logo.png

2%... და დანარჩენი 98%

1991 წლის ცხელი აგვისტო იდგა. ოფლში გამეღვიძა... დაღამებულა... წამოვვარდი და გარეთ გავედი. მთელი ცხოვრების მძვინვარება – საბჭოეთი, თავისი ,,ცეკათი“ და ,,კაგებეთი” მოვიშორე, რაღა მეკეთებინა?.. არაყი დროზე!
პახმელიისგან გაბრუებული, ბანცალით კეკელიძის ქუჩით ,,ჩაის სახლის“ ბაღთან ჩავედი. ვხედავ, დემონსტრანტები მიაბიჯებენ... ვერაფრით ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მსვლელობები და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ხომ მორჩა?.. თანდათან გავერკვიე – ვაკიდან რუსთაველისკენ მიდიოდნენ... შეძახილებით: ,,ჩაუშესკუ, ჩა-უ- შეს-კუ!..“
არადა, მანამ 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია და საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?“ – მოსახლეობის 98%-მა (!) დადებითი პასუხი გასცა... და ისევ მიტინგი? სულ რაღაც 6 თვეში ზვიადი ,,ტატალიტარი“ და ,,დიქტატორი“ გახდა?!..  
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ ,,თბილისის ომი“ გააჩაღა და  საქართველოს პარლამენტზე, სადაც ,,ტირანი“ იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. სამხედრო გადატრიალებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალი ბეპაევი. 6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს... 1992 წლის მარტში კი (წლისთავზე!) ,,სახელმწიფო საბჭომ" ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია . 
უკვე თვითმფრინავის ტრაპიდან ,,ცეკას“ მდივანმა თავის ერთგულ შეგირდებს ასე მიმართა: ,,მადლობა ქართველ ინტელიგენციას, რომელმაც, როდესაც დასჭირდა სამშობლოს, იარაღიც აიღო ხელში”. ასე დაიწყო ჩვენი – ერის 98% უბედურება, რომელიც დღემდე გრძელდება და დასასრულიც არ უჩანს... თუ, რაღა თქმა უნდა, ტყე- პარკებით გაბედნიერებულ 2%-ს არ ჩავთვლით...
ყველაფერს კი გაცილებით ადრე ჩაეყარა საფუძველი. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987–1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციის, მათ შორის, 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით... 1989 წლის 13 ოქტომბერს კი, ერის ლიდერის მთავარი საყრდენი ბურჯი – მერაბ კოსტავა რუსეთის სპეცსამსახურებმა სიცოცხლეს გამოასალმეს...
კიდევ უფრო ადრე კი, ედუარდის პირველი გამეფების ხანაში – 1977 წლის 1 აპრილს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე, საქართველოს სასიქადულო მწერლებმა ზვიად გამსახურდია... თავისუფლებასთან ერთად მტრად გამოაცხადეს და მწერალთა კავშირიდან გარიცხეს... 
ნიშანდობლივია, რომ 1989 წლის 12 აპრილს, მთავრობის სასახლესთან დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: ,,მეტი მუშაობაა საჭირო ინტელიგენციასთან, – საქართველოში არ არსებობს პარტიული მუშაობა ინტელიგენციასთან მუშაობის გარეშე“ – ასე გადაიქცა საბჭოეთში დამუშავებული ,,ეროვნული“ ელიტის ოკუპანტთან თანამშრომლობისა და ამისთვის პრივილეგიებით დაჯილდოების ტრადიცია საქართველოს საანდერძო წყევლად... სახელოვნებო ოფიციოზის გაღმერთება საბოლოოდ დაკანონდა. 
იმ დროიდან იღებს სათავეს ის მუდმივი რევანშის გესლი და ბოღმა, რომელიც იმხანად კანონიერი პრეზიდენტის განადგურებით დაკმაყოფილდა. 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის მიკარგულ სოფელ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, გაუთავებელი დევნითა და ღალატით ქანცგაწყვეტილი და მარტოსული, მოკლეს თუ თავი მოიკლა...
რა იყო და რა არის დღეს დამოუკიდებლობა, რუსეთისგან გათავისუფლება? პირველ ყოვლისა, ის ადამიანების უფლებრივი თანასწორობის აღიარებას გულისხმობს, როდესაც ყველას ერთნაირი ღირებულება აქვს და ყველაზე ერთი წესი ვრცელდება... აი, ამას აღუდგნენ, სწორედ ამას!.. საკუთარი გამორჩეულობისა და პრივილეგიებისთვის, მაძღარი ცხოვრებისა და გავლენისთვის, ეს მართლაც ,,წითელი ინტელიგენცია“ სამშობლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ წავიდა და ოკუპანტს მიემხრო...
ზვიადს ყველა, მარგინალიზებული და ,,სოფლელებად“ შერაცხული, ერთგული ადამიანების მცირე ჯგუფის გარდა, ყველა განუდგა. დღეს ,,კლასიკოსებად“ გამოცხადებული მწერლებისა და ,,დიდი“ ფილოსოფოსების, სახელოვანი რეჟისორებისა და მსახიობების, ქართული კულტურის სხვა ღვაწლმოსილი მოღვაწეების უმრავლესობამ პრეზიდენტს უღალატა, ბევრი მეგობარი კი უნამუსო დუმილითა და არყის სმით შემოიფარგლა... ამავე სიაშია ეკლესიის მეთაური... და კიდევ უამრავი... რა ჩამოთვლის – მათი სახელია ლეგიონი!
ამჟამად კი ამ ,,ბოლშევიზმის დინოზავრებმა“ და მათმა შვილებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს და პრივილეგიები ისევ დაიკანონეს. დღეს საქართველოში მხოლოდ 60 000 ადამიანს – ანუ ისევ ამ საკრალურ 2%-ს აქვს თვეში 3000 ლარზე მეტი შემოსავალი... დანარჩენები, მათ შორის, ბავშვები, პენსიონერები და, ზოგადად, გაღატაკებული ერის დიდი უმრავლესობა – მოსახლეობის 98% ადამიანებად არც ითვლებიან... მთავარია, შენდება დედაქალაქი, ლამაზდება მისი პროსპექტები, უკვე შრიალებს დედნროპარკი...
არადა, ჯერ კიდევ იმ ზაფხულს, როდესაც მე დემონსტრანტების დანახვითა და ,,ჩაუშესკუს“ შეძახილებით, მთვრალი ,,ჩაის სახლის“ ბაღთან გაოგნებული ვიდექი, საკმარისი იყო სულ ერთი მწერლის, ფილოსოფოსისა თუ რეჟისორის ხმამაღალი განცხადება... ან წერილი... რომელსაც აუცილებლად მეორე მოჰყვებოდა... დაა... არ იქნებოდა ამდენი სისხლი, სიბნელე, შიმშილი, ნარკოტიკი, არაყი, ნგრევა... და რაც მთავარია – ცრემლი!.. მაგრამ შვილები, ბინები, კომფორტი, საჭმელი, გავლება, ფული?! მათი ფუძემდებლური ლოზუნგი ხომ ასეთია: ,,ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად!“... ამას აცხადებს ორი პროცენტი, სულ ორი!
...ბოლოს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე და გენერალი გიორგაძე ზვიადს სამეგრელოს ტყეებში დასახვრეტად დასდევდნენ, ერთმაც კი, ხმის ამოღება ვერ გაბედა... არა, კვლავ დუმილი და პრივილეგიები...   
გასაოცარია, მაგრამ დღეს ,,კულტურის ეს მუშაკები“ და მათი მოდგმა – ამ უმძიმესი ცოდვით ერთ მუშტად შეკრულნი, სისხლით შედუღაბებულნი... მე მორალს მიკითხავს, ლიტერატურას მუქი ფერების გამო მიწუნებს და ცხოვრებასაც მასწავლის... მე რა, ყველას ჩვენ – დარჩენილ 98%-ს. 
...და ყველაფერი იმისთვის, რომ მუცელი ამოიყორონ.

P.S.
ამხანაგებო, თავადვე მშვენივრად უწყით, ეს ამბავი ასე იოლად არ ჩაივლის. უახლოეს ათწლეულში ღალატის ისტორია დაიწერება, ,,კლასიკოსებისა“ და ,,ხელოვნების ქურუმების“ კონკრეტული გვარებითა და სახელებით... ვინ მტრის მხარეს იბრძოდა, ვინ სახლში ვირთხასავით დუმდა... ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და საქართველოში ტყუილის ეპოქა დასრულდება... ვიცი, ეს საშინელი სამსჯავრო გესიზმრებათ – ისტორია იწერება!.. ასე რომ, კი არ ,,გიხაროდენ, გი-ხა-რო-დენ”, არა – სამუდამო სირცხვილისა და გაქრობის ,,გეშინოდენ, გე-ში-ნო-დენ!“
მანამ კი ჭამეთ, ჭამეთ...

მწერალი ზურა ოდილავაძე– 2020, ოქომბერი

ნანახია: (1665)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას