logo.png

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"საქართველოში, პიროვნება (რომელიც მღვდლად ეკურთხება) ერისკაცობაში უფრო მეტი თავისუფლებისა და ღირსების ხარისხს ფლობს, ვიდრე მღვდლობაში. ნაცვლად იმისა, რომ სულიწმინდის მადლით აღჭურვილმა დამატებითი სიხარული, სივრცე და სილაღე მოიპოვოს, ხდება მონა და მძევალი ბოროტი კონიუქტურისა. აქვე უნდა გამოვკვეთოთ რამდენიმე საგულისხმო გარემოება:

1. მღვდლობა არ ნიშნავს აპრიორი ჭეშმარიტების ფლობას, ან ექსკლუზივს ზეციურ სწავლებაზე;
2. მღვდლობა არ ნიშნავს უცდომელობასა და უცოდველობას და შესაბამისად არც მათი ნებისმიერი აზრისა თუ მოწოდების ბრმად მიყოლა არ იქნება საზოგადოებისათვის ჯანსაღი და სულისათვის სასაგრებლო;
3. მღვდლობის მათემატიკური ასაკი არ ნიშნავს სულიერების ხანდაზმულობასა და შინაგან მოწიფულობას, რადგან ქრისტე ხედავს ადამიანის გულისმიერ მდგომარეობას და არა გარეგნულ რიგორიზმსა თუ მორალისტურ პოზას (ამის მაგალითია მრავალწლისნი მღვდელმთავრული სტაჟის მქონე კაიაფა და ბოლო წუთს მონანული ავაზაკის ცხოვრება);
4. მღვდლობა არ ნიშნავს პედაგოგიური, დიდაქტიკური, დამრიგებლური თუ მამობრივი პოზის მორგების ლეგიტიმაციას;
5. მღვდლობა არ ნიშნავს ღმერთის კერძო საკუთრებად წარმოჩინების უფლებას დასის წევრთაგან და არც მადლის პრივატიზებას მათ ხელში;
6. ეკლესია არ არის კლერიკოსთა დასის, არამედ ეკლესია არის ღმერთის, სამღვდელოებისა და მრევლის ერთობა;
7. მღვდელობა არ არის პრივილეგია, ის პატივია, რომელიც პასუხისმგებლობაზე გადის;
8. მღვდლობა არ ნიშნავს მხოლო ოდენ ლიტურგიკული საიდუმლოებების აღსრულებას და ამ ფონზე ასოციალურობასა და "აპატრიტობას";
9. მღვდლობა არ შეიძლება იყოს უპირატესობის წყარო სხვასთან მიმართებაში და თუ ვინმეს მასში რაღაც მოსწონს ის ქრისტესია და არა მისი (წესით, ასე უნდა ესმოდეს სასულიერო პირს. "არა მოველ რაითა გიმსახუროთ, არამედ მსახურებად თქვენდა...");
10. მღვდლობა არ ნიშნავს დუმილის როლში: პოზიციის არქონას, კონფორმიზმს, სიცრუისა და ბოროტების შეწყნარებას, არაკაცობას და დანაშაულისთვის ხელის დაფარებას ღვთის სახელით;
11. მღვდლობა არ ნიშნავს იმის კადნიერებას, რომ ადამიანს უყურო ისე, როგორც ჯანმრთელი ექიმი - ავადმყოფ პაციენტს, რადგან ცოდვა-მადლის საზომი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების ხელთაა, ანუ საკუთრივ უფლის პრეროგატივა და ფუნქციაა; ჩვენ ვხედავთ აწმყოს, კაცთმოყვარე ღმერთი კი დასასრულს, ასე რომ ნუ ჩქარობთ მსჯავრსა და მორალისტურ შეფასებებში!
საერთოდ, რამდენადაც სული გარეშე თვალისათვის დაფარულია, იმდენად ძნელია განსაზღვრო მისი ხარისხი და მდგომარეობა. 

მღვდლობა ცხოვრების წესით უნდა გამოვლინდეს და არა ადმინისტრაციული სტატუსით, იერარქიული წოდებითა თუ რეგალიით!

მღვდლებს ძმურად ვურჩევდი რეფლექსიას მიეცნენ, რომ უფრო ბუნებრივები, გულწრფელები, თავისუფლები, ობიექტურები, სიხარულშემოსილები, უბრალოები და არადაკომპლექსებულები იყვნენ, მეტი სიყვარული იქონიონ, ადამიანებს ზოოლოგიურ ცხვრებად ნუ აღიქვამენ და ხიბლიდან გამოსვლას ეცადონ. ილოცონ, წიგნები იკითხონ (მათ შორის მხატვრული ლიტ.), სიზმართ-მეზღაპრეობასა და ფარისევლურ თუ დაყენებულ პოზებს თავი დაანებონ და იმ უგუნურ ვირს ნუ დაემსგავსებიან, რომელსაც ეგონა, რომ ბზობის დღესასწაულზე (მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში) ხალხი მას უფენდა ტანისამოსს, პალმისა და ბზის ტოტებს და არა მაცხოვარს."

ნანახია: (676)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას