"ალბათ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დღეს, მთლად სულელი და უდარდელი თუ არ ხარ, აშკარად ჩანს, როგორ მანიპულირებენ პოლიტიკოსები ადამიანებზე ყველგან. ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნება ანუ მეტი მხარდაჭერა ვისაც უნდა, სავარაუდოდ ყველას პროფესიონალი მრჩევლები კარნახობენ თუ რა და როგორ უნდა ილაპარაკონ ხალხის წინაშე. ესაა უსინდისობის ის უტიფარი შეტევა, გაოცებისა და გაშტერებისგან რომ დაგამუნჯებს და შეიძლება ხელიც ჩაგაქნევინოს ყველაფერზე. უსინდისობის ტაქტიკა ასეთია: თუ ტყუილებშია კაცი შემჩნეული, სახალხოდ უნდა გადმოდგეს და მოურიდებლად ამტკიცოს სრულიად საწინააღმდეგო, თუ როგორ სასტიკად სძულს ტყუილები, რომ არასოდეს ერთხელაც კი არ უცრუია და გმობს ყველა მატყუარას. მექრთამეობასა და დიდი ქონების მოპარვაშია ვინცაა ბრალდებული, საწინააღმდეგოდ უნდა ილაპარაკოს, ისე მიჭირს, პურის ფულს ვსესხულობ მეგობრებთან თავის გასატანადო. სხვისი მიწების მიტაცებით ვინცაა დაკავებული, უნდა თქვას თუ როგორ ართმევენ, ჩაგრავენ და ავიწროვებენ სხვა ქვეყნები. ჭორებს ვინც ავრცელებს, “გულწრფელი” ინიციატივით უნდა გამოვიდეს, რომ სასტიკად გამკაცრდეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ კანონი. მოკლედ, რასაც აშავებს ან დაუშავებია თვითონ, იმის საწინააღმდეგოში უნდა დაარწმუნოს ხალხი. მთელი ხელოვნება და წარმატება იმაშია, ვინ უფრო უსინდისოა და ვინ უფრო ნამუსზეხელაღებულად და დამაჯერებლად იტყვის ამას. ხალხი უსმენს, ზოგი პირდაპირ ყლაპავს და იჯერებს, ზოგი ჯერ გაოცდება, შემდეგ გაცოფდება და გალანძღავს, შემდეგ აღარ იცის წესიერმა კაცმა, რა პასუხი გასცეს ამ უნამუსობას და საბოლოოდ სრულ უიმედობაში ვარდება ხალხი. ვერცერთი ომი და ვერანაირი სტიქია ვერ გამოიწვევს საზოგადოების ისეთ საშინელ დესტაბილიზაციას, როგორც ეს ამორალური მრჩევლები და მათი დამჯერი ამორალური პოლიტიკოსები სჩადიან ძალაუფლებისთვის. ახლა ამას პოლიტიკურ ბრძოლას უწოდებენ, მაგრამ ესაა ჩვეულებრივი ბოროტება. ასეთნი შლიან ზნეობას, აუფასურებენ ღირებულებებს და არყევენ ქვეყნის საფუძვლებს. ერიდეთ მათ!"
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნანახია: (874)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას