logo.png

ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:

 

ქრისტიანობის ისტორიულ გზაზე საქართველოში 

"თვალის ერთი გადავლებით მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მოძღვრებას წმინდა სახით საქართველოში არ უარსებია და შეერწყა ქრისტიანობამდელ რელიგიურ წარმოდგენებს - მთვარის ქურუმის იმ წარმართულ რიტუალს, რასაც სტრაბონი კახეთის ტერიტორიაზე 2000 წლის წინ აღწერდა, საქართველოში თითქმის უცვლელად ასრულებდნენ მე-20 საუკუნემდეც, ამჯერად მღვდელი და დიაკონი, მაგრამ ეს ასე ხდებოდა ყველგან და ესეც რომ არა ქრისტიანობის პირველსაფუძვლებისთვის რიტუალებს როგორც ასეთს (არა საიდუმლოებებს) ჩალის ფასი აქვს და არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არ იქნება, უფრო პრობლემური ჩანდა ის, რომ ქრისტიანობა საქართველოში ნაციონალური იდეოლოგიის როლს ასრულებდა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების გამიჯვნის სასიცოცხლო აუცილებლობა ეკლესიის ქართველი მამებისთვის სრულიად უცნობი იყო, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საერთოდ ჭეშმარიტება არცერთ ეკლესიაში უმრავლესობით არ ყოფილა წარმოდგენილი, ამიტომ საქართველოს ეკლესიასაც ჰყავდა ერთეული გამორჩეული მამები, პირველყოვლისა საბა იშხნელს გავიხსენებდი, რომელსაც ჰყოფნიდა გამბედავობა, რომ სასულიერო საკითხებში თუნდაც ტაძართა მშენებლობის მოტივით ჩარეული ხელისუფლისთვის უხეშად მიეხალა, რომ თავის საზღვრებში დატეულიყო, საბამ, ისევე როგორც იოვანე საბანისძემ კარგად იცოდა, რომ ქრისტიანის მამული ზეცაშია და არა ქვეყნად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ივერიის ეკლესია, როგორც გამორჩეული ერთობა მათთვის არ არსებობდა.

საქართველოს ეკლესიის მამებს შორის მხოლოდ ნაციონალისტები როდი იყვნენ,  მათ კარგად ესმოდათ ეკლესიის კათოლიკე ბუნება, ამიტომაც მცხეთის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა იუწყებოდა, რომ ის არა ოდენ საქართველოს, არამედ ,,საოხად ყოვლისა სოფლისა" აღემართა, ჯერაც ათასოთხასი წლის წინ თავის ეპისტოლეებში იზოლაციონიზმს გმობდა კათალიკოზი კირიონ ზღუდრელი, კათოლიკე სულისკვეთების გამოხატულება იყო ქართული ჰიეროტოპიაც - მთაწმინდა (ათონი), მცხეთის ანტიოქია, ქოზიფა...ბეთანია...

და ეპისკოპოსთა ვერცხლისმოყვარეობა ? ტაძრების შემკობა სამწყსოს შიმშილისას ? აქ სად მოვძებნოთ ქართველთა ქრისტიანული აზრი ? საქართველოს ეკლესიის სინდისთან - გიორგი მთაწმინდელთან, რომელმაც ,,აღლესა მახვილი მხილებისა" მეფეთა და მღვდელმთავრთა წინააღმდეგ, ასეთ დიდებისმოყვარე ეპისკოპოსებს იგი სასტიკად ამხელდა: ,,ეკლესიების შემკობას სამწყსოს შიმშილისას სატანა შთაგაგონებს, რათა უმოწყალობის ცოდვით მოგკლას".
საქართველოს ეკლესიის ამ დიდ მასწავლებელს ფრანცისკ ასიზელამდე კარგა ხნით ადრე ისიც აქვს ნათქვამი, რომ ადამიანი არამხოლოდ ადამიანისთვის, ცხოველისთვისაც მზრუნველი და მოწყალე უნდა იყოს.

ქალთა ჩაგვრა და უუფლებობა ? ამაზე საქართველოს ეკლესიის რომელი მამა ლაპარაკობდა ? 

სიტყვიერად ნიკოლაოზ კათალიკოზზე ,,ძლიერი ღაღადი არა ვის აღუტევებია", მათ, ვინც ქალთა სამოციქულო უფლებებს აკნინებდა, იგი უხეშად მიმართავდა: ,,დაიყავნ პირი (მოკეტოს) ყოვლისა, დამაკნინებელი დედათა ბუნებისა".

საქმით კი აფხაზეთის დიდმა კათალიკოზებმა თქვეს იგივე, მათი სამართლის თანახმად მამის მკვლელი ხელის მოკვეთით, ქალზე მოძალადე კი თავის მოკვეთით ისჯებოდა.

გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის სიველურის და უვიცობის უკუნში სადღაა ქრისტიანობის ნაპერწკალი ? 

აფხაზეთის საკათალიკოზოში, ამ კაციჭამიობის ხანაშიც კი საქართველოს ეკლესიის აქაურ მამათა ნაწილი უცხოურ წყაროთა გადმოცემით ,,იცნობდა ქვეყნის ყველა ღატაკსა და უბედურს და თავისი საჭმლის მეტ წილს მას უთმობდა", მიუხედავად საერთო უვიცობისა, აფხაზეთის კათალიკოზების თაოსნობით დგებოდა არაერთი უზარმაზარი გულანი, რომელმაც სამუდამო დაღუპვას გადაარჩინა ეკლესიის ბერძენი მამების უამრავი ნაშრომი, ეს გულანები, რომელთაგან ზოგი ურემზეღა ეტეოდა, დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში ინახება, როგორც გამოუყენებელი, დამარხული საუნჯე. 

აფხაზეთის კათალიკოზები დაცემული ქართული სახელმწიფოს ზნეობრივ განმტკიცებას ბევრგვარად ცდილობდნენ,  ამრავლებდნენ  ,,ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებს, იწვევდნენ საეკლესიო კრებებს ტყვეთა სყიდვის აღსაკვეთად, ცდილობდნენ გამოესყიდათ ტყვეები.

ისინი იყვნენ ნათელი წერტილები საქართველოსთვის ამ ყველაზე მძიმე და ბნელ ხანაში.

ერთმორწმუნე რუსეთთან ფეხქვეშ გაგება ? ქართლის მწყემსმთავრისგან გამოჩენილი უდიდესი ღალატი - ნებით დამორჩილება რუსულ საეკლესიო ორგანიზაციას ? აქ სადღაა ავტოკეფალი არქიეპისკოპოსის ღირსება ? 

ისევ აფხაზეთის საკათალიკოზოში, რომლის მეთაურებსაც სამართლიანად მიაჩნდათ თავი ,,ყოვლისა საქართველოჲსა მამამთავრად",  ამ საეკლესიო ერთეულის ბოლო მმართველმა - წმინდა დოსითეოზმა დიდი ღირსებით ატარა საკათალიკოზო კვერთხი, ქვეყანაში შემოჭრილ ძლიერ მტერს არ მოურიგდა და საერთო-სახალხო აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, რის გამოც რუსმა სალდათებმა მას მხეცურად მოუსწრაფეს სიცოცხლე...

და ასე... კიდევ ბევრის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ნათქვამიც კარგად აჩვენებს, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავდა დიდი მასწავლებლებიც, რომელთაც შეეძლოთ ეთქვათ საკუთარი სიტყვა, როგორც გიორგი მთაწმინდელს, რომელსაც საკმარისი გონებრივი და სულიერი სიმწიფე ჰქონდა იმისათვის არ აჰყოლოდა ფანატიკოსთა ინტრიგებს და გულში კვლავაც დაემარხა ურღვევი, მსოფლიო ეკლესიის იდეა, მაგრამ ჩვენს ეკლესიას ჰყავდა და ჰყავს დაბალი მორალური და ინტელექტუალური მონაცემების მამები და მამამთავრებიც, რომელთაც ივერიის ეკლესია სხვა ეკლესიების პოლიტიკური თამაშის ბურთად აქციეს, რომელნიც დაუნდობლად თელავენ პატარა ივერიის დიდ საკათალიკოზო ტახტს, ასე იყო ეს ადრეც, როცა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ანტიოქიის საპატრიარქომ ქართულ დელეგაციას დამოკიდებული ხაზის გატარების უფლება არ მისცა, ასეა ეს ახლაც - ამჯერად რუსეთის ეკლესიამ აუკრძალა საქართველოს ეკლესიას კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობა.

ყველასთვის, ვინც იცის საქართველოს ეკლესიის ისტორია, ესაა უკიდურესად მტკივნეული და ღირსების შემლახავი სინამდვილე, დიდი ხანია საქართველოს ეკლესია დიდი მასწავლებლის გარეშეა დარჩენილი, რომელსაც საფუძვლიანად ექნება შემეცნებული ქრისტიანობის მისია, მეორეს მხრივ კი ქართველთა მორალური თავისებურება, სპეციფიკური მიმართება ქრისტიანობასთან.

მე, რიგითი გულშემატკივარი ამ ეკლესიისა ამას მტკივნეულად განვიცდი, მიუხედავად ჩემი სარდონიკულობისა. ბევრჯერ ვიფიქრე, რომ უბრალოდ თავიდან ამოვიგდებდი საეკლესიო საკითხებს, მაგრამ გაუნელებელი ტკივილი ჩვენი ეკლესიის სავალალო მდგომარეობაზე ამის საშუალებას არ მაძლევს."

ნანახია: (729)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას