logo.png

ჯვრის უძლეველობა

მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჯვარი ჩვენი გამოხსნის სიმბოლოდ იქცა. იგი სულიერად გვაკავშირებს იესო ქრისტესთან, მასთან, ვინც ჩვენს გამოსახსნელად საკუთარი ნებით იტვირთა ტანჯვა, წამება და სიკვდილი. მაცხოვრის ჯვარცმის ცოდვის გამო დაისაჯა ღვთისგან რჩეული ერი და ბოლომდე განადგურდა ისრაელის სახელწიფო, წმინდა ქალაქ იერუსალიმში კი წარმართებმა დაიბუდეს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ უღმერთო იმპერატორები და, შესაბამისად, ქრისტიანთა საშინელი დევნა დაიწყო. კეთილმოწყალე უფლის განგებით, IV საუკუნის დასაწყისში, გამობრწყინდა იმპერატორი კონსტანტინე, რომელიც ისტორიაში კონსტანტინე დიდის სახელით შევიდა, ხოლო წმინდა ეკლესიის მიერ მოციქულთა სწორად იწოდება. იგი იყო ძე იმპერატორ კონსტანცი ქლორუსისა, რომელსაც დიდი სასოება ჰქონდა უხილავი ერთი ღმერთის მიმართ. მამისეული რწმენის მადლი შვილზეც გადმოსულიყო. იმპერატორ კონსტანცის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორი გახდა. მან პირველ რიგში აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს, რის გამოც გადაიმტერა ფანატიკოსი წარმართი მაქსიმიანე გალერიუსი და მკაცრი ტირანი მაქსენციუსი. იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ კონსტანტინეს მამამისის სასოება გაახსენდა უხილავი ერთი ღმერთის მიმართ და სწორედ მისგან ითხოვა შეწევნა. უფლის წყალობამაც არ დააყოვნა და დღისით, მზისით, ცაზე სასწაულებრივად გამოისახა ნათლის ჯვარი წარწერით ,,ამით სძლიე”. ეს ყველასათვის ხილულად დასანახი იყო. ბაირაღებსა და დროშებზე გამოსახული ჯვრის ძალით, მართლაც, გამანადგურებლად დამარცხდა მოწინააღმდეგე. 
ამ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ იმპერატორმა წმინდა ქალაქ იერუსალიმის წარმართულ საკერპოთაგან გამოხსნა დაისახა მიზნად. ღვთის განგებით, პირველ რიგში ცხოველსმოყოფელი ჯვრის მოძიება განიზრახა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სასოება ჰქონდა. ამ მიზნით 326 წელს იერუსალიმში დედოფალი ელენე გაგზავნა სამღვდელოებასთან და მთავარეპისკოპოს მაკართან ერთად. უამრავი ადამიანის მოხმობითა და გამოკითხვით მოიძიეს გოლგოთის წმინდა ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ გოლგოთის წმინდა მთის პოვნა პირველი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა იყო. თხემის ადგილას სამ ჯვარს მოაკვლიეს. იმის გამო, რომ სამივე ერთმანეთის მსგავსი იყო, ფირფიტა კი სამენოვანი წარწერით  - იესო ქრისტე – მეუფე ჰურიათა ცალკე ეგდო, ძალზე გაჭირდა ამოცნობა ცხოველსმყოფელი ჯვრისა. გამორჩევა ისევ ღვთის სასწაულით გახდა შესაძლებელი. მისი შეხებით განიკურნა ავადმყოფი, მიცვალებული კი მკვდრეთით აღდგა. 
ჯვრის წარმოჩენამ სიხარულით მოიცვა მთელი ქალაქი. მორწმუნენი და სასწაულით ახლადმოქცეულნი ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მის თაყვანსაცემად. გამოხსნის სიმბოლო ფიზიკურად ვერ დაიტევდა ამდენი მსურველის თაყვანისცემის მიღებას, რის გამოც მთავარეპისკოპოსმა იგი მაღლა ასწია და ასე დალოცა მოსული სამწყსო. მუხლმოდრეკილმა ერმა კი ამ გზით სცა ჯვარს თაყვანი. 
აუცილებელი სამღვდელო მოქმედება  - სასულიერო პირის მიერ მრევლისთვის ჯვრის ყოველი გადასახვა მისი ცხოველსმყოფელობის, მადლისმიერი მფარველობის მატარებელია. ნებისმიერი ღვთისმსახურების, წმინდა საიდუმლოს აღსრულების დროს უფლის მადლი და ძალმოსილება ჯვრის გამოსახვით ხორციელდება. ღირსი მამები ღვთის სახელის მოხმობითა და ჯვრის გამოსახვით სასწაულებს აღასრულებდნენ.
ყოველი ლიტურგიის დასასრულს მღვდელმსახური ამბიონიდან საწინამძღვრო ჯვრით მრევლს ლოცავს. აღსანიშნავია, რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ზიარების შემდეგ ტოვებს ტაძარს, რითაც უნებლიეთ უარს ამბობს მთავარეპისკოპოს მაკარისაგან ცხოველმყოფელი ჯვრით სამწყსოს დალოცვაზე, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს ამბიონიდან მღვდელმსახურის მიერ საწინამძღვრო ჯვრით მრევლის კურთხევა. 
ცხოველმყოფელი ჯვრით დალოცვის სახეა ასევე ტაძრის გუმბათზე აღმართული სფერო და მასზე ჯვარი. სფერო, ამ შემთხვევაში, სამყაროს განასახიერებს, რომელზედაც ჯვარმა გაიმარჯვა. ჯვარმა გამოიხსნა კაცობრიობა და მისი გამოხსნით განდიდდა იგი. გადავხედოთ ძველ ქალაქებსა და დასახლებებს. განაშენიანება უწინდელ დროში ისე ხდებოდა, რომ ღვთის სახლი ყოველთვის კაცთა საცხოვრისზე დომინირებდა. ამის მაგალითად ჩვენი სვეტიცხოველი და ჯვარის მონასტერიც კმარა. ტაძარი ყოველთვის მთავარი და წარმმართველი იყო. ქალაქისა თუ სოფლის უმთავრეს ნაგებობაზე აღმართული სფერო და მასზე ჯვარი მარადჟამს მოზეიმე დღესასწაულია ჯვრის გამარჯვებისა. 

 

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

ნანახია: (1113)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას