logo.png

მოამზადა გელასი აროშვილმა:

 

"თუკი შევთანხმდებით, რომ ყველანი ცოდვილები, ანუ მეზვერეები ვართ, შევძლებთ თუნდაც ნაწილობრივ დავინახოთ ფარისევლობის არსი. ფარისევლობა არის რელიგიურობა, რელიგიის საბოლოო მიზნის გააზრების გარეშე, სადაც თვითმიზანი არის ღმერთის, - როგორც მრისხანე და ყოვლისშემძლე ბატონის გულის მოგება მის მიერ დადგენილი წესების და ჩარჩოების ფარგლებში, რათა როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ ცხოვრებაში ავიცილოთ მისი რისხვა, ანუ, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები გვქონდეს მასთან და მისგან. აქ მთელი რელიგიურობა, ფაქტიურად მუდმივად საკუთარი უდანაშაულობის ალიბის შექმნასა და მტკიცებაში გამოიხატება მოთვალთვალე გამომძიებლისა და პროკურორის წინაშე. და საბოლოოდ თავად ფარისეველიც ბაძავს თავისივე გამოგონილ ''ღმერთს'' და თვითონაც ჩასაფრებულ და ინტრიგან პროკურორად იქცევა ყველა გარშემო მყოფთათვის. ქრისტიანობის მიზანი და სულიერი ცხოვრების მოტივაცია, სრულიად განსხვავებულია. ეს მიზანი სავსებით უანგაროა და მას შინაგანი ფერისცვალება ჰქვია. აქ საუბარია ადამიანის რადიკალურ ცვლილებაზე, ხელახალ აღმოდაბადებაზე, თავად ღმერთის, მისი მადლის უშუალო მონაწილეობით. როგორც წმ.ანტონი დიდი გვასწავლის: ''ვინც საფუძვლიანად არ გადმოაბრუნებს და თავდაყირა არ დააყენებს საკუთარ შინაგან სამყაროს, ის ვერასოდეს ვერ ააშენებს სულიერ სახლს, რომელშიც თავად უფალი მოვა და დამკვიდრდება''. ქრისტეს განკაცების მიზანი, სწორედ თითოეული ადამიანის და მთელი კაცობრიობის სულიერი ცვლილება, მეტამორფოზაა. ამიტომ ეუბნება უფალი თავის ფარულ მოწაფეს ნიკოდიმოსს: ''ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ'' (ინ.3,3). ''სული ვერასოდეს შეძლებს ეზიაროს ღვთის შემეცნებას, თავად ღმერთი თუ არ შეეხო მას თავისი კეთილგარდამოსვლით და არ აღამაღლა იგი ზეცად'' - გვასწავლის წმ.მაქსიმე აღმსარებელი. აი, ზის მეზვერე – ''გამომყევი'', ეუბნება მას ქრისტე, გახდი ჩემი სხეულის ორგანული ნაწილი. მე ძალმიძს შენი ფერისცვალება და განღმრთობა, ცათა სასუფეველს არ სჭირდება გარეგნული სჯულის საქმეები, მათ გარეშეც მიგიღებ, და როდესაც ჩემი ნაწილი გახდები, მე ვიცხოვრებ შენში, შენ კი ღვთის საქმეების კეთებას დაიწყებ მადლით, რადგან ძველი, დაცემული კაცი გაუქმდება შენში.
ფარისევლობა კი არის საკუთარი გარეგნული რელიგიურობით ტკბობა, რელიგიის არსის, მიზნის და თავად ღმერთის სრული პიროვნული უცნობელობით. თუკი რელიგიური ცხოვრების პრაქტიკა არ ემსახურება და არ ისწრაფის შინაგანი ცვლილებებისაკენ, თუკი მორწმუნე ყოველდღიურად არ აკვირდება საკუთარი სულიერი მეტამორფოზის პროცესს, არამედ მხოლოდ გარეგნული რელიგიური წესების აღსრულებით კმაყოფილდება, მაშინ აშკარაა, რომ საქმე პირწავარდნილ ფარისევლობასთან გვაქვს. და ასეთები იყვნენ, ვართ და იქნებიან ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ყველა დროის ''მორწმუნეები'', უიშვიათესი გამონაკლისების, - ნამდვილი წმინდანების გამოკლებით."

ნანახია: (1222)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას