს. თუ ფაშინიანის „ექსპერიმენტი“ წარმატებული გამოდგა, რატომ არ დაადგება აზერბაიჯანელი ხალხი იგივე გზას?

ამასთანავე, ის მესიჯს უგზავნის რუსეთის ხელისუფლებას, რომ ის ებრძვის ფაშინიანს, როგორც რევოლუციონერს. მან „ალ ჯაზირასთვის“ 2020 წლის 3 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში სომხეთში 2018 წელს მომხდარ მოვლენებს „ეგრეთწოდებული რევოლუცია“ უწოდა და მკაფიო უკმაყოფილება გამოთქვა პირადად ნიკოლ ფაშინიანით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშვენიერი თანამშრომლობა ჰქონდა სომხეთის წინა პრეზიდენტებთან და მათ კონფლიქტის დარეგულირების გზაზე პროგრესსაც მიაღწიეს. თუმცა, მისივე მტკიცებით, ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.

იმავე დღეს, იმავე ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა ფაშინიანმა თქვა, რომ მას იმედი ჰქონდა სომხეთში მომხდარი რევოლუციური და დემოკრატიული ცვლილებები აზერბაიჯანშიც გავრცელდებოდა. იქვე დასძინა, რომ მისთვის დემოკრატიული გზით არჩეულ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა.

რომ შევაჯამოთ, ფაქტობრივად გამორიცხულია ამ კონფლიქტის სამხედრო გზით საბოლოო დასრულება, მაგრამ სომხეთის წარუმატებლობის შემთხვევაში რეგიონში ცივილიზაციის საათი რამდენადმე უკან დაიხევს და გამყარდება რუსული გავლენა.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე აზერბაიჯანს მუდმივი მზადყოფნა ჰქონდა დაეწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები და არ ეძლეოდა ამის საშუალება. ახლა ვითარება შეიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხეთმა გადაწყვიტა რუსული გავლენისგან ნაწილობრივი გათავისუფლება და „დასავლეთისკენ გახედვა“.

სომხეთისთვის ეს არის ბრძოლა არამხოლოდ ყარაბაღისთვის, არამედ ბრძოლა რუსეთისგან დისტანცირებისა და მოდერნიზაციის კურსის შენარჩუნებისთვისაც. ბოლო დღეების მანძილზე პრემიერ ფაშინიანს რამდენჯერმე კითხეს სურდა თუ არა მას სომხეთის მხარეს ომში რუსეთის ჩართვა. მან ყოველ ჯერზე დამოუკიდებელი პოზიცია დაიჭირა და ასეთი სურვილის არსებობა არ დაადასტურა.

თუმცა, 2020 წლის 3 ოქტომბერს აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გარღვევები განახორციელა ყარაბაღის ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებებით. ამან სომხეთისთვის ომის ცუდი შედეგებით დასრულების წინაპირობები შექმნა. ამავდროულად, უპირატესი ადამიანური და მატერიალური რესურსების გამო, ხანგრძლივი ომი მხოლოდ აზერბაიჯანის წისქვილზე ასხამს წყალს.

ამის გათვალისწინებით, ფაშინიანმა ალ ჯაზირას განუცხადა, რომ არ გამორიცხავდა ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების შეყვანას. ამ საკითხს იმავე დღეს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში სამშვიდობოებს შეიყვანდა მხოლოდ ორივე მხარის – აზერბაიჯანისა და სომხეთის თანხმობის შემთხვევაში. ეს კი პირდაპირ ნიშნავს, ამ ეტაპზე, სომხეთისთვის მშვიდობაზე უარის თქმას, რადგან სამხედრო უპირატესობის მქონე აზერბაიჯანი არასდროს მოითხოვს ყარაბაღში სამშვიდობო ძალების ჩაყენებას.

რუსეთი ჯერჯერობით ნაადრევად თვლის ჩარევას. სომხეთში ფაშინიანი ისევ პოპულარულია, ერი მის გარშემოა გაერთიანებული. სტეპანაკერტისადმი

 მიმართული საფრთხე კიდევ უფრო საშიში და რეალური უნდა გახდეს, აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს რამდენიმე რაიონი, რომ ბაქოც დაკმაყოფილდეს და ფაშინიანის ხელისუფლებასაც დაუსვას საკუთარმა ხალხმა წარუმატებლობის გამო კითხვები. მოსკოვი ერევანს არ გაწირავს ბაქოსადმი სრული კაპიტულაციის გამოცხადებისთვის, მაგრამ დაელოდება როდის გამოუცხადებს ერევანი თავად მოსკოვს კაპიტულაციას.

 

მომზადებულია ბექა კობახიძის მიერ.

ნანახია: (1775)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას