ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:
"მე არ მახსოვს ქართველ მღვდელმთავრებს ეკლესიის ქართველი მამების შეგონებებით დაემოძღვრათ სამწყსო, სავარაუდოდ არც იციან მათი არსებობის შესახებ, სამაგიეროდ ხშირად ახსენებენ ქსენია პეტერბურგელს, სერგი რადონეჟელს, რაფაელ კარელინს, ტკაჩოვს, საროველს, საროველის დათვს, საროველის დათვის კბილს, მაგრამ მათ მწიკვლევან ბაგეთაგან არასდროს ისმის სწავლანი ,,წმიდისა მამისა ილარიონ-ჯუანშერისა", სამოველ ქართველისა, იოვანე ბოლნელისა, დანიელ ხანბაშურისა, აბრაჰამ ქართველისა, ანტონი ლიპარიტყოფილისა, ნიკოლაოზ კათალიკოზისა, სვიმონ პღნძაჰანქელისა... არაერთი ორიგინალური ძველ ქართული აპოფთეგმისა, ნათარგმნი საღვთისმეტყველო კრებულებისა, სადაც ძალიან, ძალიან ხშირად ეკლესიის ბერძენი მამების დაკარგული პირველხარისხოვანი თხზულებებიც კია შემონახული, ამდენად, კურთხეული ძველი ქართული ენით შესაძლოა არამხოლოდ ყველა უმთავრესი საღვთისმეტყველო თხზულების წაკითხვა, არამედ ბევრი სხვა ისეთი ტექსტის გაცნობაც, რომელიც სხვა ქრისტიანულ ენაზე არ არსებობს და ამ დროს ჩვენს სამარცხვინო ეკლესიას ხეირიანად არც კი ესმის ძველი ქართული სალიტერატურო ენა.
რა ღირსების შემლახავია ივერიის უძველესი ეკლესიისთვის, რომ მისი სულიერი სახელმძღვანელო დღეს მხოლოდ რუსული პატერიკებია, ეკლესიის ქართველი მამების მდიდარი დანატოვარის შესახებ კი არაფერი იცის, თუკი მართლა ისე უყვართ ეკლესია და მამული, როგორც თავს აჩვენებენ, მაშინ რატომ არ ცდილობენ საუკეთესო აიღონ წინაპართა დანატოვარიდან ?
სინამდვილეში საქართველოს ეკლესია დღეს არის არა ივერიის ძველი ეკლესიის გაგრძელება, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსო, რომელმაც გადამალა ცოდნის კლიტენი, არც თავად შევიდა და შემსვლელნიც დააბრკოლა - მორწმუნე საზოგადოებას შეუქმნა წარმოდგენა, თითქოს ეკლესიის მოძღვრებს ძველ საქართველოში თავისთავადი სიტყვის თქმა არ შეეძლოთ, მხოლოდ სამოყვარულო მოკვლევამაც კი დამარწმუნა იმაში, რა საუნჯეა დამარხული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მაგრამ ეკლესიის ძველი ქართველი მამები არ ყოფილან ისეთი იზოლაციონისტები, როგორებიც დღეს არიან ქართველი ვაიმოძღვრები, ამიტომ მათი კათოლიკე სულისკვეთება ცხადია შეუთავსებელია საპატრიარქოს დღევანდელ საეკლესიო პოლიტიკასთან, შესაბამისად, საკუთარ საეკლესიო მემკვიდრეობაზე უარის თქმა ამითაცაა გამოწვეული, დავიტოვოთ იმედი, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში დაემხობა არსებული საეკლესიო სისტემა და აღდგება ამბროსის, კირიონის და გიორგი მთაწმინდელის ეკლესია მთელი მისი დიდებულებით, ნაცვლად რაფაელ კარელინის და კირილ გუნდიაევის ფეხსაწმენდ ტილოდ ქცეული ეკლესიისა, რომლის კომპრომატირებულ პატრიარქსაც ყურით დაათრევენ საქართველოს უბოროტესი მტრები."
ნანახია: (957)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას