ბექა ჭიჭინაძე, საქართველოს ისტორიის მკვლევარი
შუა საუკუნეების ევროპაში ლეგენდას პრესვიტერ იოანეს შესახებ თითქმის ისეთივე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც სახარებისეულ გადმოცემებს. ლეგენდის თანახმად სპარსეთისა და სომხეთის მიღმა მცხოვრები დიადი ქრისტიანი მეფე და მღვდელმთავრი - პრესვიტერი იოანე კოალიციური მუსლიმური ლაშქრის დამარცხების შემდეგ იერუსალემის დასახმარებლად აპირებდა გალაშქრებას. პრესვიტერ იოანეს ლეგენდაში ბევრი ტყუილ-მართალია გადახლართული, მის ლეგენდარულ ფიგურას არც თუ ისე მცირე წვლილი მიუძღვის დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და ახალი სამყაროს შექმნაშიც. მკვლევართა დასკვნით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს მითიური მეფე და მღვდელი, სწორედ ის იყო პორტუგალიელი მკვლევრების შთაგონება აფრიკის აღმოსავლეთით საზღვაო მარშრუტის პოვნაში, რამდენადაც ისინი იოანეს მითიურ სამეფოს ეძებდნენ. პრესვიტერი იოანეს საკითხი რომანტიკოს მკვლევართა კვლევის საყვარელი საგანი მხოლოდ შუა საუკუნეებში არ ყოფილა. მკვლევართა ნაწილი დღემდე პრესვიტერის სახელმწიფოს ფანტასტიკური ლოკალიზაციითაა დაკავებული, ამ დროს კი უსამართლოდ უგულებელყოფილია საკვლევი პრობლემის ირგვლივ არსებული ყველაზე მყარი ორიენტირები. შესაბამისად, პრობლემის ირგვლივ არსებული მდიდარი წყაროთმცოდნეობითი ბაზა ვერ იძლევა ლოგიკურად გამართულ სურათს, რამდენადაც საკითხის კვლევა თავშივე პრინციპულად გაუმართლებელი გზით წარიმართა. მნიშვნელოვანწილად ეს ჯერაც საგრძნობმა ევროპოცენტრიზმმა განსაზღვრა, რომლის გავლენითაც განსახილველი საკითხის მკვლევართა უმრავლესობას ზერელე წარმოდგენა აქვს აღმოსავლეთის ბევრ ძველ და მდიდარ კულტურაზე.
ასეთ შემთხვევაში კანონზომიერია, რომ პრობლემის მეცნიერულად გადაწყვეტისათვის სავსებით საკმარისი მონაცემების არსებობის მიუხედავად მისი მეცნიერული გადაწყვეტა არ არსებობს.
წყაროთა თანმიმდევრული განხილვა ძალდაუტანებლად აჩვენებს, რომ შუა საუკუნეების ყველაზე პოპულარული მითის, არაერთი თაობის მოყვარული მკვლევრისა თუ მეცნიერის შეუნელებელი ინტერესის საგნის - პრესვიტერ იოანეს საიდუმლოს გასაღები საძიებელია მე-12-საუკუნის ქართულ ფეოდალურ მონარქიაში. აღნიშნულ თვალსაზრისს საქართველოში მეცნიერთა მცირე ნაწილი ემხრობა. მაგრამ მისი მეცნიერული დაფუძნებისათვის საკმარისი მტკიცებულებები ჯერაც არაა წარმოდგენილი. თუკი დასავლელ მკვლევრებს განსახილველი საკითხის მეცნიერულ ნიადაგზე გადაწყვეტის საშუალებას ევროპოცენტრიზმი არ აძლევს, საკითხისადმი ქართველი მკვლევრების მიდგომაში მეორე უკიდურესობასთან - ეთნოცენტრიზმთან გვაქვს საქმე, რამდენადაც ქართველ მკვლევართა უმრავლესობა პრესვიტერს ქართულ სამყაროსთან პატრიოტული მოსაზრებით, მეცნიერული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე აკავშირებს.
ფრაიზინგელის ,,ეკბატანა'' - პირდაპირი მინიშნება
დასავლურ მწერლობაში პირველი მკაფიო ცნობა პრესვიტერ იოანესთან დაკავშირებით გვხვდება ოტო ფრაიზინგელთან. იგი თავის ქრონიკაში გადმოგვცემს, რომ 1145-წელს იხილა სირიიდან ჩამოსული კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელმაც მას უამბო, რომ ,,არცთუ მრავალი წლის წინ იოანემ, მეფემ და მღვდელმა, ვინც მკვიდრობს შორეულ აღმოსავლეთში, მიდიისა და არმენიის მიღმა და თავის ხალხთან ერთად არის ქრისტიანი, მაგრამ ნესტორიანელი, გადაიხადა ომი მეფე ძმებთან სპარსეთისა და მიდიისა, ვინც წოდებულია სამიარდად, და დაიპყრო ეკბატანა, მათი სატახტო. ეს მეფეები შეხვდნენ მას საკუთარი ძალებით, რომელიც შედგებოდა სპარსელების, მიდიელებისა და სირიელებისაგან. ბრძოლა გრძელდებოდა სამი დღე და ორივე მხარე უკანდახევას სიკვდილს ამჯობინებდა...''. საბოლოოდ სისხლისმღვრელ ბრძოლაში იმარჯვებს პრესვიტერი და მიეშურება იერუსალემის დასახმარებლად, მაგრამ ვერ მოახერხებს ტიგროსის გადალახვას (Howorth, 1889:365, ,,The Kirais and Prester John''). ცხადია გაუმართლებელი იქნება მოლოდინი, რომ ამ თხრობაში მოვლენები უხარვეზო ისტორიული სიზუსტით იქნება ასახული, მაგრამ ამის მიუხედავად, აქ საკმაოდ ცხადად იკითხება კონკრეტული ისტორიული სინამდვილე. ეს მნიშვნელოვანი ცნობა არაერთხელ ყოფილა განხილული დასავლურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ მის ირგვლივ მხოლოდ საეჭვო ვარაუდები გამოითქმოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცნობა კონკრეტული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, პირველყოვლისა სათანადოდ იყო გასათვალისწინებელი ის გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოება, რომ ოტო პრესვიტერისაგან აღებულ ეკბატანას სხვაგანაც ახსენებდა (იქვე), სადაც იგი ამ ქალაქს აიგივებდა მახლობელი აღმოსავლეთის უზარმაზარ სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრთან - ქალაქ ანისთან. ცნობილია, რომ მუსლიმ შედადიანთა ანისი 1124-წელს სწორედ საქართველოს ძლევამოსილმა მეფემ, ,,ქრისტიანობის მზემ'' (კარკაძე, 2014:188) - დავითმა დაიპყრო, უკეთ, გაათავისუფლა. ანისის დაკავებას უშუალოდ არა, მაგრამ მახლობელ ხანებში წინ უძღოდა დავითისაგან მუსლიმთა გამანადგურებელი დამარცხებები, პირველყოვლისა კი დიდგორის ომი. თანადროულ ქრისტიანულ წყაროებში მუსლიმური კოალიციური ლაშქრის რაოდენობა ამ ბრძოლაში ასტრონომიული რიცხვებითაა აღრიცხული. ამ ზომას ყველანაირად გადასული გადაჭარბებიდან კარგად ჩანს ის უზარმაზარი მნიშვნელობა, რასაც თანამედროვეები ამ ,,ძლევაი საკვირველად'' წოდებულ ბრძოლას ანიჭებდნენ.
სომეხი ისტორიკოსის - მათეს მიხედვით, მტრის არმია 560 000 - კაცისაგან შედგებოდა. ფრანგი გოტიეს გადმოცემით კი კოალიციური არმია 600 000 - კაცს ითვლიდა (მესხია, 1972:57), რომელთა მეტი წილიც მათი სიტყვით სასტიკ ბრძოლაში ქრისტიანთა მახვილის მსხვერპლი შეიქნა, რაც თავისებურად აისახა კიდეც ოტო ფრაიზინგელთან. შემდგომში განვითარებული მოვლენების შესახებ კი მათე წერს: ,,სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) - წელს ქართველთა მეფე დავითმა განახორციელა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის ოცი ათასი კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში'' (დავლიანიძე, 1966:248). როგორც ვხედავთ ოტოსთან, ისევე როგორც მათესთან საუბარია: 1 - არმენიის ჩრდილოეთით მდებარე სამეფოს ძლიერი ქრისტიანი მეფისაგან მუსლიმთა სასტიკი დამარცხებების შესახებ; 2- რასაც მოყვა მისგან მუსლიმთა მფლობელობაში მყოფი ანისეკბატანას აღება. რაც შეეხება ამ მოვლენის დათარიღებას - ,,არა მრავალი წლის წინ'', აქ არ შეიძლება იგულისხმებოდეს უახლოესი სამი-ოთხი წელი, ეს რომ ასე ყოფილიყო საფიქრებელია იგი იტყოდა: ,,სულ რამოდენიმე წლის წინ'', ჩანს ოტოს წყაროს ამ შემთხვევაში იმის თქმა სურს, რომ ეს მოვლენა ეკუთვნის მისსავ თაობას და არა შორეულ ისტორიულ წარსულს - როგორიც ჩვეულებრივ შეიძლება ყოფილიყო ისტორიულ გადმოცემათა უმრავლესობა. ის აქ ოცი წლის წინანდელ ამბავზე საუბრობს.
უცნობი მესიანისტური ლეგენდა მეფე თამარზე, რომელიც 1237-წელს იქნა ჩაწერილი აცხადებს, რომ თამარი (1184-1213) ,,ნამდვილად არ იყო დიდი ხანი'', რაც აპირებდა იერუსალემის მოლოცვას. ამ შემთხვევაშიც ,,არა მრავალ წელში'' დაახლოებით ისევ ოცი წელი იგულისხმება. თუმცა უამისოდაც ყველაფერი ნათელია, განსახილველ ხანაში არმენიის მიღმა მცხოვრები ძლიერი ქრისტიანი მეფე, რომელმაც მუსლიმთა მფლობელობაში მყოფი ანის/ეკბატანა აიღო, მხოლოდ დავით აღმაშენებელია. ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება მხოლოდ საფუძველია ამ აზრისა, რომელზეც თავის მხრივ ფუძნდება სხვა მთელი რიგი მტკიცებულებები. უაღრესად მრავლისმეტყველია დამარცხებული მუსლიმი მმართველის - სამიარდის - სანიარდის თუ Sanjard - ის სახელი. ძნელია არ დაეთანხმო მკვლევრებს, რომელთა აზრითაც აქ დიდი სულთანი, სელჩუკიანთა საგვარეულოს მეთაური - ხორასნის სულთანი სანჯარი იგულისხმება (,,Encyclopedia Britanica'' - ,,Prester John'').
რა საერთო აქვს ხორასნის სულთანს დიდგორის ბრძოლის მუსლიმურ კოალიციასთან ? მუსლიმური კოალიციის მეთაურად აკი სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე ითვლება. ქართველმა აღმოსავლეთმცოდნემ - გოჩა ჯაფარიძემ დამაჯერებლად აჩვენა, რომ სინამდვილეში დიდგორის ბრძოლის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად სწორედ ხორასნის სულთანი ითვლებოდა და არა მაჰმუდი. მან მიუთითა მიქაელ სირიელის ცნობაზე, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ 1121-წელს იბერიაში დიდი ლაშქარი სწორედ ხორასნის სულთანმა, ანუ სანჯარმა გაგზავნა (ჯაფარიძე, 1995:48). ეს ცნობა იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის სწორედ სირიელ ავტორს ეკუთვნის. ფრაიზინგელთან დაცული ტრადიცია კი სწორედ სირიული წარმომავლობისაა. ამ ძვირფას ცნობას შეიძლება დავუმატოთ მეორე, ასეთივე მითითება ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს კანცლერისა, რომელიც გადმოგვცემს, რომ დიდგორის ბრძოლაში ისლამურ კოალიციას სწორედ ხორასნელი სულთანი თანახელმძღვანელობდა (გალტერიუსის - გოტიეს აღნიშნული ცნობა იხილეთ: მესხია, იქვე, გვ.57 - ილღაზიმ...,,ერთ ხორასნელ სულთანთან'' ერთად გაილაშქრა დავით მეფის წინააღმდეგ). ამ შემთხვევაშიც ამ ცნობას ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი ჯვაროსნული წრის წარმომადგენელს ეკუთვნის. ამდენად, წყაროთა საფუძველზე მტკიცედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ხორასნის სულთანი სანჯარი - სანჯარდი - სანიარდი მიიჩნეოდა დიდგორის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას გადამწყვეტი თანხვედრაა, ფრაიზინგელთან ნახსენები მუსლიმი მმართველის - სანიარდის უზარმაზარი არმია რეალურად მეფე დავით აღმაშენებელმა - პრესვიტერ იოანეს პროტოტიპმა სასტიკად დაამარცხა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანხვედრა, ფრაიზინგელის მიხედვით სპარსთა და მიდიელთა გარდა კოალიციურ მუსლიმურ ლაშქარში სირიელებიც შედიოდნენ. სპარსელებში და მიდიელებში ფართო აზრით იგულისხმებიან დიდგორის მუსლიმური კოალიციის წევრები. სომეხი და ქართველი ისტორიკოსებისათვის მთელი ეს ლაშქარი სპარსელებს ეკუთვნოდათ. მაგრამ ფრაიზინგელი სირიელებს სპარსთაგან არჩევს, მისი გადმოცემით პრესვიტერის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმური კოალიცია სპარსთა და მიდთა გარდა სირიელებსაც შეიცავდა. ზუსტად იგივეს გვეუბნება ხაზგასმით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც: სულთანმა მოუწოდა ,,თურქმანობასა, სადაცა ვინ იყო, დამასკოთ და ალაბითგან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა'' (ანასეული ,,ქართლის ცხოვრება'', 1942:217). ისტორიკოსი აქ მუსლიმური კოალიციის მნიშვნელოვან კომპონენტად სწორედ სირიის ძველსა და უმნიშვნელოვანეს ცენტრებს - დამასკოსა და ალეპოს ასახელებს, რომელიც სულთნისაგან კოალიციური ლაშქრის სარდლად დანიშნულ ილ ღაზს ეჭირა. მნიშვნელოვანია ფრაიზინგელთან დაცული ის დეტალიც, რომ პრესვიტერის ბრძოლა აღნიშნულ მეფე ძმებთან, და მაშასადამე დიდგორის ბრძოლა, გრძელდებოდა სამი დღე. გოტიეს გადმოცემით კი დევნილ მტერთან ბრძოლას დავითი სწორედ სამი დღე აგრძელებდა (მესხია, იქვე, 65), რამდენადაც მისი გადმოცემით ბრძოლის ასპარეზი იმდენად დიდგორის ველი არ ყოფილა, რამდენადაც ის გზები, რომლითაც მუსლიმთა ლაშქარმა უკან დაიხია. ეს სინამდვილეა ასახული ფრაიზინგელთანაც, სადაც იგი პრესვიტერისა და მუსლიმთა კოალიციური ლაშქრის ბრძოლის ხანგრძლივობას აგრეთვე სამი დღით განსაზღვრავს. როგორც ირკვევა, მთლიანობაში ოტო ფრაიზინგელის ცნობა არც ისეთი ლეგენდარულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, და არაერთ კონკრეტულ რეალურ-ისტორიულ მითითებას შეიცავს. კერძოდ, მას, უკეთ, მის წყაროს სწორად აქვს განსაზღვრული 1- პრესვიტერის სამფლობელო - სპარსეთისა და არმენიის მიღმა; 2 - პრესვიტერისაგან მიდიის მეფე სანჯარდის - ხორასნის სულთან სანჯარის კოალიციური არმიის სასტიკი დამარცხება; 3 - კოალიციურ არმიაში სირიელთა ყოფნა; 4 - მათთან ომის ხანგრძლივობა - სამი დღე ((გოტიე). არ აქვს მნიშვნელობა დავითი უკუქცეულ მტერს სამი დღე მისდევდა, თუ როგორც სხვა წყაროები გადმოგვცემენ რვა დღე. მთავარი აქ ისაა, რომ ჯვაროსნულ წრეებში არსებული გადმოცემით ეს მოვლენა სამი დღე გრძელდებოდა, რაც პირველად გოტიემ დააფიქსირა, შემდეგ ოტო ფრაიზინგელმა); 5 - პრესვიტერისაგან ანისეკბატანას აღება (1124);
განხილული მტკიცებულებები დამაჯერებლად გვიჩვენებენ, რომ რომ პრესვიტერ იოანეს პროტოტიპი სწორედ დავით აღმაშენებელია. ცნობილია, რომ მე-12- საუკუნეში ევროპელთა გეოგრაფიული ცოდნა სომხეთსაც ვერ სცდებოდა, შესაბამისად საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაცია მხოლოდ ერთეულ ადამიანებს გააჩნდათ. ამიტომაც, გასაკვირი არ იქნებოდა, თუკი ევროპაში დავითის მიღწევების შესახებ არაფერი ეცოდინებოდათ. მაგრამ დავით აღმაშენებლის დიდებული გამარჯვებების შესახებ ხმამ შორეულ ევროპამდე არათუ ჩააღწია, არამედ მთლიანად დაიპყრო ევროპელთა წარმოსახვა. პრესვიტერ იოანეს ფიგურა ერთგვარი ხიდია ქართულ და ევროპულ სამყაროებს შორის. როგორც ირკვევა შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე პოპულარული ისტორიული პერსონა სინამდვილეში საქართველოს ყველაზე დიდი მეფეა, ზემოთ მოხმობილი მტკიცებულებების გარდა ამის შესახებ სხვა არაერთი გარემოებაც მეტყველებს, რასაც ვრცლად სხვა დროს შევეხებით.
ნანახია: (1934)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას