logo.png

თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"ლექსიკური მარაგით მდიდარ ქართულ ენაშიც კი ვერ ვიპოვე ის სიტყვა, რომლითაც საქართველოს საპატრიარქოს და ვაი ეპისკოპოსთა მდგომარეობას გადმოვცემდი.
   ზღვარგადასულობა არაფერში არ ვარგა, სიყვარულშიც კი აუცილებელია იგი. მხოლოდ ქართველ ეპისკოპოსთა და სასულიერო ,,მოღვაწეთა" სიბილწეს და სივერაგეს არ აქვს საზღვარი.
 ყველას ახსოვს, რაც მოხდა შარშან, როცა მთ.ეპ.იაკობმა (ბოდბის) ხელისუფლებას და პირადად გახარიას ბრალი დასდო პატრიარქის ჩამოგდების მცდელობაში. მთვრალზე ნათქვამი მ. იაკობმა მეორე დღეს სრულიად ფხიზელმაც დაადასტურა და გარკვევით,საჯაროდ განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ ის შენდობას ითხოვს გადმოცემის ფორმაზე და არა შინაარსზე, რომ რაც თქვა ,ყველაფერზე პასუხისმგებელია და დამტკიცება შეუძლია შესაბამისი დოკუმენტებით.
    ამის შემდეგ კი რა ხდება? 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე ყველნაერ ზნეობრივ საკითხთან გაუცხებულმა  და მისგან დაცლილმა კათოლიკოსმა მას აღსარების (?!) საფუძველზე შეუნდო. გაუგებარია, რა აპატია, როცა მოქმედი მღვდელმთავარი ხელისუფლებას ბრალს სდებდა პატრიარქის ჩამოგდების მცდელობაში და პატრიარქი მას პატიობს. ეპისკოპოსებს ამაზე რეაქცია არ აქვთ, ჩვენ კი, რომელთათვისაც სულერთი არ არის საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა,  სიმართლე გვაინტერესებს.

    და რას ვხედავთ ახლა? ამ ამბიდან 1 წელიც კი არ არის გასული და საქართველოს ხელისუფლების საარჩევნო მარათონში წამყვანი ადგილები სწორედ ეპისკოპოსებს უჭირავთ და იპრანჭებიან მათთან ნაირ-ნაირ  პოზაში.
   ქვეყნის ტრადიციებთან და ეკლესიასთან ბრძოლასა და ნარკომანიის დაკანონებაში სდებდა მიტრ.იობი ბრალს 2018 წელს ქართულ ოცნებას, ახლა კი გაბადრულია მათთან შეხვედრით.
,,სალომე თუ პრეზიდენტი გახდა, ქვეყნიდან წავალო"- გვემუქრებოდა 2018 წელს  ვანისა და ბაღდადის ანტონი,თითქოსდა ქვეყანაში რომ არის, რაიმე ღირებულს აკეთებდეს ამით, მაგრამ ახლა ისიც გემრიელად გრძნობს თავს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და გახარიასთან სიამტკბილობით.
    არაფერს ვამბობ გაენათელ იოანეზე, ჯერ ინაშვილს და შემდეგ რომ ოცნებას  იწვევს ბაგრატის ეზოში  და მაწანწალა ძაღლივით დასდევს მათ სხვადასხვა ქალაქებში, განა მარტო ქუთაისში. მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში  სინდისის საქენჯნად ამ უკანასკნელს ისიც ეყოფა, რაც ამ რამდენიმე თვის წინ უსინდისოდ და უნამუსოდ გააკეთა, ორღობის ქურდი რომ არ იკადრებს, ისე.
    არც ნეკრესელი სერგი, ალავერდელი დავითი, ხორნაბუჯის დიმიტრი და სხვანი ჩამორჩებიან და ამას აკეთებენ იმ ფონზე, როცა არც ბრალდებული გახარიაა განსჯილი პატრიარქის ჩამოგდების მცდელობის გამო და არც ბრალმდებელი იაკობისთვის არ უწოდებია ცილისმწამებელი კაიაფას სინედრიონს.
    ვინ იქნება შემდეგი? ალბათ ბოდბის წმ.ნინოს მონასტერშიც  მოხდება ქართული ოცნების ადგილობრივი კანდიდატის წარდგენა/პრეზენტაცია. ნამდვილად არაფერია უკვე გამორიცხული. :)
     
ორ დღეში ღვთისმშობლობის დღესასწაული შემობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. დაე, ყოვლადწმინდის შემწეობით თვალი ახელოდეს ქართველ ერს, რომ ვაიძულოთ პატრიარქს/ეპისკოპატს გაფართოებული კრების მოწვევა ამ და სხვა, ათობით ანტიქრისტიანული საკითხების განხილვისათვის... 
  ღვთისმშობელმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ!"

ნანახია: (910)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას