logo.png

დღევანდელი წმინდანი. ღირსი პიმენ დიდი (+დაახლ. 450)

...როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, იმპერატორმა თეოდოსი მცირემ, მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მეფე დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ხილვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული პიმენის და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არ გაუჩენიაო“. მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ - მისწერა: „თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს - მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“. წმიდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან, ჯარისკაცის სამოსი ჩაიცვა და უდაბნოში თავად მონახა პიმენი. მან კი თითქოს ვერ იცნო მეფე, სენაკში შეიპატიჟა და გამხმარი პურით გაუმასპინძლდა. ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამიაო, - უთხრა თეოდოსიმ პიმენს. ეგ იმიტომ, რომ ლოცვით არის დამზადებული და არა ურთიერთშუღლით, ძვირისხსენებით, შეურაცხყოფით, დაბეზღებით, შურით, ლანძღვა-გინებით, როგორც ეს სასახლის საზარეულოებშია  მეფეო, - უპასუხა პიმენმა.

მოამზადა გელასი აროშვილმა.

ნანახია: (1301)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას