ახლიდან დაბადება
ჩვენი მომავალი ბავშვობაში იწერება, ამ დროს ყალიბდება პიროვნება. დიახ, ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ – იმ ქვეყნიდან, რომელშიც ნაღდები ვიყავით და ჩვენი არსის დამალვა, აზრადაც არ მოგვდიოდა. ამიტომ თუ გსურს გაერკვე პიროვნების ქცევის მოტივებში, მის ბავშვობას უნდა გაეცნო.
ცხადია, ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე განცდებს ვერსად გაექცევი, იმ დროს ხომ ჯერ არც გამოცდილება გაქვს და სრულიად დაუცველიც ხარ. ამ ასაკის გულის ტკენა ზრდასრულ ასაკში უნდა დაძლიო, თუმცა, ამას ბევრი ვერ ახერხებს.
ბავშვობაში გადატანილი შიში და უსამართლობა არის მიზეზი დაბალი თვითშეფასებისა, რაც თავის მხრივ, შემდეგ, მოწიფულ ასაკში ეჭვიანობითა და აგრესიით გამოვლინდება. თუ ამ გზას დაადგები, შემდეგ ცდილობ, სხვისი დამცირების ხარჯზე საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინო და ამ გზით აიმაღლო თვითშეფასება. ხანდახან კი, პირიქით, ჩაგრულის მანტიასაც ირგებ, რომ საკუთარი უნამუსობა და აგრესია გაამართლო.
ლოგიკურია, რომ პიროვნება, რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავს, უამრავ საძაგლობას სჩადის: ან უხეშობს, ან სხვას ჩაგრავს, ან ცრუობს, თვალთმაქცობს და სხვა...
აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი სხვაზე აღმატებული გამოჩნდეს, ის საკუთარ თავისუფლებას კოლექტივის სასარგებლოდ თმობს – ამაშია უსამართლობის ფუძეთა ფუძე – კოლექტიურ (სექტანტურ, კუტოკურ, ბოლშევიკურ) უპირატესობაში (ჩაგვრაში) ინდივიდზე! მაგრამ ამ გზით პიროვნება დეგრადირდება, რადგან თანდათან კოლექტივის ნების (კონიუნქტურის) კარნახით თავისუფლებასა და, მაშასადამე, ინდივიდუალობას კარგავს...
სწორედ უსამართლობა და ძალადობრივი გარემო დიდწილად განაპირობებს ჩვენში ასე გავრცელებულ ნარკომანიას. ამ შემთხვევაში, თვითშეფასების ამაღლების საშუალებად ნარკოტიკი გვევლინება. ზოგადად, საბჭოეთში გაზრდილი თაობებისთვის – დაბალი თვითშეფასება – წამყვანი სენია!
... მაგრამ არის ერთი გადამწყვეტი ,,მაგრამ“! ადამიანი ცხოველისგან თვისობრივად არა მეტყველებისა და შრომის იარაღების გამოყენების უნარით განსხვავდება (ხმოვან სიგნალებსა და ჯოხს, ასე თუ ისე, პრიმატები და ყვავებიც კი იყენებენ), არამედ უფრო მეტად სინდისით. დიახ, თუ პიროვნებას სინანულის უნარი არ გააჩნია (ასეთი კი დღეს საკმაოდ ბევრია), ის არის მტაცებელი მხეცი, გნებავთ – ხორცშესხმული ეშმაკი და მას უნდა განერიდო – ის არასდროს გამოსწორდება.
მოკლედ, ადამიანი მიკერძოებულია და მიდრეკილია უსამართლობისკენ – ამას ვერსად გავექცევით და ვერც შევცვლით. იმედი ერთია – მგრძნობიარე სინდისი და სინანული – მხოლოდ ეს გახლავთ პატიოსნების, გულმოწყალებისა და პატიების პირველწყარო.
ადამიანის ხარისხი იმითი იზომება თუ რამდენი დრო გადის სხვაზე განრისხებიდან (დამცირებიდან) – სინდისის ქენჯნამდე და პატიებამდე. რაც მოკლეა ეს მონაკვეთი, მით დიდია პიროვნება.
P.S.
ჩვენ მთელი ცხოვრება ვცდილობთ, ნიღაბს ამოვეფაროთ. ბავშვობიდან გამოყოლილი შიშების მალვაში გადის წლები. ბოლოსკენ კი ხვდები, რომ ხელოვნურ, შენთვის უცხო ჯავშანში იხუთები. ამიტომ, თუ თავისუფლად სუნთქვა გსურს, უნდა შეძლო შენში დამალული ბავშვის გარეთ გამოშვება.
შენ მაშინ გახდები შენ, როდესაც გაბედავ იყო ის, რაც ხარ და ამას არ დამალავ, არამედ ღიად იცხოვრებ საკუთარი ნაკლოვანებებით, წუხილითა და ბავშვობიდან ჩაბუდებული განცდებით. სწორედ მაშინ დაიბადება შენში თავისუფალი, უბრალო და თავმდაბალი ადამიანი.
ზ.ო. – 2020, სექტემბერი
ნანახია: (1580)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას