logo.png

პირჯვარი

ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა დაამარცხა ცოდვა და სიკვდილი ადამიანის ბუნებაში. ჯვარი, როგორც ხსნის იარაღი და ქრისტიანის ფარი, უძლეველი ძალაა ბოროტების წინააღმდეგ. 
პირჯვრის გადაწერისა და ჯვრის დასახვის შესახებ პირველი პერიოდის წმიდა მამებიც იუწყებიან. აი, რას ამბობს კირილე იერუსალიმელი ჯვრის შესახებ: 

,,ნუ შეგრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი. ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც ვჭამთ, ჭიქას, საიდანაც ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარის ზღურბლზე. გადავიწეროთ პირჯვარი როცა ვიძინებთ, როდესაც გავიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როდესაც ვისვენებთ. ჯვარი უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომელად ბოძებული”. 

ჯვრის უძლეველობის შესახებ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: ,,განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე”. ამიტომაც გულზე ვატარებთ ჯვარს, ჯვარს ვისახავთ მარჯვენა ხელით. 
პირჯვრის გადაწერისას ჩვენ პირველ სამ თითს - ცერას, საჩვენებელსა და შუათითს ერთმანეთს ვუერთებთ, ხოლო არა თითსა და ნეკას ხელისგულისკენ შევკეცავთ. სამი ერთად შეერთებული თითით ვეხებით შუბლს, შემდეგ მუცელს, მკერდს ქვემოთ, შემდეგ მარჯვენა და მარცხენა მხარს და ვამბობთ: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემეწყალე მე, ცოდვილი! ან შემოკლებით: უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი!. ერთმანეთთან შეტყუპებული სამი თითი ნიშნავს ჩვენს რწმენას ერთარსი და განუყოფელი სამების - მამის, ძის და სულიწმიდისადმი, ხოლო ხელისგულისკენ მოკეცილი ორი თითი გამოხატავს ქრისტეს ორბუნებოვნებას: ღმრთაებრივსა და კაცობრივს. 
პირჯვარს ვიწერთ ლოცვის დროს ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე უფლისგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისაგან ღვთის წინაშე მეოხებისა და მათი დიდებისას. 
აუცილებელია პირჯვარი სწორედ და აუჩქარებლად გადავისახოთ. რწმენით, მოწიწებითა პატივისცემით მოვეკიდოთ, რომ მადლი მივიღოთ. ჯვრის დაუდევარი გამოსახვით ჩვენ უპატივმცემლობას გამოვხატავთ ამ სიწმიდის მიმართ. 
აუცილებელია მღვდელმსახურთან შეხვედრისას მისგან ავიღოთ კურთხევა. იგი ჯვარს გადაგვსახავს და დაგლოცავს. ჯვრის გამოსახვისას ის თითებს ისეთი სახით განალაგებს, რომ ბერძნულად იესო ქრისტეს გამოსახავს - ი.ს.ქ.ს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირის მეშვეობით ჩვენ თავად უფალი იესო ქრისტე გვაკურთხევს, ასეთი კურთხევა განსაკუთრებული მადლმოსილებისაა, ამიტომ მოწიწებითა და მადლიერებით უნდა მივიღოთ ჯვრით დალოცვა. რადგან ჯვარზე დაამსჭვალა ქრისტემ ცოდვა, ჯვრით შეკრა ეშმაკი სამარდჟამოდ და სამარდჟამო სიცოცხლე მოგვმადლა, ამინ.

 

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

ნანახია: (1087)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას